ყანები


ჯიმასული


ჯ ი მ ა ს უ ლ ი ს   ფ ა რ თ ო ბ ე ბ ი

გაუწყინარში ქვიშანჭალისკენ მიმავალი გზის ბოლოს არსებულ მიდამოებს ადრე ჯიმასულს ეძახდნენ. თუ გადმოცემას დავუჯერებთ, ეს სახელი დაკავშირებულია მეგრულ სიტყვა „ჯიმა“ - სთან, რაც  ძმას ნიშნავს,  ე. ი. ძმისეული ანუ ჯიმასული.  ამ ადგილებში დასახლება არაა და ამჟამად იქ ყანები ფართობები და ხეებია. სოფლის ზოგიერთ ტერიტორიებს ასევე სხვა სახელებიც ერქვათ.

გოშახი

გ ო შ ა ხ ი ს   დ ა ს ა წ ყ ი ს ი

გოშახის ფართობები იწყება სკოლის უკანა ქუჩის ბოლოდან, სადაც არის შეღობილი ზოლი ჭიშკარით, რომლის მიღმა გოშახის ვრცელი ყანებია, სადაც მხოლოდ დაბალი ხარისხის მიწიანი გზებია ტრაქტორებისათვის, მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის და საჭაპანო ტრანსპორტისათვის განკუთვნილი. ამ კარების შემდეგ გზა ორ ნაწილად იყოფა და ისინი ქარსაფრის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მიემართებიან. მარცხენა გზის დასაწყისში, უკან არის თუთების, ბჟოლების პლანტაცია ჩასასვლელი კარით, რომელიც რომანი ცერცვაძის და აბელი კოხრეიძისაა; ასევე ამ გზის დასაწყისშივე, მარცხნივ არის მიწის ნაკვეთი (18 ჰექტრიანის სახელწოდებით), ის აბაშელ კარლო გუგუშვილის მიერ აგროფირმისათვის იჯარიათ (არენდით) არის აღებული. ეს მიწები წინათ მავთულებით იყო შემოღობილ - დაცული, მის ნაწილზე დღეს რამოდენიმე მოსახლეს ყანები აქვს და გადასახადსაც იხდიან; ფართობის დასაწყისში გოჩა ჯანჯღავას მიერ ეკლებიანი მავთულებით შემოკავებული თხმელებიანი ადგილია. ამ 18 ჰექტრიანის ბოლოს შუა გზაზე არის 8 ძირი ჭადარი, ცოტა მოშორებით, ჟორა ორაგველიძისა და ავთო ჯანჯღავას ყანების საზღვრის პირდაპირ ღელეში ჩანს იქ გამავალი  გაზსადენის შავიზოლაციანი მსხვილი მილი. აქ და ამ ადგილების მახლობლად იყო  ადრე  ჩვენი სოფლის ძროხების საძოვარი, მანამდე  კი მოსახლეობა საქონელს (ასევე ღორებსაც) ბალახიან ადგილებში პალოიანი თოკებით აბამდა საძოვად; ამავე მიდამოებში იყო თხმელების, თუთების და სხვა ფოთლოვანი ხეების  ტყე, რომელიც  დაახლოებით 1964  წლის შემდეგ მოჭრეს და მიწები გაამასივეს, ე. ი. ყანებად აქციეს. იქვეა მოჭრის შემდეგ ხელახლა ამოსული რამოდენიმე ქარსაფარი ზოლი ფოთლოვანი ხეებით. ერთი მათგანი კარების მახლობლად იწყება და ცხილარამდე ჩადის. მას დასაწყისიდანვე მარჯვნივ იქვე და მარცხნივ მოშორებით ყანების პირის გზა მიუყვება. თქმულების, მითის მიხედვით თითქოს აქ ძველად ერთ დღეს ქალები ყოფილან, ამ დროს მათ დაუნახავთ შაჰ - აბასი თავისი ლაშქარითურთ და იმ ქალებს ერთმანეთისთვის შეშინებული ძახილი დაუწყიათ გოგო შაჰიო და ვითომ ამის გამო დაერქვა ამ ადგილს გოშახი.

კირკალა

კ ი რ კ ა ლ ი ს   ბ ო გ ი რ ი

გოშახს სამხრეთ - აღმოსავლეთით კირკალა ემიჯნება. მისი ყანები ქვიშანჭალის გზიდან დასავლეთის მიმართულებით გამოყოფილი დაბალი ხარისხის მოხრეშილი გზის მარცხენა მხარიდან იწყება, ამ ფართობების ნაწილი ქვიშანჭალის მოსახლეთა ეზოების უკან მდებარეობს; კირკალა ვრცელდება ყოფილ წყალსატუმბამდე, მის გზას მიუყვება დიდი არხი - დამბა, რომელიც ადრე პატიმრებს ამოათხრევინეს, მოგვიანებით კი ექსკავატორით გაადიდეს და დააღრმავეს. ეს არხი უდიდესია ჩვენს სოფელში და მასზე რამოდენიმე გადასასვლელი ბოგირია მოწყობილი. ის გზასთან ერთად  პირველი მაისის  ბოლოდან იწყება. იქ ახლოს არის არხზე გადასასვლელი ბოგირი, მოემართება აქეთ, ჰკვეთს ქვიშანჭალის გზას ასევე მასზე გადებული ბოგირის ქვემოთ გავლით (ამ ადგილებიდან ცოტა მოშორებით ჩანს სოფელ ქვიშანჭალის წმინდა გიორგის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი), შემდეგ გაივლის მასზე გადებული კიდევ ერთი გადასასვლელი ბოგირის ქვემოთ, რომელსაც კირკალის ბოგირი ეწოდება. ბოლოს ეს არხი და გზა უერთდება მელიორაციის მიერ აგებულ ყოფილ წყალსატუმბ სადგურს (დანგრეულ პატარა „ბუტკასთან“, წყალსაქაჩთან), რომელიც ქვიშანჭალის ბოგირიდან 2,5 კილომეტრითაა დაშორებული. აქედან ადრე ძალიან იშვიათად წყალს გვალვების დროს მძლავრი ტუმბოებითა და მსხვილი, 60 სანტიმეტრიანი მილების („ტრუბების“) საშუალებით მდინარე რიონიდან ამ დამბაში უშვებდნენ და სასოფლო - სამეურნეო ნაკვეთებს რწყავდნენ. ბოლოს ეს არხი რიონს უერთდება, გზაც იქეთ გრძელდება. ეს ობიექტი ბოლოს დაანგრიეს, მილები და მოწყობილობები დაჭრეს და წაიღეს, ბეტონებჩადგმული აუზი კი დღემდეა შემორჩენილი. პირველი მაისიდან მოყოლებული კირკალის ბოგირამდე, არხის და გზის ეს მონაკვეთი გაუწყინარ - ქვიშანჭალის საზღვარია, ბოგირის შემდეგ კი არხისა და გზის გადაღმაც რიონამდე გაუწყინარის ყანებია განფენილი, მათ რიონის მახლობელ ჩადაბლებას ჭალას უწოდებენ; ასევე ამ მიდამოებში ყანების მცირე მონაკვეთს კაპეტებს ეძახიან.

ცხილარი

ც ხ ი ლ ა რ ი ს   ფ ა რ თ ო ბ ე ბ ი

გოშახის ქარსაფრის დასასრულს, სადაც ერთდებიან მის ორივე მხარეს გამყოლი გზები, ცხილარის ყანები იწყება, სადაც ძველად ალბათ რცხილების ტყე იქნებოდა და სავარაუდოდ ამის გამო დაერქმეოდა მას ეს სახელი, შემდეგ ტყე მოჭრეს და მიწები სახნავ - სათესად გამოიყენეს; ეს მიწები ერთ - ერთი ყველაზე ნოყიერი ნიადაგია ჩვენს სოფელში. ცხილარის ზოგიერთი ადგილიდან სამხრეთ - დასავლეთით ჩანს სამტრედიის რაიონის სოფელ ქორეისუბნის (ქოროსუბნის) ღვთისმშობლის სახელობის  XV საუკუნის ეკლესიის გუმბათი, სხვა ადგილებიდან შეიძლება აბაშის რაიონის სოფელ გულეკარის წმინდა გიორგის  XVIII – XIX საუკუნეების ტაძრის დანახვაც. ცხილარში სულ ადრე მოსახლეობას ვენახებიც ჰქონდათ გაშენებული მიწაში დამარხული ქვევრებით (ჭურებით), შესაძლოა მისი ნამსხვრევი ყოფილიყო იმ ადგილებში ახლახანს მიწის სამუშაოების დროს აღმოჩენილი თიხის მცირე ზომის ფრაგმენტი. ადრე აქ კოლექტივის სასიმინდეც იყო აშენებული. გოშახის დასავლეთ მხარეს და ცხილარის შემდეგ ბახვაჭალაა.


ბახვაჭალა

ბ ა ხ ვ ა ჭ ა ლ ი ს   ფ ა რ თ ო ბ ე ბ ი

გოშახის დასავლეთ მხარეს და ცხილარის შემდეგ ბახვაჭალაა. რამდენადაც ცნობილია მას ეს სახელი იმის გამო დაერქვა, რომ გაუწყინარში ადრე ყოფილა ზედა სოციალური ფენის წარმომადგენელი მდიდარ კაცი სახელად ბახვა, რომელსაც დღევანდელ ბახვაჭალაში (რიონის ჭალაში) მიწები ჰქონდა და შემდეგ სახელწოდება ბახვას ჭალა ანუ ბახვაჭალა ამ მიწებს დღემდე შემორჩათ. რიონისპირა დაბლობის ნოყიერ ყანებს ჭალას უწოდებენ.  ბახვაჭალის შემდეგ მდინარე რიონია, რომლის გადაღმაც სამტრედიის რაიონია.

Комментариев нет:

Отправить комментарий