სკოლა


გ ა უ წ ყ ი ნ ა რ ი ს   ს კ ო ლ ა

     გაუწყინარის ცენტრთან ახლოს არის სოფლის სკოლაის მდებარეობს მთავარი ქუჩის მეორე ქუჩასთან  დამაკავშირებელ  პირველ გზაგამტართან. როგორც ირკვევა ჩვენს სოფელში ძველ დროშიც ყოფილა ბავშვებისათვის სწავლა - განათლების მიღების ტრადიციული ფორმა - სკოლა, რომელიც მდებარეობდა დღვანდელი სკოლის შენობის ჩრდილო - აღმოსავლეთ მხარეს, რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, ყოფილი კოლმეურნეობის კანტორის ეზოში. ის სკოლა ოთხწლიანი იყო და მას „ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ეხმარებოდა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. ამ და თანამედროვე სკოლის ადგილას ადრე თავისუფალი ტერიტორიები იყო, სადაც ზოგჯერ ფეხბურთს თამაშობდნენ. იქ წვიმის დროს წყალი დგებოდა და გარეული ფრინველები ჯდებოდნენ.
       დაახლოებით 1930  წელს ამ ტერიტორიაზე ახლადშექმნილი კოლმეურნეობის ობიექტები განთავსდა, ის სკოლა დაშალეს და სავარაუდოდ, დროებით 1 წლის განმავლობაში სოფლის ერთ - ერთი მაცხოვრებლის სახლში განათავსეს. მის მაგივრად ახალი ხის სკოლა ააშენეს თანამედროვე სკოლის  უკანა  მხარეს, იქ სადაც ამჟამად კალათბურთის მოედანია, 2 ძირი პალმის უკან. ის ძველ სკოლასთან შედარებით უფრო დიდი და სრულყოფილი იყო.   სხვა წერილობითი (სკოლის პასპორტი და ბრძანების წიგნები) წყაროები ამ სკოლის აგების თარიღად 1910 წელს ასახელებს, მაგრამ რომელია ამათგან სწორი, დღეს ამის თქმა ძნელია. მის ასაგებად გამოიყენეს ამავე პერიოდში კომუნისტურ - ათეისტური რეჟიმის მიერ გაუწყინარის სასაფლაოზე დანგრეული ხის ეკლესიის მასალა, ამ სკოლაში დაკიდეს ამავე ეკლესიის ზარები, ხოლო ტაძრის იატაკის გათლილი ქვები სკოლის სავალ ბილიკებად გამოიყენეს, რომლებიც დაგებული იყო ჭიშკრიდან სკოლამდე და სხვაგანაც. ამავე გათლილი ქვებით იყო აგებული სკოლის ბურჯებიც (ბოკნებიც), რომლებზეც ის შენობა იდგა და მათი სიმაღლე დაახლოებით 1,4 მ. იყო. ამ ქვების ნაწილი შემდეგ ახალი სკოლის ფუნდამენტშიც (საძირკველშიც) ჩააყოლეს, ნაწილი კი ეზოში და მის გარეთაც გაიფანტა. ეს სკოლაც ოთხწლიანი იყო და მას მთავარი და ასევე სკოლის უკანა სამანქანო გზების პარალელური მდებარეობა ეკავა.
დაახლოებით 1946  წელს ამ სკოლას ჩრდილო - აღმოსავლეთ მხარეს, აღნიშნული გზების მართობული მიმართულებით, წინ მოხვეული მდებარეობით კიდევ მიუშენეს შედარებით მცირე ზომის შენობა, რომლის ოთახების ხარჯზეც სკოლას კიდევ მოემატა რამოდენიმე ოთახი და ის 7 წლიანად გადააკეთეს. ამ მინაშენის მასალად გამოიყენეს აბაშის რაიონის მაშინდელი სოფელ კადარის (დღეს უკვე ნასოფლარია ძველი აბაშის თემში) მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, რომელთა პატრონებიც სხვა თანასოფლელებთან ერთად ლავრენტი ბერიას ინიციატივით, ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ერთ ღამეში აასახლეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში ჩაასახლეს იქ ქართველთა დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. დრანდაში ციხიდან 1 კილომეტრის დაშორებით არის მათი დასახლება, რომელსაც ის ხალხი მშობლიური რაიონის სახელის უკვდავსაყოფად „სააბაშოს“ ეძახის. ეს მასალა ჩვენს სოფელში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ურმებით შემოზიდეს. სკოლაში მოსწავლეთა ძირითად კონტიგენტს შეადგენდნენ გაუწყინარში, ქვიშანჭალაში და ნაწილობრივ პირველ მაისში (გრიგოლიების ქუჩის) მცხოვრები ბავშვები („ბაღნები“). ამ სკოლაში ქართულის პირველი გაკვეთილი ჩაატარა ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ გრიგოლ აბაშიძემ.
1946 წელს (ასევე სხვა ცნობის მიხედვით 1934 წელს) იმ სკოლის აღმოსავლეთის მხარის ერთ - ერთი ოთახი შუაზე გადაკედლეს და ამის ხარჯზე სკოლა 8 წლიანი გახდა, მას სახელად გაუწყინარის რვაწლიანი სკოლა უწოდეს, მანამდე კი მას გაუწყინარის არასრულ საშუალო სკოლად მოიხსენიებდნენ. იქ სამასწავლებლო და დირექტორის კაბინეტი სამხრეთ - დასავლეთის მხარის ბოლოს, ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო განლაგებული. შენობაში ყველა ოთახი ცალ, უკანა მხარეს იყო გარდა დირექტორის კაბინეტისა და მათ წინ ღია დერეფანი მდებარეობდა, რომელზეც შუა ადგილას, წინა მხრიდნ რამოდენიმეთვლიანი კიბე იყო მიდგმული. დერეფანში გაკრული იყო წარჩინებულ მოსწავლეთა სტენდი, ლოზუნგი, კედლის გაზეთი და საინფორმაციო კუთხე. სკოლის შენობა დაახლოებით 60 - იან წლებამდე კრამიტით იყო დახურული, ამის შემდეგ კი მას შიფერი დაახურეს. ეს სკოლა 1981 წლის ზაფხულში გაარემონტეს. ის ბუხრებით, მოგვიანებით შეშის ღუმელებითაც თბებოდა; იქვე იყო პიონერთა ოთახი თავისი აღჭურვილობით. ეზოში ფუნქციონირებდა ბუფეტი, რომელშიც გამყიდველად მაყვალა ქუნთელია, შემდეგ კი ნანი გახოკიძე მუშაობდა. იქ თითქმის ყოველდღე შესაფერისი მანქანით მოჰქონდათ პურები, ფუნთუშები (ბულკები), „კორჟიკები“,  კანფეტები, ლიმონათები და სხვა ტკბილეული. ახალი  სკოლის ბუფეტში, სადაც სასადილო ოთახიც იყო, დღევანდელ შეშის დასაყრელ ოთახში, წვნიან კერძებსაც ამზადებდნენ; იქ ჰქონდათ დიდი მაცივარი, რომელიც დღეს შენახულია და გაზქურა. ასევე ძველი სკოლის ეზოში იყო ღია სპორტული მოედანი, სახელოსნო, ბეღელი და სხვა ობიექტები. გარდა ამისა აქ 60 - იან წლებში გაბურღეს მაღალი ხარისხის, 300 მეტრი სიღრმის არტეზიული ჭა, რომელიც დღესაც მწყობრშია და ის ყველაზე ღრმაა მთელს სოფელში; მისი წყლით ადრე მოსახლეობაც სარგებლობდა. ამ ადგილის მახლობლად იყო სკოლის ეზოში ჩასასვლელი კარები. უკანა ეზოში ჰქონდათ შემოღობილი სასკოლო ნაკვეთი, სადაც ბავშვები შრომის გაკვეთილზე შრომობდნენ; გამწვანებული იყო ეზოც, სადაც ხარობდა პალმები, ჭადრები (მათი ნაწილი დღესაც არის), ბუჩქები და სხვა მცენარეები.
1966 წლის ივნისში ჩვენს მშობლიურ სოფელ გაუწყინარში ელექტროდენი ჩაირთო და განათებულ იქნა სკოლაც, რამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მის შემდგომ განვითარებას.
იმ ძველ სკოლაშიც აქტიურად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, ეწყობოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები: I კლასიდან მოსწავლეებს იღებდნენ ოქტომბრელთა, IV კლასიდან პიონერულ, VIII კლასიდან კი კომკავშირულ ორგანიზაციებში. სკოლაში პიონერხელმძღვანელები იყვნენ მერი გოგიშვილი, ლალი ანაკიძე, ბოლოს ახალ სკოლაში მედეა ხუბუა. არსებობდა პიონერთა რაზმეული. ოქტომბრელ ბავშვებს მკერდზე ეკეთათ ლითონისაგან დამზადებული წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი („ბროშკა“), რომლის ცენტრში ვლადიმერ ლენინის, ულიანოვის ბავშვობის სახის სურათი იყო  ჩასმული; პიონერთა სიმბოლო კი წითელი სამკუთხა ყელსახვევი იქცა. ერთხანს მათაც ჰქონდათ სამკერდე ნიშანი - ხუთქიმიან ვარსკვლავში (რომელსაც ზემოთ სამწვერიანი ალი ასდიოდა)  ჩახატული ლენინის სახე გვედრიდან. კომკავშირელებს ასევე მკერდზე ეკეთათ ლითონის პატარა დროშის ნიშანი ლენინის გვერდითა ხედში გამოსახული სახით.  მოსწავლეებს სკოლის ფორმა ეცვათ: ბიჭებს მუქი ლურჯი ფერის  შარვალ - კოსტიუმი (კოსტიუმს ხშირად მარცხენა მკლავზე თეთრი ნიშანი ჰქონდა) თეთრი პერანგით („საროჩკით“); მათ დიდი თმის ტარების უფლებას არ აძლევდნენ. გოგონებს შავი კაბა და თეთრი ზედა ემოსათ, თმებზე კი თეთრი ბაფთა, ბანტი ეკეთათ. სკოლაში ეწყობოდა ექსკურსიები სხვადასხვა სახის ღირსშესანიშნაობების, ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, გამოჩენილ მოღვაწეთა სახლ - მუზეუმების, კულტურული ობიექტებისა და სამეცნიერო - ტექნიკურ მიღწევათა დასათვალიერებლად. მოსწავლეები ხელმღძვანელებთან ერთად გამოსცემდნენ კედლის გაზეთებს, მონაწილეობდნენ ტურებში, სპორტულ და გონებრივ შეჯიბრებებში, სხვადასხვა თარიღებთან დაკავშირებულ აღლუმებში („პარადებში“, 1 მაისს მშრემელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, 7 ნოემბერს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების დღეს, საამისოდ ბავშვებს ფიზკულტურის მასწავლებელი დავით (დათიკო) ჯალაღონია ამზადებდა ქუჩაში მწყობრად სიარულში), კარნავალ - ზეიმებსა და სხვა ღონისძიებებში. მოსწავლეები აგროვებდნენ მაკულატურას, ეკალას, ჯართსა და თუთის ფოთლებს აბრეშუმის გამოსაკვებად, რომელიც მაშინ სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს ეჯდათ. სკოლაში ბავშვები იწერდნენ ჟურნალ - გაზეთებს: „დილა“,  „პიონერი“  (პიონერული ორგანიზაციის დაშლის შემდეგ „ნაკადული“), „ნორჩი ლენინელი“, „მეცნიერება და ტექნიკა“ და სხვა.
ჩვენთან 60 - იან წლებამდე საწერად კალამი (ე. წ. „პერო“,  რომელსაც კალმისტარი ჰქონდა) და მელანი გამოიყენებოდა. ლითონის კალამის ჩაჭრილ წვეროს ხშირად ასველებდნენ სამელნეში ჩასხმული მელნით. შემდეგ ეს კალმები გაუმჯობესდა, მათ რეზინის ცალმხრივად დახშული მილი ჰქონდათ, რომელიც მასზე ხელის მოჭერისა და შემდგომი გაშვებით მელანი შეიწოვებოდა და ის წერის დროს თანდათან ქვემოთ, კალმის სპეციალური წვერისკენ თვითდინებით ჩამოედინებოდა, ამის გამო მისი დასველება სამელნეში მელნით საჭირო არ იყო. 70 - იანი წლების შემდგეგ კი პირველი ავტოკალმებიც („პასტები“) გამოჩნდა, თუმცა მათი ინტენსიური გამოყენება სკოლებში მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 80 - იანი წლების შემდეგ დაიწყეს. ავტოკალამი უნგრელმა მსახიობმა და ჟურნალისტმა ლასლო ბინომ გამოიგონა 1930 წელს, მისი წარმოება 1940 წლიდან არგენტინაში, ბუენოს - არიესში დაიწყო.
სკოლაში სულ ადრე სწავლა მცირე ხანს ფასიანი იყო, შემდეგ გადასახადი გააუქმეს. სასკოლო სახელმძღვანელოებსაც მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისში უფასოდ ურიგებდნენ, რომელთაც წლის ბოლოს ისევ სკოლა დაიბრუნებდა და მათ მომავალში სხვა მოსწავლეებს გადასცემდა. ზოგჯერ ეწყობოდა კომუნისტური შაბათობები (უფრო სწორდ ეს კვირას ხდებოდა, ვინაიდან მაშინ შაბათს სწავლა იყო), რომლის დროსაც ბავშვები და მასწავლებლები სკოლის ეზოს ალაგებდნენ, რგავდნენ ნერგებს, აწესრიგებდნენ შენობასაც. გასაკვირი არ არის რომ იმ დროს სასკოლო ცხოვრებას, ისევე როგორც ყველა სფეროს საბჭოთა - რუსული იდეოლოგიის კვალი ეტყობოდა.

ძ ვ ე ლ ი   ს კ ო ლ ა

გავიდა საკმაო დრო და უკვე დაძველებული, ხის პატარა სკოლის ნაცვლად საჭირო გახდა ახალი, თანამედროვე კაპიტალური სკოლა. მისი მშენებლობა დაიწყეს 1987 წელს. მაშინდელი ცხაკაიის (დღევანდელი სენაკის) სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობითა და ადგილობრივი მუშახელის დახმარებით 1988 წლის სექტემბერში ჩვენმა სოფელმა იზეიმა ახალი, ორსართულიანი, რკინა - ბეტონის ფილებით („სინკარებით“) აგებული და შიფერით გადახურული (მასში ასასვლელებია დატანებული), ელექტროფიცირებული სკოლის შენობის გახსნა, რომელიც ააშენეს ძველი სკოლის წინა მხარეს და დღესაც ეს სკოლა ფუნქციონირებს გაუწყინარში. მისი შენობის სასარგებლო მოცულობა 4490 კუბური მეტრია, რომელსაც მიწაზე 750 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. ასეთივე პროექტის სკოლის შენობა საქართველოში სხვაგანაცაა, მაგალითად სენაკში, ცხინვალის რაიონ სოფელ აჩაბეთში და სხვა. ის ძველი სკოლა კი ახალი სკოლის გახსნის შემდეგ დაშალეს და გაყიდეს. ამავე პერიოდს დაემთხვა რესპუბლიკაში სწავლების 11 წლიანი გეგმის განხორციელება, მანამდე სწავლა საშუალო განათლების მისაღებად 10 სასწავლო წელს გრძელდებოდა, ხოლო ამჟამად ბავშვები VII კლასიდან პირდაპირ IX კლასში გადაიყვანეს VIII კლასის გაუვლელად, ამით განხორციელდა ე. წ. ნახტომი. ახალი სკოლა გახსნისთანავე გადაკეთდა 9 წლიანად და მას ეწოდა „გაუწყინარის არასრული საშუალო სკოლა“.
ეს სკოლა 1,6 მეტრი სიმაღლის ფუნდამენტზე დგას. მასში პირველ სართულზე სულ 16 ოთახია, კერძოდ: I – IV კლასები, მუსიკის კაბინეტი პიანინოთი, ბიბლიოთეკის ნაწილი, სააქტო დარბაზი, დარაჯის ოთახი, მაღალჭერიანი, საჭირო ინვენტარით აღჭურვილი დიდი სპორტული დარბაზი, ის სკოლის აღმოსავლეთ მხარესაა მიდგმული უკან მოხვეული მიმართულებით, რომლის შესასვლელთან ხელმარცხნივ არის ფიზკულტურის მასწავლებლისა და მოსწავლეებისათვის სპორტული ფორმის ჩასაცმელი ოთახები. ამავე სართულზე არის შემოსასვლელი (სადაც გაკრულია ჩვენი სკოლის მატიანის, წარჩინებულ მოსწავლეთა და სხვა სტენდები, საინფორმაციო დაფა, ხატების კუთხე) და დამხმარე სათავსოები. სკოლას გვერდიდან და უკნიდან კიდევ აქვს რამოდენიმე კარები, სააქტო (მისი კარი ახლახანს ამოაშენეს) და სპორტულ დარბაზებში, დერეფანში და შეშების საწყობ (სადაც ადრე ბუფეტი იყო) ოთახში შემოსასვლელად. ადრე ფუნქციონირებდა გარდერობი, რომლშიც მზევინარ ნაჭყებია (კუტაიწრელი) მუშაობდა;  სასკოლო ბიბლიოთეკის გამგე კი იზოლდა (იზო) გრიგოლია იყო.
მეორე სართულზე განლაგებულია V – IX კლასები (ადრე კლასებისა და კაბინეტების განაწილება ოთახებში რამდენადმე განსხვავდებოდა დღევანდელისაგან), სამასწავლებლო ტელევიზორითა და მაგთი ფიქსის უსადენო ტელეფონით, ლურჯი მინის ფილების კედლიანი დირექტორის კაბინეტი (ის ადრე პირველ სართულზე იყო, სადაც ახლა ნანა ანაკიძის ოთახია და იქ საკაბელო ტელეფონიც იდგა), სათანადო მატერიალურ - ტექნიკური ბაზით, მასალებითა და სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ფიზიკიის, ქიმიისა და ბიოლოგიის გაერთიანებული ლაბორატორია, რომელიც 2009 წელს მოეწყო, მანამდე აქ მხოლოდ ფიზიკის კაბინეტი იყო, ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტები კი მის წინ მდებარე პატარა ოთახებში ცალ - ცალკე იყო განლაგებული. 2007 წლის ბოლოს გაუწყინარის სკოლას „ირმის ნახტომის“ პროგრამით უსასყიდლოდ გადმოეცა 4 კომპიუტერი. სამასწავლებლოს გვერდითა ოთახში მოეწყო მათი კაბინეტი (მერხები პირველი მაისის სკოლამ გადმოგვცა, რომლებიც დათო თურქიამ მოგვატანინა თავისი ცხენითა და ორთვალათი - „კაჭკით“), რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო თანამედროვე განათლებისაკენ მიმავალ გზაზე. ასევე სკოლაში გვაქვს აბაშის რაიონის საარჩევნო ოლქიდან ნათხოვარი ქსეროქსი, რომელიც ძალიან საჭირო ხელსაწყოა. კომპიუტერების ოთახის კარ - ფანჯრების გისოსები სხვათა დახმარებით მურმან (მურიკო) ფირცხალავამ დაამზადა („დასვარკა“) ოლეგ რატიანის სახლში და ადგილზე ჩასვა. სკოლაში კომპიუტერების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების - ისტ) მასწავლებელი და არაოფიციალური საინფორმაციო მენეჯერი ლაშა სურგულაძეა. მანამდე შენობაში ხელახლა გამოიყვანეს ელექტროდენის მოშლილი სადენები („შნურები“). ყველა კლასსა და სასწავლო ოთახში არის მასწავლებლის მაგიდა, მერხები, დაფა, კარადები, ფარდებდაკიდებული, დიდი, შემინული, ხისჩარჩოიანი ფანჯრები, ქოთნის ყვავილები, სანაგვე ყუთები, სურათები, თვალსაჩინოებები და ხატების კუთხე. ასევე მეორე სართულზეა სოფლის ბიბლიოთეკის ძირითადი ოთახიც. ეს უკანასკნელი ახალი კანტორის დანგრევის გამო აქ განათავსეს და მას დღემდე იამზე ვეფხვაძე განაგებს. ამ სამკითხველოთი, სადაც მრავალი წიგნი და ჟურნალ - გაზეთია, მოსწავლეები და სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, ზოგჯერ სხვა სოფლებიდანაც მოდიან მკითხველები. აქვეა აივანი და სხვა ოთახები, II  სართულზე სულ 14 ოთახია. საკლასო და სხვა ოთახების უმეტესობაში ხის წითლად შეღებილი იატაკია დაგებული, დერეფნებსა და სხვა ადგილებში კი ბეტონის იატაკია, კედლები და ჭერი მთელს სკოლაში ასევე ბეტონისაა (ბათქაშისაა). სკოლაში ოთახები განლაგებულია ორ მწკრივად, მათ შუაში დერეფანია („კალიდორია“), სადაც გაკრულია ცნობილ მოღვაწეთა და სხვათა სურათები. შენობის სართულები ერთმანეთს ორ ადგილას კიბეების საშუალებით უკავშირდებიან. წინათ მთელი სკოლა თბებოდა ქვანახშირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის ბატარაეებით, რადიატორებით, იგივე „ატაპლენიებით“, შემდეგ ის მოიშალა და ამჟამად აქ შეშის ღუმლებს ანთებენ. სკოლას დროდადრო კოსმეტიკურ რემონტსაც უკეთებენ და ანახლებენ ინვენტარს; ბოლო ხანს მიიღეს აბაშის ყოფილი პროფ - ტექნიკუმის მერხები და სკამები, ასევე მოსწავლის ახალი, ერთადგილიანი 10 ცალი მერხი თავისივე სკამებით, ძველი მერხები კი ორადგილიანია.
კეთილმოწყობილი და გამწვანებულია 7900 მ2 ფართობის მქონე ეზო, რომლის ნაწილი მოასფალტებულია, ნაწილი კი ბალახითაა დაფარული. ამ ეზოს წინიდან  შემოვლებული აქვს რკინის ტალღოვანი ფურცლების მესერი. მის გასწვრივ 2009 წელს  18 ძირი ტირიფი (მათი სარები) და მათ უკან  ნაძვები დარგეს, ასევე აქ არის პალმები, დრაცანები, ბუჩქები, ყვავილები და სხვა დეკორატიული მცენარეები. ამავე ეზოში არის ზემოთ ნახსენები არტეზიული ჭა, რომლიდანაც წყალს ხელის ტუმბოთი აქაჩავებენ, აქვეა მაღალ მილზე აღმართული  საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა. ეზოს დანარჩენი ორი გვერდი და უკანა მხარე 1,4 მეტრი სიმაღლისა და 1,8 მეტრი სიგანის „უგოლნიკებისაგან“  შეკრულ მართკუთხა ჩარჩოებში ჩასმული 2 მმ. დიამეტრისა და 7 სმ. უჯრედების („კლეტკების“) მქონე მავთულბადითაა შემოღობილი, რომლებთაც ძირი ჩაბეტონებული აქვთ. ეზოს წინიდან აქვს მთავარი შემოსასვლელი კარი და ჭიშკარი, უკანა ღობეზე კი ადამიანების ზემოდან გადასასვლელი კიბეა. სკოლის ეზოში არის ძველი სკოლის დროინდელი პალმის, მსხლის, ჭადრის, ტყემლის ხეები;  უკანა მხარეს თხმელები და ნარ - ეკალიც წამოიზარდა. აქ მოწყობილია სარბენი ბილიკები, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის ღია მოედნები, სადაც სკოლის მოსწავლეების გარდა არასასწავლო დროს სოფლის სხვა ბიჭებიც თამაშობენ. ასევე აქ არის ძველი საქვაბეს ნაგებობის ნაშთი  „კაჩიგარია“,  სადაც ადრე „კაჩიგრებად“ ჟანი (ჟანიკო) სურგულაძე და ოთარ ჯანჯღავა მუშაობდნენ;  სოფლის N 114 ტრანსფორმატორი, ჭა, პატარა შენობა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების საპირფარეშოები (ტუალეტები, მათ მოსწავლეები საჭირო ოთახს ეძახიან). ადრე წყლის ავზიც იდგა სიმაღლეზე (რომელიც შემდეგ წინა მოსახლეს ჯონდო თოდუას მიჰყიდეს) და „ელექტრონასოსი“, ისინი ცენტრალური გათბობისათვის იყო საჭირო. ასევე სკოლის შენობაში შესასვლელი კიბეების ახლოს მოწყობილი ჰქონდათ პატარა მეტეოროლოგიური მოედანი, სადაც იყო ქარის სიჩქარისა და მიმართულების საზომი ფლუგერი, მეტეოროლოგიური ჯიხური შიგ მოთავსებული ჰაერის ტემპერატურის საზომი თერმომეტრით და სხვა.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს სკოლაშიც დაიშალა ოქტომბრელთა, პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციები. მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა და ერთხანს არსებობდა ბავშვთა ორგანიზაცია „აისი“. გარკვეული ცვლილებები განიცადა სასწავლო საგნებმა, მათმა შინაარსმა, კერძოდ: უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირის ისტორია, გეოგრაფია და სამართალმცოდნეობა ამოღებულ იქნა სწავლებიდან; ასევე შემოვიდა ზოგიერთი ახალი საგანი, მაგალითად რელიგია, მოხდა სხვა ცვლილებებიც.  გასული საუკუნის 90 - იან წლებში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა სახის ომებმა, არეულობებმა, ასევე მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა და გართულებულმა კრიმინალურმა მდგომარეობამ ჩვენს სკოლაზეც იქონია უარყოფითი გავლენა. სკოლის წინ ჩამოვარდნილმა ერთ - ერთმა ბომბმა დაამსხვრია მისი მინები, შეწყდა სწავლა, მოიპარეს რამოდენიმე ხელსაწყო, შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა, გაუარესდა სწავლის ხარისხი, მასწავლებლებისა და ტექპერსონალის (დამლაგებელი, დარაჯი, მეეზოვე) ხელფასები დიდხანს, თვეობით არ გაიცემოდა.
მოგვიანებით გაუწყინარის არასრულ საშუალო სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა სახის ცვლილებები: 2000 – 2004 წლებში აქ ფუნქციონირებდა კერძო, ფასიანი საშუალო სკოლის X – XI კლასები, რომელსაც სახელად „ინტელექტი“ ერქვა. მის შესაქმნელად საჭირო თანხის ნაწილი სოფლის მოსახლეობაში „ჩამოკრიფეს“,  ასევე სხვებიც დაგვეხმარა, მაგრამ შემდეგ მისი შენარჩუნება გარკვეული მიზეზების (მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, გადასახადის არსებობა) გამო ვერ მოხერხდა და სკოლა ისევ 9 წლიანი გახდა. შემდეგ მას დაერქვა „საბაზო სკოლა“, ხოლო 2006 წლიდან კი ჩვენი სკოლის  სახელწოდებაა „გაუწყინარის საჯარო - საბაზო სკოლა“;  გაფართოვდა მისი ავტონომია და რამდენადმე შეიცვალა მმართველობის ფორმაც.
ამასთანავე გაუწყინარის სკოლაში მოღვაწეობდა და დღესაც მოღვაწეობს მრავალი ღირსეული პედაგოგი. დღესდღეობით აქ 16 მასწავლებელი მუშაობს, ესენია: ნანა ანაკიძე (დაწყებითი), მაია ჭანტურია (დაწყებითი), ციალა გოგოლაძე (დაწყებითი), მცირე ხნის წინ მუშაობდა ინდირა გოთოშიაც (დაწყებითი), ის ახლა სკოლიდან გავიდა და მის ადგილზე მაკრინე, მაკა კობახიძე მუშაობს, ნინა, ნუნუკა ხონელიძე (მუსიკა), სპატრაკ ვერულაშვილი (ფიზკულტურა), ლაშა სურგულაძე (ქიმია, ხელოვნება), მერი გოგიშვილი (ფრანგული), ლალი თოფურია (ბიოლოგია, შრომა, ხელოვნება), მანანა თელია (მათემატიკა), ირმა წულაძე (რუსული), მედეა ხუბუა (გეოგრაფია), ენძელა ვერულაშვილი (ისტორია), ფიქრია თურქია (ქართული, ის ახლა დეკრეტულ შვებულებაშია და მის მაგივრად თეა სურგულაძე ასწავლის), ნინო, ნანა მეგენეიშვილი (ქართული, ის ამავდროულად დირექტორიცაა), მერი კაპანაძე (ფიზიკა). ასევე  სკოლაში არის ცეკვის კერძო ფასიანი წრე, ადრე მისი მასწავლებელი იყო გურამ სიხარულიძე სამტრედიიდან, შემდეგ ზურაბ ჟღენტი აბაშიდან, დღეს კი - ავთანდილ, ავთო  თოდუაა ძველი აბაშიდან. ასევე კერძოდ ამზადებს ზოგიერთ მოსწავლეს ინგლისურში ნინო ვეკუა, რომელიც ქვიშანჭალიდანაა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სკოლას არჩეული ჰყავს სამეურვეო საბჭო 4 მასწავლებლისა და 4 მშობელის შემადგენლობით, რომლის თავმჯდომარეა მაკრინე კობახიძე. ჩვენს სკოლას ასევე შტატში ჰყავს ადმინისტრაცია - ბუღალტერი ნინო დუნდუა (ის და დირექტორი დირექციას შეადგენს) და დამხმარე, ტექნიკური პერსონალი: დამლაგებელი მარგალიტა (ნანა) ესაკია, ახლახანს დამლაგებლად მისი შვილი ანა რატიანი გაფორმდა; ადრე დამლაგებლები იყვნენ: დომნა, იგივე მადონა თურქია, ვარდო თურქია, გული სურგულაძე, ნინა სტურუა. ასევე ტექპერსონალში შედის დარაჯიც - ჯემალ გრიგოლია, მანამდე ყარაულებად და მეეზოვეებად ოთარი ჯანჯღავა, უფრო ადრე, ძველ ხის სკოლაში კი გურამ შათირიშვილი, კიდევ უფრო ადრე სხვადასხვა დროს ასევე მეეზოვეები იყვნენ ჟანიკო, ვანო და ალექსანდრე სურგულაძეები. ბუფეტში ნანი გახოკიძის შემდეგ მაყვალა თურქია მუშაობდა, 2009 წლიდან კი ნანა მამფორია. ადრე სკოლაში დადიოდნენ შემმოწმებელი რევიზორები, რომლებიც ძირითადად მოსწავლეთა ცოდნის დონეს ამოწმებდნენ. ამ სკოლაში 1988 – 1991 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა მაია ნინუა, მას თავისი სადამრიგებლო დაწყებითი კლასიც ჰყავდა, რომელიც  შემდეგ მცხეთის სამთავროს ტაძარში წავიდა მონაზვნად დედა სიდონიას სახელით, ის ამჟამად ვანის ეკლესიაშია.

პ ე დ კ ო ლ ე ქ ტ ი ვ ი

ჩვენი სკოლის სხვადასხვა დროის დირექტორებისა და მათი მოვალეობების შემსრულებლების არასრული სია შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი ჯანელიძე, გალინა სახოკია, ბიძინა გაბელაია, ბიქტორ ღვაბერიძე (ის გერმანია - საბჭოთა კავშირის ომიდან კაპიტნის ჩინით დაბრუნდა), მიხეილ დონდუა (დირექტორობის წლები 1938 – 1939 წწ. ასწავლიდა ისტორიასაც),  ვ. გიგინეიშვილი (1939 წ.),  გრიგოლ ჯანაშია (1939 – 1940 წწ.), ლუბა მიქაძე (1940 წ. ქიმია, ფიზიკა, რობერტი  რატიანის დედა, გაუწყინარელი), მელქისადეკ, გრიშა რატიანი (1940 – 1941 წწ. ისტორია, გეოგრაფია, ოლეგი რატიანის ბიძა, გაუწყინარელი), მიხეილ კომახიძე (1941 – 1942 წწ. ივანე კომახიძის მეურვე, კუტაიწერელი), ლია შათირიშვილი (1942 – 1943 წწ. რუსული, გერმანული, მურმან შათირიშვილის მამიდა, პირველმაისელი), ანეტა ხაბურზანია (1943  –  1944 წწ. ქართული), ოთარ ჯანელიძე (1944 – 1947 წწ. მათემატიკა, მარნელი), ალექსანდრე კუპრეიშვილი (1947 – 1948 წწ. მათემატიკა), ლილი ქავთარაძე (1948 - 1950 წწ. ქართული, გერმანული, მურმან შათირიშვილის ბიცოლა, პირველმაისელი), ზინა ცომაია (1948 წ. ისტორია, გეოგრაფია, პირველმაისელი), იგივე ლია შათირიშვილი (1948  – 1950 წწ.),  შოთა, პლატონ ჯანჯღავა (1950 – 1953 წწ. მარნელი), ავთანდილ ფანცულაია (1953 – 1972 წწ. ისტორია, გეგეჭკორის, დღევანდელი მარტვილის რაიონის  სოფელ ბანძიდან, ის მდგმურად იყო ჯერ ტარიელ  სურგულაძის, შემდეგ კი სოსო თურქიას სახლში), ალალო, ალიკო გრიგოლია (1973 – 1994  წწ. ფიზიკა, მარნელი), ენძელა ვერულაშვილი (1994 – 2004 წწ. ისტორია, პირველმაისელი), ნინო, ნანა მეგენეიშვილი, (2004 წლიდან დღემდე, ქართული, გაუწყინარელი). დირექტორები სკოლაში ამა თუ იმ საგანსაც ასწავლიდნენ, მათ ჰყავდათ მოადგილე - სასწავლო ნაწილის გამგე (მაგალითად ალიკოს დროს თინა გაგუა, შემდეგ ენძელა ვერულაშვილი, ენძელასა და ნაწილობრივ ნინოს დირექტორობის დროს - ია მიგინეიშვილი იყო).
მაგრამ როგორც ყველა, ასევე ჩვენს სკოლაშიც უპირველეს ყოვლისა მთავარია წესიერი და განათლებული თაობის აღზრდის საკითხი. ეს სკოლა გაუწყინარის ყველაზე დიდი დაწესებულებაა, სადაც ახლა 65 მოსწავლე, 40 ვაჟი, ბიჭი და 25 გოგონა სწავლობს; ისინი ძირითადად გაუწყინარიდან არიან, ასევე ქვიშანჭალიდან და იშვიათად პირველი მაისიდანაც. მათგან 1 ბავშვი ლტოლვილად ითვლება, 3 მოსწავლე ინკლუზიურად სწავლობს ანუ მათ ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, 21 კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებიდანაა. იყო დრო, როდესაც გაუწყინარის სკოლაში მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობის, 150 და მეტი მოსწავლე ღებულობდა განათლებას და ისინი ერთხანს ორ სმენად (ცვლად) დადიოდნენ. გაკვეთილების დადგომისა და გამოსვლის დროს (გაკვეთილი 45 წუთიანია, დასვენება კი 10 წუთიანი, წინათ 20 წუთიანი დიდი დასვენებაც იყო, დილით სწავლა 9 საათზე, ხოლო ზამთარში 10 - ის ნახევარზე იწყება და დღის 3 საათის შემდეგ მთავრდება, 4 – 7 გაკვეთილი დღეში კლასების მიხედვით) მორიგე მასწავლებელი ელექტროზარს, როდესაც დენი არ არის ხელის ზარს რეკავს  (ძველი სკოლის ეკლესიის ზარები დაიკარგა), ისინი II სართულზეა, ადრე I სართულზეც იყო ასეთივე დენის ზარი. სკოლაში ბავშვები დილას მოდიან, მათ წიგნები, რვეულები და სასკოლო ნივთები (რომლებთაც მშობლები ყიდულობენ, რაც გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა უკვე რამოდენიმე წელია პირველკლასელებს სახელმძღვანელოებსა და ჩანთებს უფასოდ ურიგებენ, 2010 წლის სექტემბერში კი წიგნები ხელმოკლე ოჯახების ბავშვებსაც უფასოდ გადასცეს) ზურგისა და ცალ მხარზე გადასაკიდებელი ჩანთებით მოაქვთ; ისინი შინ სწავლობენ გაკვეთილებს, ასრულებენ  საშინაო დავალებებს, სკოლაში გაკვეთილის დაწყების შემდეგ მოსწავლეებს (ძველად მათ მოწაფეებს ეძახდნენ) მასწავლებელი ჯერ საშინაო დავალებას შეუმოწმებს რვეულში, გაკვეთილს მოაყოლებს, შეაფასებს, ახალ გაკვეთილს აუხსნის და საკლასო წერასაც დააწერინებს. ბავშვები ითვისებენ მასწავლებლის მიერ ახლად ახსნილ გაკვეთილებს, წერენ საკლასო, ტესტურ, საკონტროლო და ლაბორატორიულ (პარაქტიკულ) სამუშაოებს; ასევე მონაწილეობენ ტურებში, კონკურსებში, ოლიმპიადებში, სპორტულ და სხვა სახის ღონისძიებებში. ადრე დილით, თუ შესაფერისი ამინდი იყო, გაკვეთილების დადგომამდე ფიზკულტურის მასწავლებლის დათიკო ჯალაღონიას ხელმძღვანელობით  სკოლის ეზოში ეწყობოდა დილის გამამხნევებელი ვარჯიში, ე. წ. „ფიზარიატკა“. ყოველ კლასს თავისი დამრიგებელი ჰყავს. გაუწყინარის ძველ სკოლაში დაახლოებით 1950  წლამდე უცხო ენად გერმანული ისწავლებოდა, შემდეგ კი უცხო ენა დღემდე ფრანგულია;  ქვეყნის დამოუკიდებლობიდან მოყოლებული რუსულიც ასევე უცხო ენის სახით ისწავლება. სკოლაში პერიოდულად იწვევენ მშობელთა კრებას, სადაც მშობლებს აცნობენ თავიანთი პირმშოების წარმატებების, ყოფა - ქცევისა  და პრობლემების შესახებ, ცოდნის დონის ამაღლებისა  და სიძნელეთა დაძლევის მიზნით დასახავენ შემდგომი მოქმედებების გზებს.
მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ხშირად აბარებენ გამოცდასა და ტესტირებას. საახალწლოდ და სასწავლო წლის ბოლოს სპორტდარბაზში აწყობენ კარნავალს, ზეიმსა და სხვა სანახაობებს. ზოგჯერ რელიგიურ დღესასწაულებზე ისინი სკოლიდან ეკლესიაში მიჰყავთ, ასევე დადიან ექსკურსიაზე, კონცერტებსა და სხვა შესაფერის ღონისძიებებზე. სკოლაში დროდადრო ცირკი და გასართობი სანახაობების წარმომდგენები მოდიან. 90 - იან წლებამდე კვირაში 6 დღეს სწავლობდნენ, კვირას ისვენებდნენ, შემდეგ კი 5 დღიან სწავლებაზე გადავედით, შაბათსა და კვირას დასვენებიის დღეებია. ბავშვებს იანვრის თვეში საახალწლო - საშობაო რამოდენიმეკვირიან, ზაფხულობით ივნის - სექტემბრის შუა რიცხვებამდე 3 თვიან არდადეგებზე უშვებენ, ასევე ისვენებენ ზოგიერთ რელიგიურ და საერო დღესასწაულზეც. ახალი სასწავლო წელი კომუნისტების დროს 1 სექტემბერს იწყებოდა, დამოუკიდებლობის პერიოდში კი სწავლა უმეტესად 15 სექტემბერს იწყება და ივნისის შუა რიცხვებში წყდება. ადრინდელი სწავლის დონის შეფასების 5 ნიშნიანი სისტემა (მოსწავლეებს ნიშნებს დღიურში უწერდნენ) 10 ქულიანით შეიცვალა, პირველ კლასში ქულები არ იწერება და მათი გაკვეთილები 35 წუთიანია, დიდი დასვენება - 40 წუთიანი. 2009 წლიდან საქართველოს სკოლებში 12 კლასს ამთავრებენ. ჩვენი სკოლის 9 კლასის დამთავრების შემდეგ, ზაფხულში მოსწავლეები მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით აწყობენ ექსკურსიას, ბოლო ზარსა (სპორტულ დარბაზში) და ბანკეტის სუფრას. მომავალი ახალი სასწავლო წლიდან აქაური კურსდამთავრებულები სწავლას შემდეგ X კლასში მეზობელი, უახლოესი პირველი მაისის საჯარო სკოლაში აგრძელებენ, სადაც დღეს დირექტორი რიტა გოგიშვილია, სასწავლო ნაწილი კი - ელეონორა არველაძე, იქ 200 - ზე მეტი მოსწავლე და 21 მასწავლებელია; სწავლადამთავრებულთა ნაწილი კი სხვაგანაც მიდის. ადრე 9 კლასდამთავრებულთა ნაწილი აბაშის უკვე გაუქმებულ პროფტექნიკუმშიც აგრძელებდა სწავლას, სადაც მუშაობდა ჩვენი თანასოფლელი ჯემალი ოკუჯავა. ჩვენს სკოლაში მიღებული ცოდნა - გამოცდილება ახალგაზრდებს ფაროდ უხსნის გზას ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის. სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ ბავშვები, რომლებმაც შემდეგ დიდ წარმატებებს მიაღწიეს საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბებით, მიიღეს მაღალი სამეცნიერო ხარისხები და არაერთხელ ასახელეს მშობლიური სკოლა. მათ შორისაა შემდეგში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი აბაშის რაიონიდან (დღეს უკვე ყოფილი დეპუტატი) თენგიზ კალანდაძე, ენერგეტიკის დარგის მაღალჩინოსანი ივერი შალამბერიძე, ფეხბურთელი სევესტი თოდუა და სხვები.
ჩვენი სკოლა კვლავ აგრძელებს სასახელო თაობათა აღზრდა - გამოშვების მეტად საპასუხისმგებლო პროცესს.

მ ო ს წ ა ვ ლ ე ე ბ ი


ს კ ო ლ ა,   ფოტოს  მარცხენა ნაწილში


გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა

2011  წელს გაუწყინარის საჯარო - საბაზო სკოლას საჯარო სკოლა დაერქვა და მისი სრული სახელწოდება დღეს ასე გამოითქმის: „სსიპ გაუწყინარის საჯარო სკოლა“.
2012  წლის ზაფხულის არდადეგების დროს ჩვენს სკოლას წინა მხარეს, სასაფლაოს გვერდითა მხარეს და დირექტორის კაბინეტში მეტალოპლასტმასის თანამედროვე ფანჯრები ჩაუსვეს თავისი რაფებით. ხის ფანჯრების მინები და ჩარჩოები წინასწარ ჩამოხსნა ირაკლი ხოშტარიამ და მალხაზი თურქიამ, რომელიც შეინახეს. ამ სამუშაოების შედეგად სკოლის წინა ფასადიც გალამაზდა და ოთახებში ზამთრობით სითბოც უკეთესად იჭერს ხოლმე.
სკოლაში რამოდენიმე წელია ჩართულია უკაბელო უფასო ინტერნეტი, რომელიც ოთხ კომპიუტერზეა შეერთებული, რაც თანამედროვე პირობებში მეტად საჭიროა მოსწავლეებისათვის და მასწავლებლებისთვისაც.
2012  წელს მარნიდან, სადაც მიწისქვეშ ოპტიკური კაბელი გადის, გამოიყვანეს ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელი (კომპანია დელტაკომი), ის დაამაგრეს ელექტროგადამცემ ბოძებზე, რომელიც შეიყვანეს პირველი მაისის სკოლაში და საკრებულოში.
გაუწყინარის სკოლას გადმოსცეს კიდევ 2 კომპიუტერის პროცესორი, ბლოკი თავისი კლავიატურითა  და  მაუსით,  რომელიც  უფრო  ძლიერია ძველ კომპიუტერებთან შედარებით. ასევე სკოლამ შეიძინა პროექტორი და ახალი ქსეროქსი. პირველკლასელებს უკვე მეორე წელია პატარა კომპიუტერები - ბუკები უფასოს გადაეცა.
სკოლის პედაგოგები ემზადებიან სერტიფიცირებისათვის, დაწყებითის მასწავლებელმა ნანა ანაკიძემ 2012 წელს ჩააბარა პროფესიული უნარების გამოცდა და მიიღო სერტიფიკატი, მან დაწყებითის გამოცდა წინა, 2011  წელს ჩააბარა.  2013  წელს კი მათემატიკის მასწავლებელმა მანანა თელიამაც  ჩააბარა  პროფესიული უნარების გამოცდა და მასაც მისცემენ მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელ  სერტიფიკატს, მასაც წინა წელს აქვს ჩაბარებული მათემატიკის გამოცდა. ამ სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა აპლიკანტმა პროფესიული უნარ - ჩვევებისა და საგნის გამოცდა ჩააბაროს.
ჩვენს სკოლასაც 2013 – 2014 სასწავლო  წლისათვის მთავრობამ უფასოდ გადასცა სახელმძღვანელოები, რომლებსაც სექტემბერში მოსწავლეებს დაურიგებენ... სექტემბერში, როდესაც სწავლა დაიწყო, სახელმწიფომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა მოსწავლეს პირველად მისცა უფასოდ წიგნები და სამუშაო რვეულები დროებით სარგებლობაში.

      2015 წლის ივლისში გაუწყინარის საჯარო სკოლის რემონტი დაიწყო. მშენებელი ორგანიზაცია ხონიდანაა (შპს „რომა“). ტყვირელმა მუშებმა შენობის ირგვლივ ბეტონი (სარინელი) დაასხეს და ქვები შემოაწყვეს; თბილისიდან ჩამოსულმა მუშებმა კი უკანა მხარეს მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩასვეს (წინა მხარეს მსგავსი ფანჯრები უკვე ჩასმულია). ცოტა ხნის წინ ტყვირელმა ხელოსნებმა და მათმა ადგილობრივმა დამხმარეებმა სკოლას შიფერის სახურავი გადახადეს, ხის კონსტრუქციებიც მოხსნეს და გადასახურავად ამზადებენ. უკვე მოზიდეს ამისათვის საჭირო ხის მასალა და სკოლის ეზოში დაალაგეს. 
     დაიწყეს სახურავის გადახურვა, მოაწყვეს ახალი ხის კონსტრუქციები და მათზე დააჭედეს ბრჭყვიალა თეთრი თუნუქის ტალღოვანი ფურცლები.
        

სახურავის გამოცვლა



     სექტემბრის დასაწყისში გაუწყინარის სკოლის სარემონტო სამუშაოები დამთავრდა, რის შედეგადაც მთლიანად შეიცვალა შენობის შიფერის სახურავი თავისი ხის მასალითა და დაიხურა ტალღოვანი თუნუქით, მათზე ორ ადგილას (წინ და დარბაზის ზემოთ) ასასვლელი მოაწყვეს, ასევე თავიდან გააკეთეს უკანა და გვერდითა ოთხი კიბე, ექვსი ალუმინისა და ხის გარეთა კარი, ჩასვეს უკანა ხედის მეტალოპლასტმასის ფანჯრები და შენობის ირგვლივ დაასხეს სარინელი, ბეტონის ბილიკი. გარდა ამისა სკოლის შიგნით თვითონ მასწავლებლებმა ჩაატარეს მცირე კოსმეტიკური რემონტი, შეღებეს ჭერი, კედლები, იატაკი, დამლაგებლების დახმარებით დაწმინდეს და დაალაგეს ოთახები, დერეფნები, სათავსოები და 14 სექტემბერს მოწესრიგებულად შევხვდით ახალი სასწავლო წლის დაწყებას.



გაუწყინარის სკოლა

14 სექტემბერი, 2015 წელი


იხილეთ გაუწყინარის საჯარო სკოლის საიტი:

Комментариев нет:

Отправить комментарий