საძოვრები


გაუწყინარის ძროხების საძოვრები


ქ ვ ი შ ა ნ ჭ ა ლ ი ს   გ ზ ი ს პ ი რ ა   ს ა ძ ო ვ ა რ ი

გაუწყინარში სულ სამი საძოვარია ის შემოღობილია, ერთი მათგანი ქვიშანჭალისკენ მიმავალი გზის პირასაა, სადაც მოწყობილია მისი კარები პირუტყვისა და ადამიანის ჩასასვლელ - გამოსასვლელად; იქვე ახლოს არის „არმატურებისაგან“ დამზადებული დიდი ჭიშკარიც. მთელი საბალახო შემოკავებულია მავთულბადით („სეტკით“), ეკლებიანი მავთულებითა („კალიუჩი სინებთ“) და ცოცხალი ღობით - „სანგრებით“, რომელიც 42 ჰექტარ მინდორსა და ტყეს მოიცავს. ამ საბალახოში 43 მოსახლე ბორისი თურქიასა და არსენა სურგულაძის ოჯახების ჩათვლით და წისქვილის ქუჩის მოსახლეობა აძოვებს დაახლოებით 120 – 150 სულ საქონელს, ძროხას. ამ ადგილს 80 - იანი წლების შუა პერიოდამდე კოლმეურნეობა ხნავდა და თესავდა, ძროხებს კი მოსახლეობა გოშახის მაშინდელ საძოვარზე მიერეკებოდა. შემდეგ ეს ტერიტორია შემოღობეს და საბალახოდ გადააკეთეს. მოგვიანებით, 90 - იანი წლების ბოლოს მას შემოუმატეს მის უკან არსებული ყანების მიწები, რის შედეგადაც ამ საბალახოს უკანა ღობემ დიდ არხამდე, ე. ი. ქვიშანჭალის საზღვრამდე მიაღწია. საძოვრის ღობის ტოლი მონაკვეთების მოვლა - პატრონობა მოსახლეობამ ითავა. მას ადრე მწყემსები ჰყავდა, რომლებიც ღობეს არემონტებდნენ და ყურადღებას აქცევდნენ მას შიგ ღორები რომ არ ჩასულიყო. მწყემსები ყოველთვიურად ამ საძოვრით მოსარგებლე ოჯახებისაგან გარკვეულ თანხას იღებდნენ; ესენი იყვნენ: მექი და ბახვა სურგულაძეები, მიხეილ (მიშა) ლოლუა, ჯამბულ და გოჩა ჯანჯღავები, გია ქუთათელაძე. შემდეგ საძოვარს მოსახლეობა უვლიდა მორიგეობით ორ - ორი ოჯახი ერთ დღეს, სხვები მომდევნო დღეს და ა. შ. ამ საბალახოთი სარგებლობისათვის მცირე გადასახადი დღესაც შეაქვთ სახელმწიფო ხაზინაში და მისი მოვლისათვის ოლეგი რატიანი აქტიურობს.
ეს საძოვარი ასევე მოიცავს ქარსაცავ ზოლს - ქარსაფარს, რომელიც ჭიშკრის მახლობლად იწყება და მთელ საბალახოს გასდევს ქვიშანჭალის ფართობების დასაწყისამდე. ის და სოფლის სხვა ხელოვნური ტყეების ზოლები 1951 – 1953 წლებში დარგეს. აქ იყო ევკალიპტის (რაც დღეს არაა შემორჩენილი) ხეებიც. ამ ტყის დასაწყისში გვერდიგვერდ არის ორი თავისუფალი ადგილი, ზოლი, რომლებშიც გია და შაქრო ქუთათელაძეები სიმინდს, ხან კიდევ საზამთროსა და ნესვს თესავენ. ეს ტყე ძირითადად წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი და სხვა) იყო, შემდეგ ის 90 - იანი წლების ბოლოს სხვა ტყეებთან ერთად მურად გრიგოლიას (პირველმაისელი) ხელმძღვანელობით მოჭრეს და გაყიდეს, აქ კი ახალი ხეები ამოვიდა, უმთავრესად ფოთლოვანი: ძირითადად თხმელა, ასევე ჭადარი, იშვიათად („ეგერ - აგერ“) არის წიწვოვანი მცენარე ნაძვიც.  გარდა ამისა მიწაზე და ხეებზე მოედო გაუვალი ნარ - ეკალი (ე. წ. გვინძღეები, ბურდუები, ჟვერები, მწარეები, ტრიფოლიატები, ხვიარები, სუროები, ინძგლიები, სადაც საკვებად ეკალასა და მაყვალს კრეფენ). აქ და სოფლის სხვა ადგილებში ბინადრობს გარეული ცხოველები: ტურა, რომლის კივილის ხმა ღამ - ღამობით ხშირად ისმის სოფელში, კვერნა, კურდღელი, ზღარბი, კუ, ერთხელ შემოსული შველიც გამოჩნდა; ასევე დაბუდებულია მღრღნელები (თაგვი, თხუნელა (ფუღუ), თირინა), ქვეწარმავლები (გველი, ზლოკი, ხვლიკი), მწერები (კოღო, ბუზი, კალია, მახრა, ხოჭო), ჭიები, ლოკოკინები, მატლები, ამფიბიები (ბაყაყები), ფრინველები: ტყის ქათამი, „ღარღია, კოკორინა“, იხვი, ინდაური, ყვავი, ყორანი, ძერა, ოფოფი, მწყერი, შაშვი, გუგული, ბეღურა, სხვა ჩიტები და ა. შ. ზოგიერთ მათგანზე, რომლებიც საკვებად ვარგისია, ადამიანები ნადირობენ თოფებითა და მეძებარი ძაღლების თანხლებით; ხოლო მათი ნაწილი ზოგჯერ მოსახლეობაშიც შემოდის და მათ აზარალებს ხოლმე.


პირველი მაისის საძოვარი


პ ი რ ვ ე ლ ი   მ ა ი ს ი ს   ს ა ძ ო ვ ა რ ი

გაუწყინარში პირველი მაისის მხრიდან შემოსვლის ადგილებში,  კარლო (ვაჟა) გოთოშიასა და მაყვალა ქუნთელიას ეზოებს შორის არის კარებიანი ბილიკი, რომლითაც მოსახლეობა გაუწყინარის მხრიდან დავით არევაზოვისა და ვასო გოთოშიას სახლის ჩათვლით საქონელს მიერეკება (მიდენის) საძოვარზე, რომელიც მოსახლეობის უკანაა განფენილი ვიტალი სურგულაძის უკანა ეზოს მიმდებარე ტერიტორიების ჩათვლით. ამ  ბილიკის საბალახოსთან შეერთების ადგილას მეორე კარებია დაკიდებული. ეს საძოვარი ასევე ესაზღვრება ხბოების საბალახოს და ყანების ნაკვეთებს, მისი მომვლელი პირველმაისელი ჯემალი ჯოჯუაა. თუმცა ეს საბალახო პირველი მაისისაა, მასში გაუწყინარის მთავარი ქუჩის დასაწყისის მოსახლეებიც აძოვებენ პირუტყვს და მისი ნაწილი ჩვენი სოფლის ტერიტორიაზეა. ამ საძოვარის უკანა ნაწილი ვასო გოთოშიას ეზოს უკანა ადგილების სისწორემდე ადრე გაუწყინარის მეღორეობის ფერმას ეკუთვნოდა.



მეორე ქუჩის საძოვარი


მ ე ო რ ე   ქ უ ჩ ი ს   ს ა ძ ო ვ ა რ ი

ჩვენს სოფელში კიდევ ერთი საძოვარია მეორე ქუჩის მოსახლეობის უკანა მხარეს. ზვიად ჯანაშიასა და მალხაზ ხაჟომიას ეზოებს შორის არის ბილიკი, მის ბოლოს კარებია დაკიდებული  და ის შემდეგ უერთდება საძოვარს, რომელიც მოსახლეობის უკანაა. ამ მეორე ქუჩის საბალახოში არის მოჭრის შემდეგ კვლავ წამოზრდილი ქარსაფარი, ასევე ტყემლის, თხმელის და სხვა ხეები, მოდებულია ნარ - ეკალიც. ამ საძოვრის უკან კუტაიწერია, რომლის შემდეგ არის სოფელი თხმელარი.
გაღმა  ქუჩის  ბოლოს მახლობლად, ბაჩუკი კოპალეიშვილისა და რეზო ფირცხალავას ეზოებს შორის არის მეორე ბილიკი, რომლის ბოლოს კარია და ისიც ასევე იმავე საბალახოს უერთდება, მასაც მოსახლეობა საძოვარზე ძროხების ჩასადენად და გამოსადენად იყენებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий