სოფლის სასაფლაო



ს ა ს ა ფ ლ ა ო

    გაუწყინარში არის სოფლის სასაფლაო. მისი ეზო წინა მხრიდან ნაწილობრივ შემოღობილია ყოფილი კოლმეურნეობის ეზოს წინა მხარეს ახსნილი ლითონის ტალღოვანი ფურცლებით, დანარჩენ ადგილებში, გვერდებზე და უკანა მხარეს მავთულბადეა შემოვლებული, რომელსაც ეკლები მოედო.  სასაფლაოს ჭიშკარი ზაური სურგულაძემ გვაჩუქა. მანვე შეგვიძინა 32 ცალი ბეტონის ფილა,  ე. წ. „სინკარი“ დაშლილი მესაქონლეობის ფერმიდან ამ სასაფლაოს შემოსაღობად, რაც ვერ მოხერხდა. ადრე ამ სასაფლაოს წინა მხარე არ ეკუთვნოდა, გზაც რამდენადმე განსხვავებულად ჩადიოდა, ის მას შემდეგ შემოუმატეს. ასევე სასაფლაოს ეზოს წინა, უკანა და სკოლის მხარეს არის რამოდენიმე პატარა ჩასასვლელი კარი. აქ  წინა ეზოში არის ლითონის მილის თეთრად შეღებილი ჯვარი, რომელიც ქვიშანჭალის მოსახლეობამ გადმოგვცა 90 - იანი წლების ბოლოს. სასაფლაოს ეზოში უკანა მხარის მახლობლად, იქ სადაც ახლა მხოლოდ მცირედ შემაღლებული (მიწით „მოზვინული“) ადგილია შემორჩენილი საფლავებითა და დაწყობილი ნაეკლესიარი ქვებით, ძველად საკმაოდ დიდი ზომის ხის ეკლესია იყო აშენებული, რის გამოც სასაფლაოს ეზოს ზოგიერთი დღესაც ეკლესიის ეზოს ეძახის. იმ ტაძარს ქვის იატაკი ჰქონდა და შენობა მრგვალი ფორმისა იყო. მას გარეთ დერეფანიც ჰქონდა, სადაც უამინდობის დროს ზოგჯერ მიცვალებულს დაასვენებდნენ და დააყოვნებდნენ მანამ, სანამ ამინდი არ გამოვიდოდა და საფლავის ამოთხრა შესაძლებელი გახდებოდა (განსაკუთრებით ზამთაში). ის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისა იყო. იქ  სულ ადრე მღვდელი ქორიძე ყოფილა, რომელმაც შემდეგ თავისი 20 ქცევა (მიწის საზომი ძველებური ერთეული, 1 ქცევა - 0,4 ჰექტარი) მიწა ანზორი გოთოშიას პეპერას (ბაბუის მამას)  ბიჭინა გოთოშიას მიჰყიდა 200 ოქროს ფულად (1895 – 1917 წლებში მეფის რუსეთში და მისი იმპერიის შემადგენლობაში მყოფ ქვეყნებში არსებული ფული, 1 ოქროს ფული უდრიდა შემდგომ კომუნისტების დროინდელ 300 მანეთს). ეს მიწა მოიცავდა თანამედროვე მოსახლეების მურთაზ სურგულაძისა და გია ქუთათელაძის ეზოებს და ასევე საძოვრისა და ქვიშანჭალის გზის ნაწილებს; ის თვითონ კი სხვაგან გადასახლდა. შემდეგ ამ ტაძარში მღვდელი სიმონ ჩარგეიშვილი იყო, მის მერე, ბოლოს მისი შვილი რაჟდენ ჩარგეიშვილი, რომელიც დაიბადა 1880 წელს და მეუღლედ ჰყავდა ანასტასი ილარიონის ასული რატიანი - ჩარგეიშვილი (1884 – 1965  წწ.), 1913 წლისათვის ის მღვდელი იყო, რომელიც გარდაიცვალა 1967 წელს. მღვდელი რაჟდენი დღევანდელ სევასტ თოდუას ეზოში ცხოვრობდა და ჰყავდა შვილები თამარ ჩარგეიშვილი (1913 – 1992 წწ.), მარგალიტა ჩარგეიშვილი (1922 – 1977 წწ.), ლუბა ჩარგეიშვილი - გოგიშვილი (1915 – 1990 წწ. მისი შვილია ექიმი ნუნუ გოგიშვილი, რომელიც თავის ოჯახთან ერთად სამტრედიაში ცხოვრობს) და ექიმი, ქირურგი გრიგოლ, გრიშა ჩარგეიშვილი (1918 – 1969 წწ.  სავარაუდოდ მასაც ჰყავს მემკვიდრე). ეს პიროვნებები, გარდა ლუბა ჩარგეიშვილისა, რომელიც პირველი მაისის თავში არსებულ ნამწარეულის სასაფლაოზეა დასაფლავებული მეუღლე ვალოდია გოგიშვილთან ერთად) გაუწყინარის სასაფლაოზე, წინა მხარეს არიან დაკრძალულნი. მამა რაჟდენის თანაშემწე, დიაკვანი პავლე თურქია  (ლალი ოფურიას ბაბუა) იყო. იმ ეკლესიაში ტარდებოდა წირვა - ლოცვა, რომელსაც ხალხი ესწრებოდა. დაუზუსტებელი გადმოცემის მიხედვით მაშინდელ ტაძარს ეკუთვნოდა ასევე თანამედროვე სტადიონის, სკოლისა და ყოფილი კოლმეურნეობის ეზოს ტერიტორიებიც, რომლებზეც შესაძლოა მოსავალიც მოჰყავდათ და ის ტაძრის საქმეებს ხმარდებოდა.
აბაშის რაიონში სამშენებლო ქვა არ მოიპოვება, ამიტომ აქ კოლხთის დაბლობისათვის დამახასიათებელი ხის ნაგებობები შენდებოდა, რისთვისაც საჭირო ხე - ტყე უხვად ხარობდა ამ ადგილებში. ეკლესიებიც და საერთოდ სხვა შენობებიც ძირითადად ხის ფიცრულ ნაგებობებს წარმოადგენდნენ. ქვის სამტეხლოები საკმაოდ შორს იყვნენ და თანაც მაშინდელი პრიმიტიული, ხარებშებმული საშუალებებით აქამდე ქვების მოზიდვა და ისიც სეზონურად დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ის ეკლესია სავარაუდოდ  XIX  საუკუნის შუა წლებში ან მეორე ნახევარში უნდა აშენებულიყო, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდშია აგებული მაშინდელი საჭილაოსა და მახლობელი სუჯუნის ოლქის ბევრი ტაძარი. საჭილაოს (ნამწარეულის, იქ  ახლა მხოლოდ ბეტონის ქვებჩაყოლებული საძირკველის ნაშთები, ჩუქურთმებიანი ქვების ფრაგმენტები, დიდი ქვის მაგიდა და მოგვიანებით დაკიდებული ზარია შემორჩენილი, ის ეკლესია ცხენისწყლის პირას იდგა) წმინდა გიორგის ხის ეკლესია აშენდა 1870 წელს, ხოლო საჭილაოს მთავარანგელოზის ხის ეკლესია კი 1853 წელს. 1870 წლის საჭილაოს „საბლაგოჩინოს“ აღწერაში გაუწყინარის ეკლესიაცაა მოხსენიებული. რამდენადაც ცნობილია მაშინდელ ეკლესიაში სასწაულსაც კი ჰქონია ადგილი: ერთ - ერთ ჩვენს თანასოფლელს რომელიც ამ ადგილის მახლობლად მიდიოდა, ზარის რეკვის ხმა შემოესმა იმ დროს, როდესაც ტაძარში არავინ იყო; ასევე მოგვიანებით სავარაუდოდ ამავე ეკლესიის ხატს ერთმა ადამიანმა თვალი ხიშტით განზრახ დაუზიანა, რომელიც შემდეგ (როგორც ამ ამბებში თანამონაწილის ნაამბობიდანაა ცნობილი) ნამწარეულის (როგორც ვთქვით ის არის პირველი მაისის მეორე სასაფლაო, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირას, მარნისაკენ) ეკლესიის დანგრევისა თუ მისი მასალით პირველი მაისის კლუბის აშენების დროს (ეს კლუბი ურმებით შემოზიდული იმ მასალით აუშენებიათ, რომელიც დღეს უფუნქციოდაა და დანგრევის პირასაა მისული) თვალში საგანი მოხვდა და მხედველობა დაუზიანდა. გარდა ამისა იმ ეკლესიის დანგრევაში მონაწილე ერთ კაცს მოგვიანებით აგრეგატმა  ცალი ხელი დაუზიანა და ის მოჰკვეთეს, მას საკუთარი შვილი არ ჰყოლია. ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, დაახლოებით 1936 წელს სხვა მრავალთან ერთად ეს ეკლესიაც დაანგრიეს, მისი მასალის ნაწილით ზემოთ ნახსენები ხის სკოლა და ხარების სამწყვდევი ააშენეს, ქვების ნაწილი სკოლის სასიარულო ბილიკებად დააგეს, რამოდენიმე მათგანი სკოლაში, ძველი კანტორის წინ დაგებული სასიარულო ბეტონდასხმული ბილიკის ქვემოთ, ასევე ძროხების საძოვარზე, საბავშვო ბაღის წინ, ზოგიერთ ოჯახში და სოფლის სხვა ადგილებშიც აღმოჩნდა. იმ პერიოდში ხის ეკლესიები დაანგრიეს, ქვით ნაშენები კი უმეტესად სხვა დანიშნულების ობიექტებად (კლუბი, პირუტყვის სადგომი, საწყობი და სხვა) გადააკეთეს. საეკლესიო სიწმინდეები გაიფანტა და განადგურდა, სასულიერო პირებს იძულებით სამღვდელო სამოსი - ანაფორები გახადეს, წვერი გაპარსეს და საერო პიროვნებებად აქციეს; მრევლი იდევნებოდა. ურწმუნოები ასევე ამ სასაფლაოზე განსვენებული გიორგი დიანოსის ძე გოთოშიასა და მისი მეუღლის,  აღათი ოტიას ასული სტურუას  საფლავის (სადაც ქვის ლამაზი ჩუქურთმებიანი ძელია აღმართული) გადახურვის თავზე დაყენებული ჯვრის მოძრობასაც შეეცადნენ, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს, ის მტკიცედ დამაგრებული აღმოჩნდა და მხოლოდ გვერდით გადაღუნეს, რომელიც ამას წინათ ისევ გაასწორეს. ის პიროვნება შემდეგში ცეცხლში დაიწვა, ადგილი ჰქონდა მკრეხელობის სხვა შემთხვევებსაც. ყოველივე ამის ჩამდენების ვინაობა ნაწილობრივ ცნობილია. ის ტაძარი დღესაც ახსოვს სოფლის ღრმად მოხუცებულ რამოდენიმე ადამიანს, ახალი ეკლესიის აშენება, მიუხედავად ხალხში არსებული ამისი სურვილისა დღემდე ვერ მოხერხდა, თუმცა ამ მხრივ შეინიშნება გარკვეული წინსვლა. ერთხანს მოსახლეობის ნაწილი სასაფლაოს ეზოს წინა მხარეს, გიორგი შალამბერიძის ეზოს პირდაპირ, სადაც მცირე ზომის თავისუფალი ადგილია ეკლესიის (საყდარის) აგებას ფიქრობდა, ჭიშკართან შემოწირულობების ყუთი დააყენეს, თუმცა ამის შემდეგ ამ საქმეს გაგრძელება არ ჰქონია.


ნ ა ე კ ლ ე ს ი ა რ ი   ქ ვ ე ბ ი

2006 წლის მეორე ნახევარში და შემდგომ პერიოდშიც გაუწყინარის სხვადასხვა ადგილებიდან იმ დანგრეული ეკლესიის იატაკის გათლილი ქვების ნაწილი, მათგან ერთს გარკვეული მოხაზულობაც ეტყობა,  შეაგროვეს და ისევ თავის ადგილას, ძველ ნაეკლესიარზე დააწყვეს. აქვეა საფლავების გაჭრის დროს იქედან ამოღებული, ეკლესიის შენობის ფუნდამენტში ჩაყოლებული რიყის ქვებიც. ეს დალაგებული ქვები მსხვილი მავთულითაა („კატანკით“) შეკრული. აქვე დააბრძანეს მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები, ის ხომ სწორედ წმინდა გიორგის სახელობისა იყო;  ასევე  თიხის პატარა ეკლესიის მაკეტი, ხოლო ქვებს ზემოდან ლითონის ჯვარი ადგას. აქვე დევს მოგრძო ქვის ძელი, რომელსაც ერთ ბოლოში ბაწრის გამოსაბმელი ღარი აქვს, როგორც ამბობენ ძველად მას წოწინარის ცალ მხარეს კიდებდნენ და ამგვარად სიმძიმეებს წევდნენ ეკლესიის მშენებლობის დროს. ამ ქვების გვერდით, სკოლის უკანა გზის მხარეს მინაივანე შუბლაძის საფლავია წარწერებიანი ქვით, რომელიც 1893 წელს გარდაცვლილა 3 წლის ასაკში. ამ ადგილებში მიცვალებულებისათვის საფლავების ამოთხრის დროს ძველ, ეკლესიის ფუნდამენტის ქვებს ისევ პოულებენ.
საბჭოთა პერიოდამდე აბაშის რაიონი ეკლესიურად იყოფოდა ორ ოლქად ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ „საბლაგოჩინოდ“ (1870 წლისათვის სამეგრელოს ეპარქია დაიყო 8 ოლქად - „საბლაგოჩინოდ“),  ამ ოლქებს სათავეში ედგათ „ბლაგოჩინები“ ანუ მთავართუხუცესები. ჩვენთან იყო სუჯუნისა და საჭილაოს საბლაგოჩინოები, სწორედ საჭილაოს საბლაგოჩინოს 1870 წლის (ეს ყველაზე ადრინდელი თარიღია გაუწყინარის შესახებ) აღწერაშია მოხსენიებული მაშინდელი გაუწყინარის ეკლესია, რომლის დოკუმენტიც საქართველოს საისტორიო მუზეუმშია დაცული („ეგზარხოსის არქივი“).
ამ სასაფლაოს ეზოს უკანა მხარეს მდებარე ერთ - ერთ ქვაზე იკითხება შემდეგი ამოკვეთილი წარწერა:  „მოიხსენე უფალო მიქელ რურუა შობიდან 60 წ გარდაიცვალა 1883 წ მოიხსენე უფალო დარჯან რაზმაძის ასული შობიდან 80 წ გარდაიცვალა 1893 წ“. ეს ყველაზე ძველი დათარიღებული წარწერაა გაუწყინარში აღმოჩენილ წარწერებთაგან. აქვე არის აშკარად უფრო ძველი ქვებიც, რომლებზეც ნაწერები ნაწილობრივ ან მთლიანად გადაშლილია და ამის გამო მათზე თარიღის წაკითხვა ვერ ხერხდება. აქედან მწირი წარმოდგენა მაინც გვექმნება ამ სასაფლაოსა და სოფლის მინიმალურ ასაკზე. სასაფლაოს ეზოს შუაგულში უზარმაზარი, მრავალსაუკუნოვანი ჭადრის ხე იყო, რომელსაც შუაგულში დიდი ფუღურო ჰქონდა. ამ „დედა“ ხის ირგვლივ 11 – 12 ძირი „შვილი“, შედარებით პატარა ზომის ჭადრები იყო ამოსული. მას დაახლოებით 2006 წელს, ღამით დაუდგენელი მიზეზის გამო ცეცხლი გაუჩნდა, მოსახლეობა ეცადა მის გადარჩენას, სახანძრო მანქანაც („პაჟარკამანდა“) მოიყვანეს, მაგრამ უშედეგოდ: დიდი და რამოდენიმე პატარა ჭადარი დაიწვა, წაიქცა და საფლავებიც დააზიანა. შემდეგ ისინი მოჭრეს და ადგილი გაასუფთავეს. ახლა აქ მხოლოდ დიდი ხის ნამწვავი და 8 ძირი შვილი ჭადრის ხეა; ასევე სასაფლაოს ეზოში არის ბზის, ნაძვის, პალმის, ტირიფის, ცაცხვისა და სხვა ხეები, ბუჩქები, ბალახები, ყვავილები და დეკორატიული მცენარეები. აქვე წინა ღობესთან დარგეს ჩაქვიდან ჩამოტანილი ევკალიპტის ნერგებიც.
აქ, ამ სასაფლაოზე ბევრი საფლავია. მრავალი გულდასაწყვეტი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან (მართალია ჩვენს სოფელს გაუწყინარი ჰქვია, მაგრამ ის ყოველთვის არ ამართლებს ამ სახელწოდებას,  აქაც მომხდარა ცუდი ამბები, რომლებიც ხშირად „უწყინრად“ ყოფნის საფუძველს არ გვაძლევს;  მხოლოდ ამ 2010 წელს, ამ ტექსტის დაწერის დროს 16 გაუწყინარელი ადამიანი გარდაიცვალა), მათი ნაწილი სიბერის შედეგად ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, სხვები კი ავადმყოფობის (ავთვისებიანი სიმსივნის - კიბოს, გულისა (ინფარქტის) და წნევის დარტყმის („პარალიჩი“),  სისხლის ჩაქცევის (ინსულტის), თრომბისა და სხვა), ავტოსაგზაო კატასტროფის, დენის დარტყმის, თვითმკვლელობის, ომებისა თუ სხვა სახის უბედური შემთხვევების მსხვერპლნი გახდნენ. ამას წინათ უცხო ადამიანი ნახეს ყანების ფართობებში გარდაცვლილი, რომელიც პოლიციამ გადაასვენა და მისი ვინაობა და პატრონი გაარკვია.  ჩვენს სასაფლაოზე გაუწყინარელ და აქაური წარმოშობის მიცვალებულებს კრძალავენ, გამონაკლის შემთხვევას მხოლოდ რამოდენიმე აქაური ოჯახი წარმოადგენს, რომელთა გარდაცვლილებს პირველი მაისის სასაფლაოზე ასაფლავებენ.
სასაფლაოზე საფლავების უმეტესობა ირგვლივ ბეტონჩასხმული და ლითონის (რკინის, თუჯის, ალუმინის) ფიგურებით, „პამიატნიკებით“, „ეფტერებით“ შემოღობილია. გარდაცვლილის თავის მხარეს ვერტიკალურად დგას ქვა, რომელზეც მისი სურათი ახატია, ქვემოთ კი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, ზოგჯერ ეპიტაფიაა დაწერილი, ბევრ საფლავზე ჯვარიცაა. გოთოშიების საფლავზე ზაზა გოთოშიას ბიუსტი დევს, ის მარნის სასაფლაოზე ასაფლავია; ასევე აქ ერთ - ერთ საფლავზე ბეტონის მაღალი სვეტია აღმართული. ძველი საფლავების მასიური ქვები, ბრტყელი, ფართო ლოდები მიწაზე ჰორიზონტალურად დევს, მათზე მიცვალებულის სურათი არაა გამოსახული. ასეთი ლოდების კიდეებში, ირგვლივ მტევნებიანი ვაზის ლერწების ნახატები, ორნამენტებია გამოსახული, ასევე მათზე სათანადო ნაწერები, ჯვარი, ფრთებიანი ანგელოზები, ფიგურები და სხვა რელიგიური სიმბოლოებია ამოტვიფრული, ასეთი ძველი ქვები სხვა სასაფლაოებზეცაა. ბევრი საფლავი წაშლილი და დაკარგულია, არის უცნობი საფლავებიც; ასევე აქ არის სიმბოლური საფლავები იმ შინმოუსვლელთა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში წავიდნენ და შინ აღარ დაბრუნებულან, მათ ქვაზე კი მათი დაბადების თარიღი და სამამულო ომის წლების (1941 – 1945) თარიღებია დაწერილი, ასევე ახატიათ საბჭოთა სიმბოლიკიანი ხუთქიმიან ვარსკვლავგამოსახული სამხედრო მუზარადი. ასეთი საფლავებია მაგ: აკაკი რატიანის და ვარლამ სურგულაძის გარდაცვლილ ახლობელთა სამარეები. სამწუხაროდ არც ამ სასაფლაოზე და არც ჩვენი სოფლის სხვა ადგილებში შინმოუსვლელთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მათი მემორიალი ან დაფა არ გაკეთებულა. ომში მონაწილეთა და შინმოუსვლელთა საფლავებს ზოგჯერ 9 მაისს თუ შეამკობენ ყვავილებით, ისიც იშვიათად...  ამ სასაფლაოს მომვლელი ადრე რომანი ხაბეიშვილი იყო, დღეს კი მას სულეიმან (სულიკო) შალამბერიძე უვლის ოჯახის წევრებთან ერთად გარკვეული ანაზღაურებით, რომელსაც ის სეზონურად მოსახლეობაში ჩამოკრეფს. ხალხი ღირსეულ პატივს მიაგებს მიცვალებულთა ნათელ ხსოვნას.


ს ა ს ა ფ ლ ა ო ს   ე ზ ო

სოფლის სასაფლაოს ხედი დიდი სიმაღლიდან


გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა


 2011 წელს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მეორეჯერ გამოიყო თანხები სოფლის დახმარების პროგრამის განსახორციელებლად. ამ დროს შემოიღობა გაუწყინარის სასაფლაო, რომლის სამუშაოები მეორექუჩელებმა ზვიადი ჯანაშიამ და რამაზი კომახიძემ შეასრულა. მათ ამ სასაფლაოს ისეთივე ღობე შემოავლეს, როგორითაც ყოფილი კოლმეურნეობის (მომავალი ტაძრის) ეზოა შემოღობილი სოფლის ახალგაზრდების მიერ: უჟანგავი მავთულებისგან დამზადებული მავთულბადე („სეტკა“) გაბმულია ლითონის მილებზე, რომლებთაც ძირი ჩაბეტონებული აქვთ და მათ ზემოთ „უგოლნიკია“ დამაგრებული, ისინი  თეთრადაა შეღებილი. ეს ახალი ღობე („ზაბორი“) სასაფლაოს ჭიშკრიდან წინა მხარეს, სტადიონის გვერდით და უკანა მხარეს გაივლო; სკოლის ღობიდან ჭიშკრამდე კი ისევ ლითონის ტალღოვანი ფორცლების ღობე დატოვეს.



       სასაფლაოს მომვლელი სულიკო შალამბერიძის გარდაცვალების შემდეგ არავინაა...
          2013 წლის 6 სექტემბერს სასაფლაოს სკოლის მხარის ძველი ღობე აშალეს და შემდეგ დღეებში ისიც ისეთივე ღობით შეღობეს ზვიადი და დავით ჯანაშიებმა, კარიც გაუკეთეს ადრინდელი გადასასვლელის ადგილას.

Комментариев нет:

Отправить комментарий