გაუწყინარის ისტორია და თანამედროვეობა


ბრძენთა გამონათქვამები

          „წარსული - მკვიდრი საძირკველია აწყმოსი, როგორც აწყმო - მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომ არის ნათქვამი ერთის ბრძენისაგან, რომ აწყმო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნების კანონი“.

          „მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“.

          „რომელია სიმაგრე ჩვენი ცხოვრებისა და რომელია სიფუყე და სისუსტე, ამას ახსნის... ხოლმე მარტო ისტორია. და, თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენი ცხოვრების სათავე, ჩვენი ცხოვრების ფესვი, ჩვენი ცხოვრების საძირკველი და, თუ ეს ასეა, რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწყმო, ჩვენი მერმისი?“
ილია ჭავჭავაძე, წმინდა ილია მართალი


          „საჭიროა ხალხმა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია... უნდა იცოდეს რასაკვირველია, უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი...“

ივანე ჯავახიშვილი
  

წინასიტყვაობა

        „გაუწყინარის ისტორია და თანამედროვეობა“ წარმოადგენს აბაშის რაიონის სოფელ გაუწყინარის წარსულისა და აწყმოს თანმიმდევრულად აღწერა - გადმოცემას, ვინაიდან მომავალმა თაობებმა ზუსტად და თვალნათლივ წარმოიდგინონ რანი ვიყავით, როგორ და რა გარემოში ვცხოვრობდით, რა საქმიანობას ვეწეოდით, რა იყო ჩვენი, მათი წინაპრების ჭირი და ლხინი და ა.შ. ისინი ღრმად უნდა ჩასწვდნენ თავიანთ ფესვებს და ეს ყოველივე მომავალში გაითვალისწინონ. ამასთანავე ამ ნაშრომში მაქსიმალურადაა შეზღუდული გარემოებების, ფაქტებისა და მოვლენებისადმი ავტორისეული შეფასება და დამოკიდებულება, მისი პოზიციის დაფიქსირება.
        ყოველივე აღნიშნულის შექმნისათვის გამოყენებულია სხვადასხვა მოქმედი და გაუქმებული ორგანიზაციების დოკუმენტები, ცნობები და მონაცემები, აგრეთვე სხვადასხვა ადამიანებისა და თვით ავტორის მიერ გადმოცემული და მოპოვებული სანდო ინფორმაციები წარსულისა და დღევანდელობის შესახებ; დაუზუსტებელი და საეჭვო მონაცემები აქ ნაკლებადაა.
        „გაუწყინარის ისტორია და თანამედროვეობა“ პირველი მცდელობაა ჩვენი სოფლის ისტორიისა და თანამედროვეობის დაფიქსირებისა, მანამდე მსგავსი რამ ან არ შექმნილა, ან კიდევ მას დღემდე არ მოუღწევია.
        ძირითად ტექსტს თან ახლავს DVD დისკები, რომლებზეც ჩაწერილია თვით ეს ტექსტი, გაუწყინარისა და მასთან დაკავშირებული მრავალი ფოტოსურათი, დოკუმენტი და ესენი განთვსებულია ინტერნეტში მისამართზე: www.gautsyinari.blogspot.com





ავტორი ლაშა სურგულაძე
გ ა უ წ ყ ი ნ ა რ ი
2 0 1 0   წ ე ლ ი




გაუწყინარის ისტორია და თანამედროვეობა

        დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს აღმოსავლეთ ნაწილში არის აბაშის რაიონი, რომელსაც სამტრედიის რაიონისაგან მდინარეები ცხენისწყალი და რიონი ჰყოფს და მათ მარჯვენა მხარეს მდებარეობს. აბაშის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება მარტვილის (ყოფილი გეგეჭკორის), აღმოსავლეთით ხონისა (ყოფილი წულუკიძის) და სამტრედიის, სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, ხოლო დასავლეთით სენაკის (ყოფილი ცხაკაიის) რაიონები. ეს რაიონი მთლიანად ვაკე დაბლობი ტერიტორიაა და ის კოლხეთის დაბლობის (მისი ფართობია 220000 ჰექტარი, სადაც ადრე ჭაობი და გაუვალი ტყე და ეკალ - ბარდები იყო) შემადგენელი ნაწილია, მის შუაგულში მდებარეობს, რომელიც ზღვის დონიდან მცირე სიმაღლეზეა, 10 – 50 მეტრზე, მისი ფართობი შეადგენს 320,5 კვადრატულ კილომეტრს. ამ ტერიტორიაზე არის 20774 ჰექტარი (ჰა)  სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების სავარგული, აქედან სახნავი 12791 ჰექტარია, მრავალწლიანი ნარგავები 1772 ჰექტარი, საძოვარი 6241 ჰექტარი, ტყეებს უჭირავს 1631 ჰექტარი, ბუჩქნარი კი 721 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. 2007 წლის მონაცემებით კერძო საკუთრებაშია გაცემული 9976,4 ჰექტარი, იჯარით კი 1620 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, საპრივატიზებო მიწების საერთო რაოდენობაა 3000 ჰექტარი. აბაშის რაიონის ნიადაგები ძირითადად ალუვიურ - კარბონატული ტიპისაა, გვხვდება სუბტროპიკული, ეწერი და ჭაობიანი ნიადაგიც. ვაკე დაბლობი აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით), ის დახრილია ჩრდილო აღმოსავლეთიდან სამხრეთ დასავლეთისაკენ. როდესაც აქ ზღვა დაშრა, მდინარეებმა მთებიდან ჩამოიტანეს შლამი,  ქვა - ღორღი და მთის ნაშალი ქანები (ისინი დღესაც ჩამოაქვს მდინარეებს, განსაკუთრებით კი რიონს), რომლებმაც შექმნეს კოლხეთის დაბლობი და მთებში მცხოვრები კოლხებიც ბარში ჩამოსახლდნენ, მათ თან ჩამოიტანეს თავიანთი ცივილიზაციაც. აქაური ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, ატმოსფერული წნევა მაღალია (760 მმ. ვერცხლისწყლის სვეტის, 101,3 კილოპასკალის მახლობლობაში), ხილვადობა კარგ ამინდში 16 კილომეტრია, საშუალო წლიური ტემპერატურა 14 გრადუსია, ქარები, რომელთა სიჩქარე ზოგჯერ 30 – 33 მეტრ/წამს აღწევს, მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები. ნალექების რაოდენობა კი 1662 მილიმეტრია წელიწადში; ცუდ ამინდს ხშირად განაპირობებს ცივი ციკლონების შემოდინება, ასევე ხდება ჰაერის მასების შემოდინება - ურთიერთქმედებაც, რომლის ტემპერატურისა და ტენიანობის მიხედვით შესაბამისი ამინდი დადგება. ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. აბაშის რაიონის, ისევე როგორც ევრაზიის კონტინენტის უმეტესი ნაწილის პირდაპირ ქვემოთ, დედამიწის მეორე მხარეს წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილია სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიის კონტინენტებს შორის. ჩვენი რაიონული ცენტრია ქალაქი აბაშა, ის ქალაქად 1964 წელს გამოცხადდა, სადაც დღეს 6000 ადამიანი ცხოვრობს. ეს რაიონი მაწილობრივ მეგრულენოვანია, უმთავრესად მისი დასავლეთი მხარეა მეგრული წარმოშობის. აქ ძირითადად მიწათმოქმედება და მესაქონლეობაა გავრცელებული, თუმცა, განსაკუთრებით კი წინათ სხვადასხვა საწარმო - ორგანიზაციაც ფუნქციონირებდა.
          სიტყვა ,,აბაშა“ არაბულიდან მომდინარეობს, მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ - ერთის თანახმად არაბ მტრებს მდინარე აბაშის გადალახვა სურდათ, მაგრამ ის ადიდებულა და ერთმანეთს უყვიროდნენ  „აბა - შა“,  ე. ი. უკან დავიხიოთო.  „ქართლის ცხოვრებაში“ კი მემეტიანე ჯუანშერი მოგვითხრობს რომ VIII  საუკუნეში ანაკოფიასთან ძლეული არაბთა მხედართმთავარი მურვან - ყრუ ციხე - გოჯთან დაბანაკდა. ამ დროს ისეთი კოკისპირული წვიმა მოსულა, რომ ორი მდინარე, დღევანდელი აბაშა და ცხენისწყალი გაუერთიანებია - „წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა“.   ერთმა მდინარემ დაახრჩო მურვანის ლაშქარში მყოფი 23000 ქვეითი ეთიოპიური წარმოშობის „აბაშ“ - თა ტომისა; მეორე მდინარემ კი წაიღო 35000 ცხენი და „ამიერთაგან სახელი ედვა მათ მდინარეთა ერთსა „აბაშა“, ერთსა:  ცხენისწყალი“.  ეს ყველაფერი მომხდარა ამჟამინდელი ძველი აბაშის თემის ტერიოტორიაზე, რომელიც აერთიანებს სოფელ ძველ აბაშასა და ნასოფლარ კადარს. სოფელს 1923 წლამდე ერქვა აბაშა მდინარე აბაშის გამო, ხოლო როდესაც  XIX საუკუნის მეორე ნახევარში, 1870 წელს ფოთიდან თბილისამდე სარკინიგზო მაგისტრალი გაიყვანეს, მან საკაჭარაოს ბოლოში გაიარა და კვათანისა და მეზობელი სოფლების საზოგადოებათა თხოვნით საკაჭარაოს ყანებთან მოეწყო რკინიგზის პატარა სადგური, რომელსაც რამოდენიმე კილომეტრში მდებარე სოფლის სახელი  - „აბაშა“  უწოდეს.  ამ ადგილს კარგა ხანს „სტანცია აბაშა“ ერქვა, შემდეგ კი „სტანცია აბაშის“ შემოგარენი და მთელი სოფელი საკაჭარაო გაერთიანდა და ეწოდა „დაბა ახალი აბაშა“, 1963 წლიდან კი ქალაქი აბაშა.
          ეს პატარა რაიონია საქართველოში როგორც ტერიტორიით, ასევე მოსახლეობითაც.  ძალიან დიდი ხნის წინათ, ახლანდელი კავკასია თითქმის მთლიანად ზღვით იყო დაფარული, მაგრამ დროთა განმავლობაში წყალი ხმელეთს უთმობდა ადგილს. ზღვიდან ამოიწია კავკასიონისა და სხვა მთაგრეხილები, კასპიის ზღვა მოსწყდა შავ ზღვასა და მათ შორის კავკასიის ყელი გაჩნდა. გამყინვარების შემდეგ ხმელეთზე მოშენდა და გამრავლდა მცენარეულობა, ცხოველები და ადამიანები. მთელი თანამედროვე აბაშის, სენაკის, სამტრედიის რაიონები და მარტვილისა და ხონის რაიონების ბარის ტერიტორიები ანტიკურ ეპოქაში კოლხეთის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდნენ (მათ შორის იყო დღევანდელი სოფელ გაუწყინარის ტერიტორიაც, რომელიც სრულიად უცნობია იმ დროისათვის რას წარმოადგენდა), რომელსაც ძველი ბერძნები ადგილობრივი მოსახლეობის ტოპონიმიკაზე დაყრდნობით „მახორისს“ უწოდებდნენ, რაც კოლხური (მეგრული) სიტყვა „ხორ“ - ისაგან უნდა მომდინარეობდეს, რომელიც დასახლებას ნიშნავს. დასავლურ - ქართული ეგრის - ლაზიკის სამეფოს დროს კი (ის ახალი წელთაღრიცხვის   IV საუკუნის დასასრულს ჩამოყალიბდა) აბაშის რაიონი და სამტრედიის რაიონის ნაწილი მდინარე გუბისწყალამდე ციხე გოჯის ანუ არქეოპოლისის საერისთაო იყო. „ცხენისწყლისა და რიონისაკენ არს საჭილაო, სამიქელაო და არს ადგილი ეს ეფრიად ნაყოფიერი ყოველითვე. პირუტყვი მძოვარ არიან ზამთარ - ზაფხულ,  ფრინველნი ურიცხვნი, თევზნი არასადა თვინიერ რიონისა. კირჩხიბი მრავალი, სახლობენ მთავარნი და აზნაურნი“. ეს არის ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელიც ეხება VIII საუკუნემდე პერიოდს. შუა საუკუნეებში სამეგრელოს სამთავროს აღმოსავლეთ პროვინციას საჭილაო ეწოდებოდა. ამ საფეოდალოს განაგებდნენ დიდგვაროვანი ფეოდალები - ჭილაძეები (მეგრულად ჭილაიები, აქედან წარმოსდგებოდა ტოპონიმი „საჭილაო“), მათი საცხოვრებელი პუნქტი, საჭილაოს ცენტრი სოფელი ტყვირი იყო. ჭილაძეთა საგვარეულო დინასტია XVI საუკუნეში იმდენად გაძლიერებულა, რომ ის მთავრის ტიტულის მოპოვებასაც ცდილობდა. ამ დროს საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე (თანამედროვე სენაკის რაიონი) აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე (მარტვილის რაიონი), სამხრეთით - გურიის მთებამდე (ჩოხატაურის რაიონი), ხოლო აღმოსავლეთით - მდინარე გუბისწყალამდე იყო. ამ პერიოდის შემდეგ ეს საგვარეულო და მათი ტერიტორია დაქვეითებას იწყებს, მათ თანდათან დაკარგეს ძველი საბატონო, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტთა (თანამედროვე აბაშის რაიონი მარტვილის ღვთისმშობლისა და სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების საკუთრება გახდა) დაქვემდებარებაში გადავიდა და საეკლესიო საფეოდალოდ იქცა. ამ დროიდან დღევანდელ აბაშის რაიონს საჭილაოს ნაცვლად საჭყონდიდლო ეწოდებოდა 1803 წლამდე, სამეგრელოში რუსული მმართველობის დამყარებამდე. ჭილაძეებს შემორჩათ მხოლოდ ტყვირი, მარანი, ქოლობანი, გულეკარი და საჭილაო (დღევანდელი პირველი მაისი). ისინი მალე ტყვირიდანაც აღიგავნენ, საჭილაოში (პირველ მაისში) კი მათი ადგილი მათივე ნამოურავალმა აზნაურმა კორძაიებმა დაიკავეს. 1856 წელს მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში დაწყებული აჯანყება მთელ სამეგრელოს მოედო. მისი დამარცხების შემდეგ აჯანყების მოთავეები დააპატიმრეს და რუსეთის შორეულ გუბერნიაში გადაასახლეს. ასევე დედოფალი და მისი ოჯახი ოფიციალურად გაიწვიეს რუსეთში და სამთავროში რუსული მმართველობა დამყარდა. XIX საუკუნის დამდეგს სამეგრელოში მხოლოდ 75000 ადამიანი ცხოვრობდა, ამავე საუკუნის შუა პერიოდიდან სამეგრელო ქუთაისის გუბერნიას ეკუთვნოდა. 1867 წელს ფორმალურად (პრაქტიკულად კი 1857 წელს) სამეგრელოს სამთავრო გაუქმდა. მის ბაზაზე შეიქმნა ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრები, დღევანდელი აბაშის რაიონი სენაკის მაზრის შემადგენლობაში მოექცა. სენაკის მაზრა აერთიანებდა დღევანდელი სენაკის, აბაშის, მარტვილის რაიონებს, აგრეთვე ხობის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილს (რიონისპირა სოფლებს) და ქალაქ ფოთს. დავით დადიანის დროს სამეგრელო 8 მაზრად იყო დაყოფილი, აქედან თანამედროვე აბაშის რაიონის ტერიტორიაზე 2 მაზრის ცენტრი იყო: სუჯუნა და საჭილაო. საჭილაოს მაზრაში შედიოდა შემდეგი სოფლები: საჭილაო (პირველი მაისი), ქვიშანჭალა, ილორი, ნაფაღაური, სანავარდო, ნაჩხიტაური, ქორეისუბანი, ტოლები, ეკალი, გულეკარი, კეთილარი, ნაფარცხევი, ტყვირი, ცილორი, კოდორი, შუაქალაქი, კვათანა, წალიკარი, სერიაჩქონი, საქოჩაქიო, წყარიძგა, მუხური, საღვამიჩაო, ჭალადიდი, პატარა ფოთი,  ე. ი.  მდინარე რიონის ხეობის სოფლები ფოთამდე. ეს პატარა მაზრები სამ მაზრაში იქნა გაერთიანებული, ამ ოლქებს კი საპრისტაოები ეწოდათ. ამის შემდეგ სუჯუნის საპრისტავო, მერე კი საბოქაულო, სენაკის მაზრის აღმოსავლეთ ნაწილს (თანამედროვე აბაშის რაიონს) ეწოდებოდა. XX  საუკუნის დასაწყისში სუჯუნის საბოქაულო დაბა აბაშად გადაკეთდა.საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, 1918 წლის მეორე ნახევარში საქართველოს პარლამენტის კანონით ჩამოყალიბდა არჩევითი ორგანოები - სამაზრო და სათემო ერობანი, რომლებიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს წარმოადგენდნენ. სენაკის მაზრამ გასაბჭოების შემდეგაც იარსება 1933 წლამდე, როდესაც ახალი ადმინისტრაციული მოწყობის შემდეგ მაზრები გაუქმდა და საქართველოში სოფლები რაიონების შემადგენლობაში გაერთიანდნენ. ამის შედეგად სენაკის მაზრიდან 3 რაიონი - სენაკის, აბაშისა და მარტვილის რაიონები წარმოიშვა, რომლებიც დღემდე არსებობენ.  
1963 -1966 წლებში აბაშის რაიონი მაშინდელი გეგეჭკორის (დღევანდელი მარტვილის) რაიონს შეუერთეს და იქ იყო რაიონული ცენტრი, რის გამოც მაშინ გაუწყინარი და უკვე ყოფილი აბაშის რაიონის სხვა სოფლებიც გეგეჭკორის რაიონის შემადგენლობაში იყვნენ, მოხდა რაიონების გამსხვილება. შემდეგ კი აბაშა ისევ ცალკე რაიონად გამოჰყვეს. აბაშის რაიონში (მუნიციპალიტეტში, რაიონს ბოლო ხანებიდან ხშირად მუნიციპალიტეტს უწოდებენ) ამჟამად 15 სოფელია (სულ 42 სოფელია, ერთი თვით ქალაქი აბაშაა) რომლებთაც თავიანთი საკრებულოები აქვთ (სსრკ - ში ყოფნის დროს საკრებულოებს საბჭოები ერქვათ), მათ შორისაა სოფელი პირველი მაისიც, რომელიც რაიონული ცენტრის სამხრეთით მდებარეობს და მისგან 9 – 10 კილომეტრითაა დაშორებული. ის ზღვის დონიდან 13 მეტრ სიმაღლეზეა. დაახლოებით 1933 წლამდე პირველ მაისში საბჭო არ იყო და ის ახლომდებარე სოფლებიანად მარნის თემს ეკუთვნოდა. ამ სოფლების განაპირას მდინარე ცხენისწყალი (ის სათავეს სვანეთში, ლენტეხის რაიონში ღებულობს) რიონს (მისი სათავე კი რაჭაში, ონის რაიონშია) უერთდება, დაახლოებით 40 - იან წლებამდე ეს შესართავი ქვიშანჭალაში ბადრი ლორიას სახლის წინ იყო. პირველ მაისს წინათ საჭილაო ერქვა, კომუნისტების შემოსვლის შემდეგ კი მას სახელი შეუცვალეს და მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის სახელი უწოდეს - პირველი მაისი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთხანს შეეცადნენ სოფლისთვის სახელის ისევ შეცვლას (იმ დროს ქვეყნის მრავალ სოფელს ქალაქს, ქუჩასა თუ ადგილს გადაარქვეს კომუნისტური სახელები), მაგრამ სოფელ პირველ მაისს დღესაც ეს სახელი ჰქვია.
პირველი მაისის ერთ - ერთ ქუჩას კუტაიწერი ჰქვია; ასევე მის და მასში შემავალი სოფლების ზოგიერთ ქუჩასა თუ ფართობს თავისი სახელები აქვთ (მაგალითად: ნარმოლა, სათანური, კურდღელია, უდანო, ნაფაცხები, ნარამო, ორპირი, ასევე გოგიშვილების, დუნდუების, ძიძიგურების გრიგოლიების ქუჩა და სხვა; გარდა ამისა პირველი მაისის ბოლო (გრიგოლიების) ქუჩას ზოგჯერ ქვიშანჭალას ეძახიან, ვინაიდან ის ადრე სოფელ ქვიშანჭალას გზით უერთდებოდა, რომელიც ამჟამად დაზიანებულია და თითქმის არ მოქმედებს). პირველი მაისის საკრებულოში 4 სოფელი შედის, ესენია: თვით პირველი მაისი, თხმელარი, გაუწყინარი და ქვიშანჭალა.
სიტყვის „გაუწყინარი“ წარმოშობის შესახებ არანაირი წერილობითი წყაროები არ მოგვეპოვება, ისიც უცნობია თუ როდიდან ჰქვია ჩვენს სოფელს ეს სახელი ან ადრე რა იყო აქ. მხოლოდ როგორც ზეპირსიტყვიერება ამბობს, ამ სიტყვას საფუძვლად უდევს სიტყვა „უწყინარი“, ვინაიდან წინათ აქ ურმებით ღვინო დაჰქონდათ გასაყიდად, რომელსაც მოსახლეობა ყიდულობდა და ხშირი იყო ქეიფი და მოლხენა, ე. ი. იყო უწყინარი ხალხი, მდგომარეობა, რაც შემდეგ ჩვენი სოფლის სახელშიც აისახა.
სოფელ გაუწყინარის ტერიტორია, ისევე როგორც მთლიანად რაიონისა, ვაკე და დაბლობია. ის მდებარეობს ზღვის დონიდან 20 მეტრ სიმაღლეზე, აბაშიდან დაშორებულია 13 კილომეტრით, მასთან უახლოესი რკინიგზის  ბაქანი  სოფელ მარანშია, იქამდე მანძილი კი 4 – 5 კილომეტრია. ჩვენი სოფელი გაუწყინარი დაახლოებით მდებარეობს ჩრდილოეთ გრძედის 42,25 გრადუსისა და აღმოსავლეთ განედის 42,12 გრადუსის გადაკვეთის კოორდინატებზე და მის მახლობლად. სოფელი შედგება დასახლებული და დაუსახლებელი - ყანების, საძოვრებისა და მცირე ტყეების მიერ დაკავებული ტერიტორიებისაგან.
სოფელში 4 ძირითადი საავტომობილო გზაა. ერთი მათგანი მთავარი, ცენტრალური ქუჩაა, რომელიც 1,64 კმ. სიგრძისაა, მასზე 43 მკვიდრი და 13 არამუდმივად  მცხოვრები ოჯახია, რომლებშიც დაახლოებით 170 მუდმივად მცხოვრები ადამიანი სახლობს. ეს ქუჩა მოასფალტებულია. მის ჩრდილო - დასავლეთით გადის მისი პარალელური მეორე, გაღმა ქუჩა, რომელიც ასევე მოასფალტებულია და ყველაზე გრძელი და დასახლებული გზაა ჩვენს სოფელში, რომლის სიგრძე დასაწყისიდან მოსახლეობის ბოლომდე 2,3 კილომეტრია. ამის შემდეგ ეს გზა კიდევ გრძელდება 1,3 კმ. სიგრძეზე; მის დასახლებულ მონაკვეთზე 89 მკვიდრი და კიდევ 13 არამკვიდრი მოსახლეა. ეს ქუჩა დასაწყისიდან სულ ბოლოს, 3,52 კილომეტრის შემდეგ ყანების, არხისა და მიწაყრილის გაყოლებით დასავლეთით, თხმელარისკენ მიემართება. მეორე ქუჩა მთავარ ქუჩასთან შედარებით ოდნავ დაბლა მდებარეობს.
ეს ორი ქუჩა ერთმანეთს ორ ადგილას უერთდება დაღმართიანი მოკლე გზაგამტარებით: სკოლის წინ (ის მთავარ გზას დასაწყისიდან 1,3 კილომეტრ მანძილზე გამოეყოფა, რომელიც გაღმა ქუჩას 980 - ე მეტრ მონაკვეთზე უერთდება და თვითონ 200 მეტრი სიგრძისაა) და საბავშვო ბაღის გვერდით, იქ სადაც მთავარი ქუჩა მთავრდება (მისი დასაწყისიდან 1,64 კილომეტრზე, ხოლო ეს გზაგამტარი, რომლის სიგრძე 250 მეტრია, მეორე ქუჩას 1,37 კმ. მანძილზე უერთდება მისი დაწყებიდან) და ორად იყოფა. ამ ადგილას ცხოვრობს 2 მუდმივი ოჯახი 9 წევრითა და 4 არამუდმივი ოჯახი.
მათ გარდა გაუწყინარში არის ქუჩა, რომელიც ცენტრალურ გზას სოფლის ცენტრში გამოეყოფა და სამხრეთ - აღმოსავლეთ მხარეს, მეზობელ სოფელ ქვიშანჭალისაკენ მიემართება, ქვიშანჭალა რიონისპირა პატარა სოფელია; ამიტომ ამ გზას ქვიშანჭალის გზა ჰქვია, თუმცა მისი ძირითადი მონაკვეთი გაუწყინარის ტერიტორიაზეა. ეს ქუჩა ქვიშანჭალის საზღვრამდე 1,35 კმ სიგრძისაა, მასზე 2 მუდმივი მოსახლეა 7 ადამიანით. აღნიშნული ქუჩა ყოფილი სოფლტექნიკის ეზომდე მარცხენა მხარეს მოასფალტებულია, თუმცა ასფალტის საფარი დაზიანებულია, დანაჩენი ადგილები კი ხრეშითაა დაფარული.
ამ ქუჩას დასაწყიდან 55 მეტრ მანძილზე, მარჯვენა მხარეს გამოეყოფა ასევე ხრეშიანი, სკოლის უკანა ქუჩა, რომელსაც მსგავსად მეორე ქუჩისა მთავარი ქუჩის პარალელური მდებარეობა აქვს და ის სამხრეთ - დასავლეთით 1 კილომეტრზე მიემართება, რომელიც 17 მკვიდრ და 7 არამუდმივად მცხოვრებ მოსახლეს ითვლის 63 ადამიანის რაოდენობით. სტადიონის ბოლოს, მისი დასაწყისიდან 400 მეტრში მას უერთდება მთავარი ქუჩის დასასრულის მარცხენა განშტოება, რომლის სიგრძე 50 მეტრია.
ცენტრალური და მეორე ქუჩების შემაერთებელ მონაკვეთს, 95 მეტრში, საბავშვო ბაღის გვერდით, მარცხნივ გამოეყოფა 560 მ. სიგრძის ხრეშიანი გზა - წისქვილის ქუჩა, რომელზეც 2 მუდმივი და 6 არამუდმივი მოსახლეა 4 მუდმივი მაცხოვრებელით. ის ბოლოთი უერთდება მის მართობულ გრუნტიან გზას 274 - ე მეტრ მონაკვეთის მანძილზე, რომელიც თავის მხრივ იწყება ქვიშანჭალის გზის დასაწყისიდან გამოყოფილ სკოლის უკანა, ხრეშიანი ქუჩის ბოლოდან, გაივლის აღნიშნულ  წისქვილის გზის დასასრულს და უერთდება მეორე ქუჩას 2 კილომეტრ მანძილზე მისი თავიდან; ამ გრუნტიანი გზის სიგრძე დაახლოებით 420 მეტრია.
ეს ჩამოთვლილი ქუჩები წარმოადგენენ გაუწყინარის დასახლებულ ადგილებს. მთავარ და მის მოპირდაპირე ქუჩას შორის, მასზე მთავარი გზის დასასრულის მარჯვენა განშტოების შეერთებამდე მოსახლეობა ძირითადად ორ რიგადაა დასახლებული, მათ ეზოები ერთმანეთის უკან აქვთ, გამონაკლისი შემთხვევები ძირითადად მოსახვევებშია. ჩვენთან დაახლოებით 210 - მდე ოჯახია 400 - მდე მაცხოვრებლით.
სოფელ გაუწყინარში ასევე არის დაუსახლებელი გზებიც. ზემოთხსენებულ გრუნტის გზაზე მოსახლის ჭიშკარი არაა, ის მხოლოდ გვერდით ჩაუდის რამოდენიმე მოსახლის (ეთერ თურქიას, ზაალ ხაჟომიას, ნიკიტა ხაჟომიას) ეზოს. ასევე ქვიშანჭალის გზა ძირითადად დაუსახლებელია, მასზე მხოლოდ 2 მკვიდრი ოჯახია; ხოლო მის ბოლოს, სადაც დიდი არხი - დამბა მასზე გადასასვლელი ბოგირის ქვემოთ გავლით მართობულად ჰკვეთს ქვიშანჭალის გზას, ამ არხს იქეთ (ქვიშანჭალის მხარეს, მარცხნივ) ხრეშიანი გზა გასდევს, რომელიც სოფელ პირველი მაისის ბოლოდან იწყება არხთან ერთად და ამ ბოგირის შემდეგ (აქ ის ოდნავ მარჯვნივ უხვევს, მისი დაწყებიდან აქამდე მანძილი 1 კილომეტრი, ხოლო ამ გზის მთელი სიგრძე კი დაახლოებით 3,6 კილომეტრია) მარჯვენა გაყოლებაზე მას კირკალის გზა ჰქვია. ეს გზა და არხი დანგრეულ წყალსატუმბამდე და შემდეგ მდინარე რიონამდე ჩადის და ის მთლიანად დაუსახლებელია; მის ორივე მხარეს ყანები, ქვიშანჭალის ბოგირიდან ერთი ყანის შემდეგ მარჯვნივ ძროხების საძოვარია, შემდეგ ასევე ორივე მხარეს ყანებია.
გაუწყინარის მთელი ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 5 – 6 კვადრატული კილომეტრი, 500 – 600 ჰექტარია.
წინათ სოფლის ყველა გზა ხრეშიანი იყო, მათი ნაწილი დაახლოებით 1970 წლის შემდეგ ასფალტით დაფარეს, ბოლოს კი ასფალტი ქუჩებში გასული საუკუნის 90 - იან წლებში გადააგეს, სწორედ მაშინ მოაასფალტეს პირველად ქვიშანჭალის გზა ნაწილობრივ.
პირველი მაისის გზაჯვარედინის („ოთხბორძალი“ გზის) მარჯვენა მხრიდან სოფელი გაუწყინარი, მისი მთავარი, ცენტრალური ქუჩა იწყება, მაგრამ აქ და სხვაგანაც არავითარი შესაბამისი წარწერა არ არის. აქ პირველი მოსახლე მარჯვენა მხარეს არის კოტე ქუნთელია. ეს და სხვა ქუჩები ზოგან სწორია, ზოგან კი მიხვეულ - მოხვეული. რეზო (კუჭუ) სურგულაძის ეზოს წინ, გზის მარცხენა მხარეს არის მრავალი წლის დიდი, გზისკენ დახრილი ხე. ამ მხარეს მოსახლეების უკან პირველი მაისის სტადიონია. მამუკა სურგულაძეს ეზოში, წინა მხარეს, ღობესთან ჯიხური („ბუტკა“) აქვს ჩადგმული, სადაც ადრე სხვადასხვა პროდუქტი იყიდებოდა. მოშორებით, ასევე მარცხენა მხარეს კარლო ( ვაჟა) გოთოშიასა და მაყვალა ქუნთელიას ეზოებს შორის არის კარებიანი ბილიკი, რომლითაც მოსახლეობა გაუწყინარის მხრიდან დავით არევაზოვისა და ვასო გოთოშიას სახლის ჩათვლით საქონელს მიერეკება (მიდენის) საძოვარზე, რომელიც მოსახლეობის უკანაა განფენილი ვიტალი სურგულაძის უკანა ეზოს მიმდებარე ტერიტორიების ჩათვლით. ამ  ბილიკის საბალახოსთან შეერთების ადგილას მეორე კარებია დაკიდებული. ეს საძოვარი ასევე ესაზღვრება ხბოების საბალახოს და ყანების ნაკვეთებს, მისი მომვლელი პირველმაისელი ჯემალი ჯოჯუაა. თუმცა ეს საბალახო პირველი მაისისაა, მასში გაუწყინარის მთავარი ქუჩის დასაწყისის მოსახლეებიც აძოვებენ პირუტყვს და მისი ნაწილი ჩვენი სოფლის ტერიტორიაზეა. ამ საძოვარის უკანა ნაწილი ვასო გოთოშიას ეზოს უკანა ადგილების სისწორემდე ადრე გაუწყინარის მეღორეობის ფერმას ეკუთვნოდა.
ამ ქუჩაზე რომან ხაბეიშვილისა და ზურაბ გოთოშიას ეზოებს შორის, ლიანა აშვეთია სახლის წინ 1987 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ახალი კანტორა, დიდი და ლამაზი, მაღალ ფუნდამენტზე მდგარი ორსართულიანი, შიფერით დახურული, ელექტროფიცირებული კაპიტალური შენობა მოვლილი და გამწვანებული ეზოთი, რომლის წინა მხარეს ქვის და ღობე 3 ჩასასვლელ - გამოსასვლელი ჭიშკარი დღემდეა შენარჩუნებული. აქ მანამდე მოსახლის ნაკვეთი იყო, ამ შენობაშივე იყო სოფლის ბიბლიოთეკაც, რომელსაც შემდეგ თხმელარისა და პირველი მაისის ბიბლიოთეკის წიგნებიც შეუერთეს. მისი გამგე წინათ იყო ლალი ხიჯაკაძე, 2003 წლიდან დღემდე კი მისი (უკვე გაუწყინარის სკოლაში გადმოტანილი ბიბლიოთეკის) გამგე იამზე ვეფხვაძეა. კანტორის შენობას უკანა მხარეს ჰქონდა ფართო დარბაზი, კლუბი სცენით, სკამებითა და სათანდო ტექნიკური აღჭურვილობით. აქ პერიოდულად ტარდებოდა კინოფილმები (კინომექანიკოსი გოჩა ჯანჯღავა იყო), კონცერტები, კრებები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რისთვისაც სოფლის ცენტრში, ბირჟაზე და სხვაგანაც წინასწარ იკვრებოდა აფიშები. იმ კანტორაში, რომელსაც მოწყობილი ჰქონდა ქვანახშირზე მომუშავე ცენტრალური გათბობა (მისი საქვაბე, „კაჩიგარია“ კანტორის უკანა მხარეს იყო, თუმცა მას არ უმუშავია), მუშაობდნენ იმდროინდელი კოლმეურნეობის ხელმძღვანელობა, რომლის ბოლო თავმჯდომარე იყო მალხაზი თურქია, ის პირველი და ბოლო არჩეული ხელმძღვანელი იყო ამ თანამდებობაზე, სხვებს კი ნიშნავდნენ. ასევე აქ მუშაობდნენ: ბორის ძველაია - მთავარი ბუღალტერი, დალი მუმლაძე - ბუღალტერი, ნარგიზა თურქია - ხელფასის ბუღალტერი, ლამზირა ივანიაძე - ბუღალტერის მოადგილე, ბადრი ავალიანი - მთავარი ეკონომისტი, ნინო დუნდუა - ეკონომისტი, ლამაზო გაბრავა - აღმრიცხველი, იამზე კუჭუხიძე - მოლარე, ვაჟა კოპალეიშვილი, კარლო გუგუშვილი - აგრონომები, ასევე სტატისტიკოსი, ლიანა აშვეთია კი დამლაგებელი იყო. კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ ეს კანტორა გაუქმდა და მასში ჯერ აფხაზეთიდან ლტოლვილი გურამ ქარჩავას ოჯახი შეასახლეს, მათ შემდეგ კი აქ ერთხანს ასევე ლტოლვილი რაჟდენ გიორხელიძე ცხოვრობდა; მათი წასვლის შემდეგ შენობა ნელ - ნელა დაზიანდა, ბოლოს კი დაახლოებით  2005 წელს ბიბლიოთეკა სკოლაში გადაიტანეს, კლუბის დარბაზის სკამებიც სკოლის დიდ ოთახში მოაწყვეს, სადაც მანამდე შრომითი სწავლების კაბინეტი იყო, ახლანდელ სააქტო დარბაზში, კანტორის შენობა კი დაშალეს და გაყიდეს. ასეთივე პროექტის კანტორის შენობა და ღობე არის აბაშის რაიონის სოფელ ნორიოში, სადაც ახლაც ლტოლვილი ცხოვრობს.
ვასო გოთოშიასა და არსენა სურგულაძის ეზოებს შორის ადრე გზა ჩადიოდა, რომელიც მოსახლეების უკან არსებულ იმდროინდელ ძველ მეღორეობის ფერმას უერთდებოდა. ამ ფერმის გამგე პირველმაისელი ლევან გიგინეიშვილი იყო. ეს ფერმა მანამდე სოფლის გარეთ, ცხილარისაკენ იყო აგებული, შემდეგ ის აქ ააშენეს. აქვე ახლოს იყო მეფრინველეობის ფერმაც, რომელიც ბოლოს კოლმეურნეობის ეზოში განათავსეს. შემდეგ მეღორეობის ფერმა კვლავ სხვაგან გადაიტანეს, მასთან ჩასასვლელი გზა კი მოსახლემ შეუერთა თავის ეზოს.
ცენტრალური ქუჩის დასაწყისიდან 1,2 კმ - ის მანძილზე სოფელ გაუწყინარის ცენტრია. ამ ადგილას მთავარ ქუჩას მარცხნივ გამოეყოფა ქვიშანჭალისკენ მიმავალი გზა, რომელიც ყველაზე სწორი გრძელი სამანქანო გზაა ჩვენს სოფელში. ის დასაწყისში მოხვეულია, რისი მიზეზიც იქ მდგარი ხუტა თურქიას სახლი იყო, რომელსაც ეს გზა ააცილეს. მასზე პირველი მოსახლეა მურთაზი სურგულაძე, მეორე და ბოლო მკვიდრი ოჯახი კი გია ქუთათელაძეა. ორთავეს წინაპრები აქ შედარებით გვიან ჩამოვიდა. ეს გზა 1956 წელს გაიყვანეს (გაჭრეს), რასაც ქვიშანჭალელი გედევან ვერულაშვილი ხელმძღვანელობდა. ამის შედეგად ცვლილება განიცადა აქაურ მოსახლეთა ეზოებმა; მანამდე აქ საცალფეხო ბილიკებით ტყე (თუთების, იგივე ბჟოლების, თხმელებისა და სხვა ხეების) და მინდვრები იყო. ადრე ტყეებითა და ველებით დაფარული ტერიტორიები სოფელში დღევანდელთან შედარებით მეტი იყო, შემდეგ კი ისინი თანდათან ადამიანებმა აითვისეს.
გია ქუთათელაძის წინ სოფლის საძოვარია. ის შემოღობილია, შემოკავებულია მავთულბადით („სეტკით“),  ეკლებიანი მავთულებითა („კალიუჩი სინებთ“) და ცოცხალი ღობით - „სანგრებით“, რომელიც 42 ჰექტარ მინდორსა და ტყეს მოიცავს.  მას ჩასასვლელი პატარა კარი ქვიშანჭალის გზის პირას აქვს, სადაც ჭადრის ხე დგას, იქვე ახლოს არის მისი „არმატურებით“ შეკრული ჭიშკარიც (შენიშვნა: აქ და ტექსტის სხვა ადგილებში დაწერილია ისეთი სიტყვებიც, რომლებიც თანამედროვე ქართულ ენაში არ არის მიღებული, ზოგიერთი მათგანი კუთხური გამოთქმაა, ზოგი კი - ბარბარიზმი; მაგრამ ვინაიდან დღეს ისინი ჩვენს სოფელში ხშირად გამოიყენება საუბრისას, ამიტომ ეს სიტყვები აქაც უცვლელადაა  დაწერილი, მაგრამ მათზე  უმეტესად  გარკვეული მინიშნებებია გაკეთებული: ისინი ჩასმულია ბრჭყალებში, ფრჩხილებში, აწერიათ  „ე.წ.“, ან კიდევ  „როგორც მას სოფელში უწოდებენ“ და სხვა). ამ საბალახოში 43 მოსახლე ბორისი თურქიასა და არსენა სურგულაძის ოჯახების ჩათვლით და წისქვილის ქუჩის მოსახლეობა აძოვებს დაახლოებით 120 – 150 სულ საქონელს, ძროხას. ამ ადგილს 80 - იანი წლების შუა პერიოდამდე კოლმეურნეობა ხნავდა და თესავდა, ძროხებს კი მოსახლეობა გოშახის მაშინდელ საძოვარზე მიერეკებოდა. შემდეგ ეს ტერიტორია შემოღობეს და საბალახოდ გადააკეთეს. მოგვიანებით, 90 - იანი წლების ბოლოს მას შემოუმატეს მის უკან არსებული ყანების მიწები, რის შედეგადაც ამ საბალახოს უკანა ღობემ დიდ არხამდე, ე. ი. ქვიშანჭალის საზღვრამდე მიაღწია. საძოვრის ღობის ტოლი მონაკვეთების მოვლა - პატრონობა მოსახლეობამ ითავა. მას ადრე მწყემსები ჰყავდა, რომლებიც ღობეს არემონტებდნენ და ყურადღებას აქცევდნენ მას შიგ ღორები რომ არ ჩასულიყო. მწყემსები ყოველთვიურად ამ საძოვრით მოსარგებლე ოჯახებისაგან გარკვეულ თანხას იღებდნენ; ესენი იყვნენ: მექი და ბახვა სურგულაძეები, მიხეილ (მიშა) ლოლუა, ჯამბულ და გოჩა ჯანჯღავები, გია ქუთათელაძე. შემდეგ საძოვარს მოსახლეობა უვლიდა მორიგეობით ორ - ორი ოჯახი ერთ დღეს, სხვები მომდევნო დღეს და ა. შ. ამ საბალახოთი სარგებლობისათვის მცირე გადასახადი დღესაც შეაქვთ სახელმწიფო ხაზინაში და მისი მოვლისათვის ოლეგი რატიანი აქტიურობს.
ეს საძოვარი ასევე მოიცავს ქარსაცავ ზოლს - ქარსაფარს, რომელიც ჭიშკრის მახლობლად იწყება და მთელ საბალახოს გასდევს ქვიშანჭალის ფართობების დასაწყისამდე. ის და სოფლის სხვა ხელოვნური ტყეების ზოლები 1951 – 1953 წლებში დარგეს. აქ იყო ევკალიპტის (რაც დღეს არაა შემორჩენილი) ხეებიც. ამ ტყის დასაწყისში გვერდიგვერდ არის ორი თავისუფალი ადგილი, ზოლი, რომლებშიც გია და შაქრო ქუთათელაძეები სიმინდს, ხან კიდევ საზამთროსა და ნესვს თესავენ. ეს ტყე ძირითადად წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი და სხვა) იყო, შემდეგ ის 90 - იანი წლების ბოლოს სხვა ტყეებთან ერთად მურად გრიგოლიას (პირველმაისელი) ხელმძღვანელობით მოჭრეს და გაყიდეს, აქ კი ახალი ხეები ამოვიდა, უმთავრესად ფოთლოვანი: ძირითადად თხმელა, ასევე ჭადარი, იშვიათად („ეგერ - აგერ“) არის წიწვოვანი მცენარე ნაძვიც.  გარდა ამისა მიწაზე და ხეებზე მოედო გაუვალი ნარ - ეკალი (ე. წ. გვინძღეები, ბურდუები, ჟვერები, მწარეები, ტრიფოლიატები, ხვიარები, სუროები, ინძგლიები, სადაც საკვებად ეკალასა და მაყვალს კრეფენ). აქ და სოფლის სხვა ადგილებში ბინადრობს გარეული ცხოველები: ტურა, რომლის კივილის ხმა ღამ - ღამობით ხშირად ისმის სოფელში, კვერნა, კურდღელი, ზღარბი, კუ, ერთხელ შემოსული შველიც გამოჩნდა; ასევე დაბუდებულია მღრღნელები (თაგვი, თხუნელა (ფუღუ), თირინა), ქვეწარმავლები (გველი, ზლოკი, ხვლიკი), მწერები (კოღო, ბუზი, კალია, მახრა, ხოჭო), ჭიები, ლოკოკინები, მატლები, ამფიბიები (ბაყაყები), ფრინველები: ტყის ქათამი, „ღარღია, კოკორინა“, იხვი, ინდაური, ყვავი, ყორანი, ძერა, ოფოფი, მწყერი, შაშვი, გუგული, ბეღურა, სხვა ჩიტები და ა. შ. ზოგიერთ მათგანზე, რომლებიც საკვებად ვარგისია, ადამიანები ნადირობენ თოფებითა და მეძებარი ძაღლების თანხლებით; ხოლო მათი ნაწილი ზოგჯერ მოსახლეობაშიც შემოდის და მათ აზარალებს ხოლმე.
საძოვრის დასავლეთით არის რომან ცერცვაძისა და აბელ კოხრეიძის კუთვნილი თუთების (ბჟოლების) პლანტაცია, რომელიც შემოღობილია. მას წინათ მეაბრეშუმეობისათვის იყენებდნენ, ახლა კი იქ რამოდენიმე ოჯახი პირუტყვს აძოვებს და შეშას სარგებლობს, სადაც ბევრია თხმელის ხეები, თუთები კი მცირე რაოდენობითაა. მსგავსი უფრო პატარა პლანტაციები აგრეთვე ზოგიერთ ოჯახს ჰქონდა უკანა ეზოში.
ადრე საძოვრის წინ გია ქუთათელაძის ეზომდე ხეები და ეკალ - ბარდები იყო, შემდეგ კი ისინი გაწმინდეს და ფერმას მიაკუთვნეს. ამჟამად კი აქ  სამ მოსახლეს დაუსახლებელი, შემოღობილი სამოსახლო ნაკვეთები აქვთ ყანებით. ამ ქვიშანჭალის გზაზე ზოგჯერ ხრეშს ყრიან და ასწორებენ.
მათ იქეთ ხბოების საძოვარია. ისიც ადრე ფერმის ეზო იყო, დაახლოებით 1995 წლის შემდეგ (როდესაც მეღორეობის ფერმა დაიშალა) კი - ღორების საბალახო . მოგვიანებით მისი მავთულებისა და „სანგრების“ ღობეები დაზიანდა, რომლის კარგად შეკეთება ვერ მოხერხდა და ის ხბოების საძოვრად გადააკეთეს. შემდეგ იქ თხმელებიც უხვად ამოვიდა, რომლებსაც მოსახლეობა ჭრის და სარგებლობს. ამ ადგილების უკან პირველი მაისის ძროხების საბალახოს მავთულებიანი საზღვარი გადის. ღორებისათვის იქვე გზაზე მოაწყვეს ორმო, რომელზეც ლითონის არმატურების გისოსები დააფარეს, ვინაიდან ამ წინაღობის იქეთ, ყანებისაკენ მათი გადასვლა შეუძლებელი იყოს, ტრანსპორტი კი თავისუფლად გადადის მასზე. ეს გისოსებიანი ორმო გზის სიგანის ნახევარზეა, დანარჩენ ნახევარზე კი რკინის კარები დაჰკიდეს ცხენის გადასასვლელად, ამის შემდეგ ღორებს ქუჩაში უშვებენ. გვიან შემოდგომაზე, ყანების აღების შემდეგ კარებს საერთოდ ხსნიან და ინახავენ, პირუტყვი კი თავისუფლად მოძრაობს ამ ადგილას. აქვე მარჯვნივ ნაგავსაყრელია, ის სოფელში სხვაგანაცაა; იქეთ კი საბალახოს ნაწილია, სადაც ფართო ჭაა ამოთხრილი, რომლის წყლითაც საქონელი წყურვილს იკლავს. მსგავსი ჭა ამავე საბალახოში კიდევ არის ჩასადენი კარების მახლობლად.
ამ ადგილების იქეთა მხარეს ადრე ჯიმასულს ეძახდნენ. თუ გადმოცემას დავუჯერებთ ეს სახელი დაკავშირებულია მეგრულ სიტყვა „ჯიმა“ - სთან, რაც ძმას ნიშნავს, ე. ი. ძმისეული ანუ ჯიმასული. სოფლის ზოგიერთ ტერიტორიებს ასევე სხვა სახელებიც ერქვათ (მაგ: სალაქაშო).
ხბოების საძოვრის იქეთ ყოფილი მეღორეობის ფერმაა. ის 60 - იან წლებში ზემოთ ნახსენებ ადგილას დაშალეს და აქ ააშენეს ბერკეტის გრძელი შენობები (ორი ძირითადი შანობა, ამის გამო ამ ადგილებში ბგერის არეკვლას, ექოს ჰქონდა ადგილი), რომლებიც შიფერით იყო დახურული. უკანა მხარეს კი თეთრი აგურისაგან ნაშენი ღია სამწყვდევი იყო.  სულ ადრე აქ ხის ფერმაც იდგა, რომელიც შემდეგ დაშალეს. ამ ფერმის ეზოში მოწყობილი იყო წყლის რეზერვუარები, აუზი, ჭა, ჭაბურღილი, სათანადო წყალგაყვანილობა. ფერმა დენს ღებულობდა წინა ეზოში მდგარი ტრანსფორმატორიდან, რომელიც შეერთებული იყო იქვე გადამავალ მაღალი ძაბვის ხაზებზე. ფერმის შენობაში ჰქონდათ საფურაჟე წისქვილი,  ე. წ. „დრაბილკა“, რომელიც ახლა სოფლის წისქვილშია (ის მანამდე ოლეგი რატიანის სახლში მუშაობდა). აქვე იყო მოწყობილი ქატოს დასაყრელი და მუშა - მოსამსახურეთა ოთახებიც, ჰქონდათ ტელევიზორი. ღორები შენობებში ლითონის გისოსებიან გალიებში იყვნენ დამწყვდეულნი, რომლებსაც დროგამოშვებით ეზოში (ის ახლაც „სეტკითაა“ შემოღობილი, რომელსაც ადრე წინ რკინის დიდი ჭიშკარი ჰქონდა, ახლა კი ხის კარები აქვს) უშვებდნენ და აძოვებდნენ. გალიებს წინ საპირეები ჰქონდათ საკვებისა და წყლის მისაწოდებლად. ცხოველთა ორგანული ნარჩენები შენობებიდან ლენტისებური ტრანსპორტიორით (მას ელექტროძრავა, მოტორი, მატორი ამოძრავებდა,  გარეთ გადიოდა და ერთ ადგილას გროვდებოდა, რომელიც შემდეგ ყანებში გაჰქონდათ და მას ორგანული სასუქის სახით ნიადაგის გასანოყიერებლად იყენებდნენ. მოსახლეობასთან ახლოს ფერმებისა და საწყობების არსებობა სოფელში მწერებისა (ბუზები, კოღოები, რწყილები) და მღრღნელების (თაგვები) გამრავლებას იწვევდა, ასევე ახლომდებარე ადგილებში ცუდი სუნი ვრცელდებოდა.
აქ ერთ დროს 1000 - ზე მეტ ღორს ზრდიდნენ, უვლიდნენ და აბარებდნენ სახელმწიფოს. ფერმაში მუშაობდნენ ვეტექიმი, ზოოტექნოლოგი, მუშები. აქ მრავალი სოფლელი იყო დასაქმებული და ღებულობდნენ ხელფასს; ბოლო დროს ესენი იყვნენ: ვერა და სონია გოთოშიები, ვენერა, ჟანი (ჟანიკო) და გული სურგულაძეები, ნორა და ნანული თურქიები, შიო კომახიძე და სხვები. ფერმას სათანადოდ ამარაგებდნენ ქატოთი (რომელიც შესაბამისი სატვირთო ავტომანქანით „ნასიპად“, ე. ი. ტარის, ტომრების გარეშე მოჰქონდათ), საკვებითა და საჭირო წამლებით. ამ ფერმის გამგეები წინათ იყვნენ: პანტელეიმონ რატიანი, ალექსანდრე (ბუჭა) სურგულაძე, ჯემალ თოდუა, შოთა შალამბერიძე (ის გამგე იყო 1975 წლიდან 80 - იანი წლების ბოლომდე, ქვიშანჭალელი), მცირე ხანს რეზო გიგინეიშვილიც (პირველმაისელი) იყო ამ მეღორეობის ფერმის ხელმძღვანელ თანამდებობაზე (იყვნენ სხვა გამგეებიც);  სულ ბოლოს კი ჯონდო თოდუა, რომლის შემდეგაც 90 - იან წლებში ეს ფერმა დაიშალა და ის დღემდე ოლეგ რატიანს აბარია. ღორები გაყიდეს, შენობების ნაწილი და მოწყობილობები კი დაანგრიეს და დაიტაცეს. ამჟამად აქ ერთი დიდი ცარიელი, სახურავგადახდილი შენობა, მეორე დიდი შენობის კედლები, თეთრი აგურის ღია სამწყვდევის უკანა კედელი, მრგვალი, მიწის ზემოთ ამოშენებული აუზი (მასში ბოლო ხანს ადამიანები ბანაობდნენ) და მიწაში ჭა და აუზია შემორჩენილი. ეზოს კი, რომლის დიდი რკინის ჭიშკარი წაიღეს და მის ნაცვლად სარები დაარჭვეს მათივე კარით, მეტწილად ნარ - ეკალი და თხმელები მოედო (მოერია). ამ ადგილას ახლა ზოგიერთი მოსახლე (უმთავრესად მომვლელი ოლეგ რატიანი) დროგამოშვებით პირუტყვს აძოვებს, მანვე უკან დარგო თხილები, იქ არის სხვა ხეებიც.
ამ ფერმის წინ ადრე გაუწყინარის სტადიონი იყო, მას შოთა ქიშმარეიშვილი უვლიდა. იქ იმართებოდა ფეხბურთის მატჩები (ვარჯიშებიც)  შიგა სასოფლო და მეზობელ სოფლებს შორის, რასაც დიდი ინტერესით უყურებდა მოსახლეობა. შემდეგ ეს სტადიონი 80 - იან წლებში სხვაგან გადაიტანეს, ეს ადგილი კი მას შემდეგ რომანი სურგულაძის ყანაა.
ამ ყანის წინ არის გაუქმებული სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის (სოფლტექნიკის) ეზო. ის „უგოლნიკების“ ჩარჩოებში ჩასმული დაბეტონებულძირიანი მავთულბადითაა შემოღობილი. მასში შედის ბერკეტ - აგურის ორი დაუმთავრებელი მცირე ზომის შენობა დარაჯისათვის და სხვა მიზნებისათვის გათვალისწინებული, რომლებიც დღესაც დგას წინა მხარეს, ასევე მრგვლად ამოშენებული აუზი და სხვა ნაგებობები. აქ ყრიდნენ სხვადასხვაგვარ სასუქს და შემდეგ ის გაჰქონდათ საყანე ფართობებში და ყანებში. ამ სოფლტექნიკის ეზოს სრულად მოწყობა და ფუნქციონირება ვერ მოესწრო. ამჟამად ეს ადგილები თითქმის მთლიანად ეკალ - ბარდებითაა დაფარული და მას ბესარიონ (ბესო) თურქია ზოგჯერ პირუტყვის (ძროხების, ცხენის) საძოვად და შეშის მოსაჭრელად იყენებს.
ამ ადგილის შემდეგ, იქეთა გაყოლებაზე, გზის ორივე მხარეს დიდი არხამდე მოსახლეობის სამოსახლო ანუ როგორც მას სოფელში უწოდებენ საეზოე დაუსახლებელი ნაკვეთებია (მათ შორის ზოგიერთის პატრონი სხვა სოფლებიდანაცაა), რომლებიც 90 - იანი წლების შუა ხანებში მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცათ მიწების პრივატიზაციის შედეგად.  ახლა ამ მიწების ნაწილი თხმელებით დაიფარა („ტყედ წავიდა“), ზოგან თხილებია გაშენებული, ნაწილი თავისუფალია, ზოგიც კიდევ პატრონებმა შემოღობეს, ასევე მრავალი მათგანი დღეს ყანებია. ეს ადგილები ადრე მთლიანად კოლექტივის ყანები იყო. მიწების აზომვას გია ხაჟომია აწარმოებს.
ქვიშანჭალის გზის ქვემოთ (მართობული მიმართულებით) და მიმდებარე ყანებში, ვალერი სურგულაძისა და გია ქუთათელაძის სამოსახლო ნაკვეთებს შორის და მის გასწვრივ, ქვიშანჭალა - გაუწყინარის საზღვრის ბოგირამდე 300 მეტრის დაშორებით, მიწაში გაყვანილია მსხვილი, 500 მმ. დიამეტრის მქონე მაგისტრალური გაზსადენის იზოლირებული მილი („ტრუბა“), რომლებიც ერთმანეთთან  შეადუღეს, ჩააწყვეს ღრმად ამოთხრილ არხებში, ზემოდან ზოგან ბეტონის მასიური ფილები დაადეს და მიწა დააყარეს. ეს გაზსადენი შესაბამისი ტექნიკის საშუალებით 1982 წელს გაიყვანეს. ის სამტრედიის რაიონიდან მდინარე ცხენისწყალის ზემოთ, ბეტონის საყრდენების საშუალებით პირველ მაისში, სოფლის ბოლოს გადმოდის, შემდეგ მიწაში დამარხულ მდგომარეობაში შემოდის გაუწყინარში,  გაივლის ყანებს, ამ ადგილს, ქარსაფარს, კვლავ ნაკვეთებს და გადადის მეზობელ სოფლებში, საიდანაც კვლავ აგრძელებს გზას. ამ გაზსადენით მიეწოდება გაზი აბაშას, სხვა რაიონებს, სოფლებსა და ქალაქებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ქვიშანჭალის გზას მის ბოლო ნაწილში მართობულად ჰკვეთს დიდი არხი - დამბა, რომელიც ადრე პატიმრებს ამოათხრევინეს, მოგვიანებით კი ექსკავატორით გაადიდეს და დააღრმავეს. ეს არხი უდიდესია ჩვენს სოფელში და მასზე რამოდენიმე გადასასვლელი ბოგირია მოწყობილი. მას იქეთ, ქვიშანჭალის მხარეს მიუყვება ხრეშიანი გზა, რომელიც ამ არხთან ერთად პირველი მაისის ბოლოდან იწყება. იქ ახლოს არის არხზე გადასასვლელი ბოგირი, მოემართება აქეთ, ჰკვეთს ქვიშანჭალის გზას ასევე მასზე გადებული ბოგირის ქვემოთ გავლით (ამ ადგილებიდან ცოტა მოშორებით ჩანს სოფელ ქვიშანჭალის წმინდა გიორგის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი), შემდეგ გაივლის მასზე გადებული კიდევ ერთი გადასასვლელი ბოგირის ქვემოთ, რომელსაც კირკალის ბოგირი ეწოდება. ბოლოს ეს არხი და გზა უერთდება მელიორაციის მიერ აგებულ ყოფილ წყალსატუმბ სადგურს (დანგრეულ პატარა „ბუტკასთან“, წყალსაქაჩთან), რომელიც ქვიშანჭალის ბოგირიდან 2,5 კილომეტრითაა დაშორებული. აქედან ადრე ძალიან იშვიათად წყალს გვალვების დროს მძლავრი ტუმბოებითა და მსხვილი, 60 სანტიმეტრიანი მილების („ტრუბების“) საშუალებით მდინარე რიონიდან ამ დამბაში უშვებდნენ და სასოფლო - სამეურნეო ნაკვეთებს რწყავდნენ. ბოლოს ეს არხი რიონს უერთდება, გზაც იქეთ გრძელდება. ეს ობიექტი ბოლოს დაანგრიეს, მილები და მოწყობილობები დაჭრეს და წაიღეს, ბეტონებჩადგმული აუზი კი დღემდეა შემორჩენილი. პირველი მაისიდან მოყოლებული კირკალის ბოგირამდე, არხის და გზის ეს მონაკვეთი გაუწყინარ - ქვიშანჭალის საზღვარია, ბოგირის შემდეგ კი არხისა და გზის გადაღმაც რიონამდე გაუწყინარის ყანებია განფენილი, მათ რიონის მახლობელ ჩადაბლებას ჭალას უწოდებენ; ასევე ამ მიდამოებში ყანების მცირე მონაკვეთს კაპეტებს ეძახიან.
იქ, სადაც მთავარ გზას ქვიშანჭალისაკენ მიმავალი გზა გამოეყოფა, მისი დასაწყისიდან 1,1 კილომეტრ მონაკვეთზე, სოფლის ცენტრში მოსახლეობის მიერ აშენებულია ბერკეტის  მცირე ზომის წინიდან ნაწილობრივ ღია შენობა - ბირჟა, რომელიც წინიდან გალესილია. ის თუნუქით, ლითონის ტალღოვანი ფურცლებითაა გადახურული და წინა მხარეს შემოწყობილი აქვს ბეტონის ფილები (ე. წ. „ბორდიურები“), აქვეა მაგიდა და დასაჯდომი ადგილი. აქ სოფლის მაცხოვრებლები თავისუფალ დროს ხშირად იკრიბებიან, საუბრობენ პოლიტიკაზე, წარსულსა და აწყმოზე, სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე, ისვენებენ, თამაშობენ ძირითადად ბანქოს (კარტს, უმეტესად „ფურთს“ - თერთმეტობანას, ახალგაზრდები კი ასევე „ჯოკერსაც“, იშვიათად დომინოსაც) და ერთობიან. აქვეა ავტობუსის (უფრო სწორად „მარშრუტკის“) გაჩერება - „ასტანოვკა“.  ბირჟის შენობის ერთ მხარეს 1994  წელს მოსახლეობის მიერ დარგული ჭადარია, მეორე მხარეს კი - იაგო თურქიას მიერ 2004 წელს დარგული პატარა მუხა. ამ ჭადრის ძირთან ბეტონის ზოდი დევს, რომელზეც ხალხი ჯდება.
ამ ადგილების უკან გაუწყინარის ყოფილი ლენინის სახელობის კოლმეურნეობის კანტორა და ეზოა. ის 40 - იან წლებამდე ცნობილი რევოლუციონერის მიხა ცხაკაიას სახელობისა იყო. ამ ეზოში ადრე ხის კანტორა იდგა, რომელიც შემდეგ დაშალეს და იქვე ახლოს 1973 წელს სომხეთის მუქი ფერის ქვის (ისინი გარედანაა ამოყვანილი, შიგნითა მხარეს კი შენობა აგურისაა) კანტორა ააშენეს, რომელიც 1 მეტრი სიმაღლის ფუნდამენტზე იდგა და შიფერის გადახურვა ჰქონდა. იქ იყო მოწყობილი ოთახები, კაბინეტები, სადაც მუშაობდნენ მოლარე, სტატისტიკოსი, დამლაგებელი ლიანა აშვეთია (მანამდე კი ვენერა თედორაძე, ლუბა ჯანჯღავა), დარაჯი (ყარაული) გურამ შათირიშვილი, შოთა ფირცხალავა. აქ მომუშავეთა ნაწილი იგივე იყო, ვინც ახალ კანტორაში მუშაობდა. სხვადასხვა დროს კოლმეურნეობის თავმჯდომარეები იყვნენ: გალაქტიონ არველაძე, კაპიტონ გოგიშვილი, გალაქტიონ თოდუა, იულია დუნდუა, კოლია ჩარგეიშვილი, დავით მელია, კარლო გრიგოლია, კონსტანტინე ქუნთელია, ჭიჭიკო დუნდუა, შალვა ვასაძე, სერგო რატიანი (თავმჯდომარედ მუშაობდა 1954 – 1970 წლებში), რობერტ რატიანი (1970 – 1982 წწ.), თეიმურაზ დუნდუა (1982 – 1985 წწ.), ისევ რობერტ რატიანი (1985 – 1990 წწ.), ვაჟა კოპალეიშვილი (1990 – 1991 წწ.), ადრე იყვნენ სხვა თავმჯდომარეებიც. ბოლო თავმჯდომარე აქაც იგივე მალხაზი თურქია იყო, 1991 წლიდან 1994, კოლექტივის სრულად დაშლის წლამდე. ახალ კანტორაში გადატანამდე აქ იყო განთავსებული სოფლის ბიბლიოთეკაც, რომლის გამგედ გაღმა ქუჩელი ჟენია ფრანგიშვილი მუშაობდა. კანტორას უკანა მხარეს პატარა დარბაზი ჰქონდა, მოგვიანებით ერთ ოთახში სატელეფონო სადგური (ატს) მოაწყვეს, რომელიც სოფლის მაშინდელ სატელეფონო ქსელს ემსახურებოდა, ასევე კოლექტივში რაციებიც ჰქონდათ. მოგვიანებით ეს კანტორა ზემოთ ნახსენებ ახალ შენობაში განათავსეს, თუმცა ეს შენობა ნაწილობრივ მაინც ფუნქციონირებდა. მის გვერდით 1993 წლის 23 ოქტომბერს, სამოქალაქო ომის დროს, ღამით აქაც ჩამოვარდა ჭურვი, რის შედეგადაც შენობა დაზიანდა. ეს კანტორა კოლმეურნეობის დაშლასთან ერთად ნელ - ნელა განადგურდა და დღეს აქ მხოლოდ მისი კედლები და წინა მხარეს დარგული თუთის ხეებია შემორჩენილი.
ამ კოლმეურნეობის ეზოში ადრე ძველი ხის საწყობი იყო, რომელიც დაინგრა. წინათ აქვე იყო ზემოთ ნახსენები გადმოტანილი მეფრინველეობის ფერმაც. ასევე ეზოს წინა მხარეს, სკოლის ღობის გვერდით აგებული იყო ბერკეტის მეორე საწყობი, სადაც „ნასიპად“ ღებულობდნენ ქატოსა და სხვა პროდუქტებს. შემდეგ უკანა მხარეს ააგეს დიდი რკინის საწყობი, რომელიც გარედან დაფარული იყო ფურცლოვანი შიფერით. იქ ყრიდნენ და ინახავდნენ კოლექტივის ყანებში მოწეულ დიდი რაოდენობით სიმინდს, ხახვს, ჭარხალს (ბოლოკს) და სხვა ჭირნახულს. აქვე ჰქონდათ სიმინდის ელექტროსაფშვნელი მანქანა, დასათეს სიმინდს კი ხელით ფშვნიდნენ, რადგან საფშვნელის კბილანებს მარცვლები არ დაეზიანებინათ; საწყობში სხვა მოწყობილობებიც ჰქონდათ. ბოლოს ეს საწყობი დაშალეს და გაყიდეს. მათ გარდა კოლმეურნეობას კიდევ ეკუთვნოდა მეღორეობისა და მესაქონლეობის ფერმებიც, სოფლტექნიკის ეზო და მთელი სახნავ - სათესი მიწები.
უფრო ადრე კანტორის მახლობლად ხის პატარა საპარიკმახერო იყო, სადაც პარიკმახერად აქვსენტი გრიგოლია მუშაობდა. მოგვიანებით ის დღევანდელ მარშრუტკის გაჩერებასთან გადმოიტანეს და იქ პარიკმახერი ჯერ ვახტანგ (ვახტო) თურქიას მამა, კონსტანტინე (კოლია) თურქია იყო, შემდეგ კი ზესტაფონელი ანდრო. 90 - იან წლებში აქვე ახლოს, ქვიშანჭალის გზის მხარეს ზაზა თურქიასა და ვახტანგ გოთოშიას კუთვნილი, ბეტონის ფილებზე მდგარ პატარა ვაგონში განთავსებული კოოპერატივი, კომერციული მაღაზია იყო, სადაც გამყიდველად სხვადასხვა დროს ნანა ჯანჯღავა, ნანა სურგულაძე და შორენა აშვეთია მუშაობდნენ.
კანტორის ეზო სულ ადრე ეკლებით იყო შემოღობილი, შემდეგ კი ღობე გააუმჯობესეს. მომდევნო წლებში ის წინიდან ლითონის ტალღოვანი ფურცლებით შემოღობეს, რომელსაც მაღაზიასთან პატარა ჩასასვლელი კარი ჰქონდა, დანარჩენი გვერდი და უკანა მხარე კი 8 მილიმეტრი დიამეტრისა და 7 სანტიმეტრი უჯრედების მქონე მავთულბადით იყო შემოვლებული, რომელიც თავის მხრივ 1,3 მ. სიმაღლისა და 2,5 მ. სიგანის „უგოლნიკებით“ შეკრულ მართკუთხა ჩარჩოებში იყო ჩასმული, რომლებსაც ზემოთ ფიგურები ჰქონდათ. ადრე ამ ეზოს დიდი ჭიშკარიც ჰქონდა ოთარი ჯანჯღავას სახლის წინ. აქ სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის სიმრავლე იყო: სხვადასხვა მარკისა და ტიპის ტრაქტორები („ბელარუსი“, „მტზ“, კ - 701, დტ, ტ - 150, მუხლუხოებიანი, ცეფებიანი და სხვა) და სატვირთო ავტომობილები, „ბელარუსის“ ციცხვიანი (კომშიანი) ექსკავატორი (ეს ექსკავატორი დღესაც ჰყავს რომანი სურგულაძეს, რომლითაც მრავალი გაუწყინარელი და სხვა სოფლელი სარგებლობს არხის ამოსაღებად, ცემენტის მისივე „ბაიოკში“ მოსაზელად და „პლოშადის“ დასასხმელად, მოსავლის „ლაფეტით“ წამოსაღებად, სიმძიმის ასაწევად და გადასატანად თუ სხვა საქმიანობებისათვის), საწამლავი მანქანები, გუთნები, სათესები, კულტივატორები, ფარცხები, დისკები, სათადარიგო ნაწილები, ასაწევი მექანიზმი (ე. წ. „ტალი“), დიდი სატვირთო მანქანების სასწორი, საწვავის ავზები, ასევე მუდმივი შრომა და გარჯა ამ ( და ასევე სხვა) ადგილების განუყოფელი სიმბოლოები იყო. კანტორის შენობის გვერდით დიდი ხე იდგა, მის ქვემოთ „სკამეიკები და სტოლი“ დადგეს. ადრე ახლანდელ ბირჟასთანაც იყო მაღალი ხე, რომელიც მერე მოჭრეს და მისგან ფარცხი გააკეთეს. აქ, იმდროინდელ კოლმეურნეობაში მეზობელი  სოფლებიდანაც მუშაობდნენ მექანიზატორები, მძღოლები, გამრემონტებლები, აგრონომები, მუშები. ბოლო დროს მექანიზატორები (ტრაქტორისტები) იყვნენ: ადგილობრივები - ვიტალი რურუა, შაქრო ქუთათელაძე, რომანი სურგულაძე;  სატვირთო ავტომანქანის („კამაზის“) მძღოლი რობერტ (დემური) ჯანჯღავა, ავტობუსის მძღოლი გულთაში რატიანი და სხვები. სხვა სოფლებიდან და აბაშიდან  მექანიზატორები იყვნენ: გია (გიალო) გეგეშიძე, ზაური ზაქრაძე, მოგელი მინდაძე, რეზო მიგინეიშვილი, ნოშრევან, ემზარ (გულწითელა) და ნოდარ გაბელაიები, მამუკა თედორაძე, გამრემონტებელი ნუკრი ლასარეიშვილი, საწყობის გამგე ჯონდო თოდუა (ადრე მისი გამგეები იყვნენ აკაკი თოფურია, ბუჭა სურგულაძე, ჟორა შალვაძე) და სხვები. უფრო ადრე აქ მრავალი სხვა ადამიანი მუშაობდა ამა თუ იმ თანამდებობაზე. კოლექტივში მუშები გაერთიანებულნი იყვნენ რამოდენიმე ბრიგადაში, რომლებსაც ბრიგადირები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ: ჯემალ თოდუა, ივანე არველაძე, მამია ჯანაშია, მურმან შათირიშვილი, ბონდო ლორია. სოფლის ყანებში დადიოდნენ მეველეები (მაგალითად სერგო ხაჟომია, შოთა კოხრეიძე, კოწია გრიგოლია), რომლებიც მას პირუტყვისაგან მწყემსავდნენ. კოლექტივში და სხვაგანაც წარმატებულ მუშებს, თანამშრომლებს აძლევდნენ ფულად პრემიებს, სიგელებს, მედლებს, ზოგჯერ მათ გაზეთებშიც წერდნენ, იშვიათად ტელევიზიითაც გამოაქვეყნეს. მაშინ არსებული ერთადერთი პარტიის - კომუნისტური პარტიის (კომპარტიის) წევრობა თითქმის სავალდებულო იყო. იმდროინდელი კოლმეურნეობის ფართობებში მრავალი სახის მოსავალი მოჰყავდათ: უმეტესად სიმინდი, ასევე ჭვავი, შვრია, ხახვი, ჭარხალი (ბოლოკი), კიტრი, პომიდორი, ლობიო, რეჰანი, გერანი, ბაზელიკი; უფრო ადრე კი ბამბა და რამი, რომელთაც კოლმეურნეები უვლიდნენ და მათ შრომადღეს, ხელფასს უწერდნენ. შრომის მეტი წილი მექანიზებული იყო, რამოდენიმეჯერ ყანებში სასუქი შესაფერისი თვითმფრინავებითაც კი მოაყარეს, რომლებიც ქ. აბაშის ასაფრენი ზოლიდან მოფრინავდნენ. ფართოდ გამოიყენებოდა აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, ჰერბიციდები, შხამ - ქიმიკატები და მცენარეთა დაცვისა და მოვლის სხვა საშუალებები. ნაკვეთებში და კოლმეურნეობის ეზოში დროგამოშვებით სკოლის მოსწავლეებსაც ამუშავებდნენ. სოფლელებს ყანები გაპიროვნებული ჰქონდათ, რომელთაც კოლექტივი ხნავდა, ფარცხავდა, დისკავდა, თესავდა, აკულტივაციებდა („ამაშინებდა“), სასუქს აყრიდა; პატრონები კი თოხნიდა და მოსავალს იღებდა. შემოდგომით ჩამხმარ სიმინდს ნამგლებით ჭრიდნენ, ყანებშივე ტეხავდნენ და რამოდენიმე დღით ჩალების კონებისაგან მოწყობილ დიდ კალოებში ინახავდნენ, ჩალას კი იქვე ზვინავდნენ. როდესაც კოლექტივის ტრაქტორი მოიცლიდა და მას თავმჯდომარე ნებას დართავდა, ის ყანებში წავიდოდა, მასზე მიბმულ ძარას, „ლაფეტს“ დატვირთავდნენ და მოსავალი საწყობის ეზოში მიჰქონდათ. კოლმეურნეობაში მომუშავე გლეხებს დაწესებული ჰქონდათ გამოსამუშავებელი გეგმა, ე. წ. მინიმუმი, რომლითაც გათვალისწინებული რაოდენობის მოსავალს თუ ვერ მოიყვანდნენ, მაშინ მთელ მოსავალს (სიმინდი, ჩალა) კოლექტივში იტოვებდნენ, ხოლო თუ ამ გეგმას გადააჭარბებდნენ, ამ შემთხვევაში ნამატის 30 % - ს შინ გაატანდნენ, დანარჩენს კოლმეურნეობაში არსებულ საწყობებში განათავსებდნენ. 80 - იანი წლებიდან ეს წესი აბაშის მაშინდელმა რაიკომის მდივანმა გურამ მგელაძემ შეცვალა და კოლმეურნეებს მოწეული მოსავლის ნახევარს აძლევდნენ, მხოლოდ მათ გარკვეული რაოდენობის ყველი თუ ხორცი უნდა მიეყიდათ სახელმწიფოსათვის; ეს წესი ასევე სხვა დროსაც რამდენადმე შეიცვალა; ყოველივე აღნიშნული მოსახლეობაში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევდა. 70 - იან წლებში ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით აბაშასა და ფოთში განხორციელდა ე. წ. აბაშისა და ფოთის ექსპერიმენტები, რომლის დროსაც მოსახლეობას კერძო საკუთრებაში მისცეს მიწები და ცხოველები, რასაც გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა  მაშინდელ პერიოდში. საწყობის შენობებსა და ეზოში დაყრილი მოსავლის ნაწილი (სიმინდი, ხახვი) ფუჭდებოდა და უსიამოვნო სუნი და ორთქლი ასდიოდა. ერთხელ სამუშაოს  შესრულების დროს ავტოამწე („ამწეკრანი“) გადაბრუნდა და მისი მძღოლი იმსხვერპლა, ასევე იყო სხვათა დაშავებისა და შხამ - ქიმიკატებით მოწამვლის შემთხვევებიც. ბოლო ხანებში კოლექტივის ეზოს წინა დიდი ჭიშკარი გააუქმეს, სამაგიეროდ უკან დიდი საგორავი ჭიშკარი დააყენეს, საიდანაც ტექნიკა მოძრაობდა. მის გვერდით პატარა, დარაჯისათვის განკუთვნილი ბლოკის შენობა იყო,  რომელშიც ასევე ელექტროშედუღების („სვარკა“) აპარატი ინახებოდა, იქვე უკან არტეზიული ჭა ფუნქციონირებდა.
აქ  წინათ, 80 - იან  წლებამდე საწყობისა და მაღაზიის კედლებზე გაკრულ ეკრანზე ღამით, ღია ცის ქვეშ კინოფილმებს ატარებდნენ, რომელსაც სოფლის მოსახლეობა დიდი ინტერესით შესცქეროდა. მაშინ კინომექანიკოსები იყვნენ აბაშლები ივლიანე კაჭარავა, შემდეგ ტიტე (ტიტიკო) ჩხაიძე, ასევე მარნელი ლერი ანაკიძე. იმდროინდელი კინოფილმები გრძელ, გამჭვირვალე დახვეულ ლენტებზე იყო ჩაწერილი ერთმანეთისაგან მცირედ განსხვავებული ნახატებიანი კადრების გამოსახულებით, რომელიც სათანადო კინოაპარატში ნახტომებით ბრუნავდა და მძლავრი ნათურით მოძრავი გამოსახულება ლინზების გავლით ეკრანზე ეფინებოდა, ისმოდა ხმაც. დენის შემოსვლამდე კინოებს ელექტროგენერატორით უჩვენებდნენ. ბოლოს კი ფილმები უკვე ახალი კანტორის დარბაზში ტარდებოდა.
1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და სსრკ - ის დაშლის შემდეგ წლებში ქვეყანაში შექმნილმა სოციალურ - ეკონომიკურმა კრიზისმა, ომებმა და საერთოდ მაშინდელმა მდგომარეობამ, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ჩვენს სოფელშიც დაანგრია და გააპარტახა კოლმეურნეობა (1994 წელს); ტექნიკის ნაწილი  ადგილობრივებმა  შეისყიდეს, ნაწილი კი დაიმსხვრა და მიითვისეს. საწყობები დაანგრიეს, წინა მხარეს მდგარი ბერკეტის საწყობი მარინა თოდუამ შეისყიდა, დაშალა და წაიღო.ბოლოს შეიქმნა აგროფირმა, რომელიც ფორმალურად ამხანაგობის სახელით დღესაც არსებობს, მას სოფელში ნაკვეთები აქვს და აბაშელი კარლო გუგუშვილი ხელმძღვანელობს. კოლექტივის ეზოს ირგვლივ შემოვლებული მავთულბადე ახსნეს და დაინაწილეს, ხოლო წინა ლითონის ტალღოვანი ფურცლების ღობით კი სასაფლაოს წინა მხარის ნაწილი შემოაკავეს. აქ ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ხელით საბრუნებელი ასაწევი მექანიზმი - „ტალი“, ჭაბურღილის მიწაში ჩასობილი მილი, ასევე მაღაზიისა და საწყობების ნანგრევები (ისინი მცირე ხნის წინ გაწმინდეს, რასაც ქვემოთ გავეცნობით). შემდეგ ამ ტერიტორიაზე გაუწყინარელმა ახალგაზრდა ბიჭებმა დარგეს წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების ნერგები, მაგრამ ვინაიდან მათ შემოღობვა და დაცულობა არ ჰქონდათ, პირუტყვმა დააზიანა, გადაჭამა და ახლა აქ მხოლოდ ადრინდელი ტირიფები, ჭადრები და ალვის ხეა გახარებული; ეკლებიანი ხე - გრეკალი და ჭადარი ახლახანს მოჭრეს. ასევე აქ ამა წლის ბოლოს, დეკემბერში სკოლისაკენ სამ მწკრივად დარგეს ნოსირიდან მოტანილი ფეიხოიას ნერგები, ღობის გაყოლებაზე კი წიწვოვანები. ასევე გადაღმა, გზის კიდეებში ჩარგეს ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაქვიდან ჩამოტანილი ევკალიპტის ნერგები, რომლებსაც გარედან ეკლები შემოავლეს პირუტყვისაგან დაცვის მიზნით (რასაც შემდეგ განვიხილავთ).
დღევანდელი სასაფლაოს წინა მხარეს, სკოლისაკენ  ხის  მაღაზია იყო. ამ დროს გზაც რამდენადმე განსხვავებულად ჩადიოდა, რის შემდეგაც მაღაზია დღევანდელი სკოლის ეზოს ტერიტორიაზე, წინა ადგილას, კოლმეურნეობის ეზოს მხარეს ააშენეს, სადაც გამყიდველად ნინა ფირცხალავა (მურმან ფირცხალავას მამიდა, ვოვა შუბლაძის აღმზრდელი) მუშაობდა. დაახლოებით 50 - იანი წლებიდან ის კანტორის ეზოში გადაიტანეს, რომელიც ასევე ხის შენობა იყო და იქ გამყიდველად გრიგოლ კალანდაძე (თენგიზ კალანდაძის მამა) მუშაობდა, შემდეგ თემური სურგულაძის დედა - თინა გოგიშვილი, იყვნენ სხვა ნოქრებიც, მაგ:  (მაგალითად) ლოლა გოთოშია. მოგვიანებით ამ მაღაზიაში გაღმა ქუჩელმა ლეილა გრიგოლიამ დაიწყო მუშაობა. მაღაზია მცირე ხანს იქვე წინ, ოთარი ჯანჯღავას ძველ, ბოკნებიან სახლში იყო განთავსებული, 1968  წელს კი მთავარი გზის პირას კაპიტალური მაღაზია ააგეს, რომელსაც უკანა მხარეს საწყობი ოთახი ჰქონდა. იქაც ლეილა გრიგოლია მუშაობდა ნოქრად (გამყიდველად).  იქ ყოველდღე მოდიოდა ახალი, ხარისხიანი „ბუხანკა“ პურები (სერი, თეთრი, „ტრიცატკა“), აქვე შეიძლებოდა მრავალი სახის სურსათის, საფეიქრო ნაწარმის, ტექნიკისა და ნივთების შეძენაც. მოგვიანებით კანტორის გვერდით ჩამოვარდნილმა ბომბმა მაღაზიაც დააზიანა. ლეილა გრიგოლიას შემდეგ გამყიდველი მისი ქმარი, გული ჯანაშია იყო, ბოლოს კი ჯონდო და მერი თოდუები. 90 - იანი წლების ბოლოს, როცა ქვეყანაში არეულობა დაიწყო, ჩვენს მაღაზიაშიც სურსათ - სანოვაგე დაცარიელდა და დაიხურა; ბოლოს კი ის დაშალეს და გაყიდეს. კომუნისტების მმართველობის მიწურულს ამ მაღაზიის წინ მოეწყო შიმშილობის აქციის იმიტაცია ძირითადად სოფელში ასფალტის დაგების მოთხოვნით, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კიდეც.
ყოფილი მაღაზიის ადგილას ამჟამად ლითონის ჯვარია, წმინდა ნინოს ჯვარი. ის აღიმართა მოსახლეობის შემოწირულობებითა და თანადგომით 2006 წლის 21 აპრილს, წითელ პარასკევს, რომელიც მოგვიანებით, 2007 წლის 18 ნოემბერს აკურთხა მამა ეგნატემ. ეს ჯვარი დამზადებულია 90 მმ. დიამეტრისა და 6 მ. სიმაღლის ლითონის მილისაგან, რომლის ვერტიკალურად მდგარი მონაკვეთი ბადრი თურქიასაგან შევიძინეთ, ხოლო გვერდები კი პირველმაისელმა გია გრიგოლიამ გვაჩუქა პირველი მაისის მშენებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ქვებთან ერთად, რომლებითაც ჯვრის ფუნდამენტია აგებული. ამ ჯვრის მილები სამტრედიაში ტარიელ  სურგულაძემ მიგვატანინა თავისი ცხენითა და „კაჭკით“, რომელიც ვალერი სურგულაძემ „დასვარკა“,  დაამზადა თეიმურაზ (თამაზი) ახობაძის საამქროში, ცეხში, სადაც ის მუშაობდა. ჯვარი შემკობილია ფიგურებითა და სამი პატარა ჯვრით, ის გაუწყინარში რომანი სურგულაძის მოტოციკლის მისაბმელი თვითნაკეთი „პრიცეპით“ მოაბრძანეს, რომელიც იმედო თურქიას ავტომანქანაზე  იყო მიბმული და იმ დღესვე  აღმართეს, წინასწარ გამზადებულ 1 მეტრი სიმაღლის ფუნდამენტში (რომელიც თეიმურაზ, ნიკანდრო ჭიქაშუამ ააგო სხვათა დახმარებით) ჩასვეს და ჩააბეტონეს. ის შემდეგ დღეებში ოქროსფერ - ყვითლად შეღებეს, აგურების ფენა (რომელთა ირგვლივ გარედან ნაეკლესიარი ქვების ნამსხვრევებია შემოწყობილი) და ჩასასვლელი ქვის ბილიკი დააგეს გაუწყინარის ყოფილი ეკლესიისა და სხვა ქვებით, ასევე მავთულბადით შემოღობეს, რომელიც ფიგურებითაა  შემკობილი; ხოლო მის 9 ცალ სამაგრ არმატურის თავებზე ასევე ფიგურებია დამაგრებული. ეს აგურებიანი ფენა და ქვის ბილიკი, შემოღობვა შემდეგ მოშალეს ამ ადგილას ღობის გატარების გამო, რასაც ქვემოთ გავეცნობით. აქვე არის ჯვარგამოსახული და ფიგურებამოკვეთილი, ანთებული სანთელისა და ვაზის მტევნის გამოსახულებიანი ქვა ასომთავრული წარწერით: „უფალო შეგვიწყალენ“. აქ, მიწაში, ფუნდამენტში (მას უკან აღმართვის თარიღი აწერია, ზემოთ კი სანთლების ასანთები ადგილი აქვს) და ჯვარში მოთავსებულია შემდეგი სიწმინდეები: წმინდა სამების, მეტეხის, სიონის, სვეტიცხოველის, სამთავროს, ბაგრატის, გელათის, პირველი მაისის (ყოფილი საჭილაოს) მშენებარე და გაუწყინარის ყოფილი ეკლესია - მონასტრების ქვა, მიწა და წყალი; აგრეთვე მამა გაბრიელის საფლავის მიწა და იქვე მადლგარდმოსული სასწაულმოქმედი საკურნებელი წმინდა ზეთი, მაცხოვრის საფლავიდან (იერუსალიმიდან) ყვავილი, ზეთი და საკმეველი; ამავე უფლის საფლავზე სასწაულებრივად გარდმოსულ ცეცხლზე თავმომწვარი, წმინდა მამა გერასიმეს ლავრაში ჩამოქნილი  წმინდა სანთელი, ისინი თბილისიდან, მცხეთიდან და სხვა ადგილებიდან ჩამოიტანეს; ასევე ოქრო და ვერცხლი. კომუნისტების ეპოქაში ცხადია ჯვრების აღმართვაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა.
ზემოთ ხსენებული ბიბლიოთეკა ძველ კანტორამდე ლუბა ჯანჯღავას სახლში იყო განთავსებული, ბიბლიოთეკარად იქაც ჟენია ფრანგიშვილი მუშაობდა.
ნიკოლზ გოგიშვილს წინა ღობესთან პატარა ჯიხური აქვს ჩადგმული, სადაც ის ადრე სხვადასხვა ნაწარმს ყიდდა. მასვე ცოტა ხანს ჰქონდა შინ პატარა წისქვილიც.
კანტორის ეზოს იქეთ, სადაც ცენტრალურ გზას გამოეყოფა მეორე ქუჩასთან შემაერთებელი გზა, არის გაუწყინარის სკოლა. როგორც ირკვევა ჩვენს სოფელში ძველ დროშიც ყოფილა ბავშვებისათვის სწავლა - განათლების მიღების ტრადიციული ფორმა - სკოლა, რომელიც მდებარეობდა დღვანდელი სკოლის შენობის ჩრდილო - აღმოსავლეთ მხარეს, რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, ყოფილი კოლმეურნეობის კანტორის ეზოში. ის სკოლა ოთხწლიანი იყო და მას „ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ეხმარებოდა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. ამ და თანამედროვე სკოლის ადგილას ადრე თავისუფალი ტერიტორიები იყო, სადაც ზოგჯერ ფეხბურთს თამაშობდნენ. იქ წვიმის დროს წყალი დგებოდა და გარეული ფრინველები ჯდებოდნენ.
დაახლოებით 1930  წელს ამ ტერიტორიაზე ახლადშექმნილი კოლმეურნეობის ობიექტები განთავსდა, ის სკოლა დაშალეს და სავარაუდოდ, დროებით 1 წლის განმავლობაში სოფლის ერთ - ერთი მაცხოვრებლის სახლში განათავსეს. მის მაგივრად ახალი ხის სკოლა ააშენეს თანამედროვე სკოლის  უკანა  მხარეს, იქ სადაც ამჟამად კალათბურთის მოედანია, 2 ძირი პალმის უკან. ის ძველ სკოლასთან შედარებით უფრო დიდი და სრულყოფილი იყო.   სხვა წერილობითი (სკოლის პასპორტი და ბრძანების წიგნები) წყაროები ამ სკოლის აგების თარიღად 1910 წელს ასახელებს, მაგრამ რომელია ამათგან სწორი, დღეს ამის თქმა ძნელია. მის ასაგებად გამოიყენეს ამავე პერიოდში კომუნისტურ - ათეისტური რეჟიმის მიერ გაუწყინარის სასაფლაოზე დანგრეული ხის ეკლესიის მასალა, ამ სკოლაში დაკიდეს ამავე ეკლესიის ზარები, ხოლო ტაძრის იატაკის გათლილი ქვები სკოლის სავალ ბილიკებად გამოიყენეს, რომლებიც დაგებული იყო ჭიშკრიდან სკოლამდე და სხვაგანაც. ამავე გათლილი ქვებით იყო აგებული სკოლის ბურჯებიც (ბოკნებიც), რომლებზეც ის შენობა იდგა და მათი სიმაღლე დაახლოებით 1,4 მ. იყო. ამ ქვების ნაწილი შემდეგ ახალი სკოლის ფუნდამენტშიც (საძირკველშიც) ჩააყოლეს, ნაწილი კი ეზოში და მის გარეთაც გაიფანტა. ეს სკოლაც ოთხწლიანი იყო და მას მთავარი და ასევე სკოლის უკანა სამანქანო გზების პარალელური მდებარეობა ეკავა.
დაახლოებით 1946 წელს ამ სკოლას ჩრდილო - აღმოსავლეთ მხარეს, აღნიშნული გზების მართობული მიმართულებით, წინ მოხვეული მდებარეობით კიდევ მიუშენეს შედარებით მცირე ზომის შენობა, რომლის ოთახების ხარჯზეც სკოლას კიდევ მოემატა რამოდენიმე ოთახი და ის 7 წლიანად გადააკეთეს. ამ მინაშენის მასალად გამოიყენეს აბაშის რაიონის მაშინდელი სოფელ კადარის (დღეს უკვე ნასოფლარია ძველი აბაშის თემში) მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, რომელთა პატრონებიც სხვა თანასოფლელებთან ერთად ლავრენტი ბერიას ინიციატივით, ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ერთ ღამეში აასახლეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში ჩაასახლეს იქ ქართველთა დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. დრანდაში ციხიდან 1 კილომეტრის დაშორებით არის მათი დასახლება, რომელსაც ის ხალხი მშობლიური რაიონის სახელის უკვდავსაყოფად „სააბაშოს“ ეძახის. ეს მასალა ჩვენს სოფელში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ურმებით შემოზიდეს. სკოლაში მოსწავლეთა ძირითად კონტიგენტს შეადგენდნენ გაუწყინარში, ქვიშანჭალაში და ნაწილობრივ პირველ მაისში (გრიგოლიების ქუჩის) მცხოვრები ბავშვები („ბაღნები“). ამ სკოლაში ქართულის პირველი გაკვეთილი ჩაატარა ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ გრიგოლ აბაშიძემ.
1946 წელს (ასევე სხვა ცნობის მიხედვით 1934 წელს) იმ სკოლის აღმოსავლეთის მხარის ერთ - ერთი ოთახი შუაზე გადაკედლეს და ამის ხარჯზე სკოლა 8 წლიანი გახდა, მას სახელად გაუწყინარის რვაწლიანი სკოლა უწოდეს, მანამდე კი მას გაუწყინარის არასრულ საშუალო სკოლად მოიხსენიებდნენ. იქ სამასწავლებლო და დირექტორის კაბინეტი სამხრეთ - დასავლეთის მხარის ბოლოს, ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო განლაგებული. შენობაში ყველა ოთახი ცალ, უკანა მხარეს იყო გარდა დირექტორის კაბინეტისა და მათ წინ ღია დერეფანი მდებარეობდა, რომელზეც შუა ადგილას, წინა მხრიდნ რამოდენიმეთვლიანი კიბე იყო მიდგმული. დერეფანში გაკრული იყო წარჩინებულ მოსწავლეთა სტენდი, ლოზუნგი, კედლის გაზეთი და საინფორმაციო კუთხე. სკოლის შენობა დაახლოებით 60 - იან წლებამდე კრამიტით იყო დახურული, ამის შემდეგ კი მას შიფერი დაახურეს. ეს სკოლა 1981 წლის ზაფხულში გაარემონტეს. ის ბუხრებით, მოგვიანებით შეშის ღუმელებითაც თბებოდა; იქვე იყო პიონერთა ოთახი თავისი აღჭურვილობით. ეზოში ფუნქციონირებდა ბუფეტი, რომელშიც გამყიდველად მაყვალა ქუნთელია, შემდეგ კი ნანი გახოკიძე მუშაობდა. იქ თითქმის ყოველდღე შესაფერისი მანქანით მოჰქონდათ პურები, ფუნთუშები (ბულკები), „კორჟიკები“,  კანფეტები, ლიმონათები და სხვა ტკბილეული. ახალი  სკოლის ბუფეტში, სადაც სასადილო ოთახიც იყო, დღევანდელ შეშის დასაყრელ ოთახში, წვნიან კერძებსაც ამზადებდნენ; იქ ჰქონდათ დიდი მაცივარი, რომელიც დღეს შენახულია და გაზქურა. ასევე ძველი სკოლის ეზოში იყო ღია სპორტული მოედანი, სახელოსნო, ბეღელი და სხვა ობიექტები. გარდა ამისა აქ 60 - იან წლებში გაბურღეს მაღალი ხარისხის, 300 მეტრი სიღრმის არტეზიული ჭა, რომელიც დღესაც მწყობრშია და ის ყველაზე ღრმაა მთელს სოფელში; მისი წყლით ადრე მოსახლეობაც სარგებლობდა. ამ ადგილის მახლობლად იყო სკოლის ეზოში ჩასასვლელი კარები. უკანა ეზოში ჰქონდათ შემოღობილი სასკოლო ნაკვეთი, სადაც ბავშვები შრომის გაკვეთილზე შრომობდნენ; გამწვანებული იყო ეზოც, სადაც ხარობდა პალმები, ჭადრები (მათი ნაწილი დღესაც არის), ბუჩქები და სხვა მცენარეები.
1966 წლის ივნისში ჩვენს მშობლიურ სოფელ გაუწყინარში ელექტროდენი ჩაირთო და განათებულ იქნა სკოლაც, რამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მის შემდგომ განვითარებას.
იმ ძველ სკოლაშიც აქტიურად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, ეწყობოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები: I კლასიდან მოსწავლეებს იღებდნენ ოქტომბრელთა, IV კლასიდან პიონერულ, VIII კლასიდან კი კომკავშირულ ორგანიზაციებში. სკოლაში პიონერხელმძღვანელები იყვნენ მერი გოგიშვილი, ლალი ანაკიძე, ბოლოს ახალ სკოლაში მედეა ხუბუა. არსებობდა პიონერთა რაზმეული. ოქტომბრელ ბავშვებს მკერდზე ეკეთათ ლითონისაგან დამზადებული წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი („ბროშკა“), რომლის ცენტრში ვლადიმერ ლენინის, ულიანოვის ბავშვობის სახის სურათი იყო  ჩასმული; პიონერთა სიმბოლო კი წითელი სამკუთხა ყელსახვევი იქცა. ერთხანს მათაც ჰქონდათ სამკერდე ნიშანი - ხუთქიმიან ვარსკვლავში (რომელსაც ზემოთ სამწვერიანი ალი ასდიოდა)  ჩახატული ლენინის სახე გვედრიდან. კომკავშირელებს ასევე მკერდზე ეკეთათ ლითონის პატარა დროშის ნიშანი ლენინის გვერდითა ხედში გამოსახული სახით.  მოსწავლეებს სკოლის ფორმა ეცვათ: ბიჭებს მუქი ლურჯი ფერის  შარვალ - კოსტიუმი (კოსტიუმს ხშირად მარცხენა მკლავზე თეთრი ნიშანი ჰქონდა) თეთრი პერანგით („საროჩკით“); მათ დიდი თმის ტარების უფლებას არ აძლევდნენ. გოგონებს შავი კაბა და თეთრი ზედა ემოსათ, თმებზე კი თეთრი ბაფთა, ბანტი ეკეთათ. სკოლაში ეწყობოდა ექსკურსიები სხვადასხვა სახის ღირსშესანიშნაობების, ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, გამოჩენილ მოღვაწეთა სახლ - მუზეუმების, კულტურული ობიექტებისა და სამეცნიერო - ტექნიკურ მიღწევათა დასათვალიერებლად. მოსწავლეები ხელმღძვანელებთან ერთად გამოსცემდნენ კედლის გაზეთებს, მონაწილეობდნენ ტურებში, სპორტულ და გონებრივ შეჯიბრებებში, სხვადასხვა თარიღებთან დაკავშირებულ აღლუმებში („პარადებში“, 1 მაისს მშრემელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, 7 ნოემბერს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების დღეს, საამისოდ ბავშვებს ფიზკულტურის მასწავლებელი დავით (დათიკო) ჯალაღონია ამზადებდა ქუჩაში მწყობრად სიარულში), კარნავალ - ზეიმებსა და სხვა ღონისძიებებში. მოსწავლეები აგროვებდნენ მაკულატურას, ეკალას, ჯართსა და თუთის ფოთლებს აბრეშუმის გამოსაკვებად, რომელიც მაშინ სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს ეჯდათ. სკოლაში ბავშვები იწერდნენ ჟურნალ - გაზეთებს: „დილა“,  „პიონერი“  (პიონერული ორგანიზაციის დაშლის შემდეგ „ნაკადული“), „ნორჩი ლენინელი“, „მეცნიერება და ტექნიკა“ და სხვა.
ჩვენთან 60 - იან წლებამდე საწერად კალამი (ე. წ. „პერო“,  რომელსაც კალმისტარი ჰქონდა) და მელანი გამოიყენებოდა. ლითონის კალამის ჩაჭრილ წვეროს ხშირად ასველებდნენ სამელნეში ჩასხმული მელნით. შემდეგ ეს კალმები გაუმჯობესდა, მათ რეზინის ცალმხრივად დახშული მილი ჰქონდათ, რომელიც მასზე ხელის მოჭერისა და შემდგომი გაშვებით მელანი შეიწოვებოდა და ის წერის დროს თანდათან ქვემოთ, კალმის სპეციალური წვერისკენ თვითდინებით ჩამოედინებოდა, ამის გამო მისი დასველება სამელნეში მელნით საჭირო არ იყო. 70 - იანი წლების შემდგეგ კი პირველი ავტოკალმებიც („პასტები“) გამოჩნდა, თუმცა მათი ინტენსიური გამოყენება სკოლებში მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 80 - იანი წლების შემდეგ დაიწყეს. ავტოკალამი უნგრელმა მსახიობმა და ჟურნალისტმა ლასლო ბინომ გამოიგონა 1930 წელს, მისი წარმოება 1940 წლიდან არგენტინაში, ბუენოს - არიესში დაიწყო.
სკოლაში სულ ადრე სწავლა მცირე ხანს ფასიანი იყო, შემდეგ გადასახადი გააუქმეს. სასკოლო სახელმძღვანელოებსაც მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისში უფასოდ ურიგებდნენ, რომელთაც წლის ბოლოს ისევ სკოლა დაიბრუნებდა და მათ მომავალში სხვა მოსწავლეებს გადასცემდა. ზოგჯერ ეწყობოდა კომუნისტური შაბათობები (უფრო სწორდ ეს კვირას ხდებოდა, ვინაიდან მაშინ შაბათს სწავლა იყო), რომლის დროსაც ბავშვები და მასწავლებლები სკოლის ეზოს ალაგებდნენ, რგავდნენ ნერგებს, აწესრიგებდნენ შენობასაც. გასაკვირი არ არის რომ იმ დროს სასკოლო ცხოვრებას, ისევე როგორც ყველა სფეროს საბჭოთა - რუსული იდეოლოგიის კვალი ეტყობოდა.
გავიდა საკმაო დრო და უკვე დაძველებული, ხის პატარა სკოლის ნაცვლად საჭირო გახდა ახალი, თანამედროვე კაპიტალური სკოლა. მისი მშენებლობა დაიწყეს 1987 წელს. მაშინდელი ცხაკაიის (დღევანდელი სენაკის) სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობითა და ადგილობრივი მუშახელის დახმარებით 1988 წლის სექტემბერში ჩვენმა სოფელმა იზეიმა ახალი, ორსართულიანი, რკინა - ბეტონის ფილებით („სინკარებით“) აგებული და შიფერით გადახურული (მასში ასასვლელებია დატანებული), ელექტროფიცირებული სკოლის შენობის გახსნა, რომელიც ააშენეს ძველი სკოლის წინა მხარეს და დღესაც ეს სკოლა ფუნქციონირებს გაუწყინარში. მისი შენობის სასარგებლო მოცულობა 4490 კუბური მეტრია, რომელსაც მიწაზე 750 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. ასეთივე პროექტის სკოლის შენობა საქართველოში სხვაგანაცაა, მაგალითად სენაკში, ცხინვალის რაიონ სოფელ აჩაბეთში და სხვა. ის ძველი სკოლა კი ახალი სკოლის გახსნის შემდეგ დაშალეს და გაყიდეს. ამავე პერიოდს დაემთხვა რესპუბლიკაში სწავლების 11 წლიანი გეგმის განხორციელება, მანამდე სწავლა საშუალო განათლების მისაღებად 10 სასწავლო წელს გრძელდებოდა, ხოლო ამჟამად ბავშვები VII კლასიდან პირდაპირ IX კლასში გადაიყვანეს VIII კლასის გაუვლელად, ამით განხორციელდა ე. წ. ნახტომი. ახალი სკოლა გახსნისთანავე გადაკეთდა 9 წლიანად და მას ეწოდა „გაუწყინარის არასრული საშუალო სკოლა“.
ეს სკოლა 1,6 მეტრი სიმაღლის ფუნდამენტზე დგას. მასში პირველ სართულზე სულ 16 ოთახია, კერძოდ: I – IV კლასები, მუსიკის კაბინეტი პიანინოთი, ბიბლიოთეკის ნაწილი, სააქტო დარბაზი, დარაჯის ოთახი, მაღალჭერიანი, საჭირო ინვენტარით აღჭურვილი დიდი სპორტული დარბაზი, ის სკოლის აღმოსავლეთ მხარესაა მიდგმული უკან მოხვეული მიმართულებით, რომლის შესასვლელთან ხელმარცხნივ არის ფიზკულტურის მასწავლებლისა და მოსწავლეებისათვის სპორტული ფორმის ჩასაცმელი ოთახები. ამავე სართულზე არის შემოსასვლელი (სადაც გაკრულია ჩვენი სკოლის მატიანის, წარჩინებულ მოსწავლეთა და სხვა სტენდები, საინფორმაციო დაფა, ხატების კუთხე) და დამხმარე სათავსოები. სკოლას გვერდიდან და უკნიდან კიდევ აქვს რამოდენიმე კარები, სააქტო (მისი კარი ახლახანს ამოაშენეს) და სპორტულ დარბაზებში, დერეფანში და შეშების საწყობ (სადაც ადრე ბუფეტი იყო) ოთახში შემოსასვლელად. ადრე ფუნქციონირებდა გარდერობი, რომლშიც მზევინარ ნაჭყებია (კუტაიწრელი) მუშაობდა;  სასკოლო ბიბლიოთეკის გამგე კი იზოლდა (იზო) გრიგოლია იყო.
მეორე სართულზე განლაგებულია V – IX კლასები (ადრე კლასებისა და კაბინეტების განაწილება ოთახებში რამდენადმე განსხვავდებოდა დღევანდელისაგან), სამასწავლებლო ტელევიზორითა და მაგთი ფიქსის უსადენო ტელეფონით, ლურჯი მინის ფილების კედლიანი დირექტორის კაბინეტი (ის ადრე პირველ სართულზე იყო, სადაც ახლა ნანა ანაკიძის ოთახია და იქ საკაბელო ტელეფონიც იდგა), სათანადო მატერიალურ - ტექნიკური ბაზით, მასალებითა და სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ფიზიკიის, ქიმიისა და ბიოლოგიის გაერთიანებული ლაბორატორია, რომელიც 2009 წელს მოეწყო, მანამდე აქ მხოლოდ ფიზიკის კაბინეტი იყო, ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტები კი მის წინ მდებარე პატარა ოთახებში ცალ - ცალკე იყო განლაგებული. 2007 წლის ბოლოს გაუწყინარის სკოლას „ირმის ნახტომის“ პროგრამით უსასყიდლოდ გადმოეცა 4 კომპიუტერი. სამასწავლებლოს გვერდითა ოთახში მოეწყო მათი კაბინეტი (მერხები პირველი მაისის სკოლამ გადმოგვცა, რომლებიც დათო თურქიამ მოგვატანინა თავისი ცხენითა და ორთვალათი - „კაჭკით“), რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო თანამედროვე განათლებისაკენ მიმავალ გზაზე. ასევე სკოლაში გვაქვს აბაშის რაიონის საარჩევნო ოლქიდან ნათხოვარი ქსეროქსი, რომელიც ძალიან საჭირო ხელსაწყოა. კომპიუტერების ოთახის კარ - ფანჯრების გისოსები სხვათა დახმარებით მურმან (მურიკო) ფირცხალავამ დაამზადა („დასვარკა“) ოლეგ რატიანის სახლში და ადგილზე ჩასვა. სკოლაში კომპიუტერების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების - ისტ) მასწავლებელი და არაოფიციალური საინფორმაციო მენეჯერი ლაშა სურგულაძეა. მანამდე შენობაში ხელახლა გამოიყვანეს ელექტროდენის მოშლილი სადენები („შნურები“). ყველა კლასსა და სასწავლო ოთახში არის მასწავლებლის მაგიდა, მერხები, დაფა, კარადები, ფარდებდაკიდებული, დიდი, შემინული, ხისჩარჩოიანი ფანჯრები, ქოთნის ყვავილები, სანაგვე ყუთები, სურათები, თვალსაჩინოებები და ხატების კუთხე. ასევე მეორე სართულზეა სოფლის ბიბლიოთეკის ძირითადი ოთახიც. ეს უკანასკნელი ახალი კანტორის დანგრევის გამო აქ განათავსეს და მას დღემდე იამზე ვეფხვაძე განაგებს. ამ სამკითხველოთი, სადაც მრავალი წიგნი და ჟურნალ - გაზეთია, მოსწავლეები და სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, ზოგჯერ სხვა სოფლებიდანაც მოდიან მკითხველები. აქვეა აივანი და სხვა ოთახები, II  სართულზე სულ 14 ოთახია. საკლასო და სხვა ოთახების უმეტესობაში ხის წითლად შეღებილი იატაკია დაგებული, დერეფნებსა და სხვა ადგილებში კი ბეტონის იატაკია, კედლები და ჭერი მთელს სკოლაში ასევე ბეტონისაა (ბათქაშისაა). სკოლაში ოთახები განლაგებულია ორ მწკრივად, მათ შუაში დერეფანია („კალიდორია“), სადაც გაკრულია ცნობილ მოღვაწეთა და სხვათა სურათები. შენობის სართულები ერთმანეთს ორ ადგილას კიბეების საშუალებით უკავშირდებიან. წინათ მთელი სკოლა თბებოდა ქვანახშირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის ბატარაეებით, რადიატორებით, იგივე „ატაპლენიებით“, შემდეგ ის მოიშალა და ამჟამად აქ შეშის ღუმლებს ანთებენ. სკოლას დროდადრო კოსმეტიკურ რემონტსაც უკეთებენ და ანახლებენ ინვენტარს; ბოლო ხანს მიიღეს აბაშის ყოფილი პროფ - ტექნიკუმის მერხები და სკამები, ასევე მოსწავლის ახალი, ერთადგილიანი 10 ცალი მერხი თავისივე სკამებით, ძველი მერხები კი ორადგილიანია.
კეთილმოწყობილი და გამწვანებულია 7900 მ2 ფართობის მქონე ეზო, რომლის ნაწილი მოასფალტებულია, ნაწილი კი ბალახითაა დაფარული. ამ ეზოს წინიდან  შემოვლებული აქვს რკინის ტალღოვანი ფურცლების მესერი. მის გასწვრივ 2009 წელს  18 ძირი ტირიფი (მათი სარები) და მათ უკან  ნაძვები დარგეს, ასევე აქ არის პალმები, დრაცანები, ბუჩქები, ყვავილები და სხვა დეკორატიული მცენარეები. ამავე ეზოში არის ზემოთ ნახსენები არტეზიული ჭა, რომლიდანაც წყალს ხელის ტუმბოთი აქაჩავებენ, აქვეა მაღალ მილზე აღმართული  საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა. ეზოს დანარჩენი ორი გვერდი და უკანა მხარე 1,4 მეტრი სიმაღლისა და 1,8 მეტრი სიგანის „უგოლნიკებისაგან“  შეკრულ მართკუთხა ჩარჩოებში ჩასმული 2 მმ. დიამეტრისა და 7 სმ. უჯრედების („კლეტკების“) მქონე მავთულბადითაა შემოღობილი, რომლებთაც ძირი ჩაბეტონებული აქვთ. ეზოს წინიდან აქვს მთავარი შემოსასვლელი კარი და ჭიშკარი, უკანა ღობეზე კი ადამიანების ზემოდან გადასასვლელი კიბეა. სკოლის ეზოში არის ძველი სკოლის დროინდელი პალმის, მსხლის, ჭადრის, ტყემლის ხეები;  უკანა მხარეს თხმელები და ნარ - ეკალიც წამოიზარდა. აქ მოწყობილია სარბენი ბილიკები, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის ღია მოედნები, სადაც სკოლის მოსწავლეების გარდა არასასწავლო დროს სოფლის სხვა ბიჭებიც თამაშობენ. ასევე აქ არის ძველი საქვაბეს ნაგებობის ნაშთი  „კაჩიგარია“,  სადაც ადრე „კაჩიგრებად“ ჟანი (ჟანიკო) სურგულაძე და ოთარ ჯანჯღავა მუშაობდნენ;  სოფლის N 114 ტრანსფორმატორი, ჭა, პატარა შენობა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების საპირფარეშოები (ტუალეტები, მათ მოსწავლეები საჭირო ოთახს ეძახიან).  ადრე წყლის ავზიც იდგა სიმაღლეზე (რომელიც შემდეგ წინა მოსახლეს  ჯონდო თოდუას მიჰყიდეს) და „ელექტრონასოსი“, ისინი ცენტრალური გათბობისათვის იყო საჭირო. ასევე სკოლის შენობაში შესასვლელი კიბეების ახლოს მოწყობილი ჰქონდათ პატარა მეტეოროლოგიური მოედანი, სადაც იყო ქარის სიჩქარისა და მიმართულების საზომი ფლუგერი, მეტეოროლოგიური ჯიხური შიგ მოთავსებული ჰაერის ტემპერატურის საზომი თერმომეტრით და სხვა.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს სკოლაშიც დაიშალა ოქტომბრელთა, პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციები. მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა და ერთხანს არსებობდა ბავშვთა ორგანიზაცია „აისი“. გარკვეული ცვლილებები განიცადა სასწავლო საგნებმა, მათმა შინაარსმა, კერძოდ: უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირის ისტორია, გეოგრაფია და სამართალმცოდნეობა ამოღებულ იქნა სწავლებიდან; ასევე შემოვიდა ზოგიერთი ახალი საგანი, მაგალითად რელიგია, მოხდა სხვა ცვლილებებიც.  გასული საუკუნის 90 - იან წლებში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა სახის ომებმა, არეულობებმა, ასევე მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა და გართულებულმა კრიმინალურმა მდგომარეობამ ჩვენს სკოლაზეც იქონია უარყოფითი გავლენა. სკოლის წინ ჩამოვარდნილმა ერთ - ერთმა ბომბმა დაამსხვრია მისი მინები, შეწყდა სწავლა, მოიპარეს რამოდენიმე ხელსაწყო, შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობა, გაუარესდა სწავლის ხარისხი, მასწავლებლებისა და ტექპერსონალის (დამლაგებელი, დარაჯი, მეეზოვე) ხელფასები დიდხანს, თვეობით არ გაიცემოდა.
მოგვიანებით გაუწყინარის არასრულ საშუალო სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა სახის ცვლილებები: 2000 – 2004 წლებში აქ ფუნქციონირებდა კერძო, ფასიანი საშუალო სკოლის X – XI კლასები, რომელსაც სახელად „ინტელექტი“ ერქვა. მის შესაქმნელად საჭირო თანხის ნაწილი სოფლის მოსახლეობაში „ჩამოკრიფეს“,  ასევე სხვებიც დაგვეხმარა, მაგრამ შემდეგ მისი შენარჩუნება გარკვეული მიზეზების (მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, გადასახადის არსებობა) გამო ვერ მოხერხდა და სკოლა ისევ 9 წლიანი გახდა. შემდეგ მას დაერქვა „საბაზო სკოლა“, ხოლო 2006 წლიდან კი ჩვენი სკოლის  სახელწოდებაა „გაუწყინარის საჯარო - საბაზო სკოლა“;  გაფართოვდა მისი ავტონომია და რამდენადმე შეიცვალა მმართველობის ფორმაც.
ამასთანავე გაუწყინარის სკოლაში მოღვაწეობდა და დღესაც მოღვაწეობს მრავალი ღირსეული პედაგოგი. დღესდღეობით აქ 16 მასწავლებელი მუშაობს, ესენია: ნანა ანაკიძე (დაწყებითი), მაია ჭანტურია (დაწყებითი), ციალა გოგოლაძე (დაწყებითი), აქ მცირე ხნის წინ მუშაობდა ინდირა გოთოშიაც (დაწყებითი), ახლა კი მის ადგილზე მაკრინე, მაკა კობახიძეა (დაწყებითი), ნინა, ნუნუკა ხონელიძე (მუსიკა), სპატრაკ ვერულაშვილი (ფიზკულტურა), ლაშა სურგულაძე (ქიმია, ხელოვნება), მერი გოგიშვილი (ფრანგული), ლალი თოფურია (ბიოლოგია, შრომა, ხელოვნება), მანანა თელია (მათემატიკა), ირმა წულაძე (რუსული), მედეა ხუბუა (გეოგრაფია), ენძელა ვერულაშვილი (ისტორია),  ფიქრია თურქია (ქართული, ის ახლა დეკრეტულ შვებულებაშია და მის მაგივრად თეა სურგულაძე ასწავლის), ნინო, ნანა მეგენეიშვილი (ქართული, ის ამავდროულად დირექტორიცაა), მერი კაპანაძე (ფიზიკა). ასევე  სკოლაში არის ცეკვის კერძო ფასიანი წრე, ადრე მისი მასწავლებელი იყო გურამ სიხარულიძე სამტრედიიდან, შემდეგ ზურაბ ჟღენტი აბაშიდან, დღეს კი - ავთანდილ, ავთო  თოდუაა ძველი აბაშიდან. ასევე კერძოდ ამზადებს ზოგიერთ მოსწავლეს ინგლისურში ნინო ვეკუა, რომელიც ქვიშანჭალიდანაა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სკოლას არჩეული ჰყავს სამეურვეო საბჭო 4 მასწავლებლისა და 4 მშობელის შემადგენლობით, რომლის თავმჯდომარეა მაკრინე კობახიძე. ჩვენს სკოლას ასევე შტატში ჰყავს ადმინისტრაცია - ბუღალტერი ნინო დუნდუა (ის და დირექტორი დირექციას შეადგენს) და დამხმარე, ტექნიკური პერსონალი: დამლაგებელი მარგალიტა (ნანა) ესაკია, ახლახანს დამლაგებლად მისი შვილი ანა რატიანი გაფორმდა; ადრე დამლაგებლები იყვნენ: დომნა, იგივე მადონა თურქია, ვარდო თურქია, გული სურგულაძე, ნინა სტურუა. ასევე ტექპერსონალში შედის დარაჯიც - ჯემალ გრიგოლია, მანამდე ყარაულებად და მეეზოვეებად ოთარი ჯანჯღავა, უფრო ადრე, ძველ ხის სკოლაში კი გურამ შათირიშვილი, კიდევ უფრო ადრე სხვადასხვა დროს ასევე მეეზოვეები იყვნენ ჟანიკო, ვანო და ალექსანდრე სურგულაძეები. ბუფეტში ნანი გახოკიძის შემდეგ მაყვალა თურქია მუშაობდა, 2009 წლიდან კი ნანა მამფორია. ადრე სკოლაში დადიოდნენ შემმოწმებელი რევიზორები, რომლებიც ძირითადად მოსწავლეთა ცოდნის დონეს ამოწმებდნენ. ამ სკოლაში 1988 – 1991 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა მაია ნინუა, მას თავისი სადამრიგებლო დაწყებითი კლასიც ჰყავდა, რომელიც  შემდეგ მცხეთის სამთავროს ტაძარში წავიდა მონაზვნად დედა სიდონიას სახელით, ის ამჟამად ვანის ეკლესიაშია.
ჩვენი სკოლის სხვადასხვა დროის დირექტორებისა და მათი მოვალეობების შემსრულებლების არასრული სია შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი ჯანელიძე, გალინა სახოკია, ბიძინა გაბელაია, ბიქტორ ღვაბერიძე (ის გერმანია - საბჭოთა კავშირის ომიდან კაპიტნის ჩინით დაბრუნდა), მიხეილ დონდუა (დირექტორობის წლები 1938 – 1939 წწ. ასწავლიდა ისტორიასაც),  ვ. გიგინეიშვილი (1939 წ.),  გრიგოლ ჯანაშია (1939 – 1940 წწ.), ლუბა მიქაძე (1940 წ. ქიმია, ფიზიკა, რობერტი  რატიანის დედა, გაუწყინარელი), მელქისადეკ, გრიშა რატიანი (1940 – 1941 წწ. ისტორია, გეოგრაფია, ოლეგი რატიანის ბიძა, გაუწყინარელი), მიხეილ კომახიძე (1941 – 1942 წწ. ივანე კომახიძის მეურვე, კუტაიწერელი), ლია შათირიშვილი (1942 – 1943 წწ. რუსული, გერმანული, მურმან შათირიშვილის მამიდა, პირველმაისელი), ანეტა ხაბურზანია (1943  –  1944 წწ. ქართული), ოთარ ჯანელიძე (1944 – 1947 წწ. მათემატიკა, მარნელი), ალექსანდრე კუპრეიშვილი (1947 – 1948 წწ. მათემატიკა), ლილი ქავთარაძე (1948 - 1950 წწ. ქართული, გერმანული, მურმან შათირიშვილის ბიცოლა, პირველმაისელი), ზინა ცომაია (1948 წ. ისტორია, გეოგრაფია, პირველმაისელი), იგივე ლია შათირიშვილი (1948  – 1950 წწ.),  შოთა, პლატონ ჯანჯღავა (1950 – 1953 წწ. მარნელი), ავთანდილ ფანცულაია (1953 – 1972 წწ. ისტორია, გეგეჭკორის, დღევანდელი მარტვილის რაიონის  სოფელ ბანძიდან, ის მდგმურად იყო ჯერ ტარიელ  სურგულაძის, შემდეგ კი სოსო თურქიას სახლში), ალალო, ალიკო გრიგოლია (1973 – 1994  წწ. ფიზიკა, მარნელი), ენძელა ვერულაშვილი (1994 – 2004 წწ. ისტორია, პირველმაისელი), ნინო, ნანა მეგენეიშვილი (2004 წლიდან დღემდე, ქართული, გაუწყინარელი). დირექტორები სკოლაში ამა თუ იმ საგანსაც ასწავლიდნენ, მათ ჰყავდათ მოადგილე - სასწავლო ნაწილის გამგე (მაგალითად ალიკოს დროს ენძელა ვერულაშვილი, ენძელასა და ნაწილობრივ ნინოს დირექტორობის დროს - ია მიგინეიშვილი იყო).
მაგრამ როგორც ყველა, ასევე ჩვენს სკოლაშიც უპირველეს ყოვლისა მთავარია წესიერი და განათლებული თაობის აღზრდის საკითხი. ეს სკოლა გაუწყინარის ყველაზე დიდი დაწესებულებაა, სადაც ახლა 65 მოსწავლე, 40 ვაჟი, ბიჭი და 25 გოგონა სწავლობს; ისინი ძირითადად გაუწყინარიდან არიან, ასევე ქვიშანჭალიდან და იშვიათად პირველი მაისიდანაც. მათგან 1 ბავშვი ლტოლვილად ითვლება, 3 მოსწავლე ინკლუზიურად სწავლობს ანუ მათ ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, 21 კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებიდანაა. იყო დრო, როდესაც გაუწყინარის სკოლაში მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობის, 150 და მეტი მოსწავლე ღებულობდა განათლებას და ისინი ერთხანს ორ სმენად (ცვლად) დადიოდნენ. გაკვეთილების დადგომისა და გამოსვლის დროს (გაკვეთილი 45 წუთიანია, დასვენება კი 10 წუთიანი, წინათ 20 წუთიანი დიდი დასვენებაც იყო, დილით სწავლა 9 საათზე, ხოლო ზამთარში 10 - ის ნახევარზე იწყება და დღის 3 საათის შემდეგ მთავრდება, 4 – 7 გაკვეთილი დღეში კლასების მიხედვით) მორიგე მასწავლებელი ელექტროზარს, როდესაც დენი არ არის ხელის ზარს რეკავს  (ძველი სკოლის ეკლესიის ზარები დაიკარგა), ისინი II სართულზეა, ადრე I სართულზეც იყო ასეთივე დენის ზარი. სკოლაში ბავშვები დილას მოდიან, მათ წიგნები, რვეულები და სასკოლო ნივთები (რომლებთაც მშობლები ყიდულობენ, რაც გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა უკვე რამოდენიმე წელია პირველკლასელებს სახელმძღვანელოებსა და ჩანთებს უფასოდ ურიგებენ, 2010 წლის სექტემბერში კი წიგნები ხელმოკლე ოჯახების ბავშვებსაც უფასოდ გადასცეს) ზურგისა და ცალ მხარზე გადასაკიდებელი ჩანთებით მოაქვთ; ისინი შინ სწავლობენ გაკვეთილებს, ასრულებენ  საშინაო დავალებებს, სკოლაში გაკვეთილის დაწყების შემდეგ მოსწავლეებს (ძველად მათ მოწაფეებს ეძახდნენ) მასწავლებელი ჯერ საშინაო დავალებას შეუმოწმებს რვეულში, გაკვეთილს მოაყოლებს, შეაფასებს, ახალ გაკვეთილს აუხსნის და საკლასო წერასაც დააწერინებს. ბავშვები ითვისებენ მასწავლებლის მიერ ახლად ახსნილ გაკვეთილებს, წერენ საკლასო, ტესტურ, საკონტროლო და ლაბორატორიულ (პარაქტიკულ) სამუშაოებს; ასევე მონაწილეობენ ტურებში, კონკურსებში, ოლიმპიადებში, სპორტულ და სხვა სახის ღონისძიებებში. ადრე დილით, თუ შესაფერისი ამინდი იყო, გაკვეთილების დადგომამდე ფიზკულტურის მასწავლებლის დათიკო ჯალაღონიას ხელმძღვანელობით  სკოლის ეზოში ეწყობოდა დილის გამამხნევებელი ვარჯიში, ე. წ. „ფიზარიატკა“. ყოველ კლასს თავისი დამრიგებელი ჰყავს. გაუწყინარის ძველ სკოლაში დაახლოებით 1950  წლამდე უცხო ენად გერმანული ისწავლებოდა, შემდეგ კი უცხო ენა დღემდე ფრანგულია;  ქვეყნის დამოუკიდებლობიდან მოყოლებული რუსულიც ასევე უცხო ენის სახით ისწავლება. სკოლაში პერიოდულად იწვევენ მშობელთა კრებას, სადაც მშობლებს აცნობენ თავიანთი პირმშოების წარმატებების, ყოფა - ქცევისა  და პრობლემების შესახებ, ცოდნის დონის ამაღლებისა  და სიძნელეთა დაძლევის მიზნით დასახავენ შემდგომი მოქმედებების გზებს.
მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ხშირად აბარებენ გამოცდასა და ტესტირებას. საახალწლოდ და სასწავლო წლის ბოლოს სპორტდარბაზში აწყობენ კარნავალს, ზეიმსა და სხვა სანახაობებს. ზოგჯერ რელიგიურ დღესასწაულებზე ისინი სკოლიდან ეკლესიაში მიჰყავთ, ასევე დადიან ექსკურსიაზე, კონცერტებსა და სხვა შესაფერის ღონისძიებებზე. სკოლაში დროდადრო ცირკი და გასართობი სანახაობების წარმომდგენები მოდიან. 90 - იან წლებამდე კვირაში 6 დღეს სწავლობდნენ, კვირას ისვენებდნენ, შემდეგ კი 5 დღიან სწავლებაზე გადავედით, შაბათსა და კვირას დასვენებიის დღეებია. ბავშვებს იანვრის თვეში საახალწლო - საშობაო რამოდენიმეკვირიან, ზაფხულობით ივნის - სექტემბრის შუა რიცხვებამდე 3 თვიან არდადეგებზე უშვებენ, ასევე ისვენებენ ზოგიერთ რელიგიურ და საერო დღესასწაულზეც. ახალი სასწავლო წელი კომუნისტების დროს 1 სექტემბერს იწყებოდა, დამოუკიდებლობის პერიოდში კი სწავლა უმეტესად 15 სექტემბერს იწყება და ივნისის შუა რიცხვებში წყდება. ადრინდელი სწავლის დონის შეფასების 5 ნიშნიანი სისტემა (მოსწავლეებს ნიშნებს დღიურში უწერდნენ) 10 ქულიანით შეიცვალა, პირველ კლასში ქულები არ იწერება და მათი გაკვეთილები 35 წუთიანია, დიდი დასვენება - 40 წუთიანი. 2009 წლიდან საქართველოს სკოლებში 12 კლასს ამთავრებენ. ჩვენი სკოლის 9 კლასის დამთავრების შემდეგ, ზაფხულში მოსწავლეები მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით აწყობენ ექსკურსიას, ბოლო ზარსა (სპორტულ დარბაზში) და ბანკეტის სუფრას. მომავალი ახალი სასწავლო წლიდან აქაური კურსდამთავრებულები სწავლას შემდეგ X კლასში მეზობელი, უახლოესი პირველი მაისის საჯარო სკოლაში აგრძელებენ, სადაც დღეს დირექტორი რიტა გოგიშვილია, სასწავლო ნაწილი კი - ელეონორა არველაძე, იქ 200 - ზე მეტი მოსწავლე და 21 მასწავლებელია; სწავლადამთავრებულთა ნაწილი კი სხვაგანაც მიდის. ადრე 9 კლასდამთავრებულთა ნაწილი აბაშის უკვე გაუქმებულ პროფტექნიკუმშიც აგრძელებდა სწავლას, სადაც მუშაობდა ჩვენი თანასოფლელი ჯემალი ოკუჯავა. ჩვენს სკოლაში მიღებული ცოდნა - გამოცდილება ახალგაზრდებს ფაროდ უხსნის გზას ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის. სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ ბავშვები, რომლებმაც შემდეგ დიდ წარმატებებს მიაღწიეს საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბებით, მიიღეს მაღალი სამეცნიერო ხარისხები და არაერთხელ ასახელეს მშობლიური სკოლა. მათ შორისაა შემდეგში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი აბაშის რაიონიდან (დღეს უკვე ყოფილი დეპუტატი) თენგიზ კალანდაძე, ენერგეტიკის დარგის მაღალჩინოსანი ივერი შალამბერიძე, ფეხბურთელი სევესტი თოდუა და სხვები.
ჩვენი სკოლა კვლავ აგრძელებს სასახელო თაობათა აღზრდა - გამოშვების მეტად საპასუხისმგებლო პროცესს.
სკოლის ეზოს გვერდით არის სოფლის სასაფლაო. მისი ეზო წინა მხრიდან ნაწილობრივ შემოღობილია უკვე ნახსენები ყოფილი კოლმეურნეობის ეზოს წინა მხარეს ახსნილი ლითონის ტალღოვანი ფურცლებით, დანარჩენ ადგილებში, გვერდებზე და უკანა მხარეს მავთულბადეა შემოვლებული, რომელსაც ეკლები მოედო.  სასაფლაოს ჭიშკარი ზაური სურგულაძემ გვაჩუქა. მანვე შეგვიძინა 32 ცალი ბეტონის ფილა,  ე. წ. „სინკარი“ დაშლილი მესაქონლეობის ფერმიდან ამ სასაფლაოს შემოსაღობად, რაც ვერ მოხერხდა. ადრე ამ სასაფლაოს წინა მხარე არ ეკუთვნოდა, გზაც რამდენადმე განსხვავებულად ჩადიოდა, ის მას შემდეგ შემოუმატეს. ასევე სასაფლაოს ეზოს წინა, უკანა და სკოლის მხარეს არის რამოდენიმე პატარა ჩასასვლელი კარი. აქ  წინა ეზოში არის ლითონის მილის თეთრად შეღებილი ჯვარი, რომელიც ქვიშანჭალის მოსახლეობამ გადმოგვცა 90 - იანი წლების ბოლოს. სასაფლაოს ეზოში უკანა მხარის მახლობლად, იქ სადაც ახლა მხოლოდ მცირედ შემაღლებული (მიწით „მოზვინული“, ქოლობნის ტრასის პირას მყოფ სასაფლაოზე კი მთელი ბორცვია დაყენებული, რომელზეც საფლავებია) ადგილია შემორჩენილი საფლავებითა და დაწყობილი ნაეკლესიარი ქვებით, ძველად საკმაოდ დიდი ზომის ხის ეკლესია იყო აშენებული, რის გამოც სასაფლაოს ეზოს ზოგიერთი დღესაც ეკლესიის ეზოს ეძახის. იმ ტაძარს ქვის იატაკი ჰქონდა და შენობა მრგვალი ფორმისა იყო. მას გარეთ დერეფანიც ჰქონდა, სადაც უამინდობის დროს ზოგჯერ მიცვალებულს დაასვენებდნენ და დააყოვნებდნენ მანამ, სანამ ამინდი არ გამოვიდოდა და საფლავის ამოთხრა შესაძლებელი გახდებოდა (განსაკუთრებით ზამთაში). ის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისა იყო. იქ  სულ ადრე მღვდელი ქორიძე ყოფილა, რომელმაც შემდეგ თავისი 20 ქცევა (მიწის საზომი ძველებური ერთეული, 1 ქცევა - 0,4 ჰექტარი) მიწა ანზორი გოთოშიას პეპერას (ბაბუის მამას)  ბიჭინა გოთოშიას მიჰყიდა 200 ოქროს ფულად (1895 – 1917 წლებში მეფის რუსეთში და მისი იმპერიის შემადგენლობაში მყოფ ქვეყნებში არსებული ფული, 1 ოქროს ფული უდრიდა შემდგომ კომუნისტების დროინდელ 300 მანეთს). ეს მიწა მოიცავდა თანამედროვე მოსახლეების მურთაზ სურგულაძისა და გია ქუთათელაძის ეზოებს და ასევე საძოვრისა და ქვიშანჭალის გზის ნაწილებს; ის თვითონ კი სხვაგან გადასახლდა. შემდეგ ამ ტაძარში მღვდელი სიმონ ჩარგეიშვილი იყო, მის მერე, ბოლოს მისი შვილი რაჟდენ ჩარგეიშვილი, რომელიც დაიბადა 1880 წელს და მეუღლედ ჰყავდა ანასტასი ილარიონის ასული რატიანი - ჩარგეიშვილი (1884 – 1965  წწ.), 1913 წლისათვის ის მღვდელი იყო, რომელიც გარდაიცვალა 1967 წელს. მღვდელი რაჟდენი დღევანდელ სევასტ თოდუას ეზოში ცხოვრობდა და ჰყავდა შვილები თამარ ჩარგეიშვილი (1913 – 1992 წწ.), მარგალიტა ჩარგეიშვილი (1922 – 1977 წწ.), ლუბა ჩარგეიშვილი - გოგიშვილი (1915 – 1990 წწ. მისი შვილია ექიმი ნუნუ გოგიშვილი, რომელიც თავის ოჯახთან ერთად სამტრედიაში ცხოვრობს) და ექიმი, ქირურგი გრიგოლ, გრიშა ჩარგეიშვილი (1918 – 1969 წწ.  სავარაუდოდ მასაც ჰყავს მემკვიდრე). ეს პიროვნებები, გარდა ლუბა ჩარგეიშვილისა, რომელიც პირველი მაისის თავში არსებულ ნამწარეულის სასაფლაოზეა დასაფლავებული მეუღლე ვალოდია გოგიშვილთან ერთად) გაუწყინარის სასაფლაოზე, წინა მხარეს არიან დაკრძალულნი. მამა რაჟდენის თანაშემწე, დიაკვანი პავლე თურქია  (ლალი ოფურიას ბაბუა) იყო. იმ ეკლესიაში ტარდებოდა წირვა - ლოცვა, რომელსაც ხალხი ესწრებოდა. დაუზუსტებელი გადმოცემის მიხედვით მაშინდელ ტაძარს ეკუთვნოდა ასევე თანამედროვე სტადიონის, სკოლისა და ყოფილი კოლმეურნეობის ეზოს ტერიტორიებიც, რომლებზეც შესაძლოა მოსავალიც მოჰყავდათ და ის ტაძრის საქმეებს ხმარდებოდა.
აბაშის რაიონში სამშენებლო ქვა არ მოიპოვება, ამიტომ აქ კოლხთის დაბლობისათვის დამახასიათებელი ხის ნაგებობები შენდებოდა, რისთვისაც საჭირო ხე - ტყე უხვად ხარობდა ამ ადგილებში. ეკლესიებიც და საერთოდ სხვა შენობებიც ძირითადად ხის ფიცრულ ნაგებობებს წარმოადგენდნენ. ქვის სამტეხლოები საკმაოდ შორს იყვნენ და თანაც მაშინდელი პრიმიტიული, ხარებშებმული საშუალებებით აქამდე ქვების მოზიდვა და ისიც სეზონურად დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ის ეკლესია სავარაუდოდ  XIX  საუკუნის შუა წლებში ან მეორე ნახევარში უნდა აშენებულიყო, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდშია აგებული მაშინდელი საჭილაოსა და მახლობელი სუჯუნის ოლქის ბევრი ტაძარი. საჭილაოს (ნამწარეულის, იქ  ახლა მხოლოდ ბეტონის ქვებჩაყოლებული საძირკველის ნაშთები, ჩუქურთმებიანი ქვების ფრაგმენტები, დიდი ქვის მაგიდა და მოგვიანებით დაკიდებული ზარია შემორჩენილი, ის ეკლესია ცხენისწყლის პირას იდგა) წმინდა გიორგის ხის ეკლესია აშენდა 1870 წელს, ხოლო საჭილაოს მთავარანგელოზის ხის ეკლესია კი 1853 წელს. 1870 წლის საჭილაოს „საბლაგოჩინოს“ აღწერაში გაუწყინარის ეკლესიაცაა მოხსენიებული. რამდენადაც ცნობილია მაშინდელ ეკლესიაში სასწაულსაც კი ჰქონია ადგილი: ერთ - ერთ ჩვენს თანასოფლელს რომელიც ამ ადგილის მახლობლად მიდიოდა, ზარის რეკვის ხმა შემოესმა იმ დროს, როდესაც ტაძარში არავინ იყო; ასევე მოგვიანებით სავარაუდოდ ამავე ეკლესიის ხატს ერთმა ადამიანმა თვალი ხიშტით განზრახ დაუზიანა, რომელიც შემდეგ (როგორც ამ ამბებში თანამონაწილის ნაამბობიდანაა ცნობილი) ნამწარეულის (როგორც ვთქვით ის არის პირველი მაისის მეორე სასაფლაო, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირას, მარნისაკენ) ეკლესიის დანგრევისა თუ მისი მასალით პირველი მაისის კლუბის აშენების დროს (ეს კლუბი ურმებით შემოზიდული იმ მასალით აუშენებიათ, რომელიც დღეს უფუნქციოდაა და დანგრევის პირასაა მისული) თვალში საგანი მოხვდა და მხედველობა დაუზიანდა. გარდა ამისა იმ ეკლესიის დანგრევაში მონაწილე ერთ კაცს მოგვიანებით აგრეგატმა  ცალი ხელი დაუზიანა და ის მოჰკვეთეს, მას საკუთარი შვილი არ ჰყოლია. ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, დაახლოებით 1936 წელს სხვა მრავალთან ერთად ეს ეკლესიაც დაანგრიეს, მისი მასალის ნაწილით ზემოთ ნახსენები ხის სკოლა და ხარების სამწყვდევი ააშენეს, ქვების ნაწილი სკოლის სასიარულო ბილიკებად დააგეს, რამოდენიმე მათგანი სკოლაში, ძველი კანტორის წინ დაგებული სასიარულო ბეტონდასხმული ბილიკის ქვემოთ, ასევე ძროხების საძოვარზე, საბავშვო ბაღის წინ, ზოგიერთ ოჯახში და სოფლის სხვა ადგილებშიც აღმოჩნდა. იმ პერიოდში ხის ეკლესიები დაანგრიეს, ქვით ნაშენები კი უმეტესად სხვა დანიშნულების ობიექტებად (კლუბი, პირუტყვის სადგომი, საწყობი და სხვა) გადააკეთეს. საეკლესიო სიწმინდეები გაიფანტა და განადგურდა, სასულიერო პირებს იძულებით სამღვდელო სამოსი - ანაფორები გახადეს, წვერი გაპარსეს და საერო პიროვნებებად აქციეს; მრევლი იდევნებოდა. ურწმუნოები ასევე ამ სასაფლაოზე განსვენებული გიორგი დიანოსის ძე გოთოშიასა და მისი მეუღლის,  აღათი ოტიას ასული სტურუას  საფლავის (სადაც ქვის ლამაზი ჩუქურთმებიანი ძელია აღმართული) გადახურვის თავზე დაყენებული ჯვრის მოძრობასაც შეეცადნენ, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს, ის მტკიცედ დამაგრებული აღმოჩნდა და მხოლოდ გვერდით გადაღუნეს, რომელიც ამას წინათ ისევ გაასწორეს. ის პიროვნება შემდეგში ცეცხლში დაიწვა, ადგილი ჰქონდა მკრეხელობის სხვა შემთხვევებსაც. ყოველივე ამის ჩამდენების ვინაობა ნაწილობრივ ცნობილია. ის ტაძარი დღესაც ახსოვს სოფლის ღრმად მოხუცებულ რამოდენიმე ადამიანს, ახალი ეკლესიის აშენება, მიუხედავად ხალხში არსებული ამისი სურვილისა, დღემდე ვერ ხერხდება, თუმცა ამ მხრივ შეინიშნება გარკვეული წინსვლა. ერთხანს მოსახლეობის ნაწილი სასაფლაოს ეზოს წინა მხარეს, გიორგი შალამბერიძის ეზოს პირდაპირ, სადაც მცირე ზომის თავისუფალი ადგილია ეკლესიის (საყდარის) აგებას ფიქრობდა, ჭიშკართან შემოწირულობების ყუთი დააყენეს, თუმცა ამის შემდეგ ამ საქმეს გაგრძელება არ ჰქონია.
2006 წლის მეორე ნახევარში და შემდგომ პერიოდშიც გაუწყინარის სხვადასხვა ადგილებიდან იმ დანგრეული ეკლესიის იატაკის გათლილი ქვების ნაწილი, მათგან ერთს გარკვეული მოხაზულობაც ეტყობა,  შეაგროვეს და ისევ თავის ადგილას, ძველ ნაეკლესიარზე დააწყვეს. აქვეა საფლავების გაჭრის დროს იქედან ამოღებული, ეკლესიის შენობის ფუნდამენტში ჩაყოლებული რიყის ქვებიც. ეს დალაგებული ქვები მსხვილი მავთულითაა („კატანკით“) შეკრული. აქვე დააბრძანეს მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები, ის ხომ სწორედ წმინდა გიორგის სახელობისა იყო;  ასევე  თიხის პატარა ეკლესიის მაკეტი, ხოლო ქვებს ზემოდან ლითონის ჯვარი ადგას. აქვე დევს მოგრძო ქვის ძელი, რომელსაც ერთ ბოლოში ბაწრის გამოსაბმელი ღარი აქვს, როგორც ამბობენ ძველად მას წოწინარის ცალ მხარეს კიდებდნენ და ამგვარად სიმძიმეებს წევდნენ ეკლესიის მშენებლობის დროს. ამ ქვების გვერდით, სკოლის უკანა გზის მხარეს მინაივანე შუბლაძის საფლავია წარწერებიანი ქვით, რომელიც 1893 წელს გარდაცვლილა 3 წლის ასაკში. ამ ადგილებში მიცვალებულებისათვის საფლავების ამოთხრის დროს ძველ, ეკლესიის ფუნდამენტის ქვებს ისევ პოულებენ.
1811 წელს რუსეთმა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა გააუქმა (გაუქმდა მცხეთის საკათალიკოსო) და მას სათავეში რუსეთის სინოდის განყოფილება - „დისკატერია“ ჩაუყენა, ანტონ II რუსეთში გაიწვიეს, დაწესდა ეგზარქოსობა. რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ დანიშნულ მოხელეს - ეგზარქოსს დაუქვემდებარეს ეკლესიები. პირველი ეგზარქოსი ქართველი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი ვარლამი იყო. მან ვერ შეასრულა თავისი დავალებები, ამიტომ შემდეგ ამ თანამდებობაზე რუსები იგზავნებოდნენ, რომლებიც ცხადია საქართველოში რუსების ნება - სურვილს ახორციელებდნენ, რომელთაგანაც მთავარი იყო წირვა - ლოცვის რუსულ ენაზე წარმართვა, ასევე ეკლესიის ქონების ხელში ჩაგდება, გადასახადების გადიდება, ეპარქიების შემცირება და საერთოდ ქართველი სამღვდელოების შევიწროება; ამის გამო აჯანყებები მოხდა. ამ რუსიფიკატორული პროცესების გამო ქართველი სამღვდელოება, სოციალური ფენები და მთელი ერი ძალიან დაზარალდა. აბაშის რაიონის ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე 40 - მდე ეკლესია იყო, რომლებიც სხვებთან ერთად გაერთიანებულნი იყვნენ ჯერ ჭყონდიდის ეპარქიაში (ცაიშისა და ჭყონდიდის ეპარქიები შეაერთეს), შემდეგ სამეგრელოს ეპარქიაში (დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიას რუსმა მოხელეებმა სახელი შეუცვალეს და მას „მენგრელსკოე  ეპარხია“ ანუ სამეგრელოს ეპარქია უწოდეს). დროთა განმავლობაში, ძირითადად XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოს ეპარქია ხან იმერეთის ეპარქიასთან იყო შეერთებული (1880 - იანი წლები), ხანაც გურიის ეპარქიასთან; რევოლუციამდე კი ის „გურია - სამეგრელოს“ ეპარქიად იწოდებოდა. 1917 წლის 12 მარტს, როდესაც საქართველოს სამღვდელოების უდიდესი ძალისხმევითა და ღვთის შემწეობიდ აღდგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია (თვითმმართველობა, კათოლიკოს - პატრიარქად კირიონ II, საძაგლიშვილი აირჩიეს), აღდგენილ იქნა ჭყონდიდის ეპარქიაც, რომლის შემადგენლობაშიც ერთიანდებოდა თანამედროვე აბაშის რაიონი. 1980 წლისათვის ჭყონდიდის ეპარქია მოიცავდა მთელ სამეგრელოს, მაგრამ ის დრო მძიმე იყო სულიერებისათვის და მაშინ მხოლოდ 4 მოქმედი ტაძარი იყო, მრევლი კი მცირერიცხოვანი დადიოდა ეკლესიებში.
საბჭოთა პერიოდამდე აბაშის რაიონი ეკლესიურად იყოფოდა ორ ოლქად ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ „საბლაგოჩინოდ“ (1870 წლისათვის სამეგრელოს ეპარქია დაიყო 8 ოლქად - „საბლაგოჩინოდ“),  ამ ოლქებს სათავეში ედგათ „ბლაგოჩინები“ ანუ მთავართუხუცესები. ჩვენთან იყო სუჯუნისა და საჭილაოს საბლაგოჩინოები, სწორედ საჭილაოს საბლაგოჩინოს 1870 წლის (ეს ყველაზე ადრინდელი თარიღია გაუწყინარის შესახებ) აღწერაშია მოხსენიებული მაშინდელი გაუწყინარის ეკლესია, რომლის დოკუმენტიც საქართველოს საისტორიო მუზეუმშია დაცული („ეგზარხოსის არქივი“).
ამ სასაფლაოს ეზოს უკანა მხარეს მდებარე ერთ - ერთ ქვაზე იკითხება შემდეგი ამოკვეთილი წარწერა:  „მოიხსენე უფალო მიქელ რურუა შობიდან 60 წ გარდაიცვალა 1883 წ მოიხსენე უფალო დარჯან რაზმაძის ასული შობიდან 80 წ გარდაიცვალა 1893 წ“. ეს ყველაზე ძველი დათარიღებული წარწერაა გაუწყინარში აღმოჩენილ წარწერებთაგან. აქვე არის აშკარად უფრო ძველი ქვებიც, რომლებზეც ნაწერები ნაწილობრივ ან მთლიანად გადაშლილია და ამის გამო მათზე თარიღის წაკითხვა ვერ ხერხდება. აქედან მწირი წარმოდგენა მაინც გვექმნება ამ სასაფლაოსა და სოფლის მინიმალურ ასაკზე. სასაფლაოს ეზოს შუაგულში უზარმაზარი, მრავალსაუკუნოვანი ჭადრის ხე იყო, რომელსაც შუაგულში დიდი ფუღურო ჰქონდა. ამ „დედა“ ხის ირგვლივ 11 – 12 ძირი „შვილი“, შედარებით პატარა ზომის ჭადრები იყო ამოსული. მას დაახლოებით 2006 წელს, ღამით დაუდგენელი მიზეზის გამო ცეცხლი გაუჩნდა, მოსახლეობა ეცადა მის გადარჩენას, სახანძრო მანქანაც („პაჟარკამანდა“) მოიყვანეს, მაგრამ უშედეგოდ: დიდი და რამოდენიმე პატარა ჭადარი დაიწვა, წაიქცა და საფლავებიც დააზიანა. შემდეგ ისინი მოჭრეს და ადგილი გაასუფთავეს. ახლა აქ მხოლოდ დიდი ხის ნამწვავი და 8 ძირი შვილი ჭადრის ხეა; ასევე სასაფლაოს ეზოში არის ბზის, ნაძვის, პალმის, ტირიფის, ცაცხვისა და სხვა ხეები, ბუჩქები, ბალახები, ყვავილები და დეკორატიული მცენარეები. აქვე წინა ღობესთან დარგეს ჩაქვიდან ჩამოტანილი ევკალიპტის ნერგებიც.
აქ, ამ სასაფლაოზე ბევრი საფლავია. მრავალი გულდასაწყვეტი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან (მართალია ჩვენს სოფელს გაუწყინარი ჰქვია, მაგრამ ის ყოველთვის არ ამართლებს ამ სახელწოდებას, აქაც მომხდარა ცუდი ამბები, რომლებიც ხშირად „უწყინრად“ ყოფნის საფუძველს არ გვაძლევს.
  მხოლოდ ამ  2010 წელს,  ამ ტექსტის დაწერის დროს 16 გაუწყინარელი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ აქ და დანართის სიაშიც მათი სახელები მაინც არის ნახსენები, ვინაიდან „გაუწყინარის ისტორია და თანამედროვეობა“ აღწერს მოვლენებს უხსოვარი დროიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით). მათი ნაწილი სიბერის შედეგად ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, სხვები კი ავადმყოფობის (ავთვისებიანი სიმსივნის - კიბოს, გულისა (ინფარქტის) და წნევის დარტყმის („პარალიჩი“),  სისხლის ჩაქცევის (ინსულტის), თრომბისა და სხვა), ავტოსაგზაო კატასტროფის, დენის დარტყმის, თვითმკვლელობის, ომებისა თუ სხვა სახის უბედური შემთხვევების მსხვერპლნი გახდნენ. ამას წინათ უცხო ადამიანი ნახეს ყანების ფართობებში გარდაცვლილი, რომელიც პოლიციამ გადაასვენა და მისი ვინაობა და პატრონი გაარკვია.  ჩვენს სასაფლაოზე გაუწყინარელ და აქაური წარმოშობის მიცვალებულებს კრძალავენ, გამონაკლის შემთხვევას მხოლოდ რამოდენიმე აქაური ოჯახი წარმოადგენს, რომელთა გარდაცვლილებს პირველი მაისის სასაფლაოზე ასაფლავებენ. ადამიანის დაღუპვიდან დასაფლავებამდე ოჯახში ახლობელ - ნათესავები ყვავილებითა და კალათებით („ვენოკებით“) ჩადიან სამძიმარზე და პანაშვიდზე, ქალები წინ მიდიან, კაცები კი მათ უკან მიჰყვებიან. მიცვალებულს გარდაცვალებიდან (ამ დროს მას ოჯახის წევრი ქალი ან ახლობელ - ნათესავი კივილით შეიცხადებს)  5 - დან მე - 10 დღემდე, გაპატიოსნებისა (განბანისა და გამოწყობის) და წესის აგების (რაც საბჭოთა ეპოქაში იშვიათად ხდებოდა) შემდეგ სამოსახლოთი, თხმელის ხის კუბოთი ასაფლავებენ. მანამდე კი ცხედრის უხრწნელად შესანახად გამოიყენება ყინულისა და ბოლო დროს გავრცელებული ელექტრომაცივრები („ლედნიკები“, ახლა უკვე მხოლოდ ამ უკანასკნელს იყენებენ), ძალიან იშვიათად ბალზამირებაც. დაკრძალვის წინა დღემდე მეზობლებს ჭირისუფლის სახლში მორიგეობით სადილი ჩააქვთ. ამ დღეებში ალაგებენ და აწესრიგებენ, თუ საჭიოროა არემონტებენ სახლსა და ეზოს. ასევე ეზოში დგამენ გრძელ სკამებს ხალხის დასაჯდომად. გასვენების, სატირლის დღეს აირჩევენ 3 მესამარხე მამაკაცს, რომლებიც მიცვალებულის გვარის არ არიან, ისინი საფლავს  გაჭრიან. გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე მიცვალებულს „ზალაში“ შუა ადგილას თავით დასავლეთისაკენ დაასვენებენ, თავთან პატარა მაგიდას დადგამენ სანთლებით, ხატებით, ხორბლით, ზეთით, წყლით, მიცვალებულის „ლუკმითა“ და სხვა სიმბოლოებით; ოჯახს აქვე აქვს გარდაცვალებული ადამიანის გადიდებული სურათიც. მკვდარის ირგვლივ ჭირისუფალი ქალები სხედან, რომლებიც მას დასტირიან. მიცვალებულის ცხედარს მიმსამძიმრებელი ხალხი მარჯვნიდან ირგვლივ („კრუგს“) შემოუვლის, მამაკაცები კი გარეთ ღებულობენ სამძიმარს, მათ ხელს ჩამოართმევენ და ეუბნებიან: „მონაწილე ვარ მწუხარების“ ან „ვიზიარებ მწუხარებას“; იქვე დგას პატარა მაგიდა კაცების ქუდებისათვის. ბოლოს, დღის მეორე ნახევარში დამწუხრებულ ოჯახში ჭიშკრიდან მეზობლები ჩადიან წინასწარ ნაყიდი ვაზითა და ყვავილებით. შემდეგ ჭირისუფალი გარეთ გამოჰყავთ, მამაკაცები მიცვალებულს სამოსახლოთი სამჯერ დაატრიალებენ, დახურულ კარებს სამჯერ მიაჯახუნებენ, კარებს გააღებენ, გამოასვენებენ ეზოში და სამ სკამზე დაასვენებენ, რომლებსაც გასვენებისთანავე გადმოაბრუნებენ. მამაკაცი სიტყვის - „რეჩის“ წარმოთქმით სამგლოვიარო პროცესიას გახსნის, სხვებიც გამოეთხოვებიან გარდაცვლილს, რის შემდეგაც ხალხი მას ქუჩაში გადაასვენებს და ყველანი სასაფლაოსკენ გაემართებიან. ამ სამგლოვიარო მსვლელობას წინ მიუძღვის ყვავილები (რომლებიც ძირითადად ბავშვებს მიაქვთ და მათ ნაწილს თანდათან გზაზე ყრიან), კუბოს თავსახურავი და მიცვალებულის გადიდებული სურათი, ასევე მუსიკოსები. ცხედარს სასაფლაოს ეზოში ჩაასვენებენ და უკვე ამოღებულ საფლავთან მცირე ხანს დაასვენებენ, ამ დროს მას უკანასკნელად გამოეთხოვებიან, ბოლის კი თავით დასავლეთისაკენ დამარხავენ, მიწას დააყრიან და მოასწორებენ, ზემოდან ყვავილებს დააწყობენ.
ჭირისუფლების ოჯახში ადამიანების ნაწილი  რომ დაბრუნდება, მათ ჭიშკართან ღვინისა და წყლის ნარევით ხელებს აბანინებენ. დასაფლავების დღეს აწყობენ ქელეხის სუფრას, სადაც დაალაგებენ პურს, მჭადს, ხაჭაპურს, თევზს, ფლავს, ლობიოს, წადილს, წვენს, მწვანილებს, ღვინოს, ლიმონათებსა და სხვაგვარ სასმელ - საჭმელებს, მაგრამ არა ხორცსა და მისგან მომზადებულ კერძებს და არც ტკბილეულსა და ხილს. „სტოლებს“ მომსახურეები ხალხის დაჯდომის შემდეგაც ამატებენ საჭმელებსა და სასმელებს. ეს მაგიდები უმთავრესად „ბრიზენტის“ წყალგაუმტარი ქსოვილის გრძელ კარავში,  ე. წ.  „სეფაში“ უმეტესად დასაფლავებამდე ეწყობა (თუ ჩვეულებრივად ტრადიციული, დღის, მიმდინარე სხდომა აქვთ), იშვიათად დაკრძალვის შემდეგ (როდესაც საღამოს, ჩაბრუნებით ვახშამს აწყობენ, ეს წესი ახლახანს შემოიღეს) და მას თავკაცი და თავქალი ხელმძღვანელობენ, საჭმელებს კი „პოვარი“ (ის ხშირად თეიმურაზ ჭიქაშუაა) აკეთებს სხვათა დახმარებით.
გასვენების დღეს სახლის წინა ფასადზე შავი ფერის მართკუთხა ქსოვილს (ის გადაკრულია „პლანკების“ ჩარჩოზე) აკრავენ, რომელსაც წლისთავის დღეს ჩამოხსნიან და სასაფლაოზე დაწვავენ, ზოგჯერ წინა ფანჯარაში გარდაცვლილის სურათს დაამაგრებენ. დაკრძალვის დღეს და ორ დღიანი პანაშვიდების დროს სამგლოვიარო მუსიკა უკრავს  (დოლი, აკორდეონი, დუდუკი, მაგნიტოფონი, იშვიათად სასულე ორკესტრი - „დუხავოი“ მუსიკა) ან მოჰყავთ მგალობლები (რაც რამოდენიმე წელია შემოიღეს). ადამიანის გარდაცვალებიდან მე - 9 დღეს გაშლიან ხსნილის მცირე სუფრას (პირის ახსნა), ზუსტად მე - 40 დღეს კი გადაიხდიან ორმოცს, 1 წლის შემდეგ - წლისთავს, ესენი გასვენებასთან შედარებით უფრო მცირე ზომისანი არიან (მათ ხშირად „სეფის“ გარეშე დიდ ოთახში აწყობენ) და თუ მაშინ მარხვა არ არის სახსნილო საჭმელებსაც (ხორცი, ტკბილეული) დებენ მაგიდაზე. კომუნისტების დროს მარხვის პერიოდშიც სახსნილო საკვები იწყობოდა, ასევე ორმოცსა და წლისთავს ხშირად გადაწევდნენ ან დაასწრებდნენ ზუსტ თარიღს. პურ - მარილს ხშირად ბირჟაზე და მეზობლებსაც უგზავნიან, დაკლავენ ცხვარს, აკეთებენ ჩაქაფულს. ხალხი ორმოცსა და წლისთავზე ჯერ საფლავზე გადის, ქალები იქ მიცვალებულის სურათს დასტირიან, შემდეგ მამაკაცები ღვინით მოიგონებენ მას, ცოტა ღვინოს მოსაგონარის დროს საფლავზე ასხამენ; იქვეა გაშლილი პატარა მაგიდა საჭმელებით. შემდეგ ადამიანები სასაფლაოდან ჭირისუფალის სახლში ბრუნდებიან, ჯერ ანთებულ სანთლებიან და საჭმელებიან საკურთხის მაგიდასთან მივლენ და საკმეველს მას ზემოდან სამჯერ მოატარებენ, ჩააკმევებენ, დააყრიან მას ქვემოთ დადებულ გაღვიებულ ნაკვერცხლებიან კეცზე, მოიგონებენ გარდაცვლილს და სხვაგან გაშლილ მზა მაგიდას მიუსხდებიან, რომელსაც თამადა უძღვება ჯერ გარდაცვლილების (ბოლო დროიდან პირველად უფლის სადიდებელსა და მშვიდობის სადღეგრძელოს ამბობენ, სადღეგრძელოების ასეთივე თანმიმდევრობაა გასვენების სუფრაზეც), შემდეგ კი ცოცხლების სადღეგრძელოების წარმოთქმით, რასაც სუფრის წევრი მსმელი მამაკაცები მიჰყვებიან. გასვენების, ორმოცისა და წლისთავის დროს ხალხი (ე. წ. სამოხიო, რომელსაც რამოდენიმე დღით ადრე „მაწვიერის“ საშუალებით სიტყვიერად ატყობინებენ ამ დღისათვის მოსვლას, წინათ გასვენების დღისათვის მათ წერილებსაც უგზავნიდნენ) ჭირისუფალს თანხით (მას სატირლის დღეს ცალკე ოთახში მჯდომი ორი ადამიანი ღებულობს და წერს იმ შემთხვევაში, თუ მიცვალებულს „გადაბურვით“ ტირიან, რაც ხშირად ასეა), პროდუქტითა (ორმოცის დღეს, ყველი, კვერცხი, ქათამი, ინდაური, იხვი, გოჭი) და ასევე ფიზიკური შრომითაც ეხმარება. ჭირისუფლები და ოჯახის ახლობლები გლოვის ნიშნად შავ სამოსს - ძაძებს იცვამენ, მამაკაცები წვერს მოუშვებენ უმეტესად ორმოცამდე, ოჯახში და სამეზობლო - საახლობლოში ერთხანს არ ჩართავენ ტელევიზორს, მუსიკებს, არ აწყობენ საზეიმო ღონისძიებებს, ასევე არ დადიან იქ. მიცვალებულის სახელზე შესაბამის დროს აკეთებენ საკურთხს. ოჯახი და მეზობელ - ახლობლები სამტრედიის ტელევიზიით ხშირად აცხადებენ ნეკროლოგებს, ადრე მას აბაშის გაზეთის ბოლო გვერდზე გაწერდნენ.
სასაფლაოზე საფლავების უმეტესობა ირგვლივ ბეტონჩასხმული და ლითონის (რკინის, თუჯის, ალუმინის) ფიგურებით, „პამიატნიკებით“, „ეფტერებით“ შემოღობილია. გარდაცვლილის თავის მხარეს ვერტიკალურად დგას ქვა, რომელზეც მისი სურათი ახატია, ქვემოთ კი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, ზოგჯერ ეპიტაფიაა დაწერილი, ბევრ საფლავზე ჯვარიცაა. გოთოშიების საფლავზე ზაზა გოთოშიას ბიუსტი დევს, ის მარნის სასაფლაოზე ასაფლავია; ასევე აქ ერთ - ერთ საფლავზე ბეტონის მაღალი სვეტია აღმართული. ძველი საფლავების მასიური ქვები, ბრტყელი, ფართო ლოდები მიწაზე ჰორიზონტალურად დევს, მათზე მიცვალებულის სურათი არაა გამოსახული. ასეთი ლოდების კიდეებში, ირგვლივ მტევნებიანი ვაზის ლერწების ნახატები, ორნამენტებია გამოსახული, ასევე მათზე სათანადო ნაწერები, ჯვარი, ფრთებიანი ანგელოზები, ფიგურები და სხვა რელიგიური სიმბოლოებია ამოტვიფრული, ასეთი ძველი ქვები სხვა სასაფლაოებზეცაა. ბევრი საფლავი წაშლილი და დაკარგულია, არის უცნობი საფლავებიც; ასევე აქ არის სიმბოლური საფლავები იმ შინმოუსვლელთა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში წავიდნენ და შინ აღარ დაბრუნებულან, მათ ქვაზე კი მათი დაბადების თარიღი და სამამულო ომის წლების (1941 – 1945) თარიღებია დაწერილი, ასევე ახატიათ საბჭოთა სიმბოლიკიანი ხუთქიმიან ვარსკვლავგამოსახული სამხედრო მუზარადი. ასეთი საფლავებია მაგ: აკაკი რატიანის და ვარლამ სურგულაძის გარდაცვლილ ახლობელთა სამარეები. სამწუხაროდ არც ამ სასაფლაოზე და არც ჩვენი სოფლის სხვა ადგილებში შინმოუსვლელთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მათი მემორიალი ან დაფა არ გაკეთებულა. ომში მონაწილეთა და შინმოუსვლელთა საფლავებს ზოგჯერ 9 მაისს თუ შეამკობენ ყვავილებით, ისიც იშვიათად... ამ სასაფლაოს მომვლელი ადრე რომანი ხაბეიშვილი იყო, დღეს კი მას სულეიმან (სულიკო) შალამბერიძე უვლის ოჯახის წევრებთან ერთად გარკვეული ანაზღაურებით, რომელსაც ის სეზონურად მოსახლეობაში ჩამოკრეფს. ხალხი ღირსეულ პატივს მიაგებს მიცვალებულთა ნათელ ხსოვნას.
სასაფლაოს გვერდით სოფლის სტადიონია, რომელიც მავთულბადით, ეკლებიანი მავთულებით და ჯოხებითაა შემოღობილი. აქ ადრე ევკალიპტისა და ხეხილის ნარგავები იყო. დღეს კი როდესაც შესაფერისი სეზონი და ამინდია, აქ ახალგაზრდების სიმრავლეა, მომავალი თაობა ვარჯიშობს, ეწევა ცხოვრების ჯანსაღ წესს. ამ სტადიონზე ზოგჯერ იმართება შეჯიბრებები როგორც შიგა, ასევე სხვა სოფლების გუნდებს შორის. ყოველივე ეს ხელს უწყობს ჯანსაღი და ნიჭიერი სპორტული თაობის აღზრდას, რომელთაგან გამორჩეულია ფეხბურთელი სევასტი (სეგული) თოდუა. ამ სტადიონზე რამოდენიმე წლის წინ გაიმართა შეჯიბრება ფეხბურთში გაუწყინარის ასკოვან ადამიანებს შორის, რომელიც გიგა გოთოშიამ ვიდეოკამერით გადაიღო და ეს კასეტა შენახულია სოფელში.
სტადიონის გვერდით, სადაც ახლა 2 დიდი ჭადარი და პატარა ალვის ხეებია (სტადიონზე ასევე მტირალა ტირიფიცაა), ადრე წისქვილი და სახერხი იყო. ისინი დენის გამოყვანამდე ჯერ მაზუთზე, შემდეგ დიზელის საწვავზე - „სალიარკაზე“ მუშაობდნენ (სულ ძველად სოფლის განაპირას, რიონზე ერთ ადგილას წყლის წისქვილი ჰქონიათ აგებული, შემდეგ ამ ადგილს ნადოლაბარს ეძახდნენ), ადრე ამ წისქვილის (ჭადრებთან მდებარე) მბრუნავმა მექანიზმმა შეიწირა ბავშვი, ტარიელ სურგულაძის ძმა ავთანდილ სურგულაძე. ამ ობიექტებში მუშაობდნენ დავით ფირცხალავა, შამილ გოგიშვილი, გიორგი სურგულაძე, ეფრემ თოდუა (მას წისქვილში ცალი ხელი დაუზიანდა და ის მოჰკვეთეს), ივანე (ვანო) წულუკიძე. გასული საუკუნის 80 - იან წლებში ეს ობიექტები სხვაგან გადაიტანეს. აქვე იყო სამჭედლო, სადურგლო სახელოსნო, სადაც მავთულბადეებსა და სხვა საჭირო საგნებს ამზადებდნენ. იქ მუშაობდნენ ალფეზ თოდუა (მამუკა თოდუას პაპა), სიმონ ჩიტია და სხვები. ძველად ასევე აქ იყო მცენარე რამის გადამამუშავებელი საამქრო, რომლითაც შემდეგ ქსოვილებს ამზადებდნენ და მას ვასილ ჩაჩავა ხელმძღვანელობდა. იქ დაზგამ ლენა გოგიშვილს ცალი ხელი მოჰგლიჯა;  ბოლოს ეს ობიექტები გააუქმეს, ხოლო წელს აქ დარგეს ჩაქვიდან ჩამოტანილი რამოდენიმე ძირი ევკალიპტის ნერგი.
სტადიონის წინ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება - გაუწყინარის საბავშვო ბაღია. იქ ახლა 16 ბავშვი („ბაღანიი“) დადის. წინათ აღსაზრდელების რაოდენობა მეტი იყო და იქ ერთხანს 2 ჯგუფი ჰქონდათ გახსნილი. სულ პირველად საბავშვო ბაღი ჩვენს თანასოფლელ რაჟდენ ჩარგეიშვილის (დღევანდელი სევასტი თოდუას, ასევე ადრე სხვათა სახლშიც) საცხოვრებელ სახლში იყო განთავსებული. იმ დროს მისი გამგე თამარ მასკულია იყო სამიქაოდან. მოგვიანებით ეს ბაღი ანზორი გოთოშიას სახლის გვერდით, მისი ბაბუის ძმის გიორგი გოთოშიას სახლში გადაიტანეს; შემდეგ ჯემალ მგელაძის სახლში. ბოლოს კი 1982 წელს, პირველი მაისის ძველი სკოლის მასალის ნაწილით აქ ააგეს 1 მეტრი სიმაღლის ბურჯებზე (ბერკეტის ბოკნებზე) მდგარი ხის შენობა, რომელსაც წინა მხარეს აგურები ამოუშენეს და ეს საბავშვო ბაღი საბოლოოდ იქ გადაიტანეს. მანამდე აქ გერანისა და ბაზელიკის ნერგების გამოსაყვანი სათბურები იყო, რომელსაც გია ჯანაშიას ბაბუა, უშანგი ჯანაშია ხელმძღვანელობდა.
ამ ბაღში მუშაობს აღმზრდელ - მასწავლებელი მარგალიტა (ნანა) ესაკია, მუსიკის მასწავლებელი ნესტანი ვაშაკიძე (ის ბავშვებს პიანინოთი ასწავლის სიმღერებსა და ცეკვებს), მომვლელი და დამლაგებელი ეკა ჯანჯღავა, მზარეული ნინო თურქია. ამ ბაღის გამგე 1977 წლის 1 ოქტომბრიდან თამარ ნაფეტვარიძე იყო (მარნელი, ის აქ გადმოვიდა პირველი მაისის საბავშვო ბაღიდან), 1979  წლიდან დღემდე მისი გამგე მარინა თოდუაა. ბაღის მავთულბადით შემოღობილი (ის ძირში ბეტონჩასხმულია) ეზო გამწვანებულია, სადაც არის ნაძვის, ტყემლის, თხმელისა და სხვა ხეები, დარგულია ყვავილები. აქვე მოწყობილია საბავშვო სათამაშოები. შენობა ცივ ამინდში შეშის ღუმელით თბება. ბავშვები სწავლობენ ლექსებს, სიმღერებს, ცეკვებს, ატარებენ კონცერტებს, აკეთებენ ხელსაქმეს, თამაშობენ და ერთობიან. ისინი დაჰყავთ ექსკურსიაზე, ცირკში, შესაფერის საბავშვო ღონისძიებებზე. პატარები აქ იძენენ საზოგადოებაში ქცევის წესებს, ღებულობენ სათანადო ცოდნას, რაც მათ შემდეგ უადვილებთ სკოლის გარემოსთან შეგუებას. ამ საბავშვო ბაღს ჩვენი სოფლის მომავალი თაობების აღზრდის საქმეში დიდმნიშვნელოვანი როლი უკავია.
საბავშვო ბაღის შემდეგ, როგორც ვთქვით მთავარი გზის დასასრულია, მის პირდაპირ ჯემალი მგელაძის სახლი და ეზოა;  აქ  გზა  ორ ნაწილად იყოფა.  მარცხენა ხრეშიანი გზაგამტარი თითქმის შუა ადგილას უერთდება სკოლის უკანა გზას. ეს გზა როგორც  უკვე ზემოთ აღვნიშნეთ ქვიშანჭალის გზას გამოეყოფა, მასზე პირველი მოსახლეა ანზორი გოთოშია. მისი ყოფილი ოდა სახლის ქვემოთა სართულის ერთ ოთახში მარნელ ფერშალ დინა ჯანჯალიას 80 - იანი წლების შუა პერიოდამდე სამედიცინო პუნქტი ჰქონდა მოწყობილი, რომელიც სოფელში ორსულ ქალებს აღრიცხავდა და მათ კონსულტაციას უწევდა, შემდეგ ის გაუქმდა. ამავე ქუჩის მაცხოვრებელმა რუსიკო (ცუგა) ძიძიგურმა საკუთარ ეზოში დაახლოებით 2006 წელს ააშენა რკინა - ბეტონის („სინკარების“) პატარა ფერმა, სადაც ის რამოდენიმე ათეულ ძროხას უვლიდა და ყველს ყიდდა. იქ მწველავად და პირუტყვის მომვლელად დაქირავებით მუშაობდნენ ზურაბი თურქია, ტარიელი სურგულაძე, მამუკა შალამბერიძე და ქეთევან (ციცინარი) ჭიქაშუა. ამ გზის დასასრულში, მარჯვნივ არის გიგა შალამბერიძის კუთვნილი თხმელების ხეებიანი („თხმელებად წასული“) ნაკვეთი, შემდეგ სადაც ამ გზას გრუნტიანი გზა უერთდება, იქ არის შეღობილი ზოლი ჭიშკრით, რომლის მიღმა გოშახის ვრცელი ყანებია, სადაც მხოლოდ დაბალი ხარისხის მიწიანი გზებია ტრაქტორებისათვის, მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის და საჭაპანო ტრანსპორტისათვის განკუთვნილი. ამ კარების შემდეგ გზა ორ ნაწილად იყოფა და ისინი ქარსაფრის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მიემართებიან. მარცხენა გზის დასაწყისში, უკან არის საბალახოსთან ნახსენები თუთების, ბჟოლების პლანტაცია ჩასასვლელი კარით, რომელიც რომანი ცერცვაძის და აბელი კოხრეიძისაა; ასევე ამ გზის დასაწყისშივე, მარცხნივ არის მიწის ნაკვეთი (18 ჰექტრიანის სახელწოდებით), ის აბაშელ კარლო გუგუშვილის მიერ აგროფირმისათვის იჯარიათ (არენდით) არის აღებული. ეს მიწები წინათ მავთულებით იყო შემოღობილ - დაცული, მის ნაწილზე დღეს რამოდენიმე მოსახლეს ყანები აქვს და გადასახადსაც იხდიან; ფართობის დასაწყისში გოჩა ჯანჯღავას მიერ ეკლებიანი („კალიუჩი“) მავთულებით შემოკავებული თხმელებიანი ადგილია. ამ 18 ჰექტრიანის ბოლოს შუა გზაზე არის 8 ძირი ჭადარი, ცოტა მოშორებით, ჟორა ორაგველიძისა და ავთო ჯანჯღავას ყანების საზღვრის („საგორაოს“) პირდაპირ ღელეში ჩანს იქ გამავალი ნახსენები გაზსადენის შავიზოლაციანი მსხვილი მილი („ტრუბა“). სწორედ ამ და ამ ადგილების მახლობლად იყო ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები ძროხების საძოვარი, მანამდე  კი მოსახლეობა საქონელს (ასევე ღორებსაც) ბალახიან ადგილებში პალოიანი თოკებით, ბაწრებით აბამდა საძოვად; ამავე მიდამოებში იყო თხმელების, თუთების და სხვა ფოთლოვანი ხეების  ტყე, რომელიც  დაახლოებით 1964  წლის შემდეგ მოჭრეს და მიწები გაამასივეს, ე. ი. ყანებად აქციეს. იქვეა მოჭრის შემდეგ ხელახლა ამოსული რამოდენიმე ქარსაფარი ზოლი ფოთლოვანი ხეებით. ერთი მათგანი კარების მახლობლად იწყება და ცხილარამდე ჩადის. მას დასაწყისიდანვე მარჯვნივ იქვე და მარცხნივ მოშორებით ყანების პირის გზა მიუყვება. თქმულების, მითის მიხედვით თითქოს აქ ძველად ერთ დღეს ქალები ყოფილან, ამ დროს მათ დაუნახავთ შაჰ - აბასი თავისი ლაშქარითურთ და იმ ქალებს ერთმანეთისთვის შეშინებული ძახილი დაუწყიათ გოგო შაჰიო და ვითომ ამის გამო დაერქვა ამ ადგილს გოშახი. გოშახს სამხრეთ - აღმოსავლეთით კირკალა ემიჯნება, სამხრეთ - დასავლეთით კი, სადაც ეს ქარსაფარი ზოლი მთავრდება (აქ  ერთდებიან მის ორივე მხარეს გამყოლი გზები) - ცხილარის ყანებია, სადაც ძველად ალბათ რცხილების ტყე იქნებოდა და სავარაუდოდ ამის გამო დაერქმეოდა მას ეს სახელი, შემდეგ ტყე მოჭრეს და მიწები სახნავ - სათესად გამოიყენეს; ეს მიწები ერთ - ერთი ყველაზე ნოყიერი ნიადაგია ჩვენს სოფელში. ცხილარის ზოგიერთი ადგილიდან სამხრეთ - დასავლეთით ჩანს სამტრედიის რაიონის სოფელ ქორეისუბნის (ქოროსუბნის) ღვთისმშობლის სახელობის  XV საუკუნის ეკლესიის გუმბათი, სხვა ადგილებიდან შეიძლება აბაშის რაიონის სოფელ გულეკარის წმინდა გიორგის  XVIII – XIX საუკუნეების ტაძრის დანახვაც. ცხილარში სულ ადრე მოსახლეობას ვენახებიც ჰქონდათ გაშენებული მიწაში დამარხული ქვევრებით (ჭურებით), შესაძლოა მისი ნამსხვრევი ყოფილიყო იმ ადგილებში ახლახანს მიწის სამუშაოების დროს აღმოჩენილი თიხის მცირე ზომის ფრაგმენტი. ადრე აქ კოლექტივის სასიმინდეც იყო აშენებული. გოშახის დასავლეთ მხარეს და ცხილარის შემდეგ ბახვაჭალაა. რამდენადაც ცნობილია მას ეს სახელი იმის გამო დაერქვა, რომ გაუწყინარში ადრე ყოფილა ზედა სოციალური ფენის წარმომადგენელი მდიდარ კაცი სახელად ბახვა, რომელსაც დღევანდელ ბახვაჭალაში (რიონის ჭალაში) მიწები ჰქონდა და შემდეგ სახელწოდება ბახვას ჭალა ანუ ბახვაჭალა ამ მიწებს დღემდე შემორჩათ. ბახვაჭალის შემდეგ მდინარე რიონია, რომლის გადაღმაც სამტრედიის რაიონია.
საბავშვო ბაღის გვერდით ჩამავალ წისქვილის შედარებით მოკლე ქუჩაზე პირველი მოსახლეა ნელი კუტალაძე. იქვე ახლოს, გზის მეორე მხარეს არის გაუწყინარის წისქვილი. რომელიც აქ დაახლოებით 1982  წელს ბერკეტით ააშენეს და შიფერით გადახურეს, მას ჭერი (მთავანი) არა აქვს; მანამდე ის როგორც  ვთქვით დღევანდელ სოფლის სტადიონთან იყო აგებული. ის დენს ღებულობს თავისი N 120 ტრანსფორმატორიდან, იქ ორი ქვა მუშაობს: ერთი ადამიანის საკვები სიმინდის დასაფქვავ - დასაღერღავი და მეორე პირუტყვის საფურაჟესათვის. მათ გარდა აქვეა ყოფილი მეღორეობის ფერმიდან წამოღებული განსხვავებული კონსტრუქციის ელექტროწისქვილიც („დრაბილკა“), რომლითაც ყველა სახის (ტაროიანი და დაფშვნილი სიმინდი, სოიო და ა. შ.) მოსავლის დაფქვა - დაქუცმაცებაა შესაძლებელი. ის ადრე ოლეგი  რატიანის სახლში მოქმედებდა, შემდეგ კი აქ გადმოიტანეს. ამ წისქვილში ძველად მეწისქვილეები იყვნენ ეფრემ თოდუა და ვანო წულუკიძე, რომლებიც მორიგეობით მუშაობდნენ. შემდეგ მარტო ვანო წულუკიძე იყო, რომლის დროსაც წისქვილი პრივატიზებულ იქნა. აქ ერთხანს გრიბული კუტალაძე და ვაჟა შუბლაძეც მუშაობდა. ივანე წულუკიძის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა ნუნუ წულუკიძემ 2005 წლიდან აქ მეწისქვილედ მამული არველაძე დააყენა დაქირავებით.
წისქვილის გვერდით სახერხი იყო, სადაც ადრე იგივე  ეფრემი თოდუა და ვანო წულიუკიძე მუშაობდნენ. შემდეგ ის, რომელშიც ბევრი ადამიანი ხრეხავდა ხეებს, ამზადებდა მასალას, გაუქმდა და დაშალეს. ამ ობიექტებმა დიდი როლი ითამაშეს სოფლის მოსახლეობის ცხოვრებაში. წისქვილის ქუჩის ბოლო მოსახლეა ეთერი თურქია.
სოფელ გაუწყინარის მეორე ქუჩა იწყება სოსო (მაწაკი) ჯღარკავას სახლიდან, ის ამ ქუჩის პირველი მოსახლეა და აქ დგას ჭადრის ხე, რომლის ძირთანაც „სკამეიკის“ რკინებია. ამ ქუჩას ხშირად გაღმა ქუჩას უწოდებენ, ხოლო მის ბოლო ნაწილს სოფლის ბოლოს (დაბლას) ვეძახით. ამ გზის დასაწყისთან ახლოს ცხოვრობდა მფრინავი „ლიოტჩიკი“ ამირან ფირცხალავა, თამარ ფირცხალავას მამა, რომელიც მოსკოვი - კოპიტნარის რეისების თვითმფრინავს მართავდა. ვახტანგ (გული) ჯანაშიას ეზოს გასწვრივ არის კარებიანი ბილიკი - შუკა, რომლის ბოლოს ასევე კარებია, შემდეგი კი თხილების ნარგავები. მერაბ კარანაძის ეზოს წინ არის 2006 წელს აღმართული თეთრად შეღებილი ლითონის მილის ჯვარი, რომელიც იმავე წლის 6 მაისს, გიორგობა დღეს აკურთხა მამა ეგნატემ. ზვიადი ჯანაშიას ოჯახში აქვს პატარა საფურაჟე („დრაბილკა“) და ადამიანის საკვები სიმინდის დასაფქვავი წისქვილი, ასევე სახერხი, რომლებითაც ჩვენი მოსახლეობა სარგებლობს. მისი და მალხაზ ხაჟომიას ეზოებს შორის არის ბილიკი, მის ბოლოს კარებია დაკიდებული  და ის შემდეგ უერთდება საძოვარს, რომელიც მოსახლეობის უკანაა. ამ მეორე ქუჩის საბალახოში არის მოჭრის შემდეგ კვლავ წამოზრდილი ქარსაფარი, ასევე ტყემლის, თხმელის და სხვა ხეები, მოდებულია ნარ - ეკალიც. ამ საძოვრის უკან კუტაიწერია, რომლის შემდეგ არის სოფელი თხმელარი. ნუნუ წულუკიძის ეზოს შემდეგ, მაგული რატიანის ეზოს იქეთა ადგილამდე, გზასა და ღელეს შორის ხშირადაა მცირე ზომის შემოღობილი ადგილები, რომლებიც იქვე მოსახლეობას ეკუთვნის.
იქ, სადაც სკოლის წინა გზაგამტარი („შუკა“) მეორე ქუჩას უერთდება, რეისის ტრანსპორტის, სამარშრუტო მიკროავტობუსის გაჩერებასთან, 2010 წლის 3 აპრილს, აღდგომის წინა დღეს აღმართეს ლითონის მილის ჯვარი. მას შემდეგ ბრტყელი ქვების ფუნდამენტი ამოუშენეს სანთლის ასანთები ადგილით, ასევე მავთულბადე შემოავლეს, თეთრად შეღებეს და ყვითელი ფერის მნათი ელექტროზოლით განათება მოუწყვეს.
აქვე ახლოს ცხოვრობს აკაკი რატიანი, რომელიც აბაშაში კავშირგაბმულობის უფროსია.
ჟორა ჯანაშიას ეზოს წინა მხარეს ღობესთან ბერკეტით ნაშენები ჯიხური აქვს, სადაც ის ადრე ამა თუ იმ სახის პროდუქტით ვაჭრობდა.
ჯომბარი ბაახიას ეზოს წინ დგას დენის გამანაწილებელი ლითონის 2 კარადა, ყუთები მრიცხველითა და გამთიშველით; აქვე გზის მეორე მხარეს, სადაც მთავარი ქუჩის დასრულების შემდეგ მარჯვენა გზაგამტარი უერთდება ამ მეორე ქუჩას, არის მცირე ზომის გადახურული მოსაცდელი. მაგული რატიანის ეზოს შემდეგ პატარა ტერიტორიის მქონე თავისუფალი ადგილია.
ზაალ (ზალიკო) ხაჟომიას ეზოში პატარა სახერხი და ხის დამამუშავებელი საამქრო აქვს, რომლითაც სხვა სოფლებიდანაც სარგებლობენ. ის დენით თავის ეზოში მდგარი საკუთარი N 144 ტრანსფორმატორიდან მარაგდება. ამ 2010 წელს მან ძველი სახერხი დაშალა და მის უკანა მხარეს ახალი, უკეთესი სახერხ - საამქროს აშენება დაიწყო.
ამ ქუჩაზე, იქ სადაც მას ჩვენს მიერ ნათქვამი გრუნტიანი გზა უერთდება ზალიკო და ნიკიტა (მიტო)  ხაჟომიების ეზოებს შორის, არის კიდევ ერთი ლითონის მილის ჯვარი, რომელიც 2007 წლის აგვისტოს მიწურულს, მარიამობის დღესასწაულამდე რამოდენიმე დღით ადრე აღმართეს.
რუბენ  ჯანაშიასაც აქვს წინა ღობესთან ჩადგმული ყოფილი სავაჭრო პატარა „ბუტკა“, ხოლო ნიკოლოზ (კოლია) ჯანაშიას სახლში პატარა სადურგლო სახელოსნო აქვს მოწყობილი.
მეორე ქუჩის ბოლო ნაწილს და მის იქეთ მდებარე საყანე ნაკვეთებს ბახვაჭალა ეწოდება. ამ გზის ბოლოს მახლობლად, ბაჩუკი კოპალეიშვილისა და რეზო ფირცხალავას ეზოებს შორის არის მეორე ბილიკი, რომლის ბოლოს კარია და ისიც ასევე იმავე საბალახოს უერთდება, მასაც მოსახლეობა საძოვარზე ძროხების ჩასადენად და გამოსადენად იყენებს. უფრო იქეთ მოპირდაპირე მხარეს არის ავტომობილების მოსაბრუნებელი, სწორედ აქამდე ჩადის გაუწყინარის მთავარი და მეორე ქუჩის მარშრუტკები და აქედან ბრუნდებიან სამტრედიაში. ამ გზაზე ბოლო მოსახლეა ალექსანდრე (ტუქსი) არველაძე. იქვე ახლოს დგას შენობა, რომელიც ბაჩუკი კოპალეიშვილმა ააშენა და იქ  შპალერის საამქრო უნდა ყოფილიყო, თუმცა მას არ უმუშავია. ამ ადგილების წინ ადრე ხეხილის ბაღები იყო გაშენებული.
მეორე ქუჩის ბოლოს მარჯვენა მხარეს ფართობები იწყება, რომლის თავშიც იყო დიდი სატვირთო ავტომობილების სასწორი, იქვე ახლოს არის ჭაბურღილიც, არტეზიული ჭა, საიდანაც ხარისხიანი სასმელი წყალი დღესაც მუდმივად მოედინება თვითდინებით, რომელიც მოსახლეობას დააქვს.
მის მოპირდაპირე მხარე ყოფილი მესაქონლეობის ფერმაა. ის სულ ადრე მდინარე რიონის მახლობლად იდგა. შემდეგ კი ის 1967 წელს, დღევანდელი ფერმის ნანგრევების წინა მხარეს ააშენეს. ასევე ძველად ამ მიდამოების ახლოს ამჟამინდელი მოსახლეების ადგილას ხარების დასაბმელი ხის შენობაც ჰქონიათ აშენებული გაუწყინარის ეკლესიის დანაშალი მასალით. 1975 წლიდან კი უკვე მის წინ ახალი, ბერკეტის ფერმის შიფერით დახურული გრძელი შენობები ააგეს (2 ძირითადი შენობა), სადაც მანამდე ბაზელიკის სანერგე მეურნეობა იყო. ამ ფერმის ფართო ეზოში, რომელიც შემოღობილია მავთულბადეებით და წინ დიდი ჭიშკარი უყენია, მოწყობილი იყო წყლის ავზები, აუზი, სათანადო მილგაყვანილობა, სასილოსე ნაგებობები (ე. წ. სილოსის კოშკები), საცავები, სათავსოები და სხვა ტიპის საჭირო შენობა - ნაგებობები. ფერმას ჰქონდა ვრცელი საძოვარი. იქ სამუშაოები მეტწილად მექანიზებული იყო, რაც აადვილებდა მუშების შრომას და ზრდიდა მათი შრომის  ნაყოფიერებას, ხარისხს. ეს ობიექტი დენით თავისივე ტრანსფორმატორიდან მარაგდებოდა. ძროხები ლითონის გისოსებიან გალიებში („კლეტკებში“) იყვნენ მოთავსებულნი, მათ წინ საპირეები ჰქონდათ წყლისა და საკვების  მისაწოდებლად. საქონლის ორგანული ნარჩენები (ნაკელი) ელექტროძრავიანი სპეციალური ლენტისებური ტრანსპორტიორით (რომელიც იატაკის ღარში მოძრაობდა)  შენობის გარეთ გადიოდა, რომლითაც შემდეგ ყანების ნიადაგს ანოყიერებდნენ. აქ იყო მოწყობილი პირუტყვის საკვების გადამამუშავებელი საამქრო შესაბამისი აღჭურვილობით, ასევე მუშა - მოსამსახურეთა და სხვა ოთახები. ფერმაში ძროხებს ერთხანს ელექტროსაწველი აპარატებით წველიდნენ, მათი რაოდენობა სულ 500 სულს შეადგენდა. იქ ღებულობდნენ რძეს (ის სპეციალური ბიდონებითა და ცისტერნიანი ავტომანქანით მიჰქონდათ),  ყველს, სულგუნს, რომლებსაც ხორცთან ერთად სახელმწიფოს აბარებდნენ. თავის მხრივ  ეს ფერმა უხვად მარაგდებოდა კოლექტივში მოწეული სიმინდით, ჩალით, თივით, შემდეგნაირად ამზადებდნენ სილოსს: კომბაინებით ნედლად აღებულ, დაქუცმაცებულ ღეროიანი სიმინდის მოსავალს ჩაყრიდნენ ამოშენებულ ბეტონებს - კოშკებს შორის, დააყრიდნენ მარილს და ტრაქტორებით დატკეპნიდნენ, რაც ზამთარში პირუტყვისათვის ნოყიერი საკვები იყო. მესაქონლეობაში შესაბამისი ავტომანქანებით „ნასიპად“ მოდიოდა ქატო, მოჰქონდათ ცხოველებისათვის საჭირო პრეპარატებიც. მაშინ ადგილი ჰქონდა ცხოველებისა და ადამიანებისა ბრუცელოზით დაავადების შემთხვევებს.
გაუწყინარის მაშინდელ მეძროხეობის ფერმაში მრავალი ადამიანი მუშაობდა და იღებდნენ სათანადო გასამრჯელოს ხელფასის სახით. ბოლო დროს მუშები და მწველავები იყვნენ: ივანე ლიფარეიშვილი, ვენერა, ტარიელ და რომან სურგულაძეები, იზო ბარათელი, ნინუცა ჯანჯღავა, ვარდო თურქია და სხვები; ვეტექიმი - ნორა თუთარაშვილი, ზოოტეხნიკი - ოლეგი რატიანი, ლაბორანტი კი ციცო ხუბუა იყო. ამ ფერმის გამგეები სხვადასხვა დროს იყვნენ: გრიგოლ კორძაია, კონსტანტინე ქუნთელია, შემდეგ ევტეხი (ტუხუნა) თურქია, რომელიც გამგე იყო 1974 – 1987 წლებში. მისი სიკვდილის შემდეგ,  1987  წლიდან  მისი შვილი ზურაბ თურქია ამ ფერმის ბოლო გამგე იყო (ადრე იყვნენ სხვა გამგეებიც). კოლმეურნეობის დაშლასთან ერთად ეს ფერმაც გაუქმდა. პირუტყვი ჩააბარეს, ტექნიკა და შენობათა ნაწილი დაშალეს და გაყიდეს. ამჟამად  აქ  ერთი დიდი და ოთხამდე პატარა შენობა და წყლის ავზია შემორჩენილი. მისი საძოვრის ეზო კი ყანებად დაინაწილეს; მოგვიანებით ის ბაჩუკი კოპალეიშვილმა შეისყიდა.
ამ ყოფილი მესაქონლეობის ფერმის ეზოს იქეთა მხარეს 1987 წელს ეთერზეთების (მცენარე ბაზელიკის, რომელსაც განსაკუთრებული სუნი ჰქონდა) ქარხანა ააგეს. მის შემოღობილ ჭიშკრიან ეზოში ტრაქტორებითა და სატვირთო ავტომობილებით, ჩვენი და  სხვა სოფლებიდან მოჰქონდათ და ამუშავებდნენ ნედლ ბაზელიკს. მას ჯერ წონიდნენ წინა ეზოში მყოფ დიდ სასწორზე, ჩამბარებელს უხდიდნენ ანაზღაურებას, იბარებდნენ, ხარშავდნენ ლითონის დიდ ქვაბებში, სათბობად მაზუთს იყენებდნენ, ბოლოს მოხარშულ მასას წურავდნენ. წვენს სხვაგან აგზავნიდნენ შემდეგი გადამუშავებისათვის, ნარჩენებს კი აგროვებდნენ და შემდეგ ის ყანებში გაჰქონდათ ნიადაგის გასანოყიერებლად.
ამ ობიექტის ხელმძღვანელი მშენებლობიდანვე პირველმაისელი ჯიმშერი ჩიტია იყო, რომელიც იქ სიმაღლიდან ჩამოვარდა და შემდეგ დაიღუპა. მის შემდეგ ბაზელიკის ქარხანას მისი შვილი თეოდორე (თედო) ჩიტია ხელმძღვანელობდა. ამ ეთერზეთებმა ცოტა ხანს, მხოლოდ 3 წელს იფუნქციონერა და ბოლოს სხვა მრავალთან ერთად ისიც დაიხურა, მისი ლითონის მოწყობილობების ნაწილი მოიპარეს, უმეტესობა კი დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს. იქ ახლა მხოლოდ ეკალ - ბარდებია და მისი მიწა ბაჩუკი კოპალეიშვილს არენდით აქვს აღებული, სადაც მან ნაწილობრივ თხილები დარგო.
ყოფილი ეთერზეთების ქარხნის წინ და გვერდით ბახვაჭალის ვრცელი ყანებია. მათ ბოლოში დასავლეთ საქართველოს უდიდესი მდინარე რიონი მიედინება, ესაზღვრება, რომლის გაღმა უკვე სამტრედიის რაიონია. ამ ყანებს ჩრდილო - დასავლეთ მხარეს კუტაიწერი ესაზღვრება. ჩვენი სოფლის ყანები და ფართობები დაქსელილია დაბალი ხარისხის გრუნტიანი გზებით მაღალი გამავლობის და საჭაპანო ტრანსპორტისათვის, ასევე ველოსიპედისა და ქვეითების სამოძრაოდ.
ზუსტად არავინ იცის რამდენი წლისაა გაუწყინარი. ამის შესახებ მხოლოდ იშვიათი წერილობითი (მაგალითად იმ საფლავის ქვის წარწერა, როგორც ვთქვით ის ყველაზე ძველი წერილობითი წყაროა ჩვენი გაუწყინარის შესახებ, რაც კი სოფლის შიგნითაა აღმოჩენილი; ასევე ნახსენები 1870 წლის საჭილაოს საბლაგოჩინოს აღწერა, სადაც გაუწყინარის ეკლესიაცაა მოხსენიებული, მაშასადამე მაშინ სოფელი უკვე არსებულა და ის დღემდე მიკვლეულთაგან ყველაზე ძველი დოკუმენტია გაუწყინარის შესახებ, ერთ-ერთ ოჯახში ინახება აგრეთვე 1888 წლის ხელნაწერიც, რომელიც იოსებ სურგულაძეს (უფროსს) დაუწერია და თავისი შვილისათვის - რემანოზისათვის გადაუცია) და ასევე ზეპირი, ხნე ხალხის მიერ გადმოცემული, მათი წინაპრების ნაამბობი წყაროებიდანაა შესაძლებელი მსჯელობა, რომელთა თანახმადაც გაუწყინარი მინიმუმ რამოდენიმე საუკუნის მაინც უნდა იყოს. ასევე ჩვენი მოსაზღვრე პირველი მაისის სასაფლაოს ერთ - ერთი საფლავის ქვაზე იკითხება რუსული წარწერები და თარიღი 1865 წ. ჩვენი მეზობელი მეორე სოფლის, მაშინდელი საჭილაოს ნამწარეულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, როგორც ვნახეთ აშენდა 1870 წელს; ხოლო ამავე სოფლის მთავარანგელოზის ეკლესია კი უფრო ადრე - 1853 წელს. ამავე დროს მოხუცებულთა ნათქვამიდან (ის დაუზუსტებელია, შეიძლება ნაწილობრივ ლეგენდასავითაც იყოს) ცნობილია რომ დაახლოებით 1820 წელს დაბადებული ნიკო სურგულაძე, რომელიც გურიაში ცხოვრობდა და იქ ბატონი მოჰკლა, ვინაიდან მან გოგო გააუპატიურა (მეორე ვერსია ამ მკვლელობის მიზეზად ბატონის მიერ ქალის იძულებას მიიჩნევს, რომ მას თავისი ლეკვისათვის ძუძუ ეწოვებინა, რათა ის კარგი ძაღლი გამოსულიყო), იქედან უსაფრთხოების მიზნით გამოქცეულა და ახლანდელ გაუწყინარში დასახლებულა დღევანდელი მოსახლის, არსენა სურგულაძის ეზოს უკანა მიდამოებში დაახლოებით 1847 წელს. აქ მისი მოძებნის უფლება და საშუალება მის ბატონს არ ექნებოდა, თანაც ძებნის პერიოდი მხოლოდ გარკვეულ დროს გრძელდებოდა. ნიკო შემდეგ დაქორწინდა და მას უკავშირდება სოფელში სურგულაძეების გვარის გამრავლება. ანალოგიურ ისტორიებს ჰყვებიან სხვა გვარის წარმომადგენლებიც. ის პიროვნება ცხადია დაუსახლებელ ადგილას ვერ დაფუძნდებოდა და აქ იმ დროს მოსახლეობა ყოფილა. დასავლურ ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება კოლხეთი ძველი მსოფლიოს ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ცივილიზებული ქვეყანა იყო.  „კოლხეთი იბერიასთან ერთად შეადგენდა იმ ნიადაგს, რომელზედაც შენდებოდა ქართული ფეოდალური სახელმწიფოებრიობა“ - წერდა აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. ძველად საქართველოში ადამიანები რიცხობრივად ზოგჯერ მეტი ცხოვრობდნენ ვიდრე დღეს, მაგალითად შუა საუკუნეებში, თანაც მაშინ რა თქმა უნდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების შენობები არ შენდებოდა განსხვავებით თანამედროვე ქალაქებისა, ამის გამო დასახლებული ტერიტორიის ფართობი ამჟამინდელთან შედარებით უდაოდ მეტი იქნებოდა. ყოველივე აღნიშნულის გამო დიდია იმის ალბათობა რომ, თანამედროვე გაუწყინარის მაშინდელ ტერიტორიაზე მოსახლეობა ყოფილიყო, თანაც ეს ვაკე ადგილია შავ ზღვასთან სიახლოვით, თბილი ზამთარით, ნოტიო და თბილი ჰავითა და ნოყიერი ნიადაგით, რაც კარგ პირობებს ქმნის ადამიანის საცხოვრებლად. ასევე ძველად საქართველოში „აბრეშუმის გზა“ (ძველი წელთაღრიცხვის VI – IV საუკუნეებში, ინდოეთიდან და ჩრდილოეთიდან კასპიის ზღვამდე, შემდეგ კი კავკასიის გავლით შავ ზღვამდე და ბოლოს ევროპამდე) და სხვა გზები  გადიოდა, თანაც მეზობელ სოფელ ქვიშანჭალაში რიონზე ნაოსნობა იყო განვითარებული (ე. წ. ინდოეთის სავაჭრო გზა), იქ ნავმისადგომიც იყო და ეს ყოველივე კიდევ უფრო მეტად ამყარებს ძალიან ძველად გაუწყინარში მოსახლეობის არსებობის ვარაუდს. XIX  საუკუნის მეორე ნახევარში რიონზე თბომავალი გემები გამოჩნდა, ისინი უფრო ჩქარა დაცურავდნენ და მეტი ტვირთის გადატანაც შეეძლოთ; მათ კონკურენცია გაუწიეს ნავებს. პირველ თბომავალ გემს („პარახოდს“), როგორც კორნელი ბოროზდინი გადმოგვცემს „აკერმანი რქმევია“. მისივე ცნობით „საჭილაოს ნავებს“ (ისინი ოდიშური, მეგრული „ნიშის“ ნავების ანალოგიას წარმოადგენდნენ) თხმელის ხისაგან აკეთებდნენ, მათ ბრტყელი ძირი ჰქონდათ, რომლებიც დაცურავდნენ დაბა ორპირსა (ის ორპირს, ქვიშანჭალის ერთ - ერთ მხარეს დაბად იხსენიებს) და ფოთს შორის, ასევე ქუთაისამდე და შოროპნამდეც. ნაოსნობა მაშინ შეწყდა, როდესაც სახმელეთო, განსაკუთრებით კი სარკინიგზო ტრანსპორტი წარმოიშვა და განვითარდა. დღეს ნავებს მხოლოდ სათევზაოდ თუ იყენებენ და ისიც იშვიათად.
აბაშის რაიონის ტერიტორიაზე მდინარე რიონის სანაპიროებთან (გაუწყინარიც ხომ რიონის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს) სხვადასხვა ადგილებში საკმაოდაა ნაპოვნი ანტიკური ხანის (მაგ: კეთილარში „ნამარნუს“ ნაქალაქარი ძვ. წ. აღ - ის VIII – VII სს, ამავე პერიოდის „ნაოხვამუდ“ ნაეკლესიარად წოდებული პატარა გორანამოსახლარი სოფელ გულეკარის მიდამოებში, ნაესაკოვოს თემში „შუაქალაქის“ ნივთების ფრაგმენტები ძვ. წ. აღ - ის V ს. იქვე ასევე გზაჯვარედინიც იყო, სეფიეთის ეკლესია ახ. წ. აღ - ის V ს, ტყვირი არსებობდა ახ. წ. აღ - ის VII – VIII სს.) და შუა საუკუნეების (სოფელ ძველი აბაშის მიდამოებში, ნასოფლარ კადარის დასახლება XIV ს. წყემის ჩამოყალიბება  XIV ს. თანამედროვე აბაშის ტერიტორიაზე მჭიდრო, კომპაქტური დასახლების წარმოშობა XVIII საუკუნის მეორე ნახევარი და სხვა) დროინდელი ნივთები, ეკლესიები და დასახლებები, თანაც ქართველ ისტორიკოსთა მოსაზრებით ჭილაძეთა დინასტია არა უგვიანეს XII საუკუნიდან იღებს სათავეს უფრო ადრე თუ არა (ასევე როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ვახუშტი ბატონიშვილის მიერ საქართველოს სამეფოს აღწერაში, რომელიც VIII საუკუნემდე პერიოდს ეხება, მოხსენიებულია საჭილაოც); XIV - XVI საუკუნეებში კი ეს დინასტია გაძლიერებულა და მისი საცხოვრისი პუნქტი, საფეოდალოს ცენტრი ტყვირი იყო, დღევანდელ პირველ მაისს მაშინ ასევე საჭილაო ერქვა და იმ საფეოდალოში შედიოდა. XVI საუკუნის შემდეგ ჭილაძეებმა ნელ - ნელა დაკარგეს თავიანთი სამფლობელოები და XVIII საუკუნისათვის მათ მხოლოდ საჭილაო (პირველი მაისი) და კიდევ ტყვირი, მარანი, ქოლობანი და გულეკარი (მათ გულეკარში ყველაზე გვიანობამდე, XX საუკუნის დასაწყისამდე გაძლეს) შემორჩათ, ამ ყოველივეს შესახებ ჩვენ ზემოთ უკვე ვწერდით.
ჩვენი მომიჯნავე და მეზობელი სოფლების იმ დროსაც არსებობა, თანაც საკმაოდ ძლიერი სახით, მნიშვნელოვნად ზრდის მაშინდელ გაუწყინარში დასახლებების არსებობის შესაძლებლობას და თუ ეს მართლა ასეა, მაშინ გაუწყინარი სავარაუდოდ 400 წლის ან უფრო მეტი ასაკის უნდა იყოს. ჩვენთან არქეოლოგიური გათხრები და რაიმე სახის ისტორიული კვლევა - ძიება არ ჩატარებულა. ინტერნეტში საძიებო სისტემები ჩვენს სოფელზე სკოლის, საბავშვო ბაღის, სტატისტიკის დეპარტამენტისა და სხვა სახის საიტების მონაცემებს პოულობენ, აბაშის არქივში კი ყოფილი კოლმეურნეობის ძველი საბუთები ინახება, ასევე თვით სოფელშიც (მაგალითად სკოლაში) და მის გარეთაც კერძო ოჯახებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში შემორჩენილია მეტ - ნაკლებად საინტერესო ძველი დოკუმენტები, ნაწერები, საბუთები, ფოტოები, აუდიო და ვიდეო მასალები, საგნები და ზეპირი გადმოცემები. რაც შეეხება ვიდეომასალას, მათგან ერთ - ერთი ყველაზე ძველი, 1991 წელს გადაღებული იყო ნინო მგელაძისა და ზურაბ ციხეთათრიშვილის დაბრუნებითი ქორწილის კასეტა, მასში ბევრი ისეთი ადამიანი იყო კადრში მოხვედრილი, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან და მათი სხვა ვიდეოჩანაწერები არ არსებობს, ვინაიდან მათ დროს ვიდეოკამერებიანი  გადამღებები ქორწილშიაც კი არ მოჰყავდნენ და საერთოდ მაშინ ვიდეოგადაღება დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ეს ნახსენები კასეტა (ქორწილის რამოდენიმე დღის)  რომელიც ფაქტობრივად სოფლის რელიქვიას წარმოადგენდა, ამ ოჯახის უფროსმა კაცმა, დედოფლის მამამ ჯემალი მგელაძემ გადააღებინა თბილისის სტუდიიდან მოყვანილ თავის მეგობრებს, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ. სამწუხაროდ ეს ჩანაწერიანი კასეტა ერთ - ერთი განათხოვრების დროს დაიკარგა, თანაც მისი ასლი არ არსებობდა.
გაუწყინარზე მუდამ აისახებოდა მთელს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. XVI  საუკუნეში და სხვა პერიოდებშიც საქართველოს მთელი მოსახლეობა ფეოდალებად და გლეხებად იყოფოდა, თავის მხრივ ფეოდალები აზნაურებად და თავადებად იწოდებოდნენ. არსებობდნენ 3 კატეგორიის თავადები: დიდებული, საშუალო და მცირე თავადები. დიდებული თავადების (რომლებიც მცირე რაოდენობით იყვნენ) რიცხვს მიეკუთვნებოდა სამეგრელოში ჭილაძეებიც (ჭილაიებიც); ასევე 3 კატეგორიად იყოფოდნენ აზნაურებიც. რაც შეეხება გლეხებს, მათ კლასს ძირითადად მებეგრე - მეყალნეები წარმოადგენდნენ, მათ გადასახადის გადახდა და მუშაობა (ბეგარა) ევალებოდათ, ისინიც შესაძლებლობების მიხედვით 4 ჯგუფად იყოფოდნენ. გაბატონებული კლასი ყველანაირად ცდილობდა თავისი გლეხების შენარჩუნებას და მათ ექსპლუატაციას უწევდა. გარკვეული წესები და იერარქია არსებობდა ეკლესიაშიც. XVI საუკუნის ბოლოსათვის გაღრმავდა ქვეყნის დაშლის პროცესი. ამ დროს სამეგრელოს საზღვარი იმერეთთან, მდინარე ცხენისწყალთან გადიოდა, გურიისგან კი მას რიონი ჰყოფდა. საქართველოს პოლიტიკურმა დაქუცმაცებულობამ და მეფის ცენტრალიზებული ხელისუფლების დასუსტებამ ხელი შეუწყო ცალკეულ მსხვილ ფეოდალთა განკერძოებას. XV საუკუნიდან ძველი საერისთავოების საფუძველზე ჩამოყალიბებას იწყებს საფეოდალოები ანუ სათავადოები, რომლებიც შეუვალ მამულს წარმოადგენდნენ და მისი მფლობელები ფაქტობრივად პატარა მეფეები იყვნენ, ეს კი შეუძლებელს ხდიდა ქვეყნის გაერთიანებას. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა ჭილაძეთა სამფლობელო და დინასტია.
ძველად მიწები მდიდრებს ეკუთვნოდათ, სადც გლეხებს ამუშავებდნენ და მოსავლის დიდ ნაწილს თვითონ იბარებდნენ. ჩვენთან და მახლობელ ადგილებში წარჩინებული სოციალური ფენა ჭილაიები, შემდეგ კი კორძაიები იყვნენ. რამდენადაც ცნობილია პირველად ქალაქ სამტრედიის აშენებას პირველი  მაის - ქვიშანჭალის მხარეს გეგმავდნენ, მაგრამ კორძაიები ამის წინააღმდეგ წავიდნენ, მიწებს ჩამოგვართმევენო და მათ სამტრედიის მშენებლობის ადგილის შესაცვლელად გუბერნატორს ქრთამი, ფული თუ ოქრო მიუტანეს, რამაც გაჭრა კიდეც და სამტრედია დღევანდელ ადგილას ააშენეს.
XVIII საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს სამთავროთა შორის ყველაზე ძლიერი სამეგრელო იყო, რომლის შემადგენლობაში ლეჩხუმი და ქვემო სვანეთიც შედიოდა. ასევე მისი ვასალი იყო სამურზაყანოს მთავარი შერვაშიძეც. მეფის რუსეთში, რომლის იმპერიის ნაწილი მაშინ საქართველო იყო, არსებული ბატონყმობის დროს ჩვენი სოფელიც იგივე ცხოვრებით ცხოვრობდა. 1801 წელს რუსეთის იმპერიამ მისი იმპერატორის პავლე I - ის მანიფესტის ძალით ქართლ - კახეთის სამეფო (აღმოსავლეთ საქართველო) დაიპყრო, 1803 წელს კი სამეგრელოც რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა, მისმა მთავარმა გრიგოლ დადიანმა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I - ის ერთგულების ფიცი დადო. რუსეთმა საქართველოში და მის რეგიონებში თავისთვის სასურველი ხელისუფლება დააყენა. XIX საუკუნის დამდეგისათვის დასავლეთ საქართველო განუწყვეტლივ საგარეო თუ საშინაო ომების გამო გაჩანაგების პირზე იყო მისული, ამ დროს სამეგრელოში 75000 კაცი ცხოვრობდა. 1857 წელს სამეგრელოს სამთავრო რუსეთის მიერ ფაქტობრივად გაუქმდა, 1867 წლამდე სამეგრელოს მმართველი ისევ ნიკოლოზ (ნიკო) დადიანის სახელით განაგებდა. შემდეგ მან რუსეთის ხელისუფლების წინადადებით ნებაყოფლობით თქვა უარი სამეგრელს მთავრის უფლებებზე და ამრიგად ამ წელს სამეგრელოს სამთავრო იურიდიულადაც გაუქმდა. მისი ტერიტორია ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრების სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა  1840  წელს, მანამდე არსებული ქუთაისის ოლქი ქუთაისის მაზრამ შეცვალა, 1846 წლის 14 დეკემბერს კი საქართველოს ტერიტორიაზე რუსებმა ორი დამოუკიდებელი ერთეული, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები შექმნეს. XIX საუკუნის შუა ხანებისათვის რუსეთში ფეოდალურ - ბატონყმური სისტემა მთელი რიგი მიზეზების გამო ღრმა კრიზისში შევიდა და ამიტომ მისმა იმპერატორმა ალექსანდრე II - მ ბატონყმობა გაუქმებულად გამოაცხადა. სამეგრელოში ბატონყმობა 1867 წლის დამდეგისათვის გადავარდა, რასაც მთელი რიგი ნაკლოვანებების მიუხედავად მაინც პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა, მან ხელი შეუწყო ბურჟუაზიულ  ურთიერთობათა დამკვიდრებას და ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ წინსვლას. 1865 წლის დებულებით საქართველოში შემოღებულ იქნა სოფლის მმართველობის ახალი სისტემა. სოფლის მმართველობა  განაგებდა სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმეებს. ეს იყო დაწესებულება მხოლოდ გლეხთა წოდებისათვის, სოფლის მოსახლეობის სხვა ფენები (თავადაზნაურობა, ვაჭრები, სამღვდელოება და ა. შ.) მის საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებდა. ამ დებულების მიხედვით სოფლის საზოგადოება აერთიანებდა ერთ დიდ ან რამოდენიმე პატარა სოფელს. სოფლის მმართველობის უმაღლეს განმკარგულებელ ორგანოს წარმოადგენდა სოფლის ყრილობა, რომლის მუშაობაში მონაწილეობის უფლება ყოველი სასოფლო კომლის უფროსს გააჩნდა. სოფლის აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენდა სოფლის ყრილობის მიერ არჩეული მამასახლისი, მისი მოადგილე (ნაცვალი) და გადასახადების ამკრეფი. სოფლის ყრილობის მიერ არჩეულ მამასახლისს გუბერნატორი ამტკიცებდა. გუბერნატორს მამასახლისის გადაყენებაც შეეძლო. სოფლის ყრილობა ირჩევდა სოფლის მოსამართლესაც. ამ უკანასკნელს შეეძლო გლეხთა სამოქალაქო საქმეების გარჩევა 100 მანეთის ღირებულების ფარგლებში, სოფლის სასამართლოს უფლება არ ჰქონდა განეხილა სისხლის სამართლის საქმეები. ასევე ქვეყანაში განხორციელდა სამოქალაქო მმართველობისა და სასამართლო რეფორმებიც. ყოველივე ამას მიუხედავად შეზღუდული ხასიათისა, მაინც პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა.  ჩვენი და მახლობელი სოფელ - დასახლებების ცენტრი იმ დროს სავარაუდოდ მარანში იყო. 1918 წლის 26 მაისს, 5 საათსა და 10 წუთზე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომელმაც 1921 წლის 25 თებერვლამდე გაძლო, ამის შემდეგ ქვეყანა რუსმა ბოლშევიკებმა სამხედრო ძალით დაიპყრეს. ამ დროს ჩვენი სოფლის მახლობელ საჯავახოში, რიონგაღმა ბოლშევიკები იდგნენ, აქეთა მხარეს კი - მენშევიკები  (საქართველოს პირველი დემოკრატიული, დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას მომხრეები), ადგილი ჰქონდა მათ დაპირისპირებას. ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს, ნოე ჟორდანია თავისი მომხრეებით ბათუმიდან გემით უცხოეთში გაიხიზნა და საქართველო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში (სსრკ) სხვა რესპუბლიკებთან ერთად მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით ძალით შეიყვანეს, სსრკ (მასში 15 მოკავშირე რესპუბლიკა შედიოდა) მეტწილად იმპერიული ხასიათის დესპოტური სახელმწიფო იყო, რომელმაც მრავალი უბედურება დაატეხა თავს მასში შემავალ რესპუბლიკებსა და ხალხებს, მათ შორის ჩვენც. გაუწყინარის ზოგიერთი მოსახლის სახლში რამოდენიმე ჯარისკაცისაგან შემდგარი ჯგუფები დააყენეს. კომუნისტებმა აქაც განახორციელეს „გაკულაკება“ - შეძლებული გლეხობისათვის საკუთრების (ხარები, მიწა, მიწის დასამუშავებელი საშუალებები) ძალით ჩამორთმევა, რამაც სოფლად  პრობლემები წარმოშვა;  მათ შეუტიეს მენშევიკებსაც. ჩვეული საბჭოთა რეპრესიები ჩვენს სოფელსაც შეეხო: დაიჭირეს და დასაჯეს უდანაშაულო პიროვნებები, იყო დასმენები და სხვადასხვაგვარი ბოროტებანი, ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევები. მათში თანამონაწილეთა სახელები დღემდე მწარე მოგონებადაა შემორჩენილი ხალხის მეხსიერებაში.
30 - იან წლებში ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა, რომელიც თავდაპირველად სუსტი იყო, შემდეგ კი სოფლის მთავარ ძალად იქცა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ დაახლოებით 1936 წელს დანგრეულ იქნა გაუწყინარის სასაფლაოზე მდგარი ხის ეკლესია. კომუნისტური ხელისუფლება თვითონაც ათეისტური იყო და ხალხსაც ურწმუნოებისაკენ უბიძგებდა, ამ მხრივ მათ წარმატებებს მიაღწიეს. სკოლაში ბავშვებს უკრძალავდნენ ყოველივე რელიგიური წესების შესრულებას და მათში მონაწილეობას. აღდგომის მომდევნო დღეებში მოსწავლეებს სკოლაში ხელებს უმოწმებდნენ წითელი კვერცხის საღებავის კვალი ხომ არ ემჩნეოდათ. ხალხს უკრძალავდნენ ლოცვას, რელიგიურ რიტუალებს, ჯვრების, ხატებისა და სიწმინდეების ტარებასა და სახლში ქონას. ყოველივე ამის შედეგად ადამიანების დიდი ნაწილი დაშორდა ღმერთს, თუმცა შინ ხატებისა და ჯვრების ქონა, ლოცვა, პირჯვარის გადაწერა, სანთლების ანთება, ჩუმად ნათლობა, სახეშეცვლილი ფორმით საკურთხის გაკეთება, იშვიათად ეკლესიაში სიარულიც (რომელიც იმ დროს დიდი იშვიათობა იყო) მაინც შემორჩა მოსახლეთა მცირე ნაწილში;  თუმცა მაშინაც და ნაწილობრივ დღესაც რელიგიური წესების ნაწილს ხალხი არასწორად და თვითნებურად ასრულებს.
1941 წელს, როდესაც გერმანია - საბჭოთა კავშირის ომი დაიწყო, რომელსაც დიდ სამამულო ომს უწოდებდნენ, გაუწყინარიდან მრავალი ახალგაზრდა მამაკაცი გაიწვიეს ფრონტზე. მექი, ივანე, ვარლამ, ალექსანდრე და მიხეილ სურგულაძეები, პროკოფი შუბლაძე, ვლადიმერ, ხუტა (ის ჰოლანდიაში, ტექსელის კუნძულზეც იბრძოდა), კონსტანტინე, ჭიჭიკო და მიხეილ თურქიები, აკაკი ჯანჯღავა, ტერენტი არევაზოვი, გიორგი, შოთა და ბარნაბ გოგიშვილები, კოწია გოთოშია, აკაკი არველაძე, ივანე ბაახია, შალიკო კეკელიძე და მრავალი სხვა ჩვენი თანასოფლელი ფრონტის სხვადასხვა უბანზე მამაცურად იბრძოდნენ, სადაც ზოგიერთი დაიღუპა, დაიჭრა, ზოგი უგზო - უკვლოდ დაიკარგა, უკან აღარ დაბრუნებულა (ანუ შინმოუსვლელია). მეომრები ომიდან წერილებსაც წერდნენ თავიანთ ოჯახებს. ეს ომი უარყოფითად აისახა ყოველივეზე: ქვეყანაში დამძიმდა სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა, მრავალი ბავშვი დაობლდა მამისგან და მათი დედები დაქვრივდა, ოჯახები მარჩენელი მამაკაცების გარეშე დარჩნენ, რომელთა შრომც მძიმე ტვირთად დააწვათ შინ დარჩენილ ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. იმ ომის მონაწილეებიდან დღეს თითო - ოროლაა შემორჩენილი (ივანე არველაძე, შოთა გოგიშვილი, ვალიკო ფირცხალავა). მას შემდეგ რაც საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება დაიწყო (თუმცა ამ მხრივ ბევრი პრობლემა გაჩნდა), ბევრი შეხედულება და ღირებულება გადაისინჯა და გადაფასდა. დღეს ადამიანები ზოგჯერ სვამენ კითხვას თუ რამდენად გამართლებული და აუცილებელი იყო ქართველი ხალხის ასეთი თავგანწირვა იმ ომში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არ წარმოებდა და თან ღირდა თუ არა იმ  უზარმაზარი სსრკ - ის ასეთი გმირული თავგამეტებით დაცვა პატარა საქართველოს მიერ, იმ იმპერიისა რომელმაც თვითონ დაგვიპყრო 1921 წელს;  მანამდე კი მან მეფის რუსეთის („ცარიზმის“) იმპერიის სახით 1801 წელს წაგვართვა სუვერენიტეტი და ამდენი უბედურება დამართა ჩვენს ქვეყანას?! წინამდებარე ნაშრომი არ წარმოადგენს ვინმეს, მათ შორის ავტორის პოზიციის გამოხატვის საშუალებას, მაგრამ უდავოა შემდეგი: ამ კითხვაში არის შინაგანი ლოგიკა, მაგრამ ყოველი ფაქტი და მოვლენა უნდა შეფასდეს ისტორიული მიდგომით.  საბჭოთა კავშირის ოცწლიანი ღონისძიებებითა და პროპაგანდით ქვეყანა ერთ მუშტად იყო შეკრული, მასში შემავალი ყველა ერი ნებით თუ უნებლიედ „ერთიანი საბჭოთა ოჯახის“ განუყოფელ ნაწილად თვლიდა თავს და როდესაც ომი დაიწყო ისინი უმალ გაეშურნენ იქ. ჯერ ერთი იმ ომში თუ საბჭოთა კავშირი დამარცხდებოდა და გერმანია გაიმარჯვებდა თავისი მოკავშირეებით, მაშინ არც საქართველოს დაადგებოდა კარგი დღე, მით უმეტეს რომ ფაშისტები ერთნაირად ჟლეტდნენ რუსებსაც, ქართველებსაც და სხვა ეროვნების ადამიანებსაც. ჰიტლერის გეგმებში საქართველოც დასაპყრობად იყო გამიზნული, რაც ცხადია კარგს არაფერს გვიქადდა და ამიტომ მაშინ ქართველები საქართველოსაც იცავდნენ; მეორე, ჩვენი ქვეყანა იმ დროს დამოუკიდებელი არ იყო და მას კრემლიდან რასაც უბრძანებდნენ, მას ვერ გადაუხვევდნენ. ვინმე კიდევაც რომ დამალულიყო და ბრძოლაში არ წასულიყო, ეს ნამდვილად არ იქნებოდა მისასალმებელი საქციელი და ბოლოს, ომის წლებში საქართველო რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო, ის აუცილებლად ანტიფაშისტურ მიმართულებას დაიკავებდა, მით უმეტეს რომ ამ ბლოკში გაერთიანდნენ დაპირისპირებული ქვეყნები (სსრკ და აშშ). ასე რომ მიუხედავად წინანდელი დაპყრობებისა და უბედურებებისა, რაც რუსებმა დაგვმართეს ჩვენ, ქართველ, მათ შორის ჩვენ თანასოფლელ მებრძოლთა და ზურგში დარჩენილთა ღვაწლი და ამაგი უდაოდ დასაფასებელია და არა საყვედურის ღირსი. უფრო გვიან, გასული საუკუნის 80 - იან წლებში გაუწყინარის ახალგაზრდობის მაშინდელ საბჭოთა არმიის რიგებში გაწვეული რამოდენიმე ახალგაზრდა მათგანი (ბესარიონ თურქია, ჯამბული ფირცხალავა) ავღანეთის ომში წაიყვანეს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი ქართული ჯარი შეიქმნა და ახალწვეულები აქ გადიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
სოფელში კოლმეურნეთა მრავალ ოჯახს სახლში „ჩელტებზე და ლასტებზე“ ეჯდათ აბრეშუმი, რომელსაც თუთის ფოთლებით კვებავდნენ. ბოლოს კი როდესაც აბრეშუმის ჭია პარკს ამოახვევდა, ადამიანები მათ გაასუფთავებდნენ, დაახარისხებდნენ და ჩააბარებდნენ ფულადი ანაზღაურების მისაღებად. ადრე მეაბრეშუმეობას მარნელი ნასტია ხელმძღვანელობდა, შემდეგ - ირმა თოდუას დედა ჩიტო თოდუა. მაშინ მოსახლეთა ნაწილი დაფნის ფოთოლსა და ხურმასაც აბარებდა,  ხურმასა და კარალიოკს ახლაც ყიდიან.
საბჭოთა წყობილების დროს და დამოუკიდებლობის საწყის წლებშიც სხვა მანკიერებებთან ერთად ასევე გავრცელებული იყო მექრთამეობა. განსაკუთრებით ამ მხრივ საგზაო მილიცია (მას პოლიცია, პატრული დამოუკიდებლობის წლებიდან დაერქვა) გამოირჩეოდა, რომლებიც უამრავ ავტომობილის მძღოლს სძალავდნენ ფულს. არც სხვა სახის მილიციაში, სახელმწიფო, სამხედრო და სასამართლო ორგანოებში იყო უკეთესი მდგომარეობა, იქაც თანხითა და ნაცნობობით ხდებოდა „საქმის ჩაწყობა“.  უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე და სწავლის დროს ლექტორ - მასწავლებლებს (ასევე ზოგჯერ სკოლის პედაგოგებსაც) ხშირად აძლევდნენ ქრთამს: ფულს, საჩუქრებს, პურ - მარილსა და ა. შ.). მაღაზიები თვითნებურად უმატებდნენ ფასებს პროდუქციაზე, იქ მყიდველის მიერ ხურდის მოთხოვნა სათაკილო საქმედ ითვლებოდა. ამ კორუფციამ ჩვენი თანასოფლელებიც  დააზარალა, თუმცა ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს რომ ასეთი სიტუაციით ბევრი გაუწყინარელიც სარგებლობდა კიდეც. ეს ყოველივე ბოლო წლებში მნიშვნელოვანწილად გამოსწორდა, მიუხედავად ამავე პერიოდში წარმოშობილი სხვა სიძნელეებისა.
90 - იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა (1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე ეროვნულ - განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ  ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანაში რეფორმები დაიწყო და მან კურსი დასავლეთისაკენ, ევროპული ღირებულებებისაკენ აიღო) და 1991 წლის დეკემბერში სსრკ დაიშალა, ჩვენს სოფელშიც თავი იჩინა მრავალმა სიძნელემ, განსაკუთრებით კი გამსახურდიას შეიარაღებული გზით გადაყენებისა და ქვეყნის სათავეში ედუარდ შევარდნაძის მოსვლის შემდეგ დაიწყო მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ქალაქებში სურსათი ტალონებზე გაიცემოდა და მაღაზიებთან დიდი რიგები იდგა, სოფლადაც სურსათისა და ყველანაირი საქონლის დეფიციტი იყო. აყვავდა კორუფცია, მაფია, ძნელდებოდა და დამახინჯებულ ფორმას იღებდა ბიზნესისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარება, მოხდა ფულის ინფლაცია (ფული „გაბოლდა“), ძველი რუსული მანეთი („რუბლი“, მისი ხურდა კაპიკი იყო, ასევე 10 მანეთიანს თუმანი ერქვა, 5 კაპიკიან მონეტას - შაური, ხოლო 20 კაპიკიანი აბაზი იყო; ეს მანეთი 60 - იანი წლების დასაწყისში, ნიკიტა ხრუშჩოვის (სსრკ - ის ცეკას მდივანი) დროს შემოვიდა მიმოქცევაში, მან შეცვალა მანამდე არსებული, 1947 წელს შემოღებული ძველი მანეთი, რომელიც ახალთან შედარებით 10 - ჯერ ნაკლები კურსისა იყო) ამ დროს (რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის მმართველობის პერიოდში) ახლით შეიცვალა. მაშინ ბანკებში ბევრ მოსახლეს ჰქონდა ანაბრები გახსნილი ანუ გაპროცენტებული ფული, რომლებიც ბანკებმა უკან ვეღარ გასცეს და იქვე დარჩათ, თანაც ცოტათი ადრე გამოაცხადეს რომ ვინც ბანკებში თანხას შეიტანდა (მაშინ მხოლოდ ერთი სახელმწიფო ბანკი არსებობდა და არა კერძო ბანკები) მათ მას გაუორმაგებდნენ, ამის გამო სალაროებთან რიგები დადგა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და ის დიდძალი ფულები ხალხმა დაკარგა. მოგვიანებით დამოუკიდებელმა საქართველომ საკუთარი დროებითი ფულის ერთეული - კუპონები (მას ხურდა არ ჰქონდა) შემოიღო, თუმცა მასთან ერთად რუსული მანეთიც და ამერიკული დოლარიც იყო მიმოქცევაში. კუპონები მალე ძალიან გაუფასურდა, პროდუქცია ზოგჯერ რამოდენიმე მილიონი კუპონი ღირდა და მასზე ბევრი რამ არ იყიდებოდა; ეს დროებითი ვალუტა 1995 წელს შეიცვალა ქართული ეროვნული ვალუტით - ლარით, მისი ხურდაა თეთრი. ამან სიტუაცია შედარებით დაასტაბილურა, დღეს სწორედ ეს ვალუტაა მიმოქცევაში (შემდეგ გამოუშვეს ლარისა და თეთრის ზოგიერთი ახალი კუპიურა და მონეტა).  თავიდან 1,3 ლარი 1 დოლარის ექვივალენტი იყო, დღეს კი ამ ვალუტის კურსია 1,75 ლარი - 1 დოლარი, ხოლო მცირე ხნის წინ ევროპაში შემოღებული 1 ევრო 2,4 ლარი ღირს; უცხოური ვალუტა დღეს იშვიათად გამოიყენება. მაშინ, როდესაც სურსათისა და სხვა პროდუქტების კრიზისი და სიძვირე იყო, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მიმდინარეობდა ომები (რუსეთი შემოიჭრა მათ დასაპყრობად),  სადაც იბრძოდა ჩვენი თანასოფლელი გია სტურუა; ქვეყანაში გაჩნდა ლტოლვილები. ჩვენთანაც ჩამოესახლა რამოდენიმე დევნილი ოჯახი, მაგალითად: ბორია თურქია, გურამ ქარჩავა, რაჟდენ გიორხელიძე, შოთა გოგიშვილი; ასევე იყო რამოდენიმე სამოქალაქო ომიც. ისედაც მცირე პენსიები და იშვიათი ხელფასები თვეობით არ გაიცემოდა, მძიმე იყო კრიმინოგენული ვითარება, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა მოსახლეობის, პირუტყვისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ძარცვა - დაყაჩაღებას, ადამიანთა დაშავებას. რამოდენიმე გაუწყინარელი დაიჭირეს და დააპატიმრეს. ერთხანს სოფლის მამაკაცები მორიგეობით ორ - ორ წყვილად მთელი ღამის განმავლობაში სანადირო თოფებით ქუჩებსა და სოფლის შემოსასვლელებს იცავდნენ. სუფევდა სისტემატური უშუქობა, როდესაც დენი მრავალი დღისა და კვირის განმავლობაში საერთოდ არ მოდიოდა. ამ დროს ღამით განათებისათვის ლამპას, ჭრაქს, სანთელს, ფარანს, მანქანის აკუმულატორსა და გენერატორს („დვიჟოკს“) იყენებდნენ. იშვიათად  შუქი მცირე ხნით გვიან ღამით ჩაირთვებოდა და გამოღვიძებული ხალხი მაშინ რეცხავდა სარეცხს, აუთოებდა, ამუშავებდა წყალსაქაჩ ტუმბოებს, მიდიოდა წისქვილში (რომელსაც ერთხანს ვიტალი რურუას ტრაქტორითაც ამუშავებდნენ) და ასრულებდნენ ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს. ამ და სხვა ფაქტორებმა იმხანად ძალიან გაართულა სოფლად ყოფა - ცხოვრება.
უდენობის წლებში ტელევიზიით გადიოდა რამოდენიმე ტელესერიალი, მაგალითად მექსიკური სერიალი „ველური გული“ და ვენესუელური სერიალი „კასანდრა“, ამ დროს ხალხი (ზოგიერთი მათგანი მეორე ქუჩიდანაც მოდიოდა) ანზორი გოთოშიასა და ზოგიერთ სხვა ოჯახში, ასევე ბირჟაზე და მაშინდელ ახალი  საწყობის შენობაში იკრიბებოდა, რომელთაც ბენზინზე მომუშავე ელექტროგენერატორი ან აკუმულატორის ტელევიზორი ჰქონდათ და დიდი ინტერესით უცქეროდნენ მას და საინფორმაციო, სპორტულ თუ სხვა გადაცემებს, რომლებიც მაშინ იშვიათ გასართობ თუ შემეცნებით საშუალებას წარმოადგენდა.
საქართველოს საბჭოთა კავშირში ყოფნას გარდა უარყოფითი ფაქტორებისა, მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენებიც ახლდა თან: ამ დროს გავრცელებული იყო სახელმწიფო საკუთრება, სახელმწიფო დიდად ზრუნავდა მოსახლეობის დასაქმებაზე, სათანადო ანაზღაურებაზე და საერთოდ ცხოვრების კეთილმოწყობაზე. ხალხს მაღალი ხელფასები და პენსიები ჰქონდა, ყველა მუშაობდა, არ შეიძლებოდა შრომისუნარიან ადამიანს არსად არ ემუშავა, რასაც აკონტროლებდნენ. მაშინ არსებობდა ობლიგაციები, რომლებიც გაანაღდეს; ასევე ქალები ხშირად თამაშობდნენ და დღესაც თამაშობენ „ლატარეას“, დაბალი იყო ფასები. საკვები, ტანსაცმელი, მრავალგვარი პროდუქცია თითქმის მხოლოდ ადგილობრივი, სსრკ - ის (სამამულო) წარმოების იყო. იმპორტულ, უცხოეთიდან ჩამოტანილი საქონლის ყიდვას ძნელად თუ მოახერხებდნენ სადმე, მაგალითად ებრაელებთან, „დახლქვეშ“ და სხვა. დღეს კი პროდუქციის დიდი უმრავლესობა იმპორტული და ხშირად ნაკლები ხარისხისაა. საბჭოთა დროს ასევე წამლები, საწვავი (ბენზინი, ნავთი, დიზელი („სალიარკა“)) და ფაქტობრივად ყველაფერი ხარისხიანი და იაფი იყო. უფასოდ ღებულობდნენ ყველა საფეხურის განათლებას და ექიმთან ვიზიტი, საავადმყოფოში მკურნალობა გადასახადის გარეშე შეიძლებოდა, თუმცა პაციენტები თავიანთ მკურნალებს ხშირად მაინც ჩუქნიდნენ ფულს მეტი ყურადღების მიქცევის მიზნით, დამყარებული იყო წესრიგი; მაშინ საერთოდ ძლიერი იყო ქვეყნის ეკონომიკა.
სწორედ იმ პერიოდში აშენდა მოსახლეთა სახლები, ორგანიზაციები, ჩამოყალიბდა სათანადო წესრიგი, კულტურა და საერთოდ ცხოვრების წესი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უმეტეს შემთხვევაში მიწაზე და სახელმწიფო ობიექტებზე კერძო საკუთრება წარმოიშვა, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად მძიმე სიტუაცია შექმნა. ერთ დროს გამართულად მომუშავე საწარმოო ობიექტებისა და კოლმეურნეობის გაჩანაგებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დატოვა, ნაწილი კი სოფლიდან ქალაქებსა და უცხოეთში - ევროპის ქვეყნებში, უმთავრესად თურქეთსა და საბერძნეთში წავიდა და იქ იშოვა სარჩო - საბადებლის წყარო იქაური ბავშვების ძიძად და მოხუცებულთა მომვლელად მუშაობის გზით. ეს ემიგრანტები საქართველოში თავიანთ ოჯახებსა და ახლობლებს თანხას უგზავნიან საბანკო გადმორიცხვის გზით  და  „პასილიკასაც“ აწვდიან. ადგილზე დარჩენილთა ნაწილი თვითდასაქმებულია ძირითადად  საკუთარ ნაკვეთებში და საოჯახო მცირე მესაქონლეობასა თუ მეფრინველეობაში, სადაც აწარმოებენ ყველს, რძეს, კვერცხს, ხორცს, ასევე სიმინდს, სოიოს, ლობიოს, საზამთროს, ნესვს, პილპილსა და სხვა პროდუქტებს, რომლებსაც ყიდიან ადგილზე ან სამტრედიის, აბაშისა თუ სხვა ბაზრებზე, აღებული თანხით ყიდულობენ ოჯახისათვის საჭირო პროდუქტებს, ნივთებს თუ სხვა აუცილებლობებს. ზოგ მოსახლეს მიწა დაუმუშავებელი რჩება (მიწა „ცდება“), რომლებზეც თხმელები და კვატაციები მოედო. მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილი ახერხებს სამსახურის შოვნას. ასევე გავრცელდა შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჩაბარებაც, რომლისთვისაც ზოგჯერ ავტომანქანაც  ჩამოივლის. გაუწყინარში რამოდენიმე მოსახლეს (საჩინო და ნუკრი სურგულაძეები, ზურაბ გოთოშია, ნუგზარ ბერიძე, თენგიზ ლოლუა, ჯამბულ სტურუა და სხვები) აქვს მცირე ზომის მეფრინველეობის საწარმოები - საწიწილეები, წიწილების გამოსაზრდელი ოთახი თუ ცალკე შენობა (ისინი ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნედ მოქმედებენ), წიწილებსა და მოზარდ ქათმებს ყიდიან და მოგებას ნახულობენ. ნაზიკო ხაბეიშვილს მცირე ხანს ოჯახში ინკუბატორიც ჰქონდა, მას დენის გამორთვის დროს გენერატორით ამუშავებდნენ.
90 - იანი წლების შუა პერიოდამდე ასაკოვანი ხალხი პენსიას ღებულობდა მამაკაცები 60 წლის, ქალები 55 წლის შემდეგ, ამ დროის მერე საპენსიო ასაკმა ორივესთვის 5 წლით მოიმატა. დღეს ასაკით პენსია 25 წლის სამუშაო სტაჟის ზემოთ 90 ლარს შეადგენს (ადრე პენსია ნაკლები იყო), უფრო დაბალი სტაჟის მქონეების, ასევე ინვალიდებისა და ზოგიერთი სხვა კატეგორიის (მარჩენალდაკარგულები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების შემწეობები) პენსია თუ დახმარება შედარებით ნაკლებია; ამავე დროს სამამულო და ავღანეთის ომების მონაწილეების, ვეტერან მილიციელთა და სხვა ძალოვან სამსახურებში ნამუშევარ ადამიანთა პენსიები უფრო მეტია. ძველად პენსიებს სოფელში კარდაკარ, ჭიშკართან ჩამოატარებდნენ უმთავრესად ფოსტალიონები (ლეოინდე გოთოშია, ჟუჟუნა შუბლაძე, ნაზიკო ნინუა და სხვები, შემდეგ მას დღემდე პირველი მაისის საკრებულოს (ყოფილი საბჭოს) შენობაში არიგებს პირველმაისელი ლამარა მაჩიტაძე - გოგიშვილი, ახლახანს შემოიღეს პენსიონრების პლასტიკური ბარათები.
ძველი ეკონომიკის განადგურებამ და ახლის არ არსებობამ ქალაქის ზოგიერთი მაცხოვრებელი სოფელში ჩამოიყვანა, თუმცა პირიქითა მიგრაციასაც ჰქონდა ადგილი.
დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა სახის არჩევნებისა და რეფერენდუმის უბანი ჩვენს  სოფელში ჯერ გაუწყინარის მაშინდელ ახალ კანტორაში, შემდეგ კი სკოლაში იყო, ბოლოს ის პირველ მაისში გადაიტანეს. კომუნისტური ეპოქის არჩევნებს კანტორაში და სკოლაში ატარებდნენ. წინასააჩევნო კომპანიის დროს კანდიდატები მასმედიის საშუალებებს იყენებენ, ასევე სოფელში უშუალოდ ჩამოივლიან, ხვდებიან ამომრჩევლებს, ეწევიან პროპაგანდა - აგიტაციას და სთხოვენ მათ ხმების მიცემას, ქუჩაში აკრავენ პლაკატებს. არჩევნების დღეს ხალხი მიდის  N 11  საარჩევნო უბანზე, იქ გაივლიან შესაბამის პროცედურებს და დახურულ კაბინაში ბიულეტენში აღნიშნული კანდიდატისა თუ პოლიტიკური პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევენ სასურველ პიროვნებას და პარტიას, ბლოკს.
1993 წლის შემოდგომაზე სამოქალაქო ომის დროს, როდესაც ერთმანეთს ებრძოდნენ ედუარდ შევარდნაძის სამთავრობო და დევნილი ზვიად გამსახურდიას შეიარაღებული ძალები, რომლის ხაზიც მეტწილად მარან - ნაჩხატაურის საზღვარზე მდინარე ცხენისწყლის ხიდთან გადიოდა, სოფელში ხშირად ისმოდა სროლებისა და აფეთქებების ხმები;  მათ შორის განსაკუთრებით ძლიერი ხმაური გამოიწვია ერთ - ერთი სახის ქვემეხმა (სამთავრობო ძალების პოზიციებიდან გასროლილმა, ამ ჯარებს ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი ხელმძღვანელობდნენ), რამაც მოსახლეობა შეაშფოთა. ამავე წლის 23 ოქტომბერს, ღამით გაუწყინარში ათამდე საარტილერიო ბომბი ჩამოვარდა (ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, ლოთი ქობალიას ფორმირებების პოზიციების მხრიდან გამოსროლილმა), რის შედეგადაც საკუთარ სახლში დაიჭრა ლუბა ჯანჯღავა და დაიღუპნენ მისი შვილი და შვილიშვილი ჰამლეტი და რიტა გოგიშვილები (მამა და შვილი), მსხვერპლსა და ზიანს სხვა სოფლებშიც ჰქონდა ადგილი. ეს იყო სოფლის ისტორიაში მეორე შემთხვევა, როდესაც ერთდროულად ორი ადამიანი გარდაიცვალა (პირველ ტრაგედიას ქვემოთ ვნახავთ). გარდა ამისა სხვა ჭურვებმა, მათი აფეთქების შედეგად გამოტყორცნილმა ტალღამ და ნამსხვრევებმა,  „ასკოლკებმა“ დააზიანეს მაღაზია, ორივე კანტორა, სკოლა, მეღორეობის ფერმა, მოსახლეთა სახლები, პირუტყვი, რომელთა  მახლობლადაც ისინი აფეთქდა. გაუწყინარის სკოლაში შეწყდა სწავლა. ქუჩაში რამოდენიმეჯერ გადაადგილდა შეიარაღებული ძალების მუხლუხოებიანი მძიმე ტექნიკა ჯარისკაცებიანად, ამ ტანკებმა ასფალტს მცირე კვალი დაამჩნიეს, ცაში დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა სამთავრობო სამხედრო რეაქტიული თვითმფრინავები - „ისტრუპიტელები“, რომლებიც ძლიერ ხმაურს იწვევდნენ; ისინი ბომბავდნენ მარანში მებრძოლ გამსახურდიას ძალებს, მოსახლეობის ნაწილი გაიხიზნა, ადგილზე დარჩენილები კი შორეული სროლებისა და დაბომბვების ხმის გაგონებისთანავე ხშირად არხებში ღელეებში, ბოგირებსა და დასახლებული ადგილებიდან დაშორებულ ტერიტორიებზე (ყანებში, ფართობებში) აფარებდნენ თავს. ასევე ხალხი სკოლაში, ბერკეტის სახლებსა და სხვა ადგილებში იკრიბებოდნენ შესაძლო საფრთხისაგან თავის დაცვის მიზნით. თუმცა შემდეგ უკვე რაიმე გართულებას ჩვენთან ადგილი არ ჰქონია. სამტრედიაში სროლების გამო დაიწვა მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, მისი ცეცხლმოკიდებული ზეთის სქელმა კვამლმა ცა ღრუბლებივით დაფარა.
ამ პერიოდში, როდესაც რეისის ავტობუსები არ მოძრაობდნენ, ხალხი რობერტი (დემური) ჯანჯღავას სატვირთო ავტომობილით მგზავრობდა. ასევე დადიოდა რეისზე გია (გიალო) გეგეშიძეც თავისი „ლაფეტიანი“ ტრაქტორით; ერთხანს ტრანსპორტს მარნის ხიდზე არ ატარებდნენ და იქედან ბრუნდებოდნენ, ხალხი იძულებული ხდებოდა ხიდზე ფეხით გადასულიყო, ზოგჯერ კი მდინარეზე ნავითა და ბორანით, „პარონით“ გადადიოდნენ.  ხშირად მოსახლეობა ველოსიპედითა და საჭაპანო ტრანსპორტით (ანუ როგორც მას სოფელში უწოდებენ ცხენითა და „კაჭკით“) მოძრაობდა, ხან კი ფეხითაც ქვეითად ჩადიოდნენ სამტრედიასა და აბაშაში და ასევე ბრუნდებოდნენ უკან. შეფერხებით მუშაობდა ტელევიზია და რადიო.
ომის დამთავრების შემდეგ 1994 წლის 26 ნოემბერს, გაღმა ქუჩაში ერთ - ერთი მოსახლის ეზოში აფეთქდა იქ  დადებული ბომბი (ის ოჯახის პატრონმა მოიტანა მარნიდან შინ მასში არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების თოფის წამლად გამოყენების მიზნით), რის გამოც ადგილზე გარდაიცვალა მეზობლის ბავშვი რაული ჯანაშია და ფეხში დაიჭრა ასევე არასრულწლოვანი ბესო გოგიშვილი, რომელიც შემდეგ გამოჯანმრთელდა, ხოლო იმ ოჯახის წევრები, სადაგ ეს ტრაგედია დატრიალდა სხვაგან გადაესახლნენ, იქაურობა გარდაცვლილის ახლობლებმა დაარბიეს. დროთა განმავლობაში საქართველოში სიტუაცია შედარებით დარეგულირდა, თუმცა საბოლოო კეთილდღეობა დღემდე არ არის მიღწეული. ჩვენი სოფელი ისევე როგორც მთელი ქვეყანა და ზოგიერთი საზღვარგარეთის სახელმწიფო, კვლავ რთული პრობლემების წინაშე დგას, ესენია: მატერიალური სიდუხჭირე, სიძვირე, უმუშევრობა, გაჭირვება, არასტაბილურობა, აფხაზეთში და სამაჩაბლოში (ე. წ. სამხრეთ ოსეთში) ტერიტორიული პრობლემები, საგარეო და საშინაო საფრთხეები და სხვა.
2003  წლის 23 ნოემბრის (გიორგობა დღეს) „ვარდების რევოლუციაში“, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და მოქალაქეთა კავშირი ქვეყნის მმართველობიდან წავიდა და მიხეილ სააკაშვილი თავისი ნაციონალური მოძრაობით ხელისუფლებაში მოვიდა, გაუწყინარელებიც ღებულობდნენ მონაწილეობას, ესენი იყვნენ მურთაზი სურგულაძე, იაგო თოდუა და ხვიჩა ჯანჯღავა.
2008 წლის აგვისტოში რუსეთ - საქართველოს ომმა გარკვეულწილად დაარღვია ჩვენი სოფლის სიმყუდროვეც. ამ კონფლიქტის დროს რუსეთის ფედერაციის დიდი რაოდენობის შეიარაღებულმა ჯარებმა (მრავალრიცხოვანი მძიმე ტექნიკითა და ავიაციით) დაიკავეს სამეგრელოს (ისინი აბაშის რაიონამდეც მოვიდნენ), იმერეთის, ქართლისა და სხვა ტერიტორიების დიდი ნაწილი, მიიწევდნენ დედაქალაქ თბილისისაკენ. იყო ნგრევა და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და სამხედროებში. ქვეყანაში კიდევ დამატებითი ლტოლვილები გაჩნდა, მათ შესახლებას გაუწყინარის სკოლაშიც ფიქრობდნენ. იმ დღეებში ცაში დაფრინავდა რუსეთის სამხედრო რექტიული თვითმფრინავები, ბომბდამშენები, მათ მიერ მახლობელი კოპიტნარისა და სენაკის აეროპორტებსა და სხვა ადგილებში ჩამოყრილი ბომბების აფეთქებების ხმებმა შეაშინა სოფლის მოსახლეობა. ამ თვითმფრინავებმა გაუწყინარის თავზე გამოუშვეს სითბური რაკეტებისაგან დამცველი მაშხალები, ასევე გადაიფრინა უპილოტო საფრენმა აპარატებმაც. ადამიანების ნაწილი გახიზვნას ფიქრობდა. ამ დროს ჩვენი სოფლის ახალგაზრდა ბიჭები, ხვიჩა ჯანჯღავა, ნიკოლოზ გოგიშვილი, ხვიჩა ჭიქაშუა ახლადშემოღებულ რამოდენიმეკვირიან სამხედრო რეზერვში იყვნენ გაწვეულნი, რაც შიშის საფუძველს კიდევ უფრო აძლიერებდა; მაგრამ მალე ყველაფერი დამშვიდდა, მტრის ჯარებმა უკან დაიხიეს, თუმცა რუსებმა დამატებით მიიტაცა ახალგორისა და კოდორის ტერიტორიები (რომლებთაც მანამდე ქართული მხარე აკონტროლებდა) და აღიარა „სამხრეთ ოსეთისა“ (სამაჩაბლოს, შიდა ქართლის რეგიონი) და აფხაზეთის დამოუკიდებლობა რამოდენიმე სხვა სახელმწიფოსთან (ნაურუ, ნიკარაგუა, ვენესუელა, მათ ეს რუსეთის გავლენით გააკეთეს) ერთად. განაღმული ჭურვების (რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დატოვეს) აფეთქებების ხმები შემდეგაც ისმოდა. აფეთქებათა ყრუ ხმები ზოგჯერ ახლაც ისმის ჩვენთან, რაც სენაკის სამხედრო ბაზაზე ქართველი სამხედროების ვარჯიშებითაა გამოწვეული.
ვინაიდან დღეს სოფელში ეკლესია არ არის, ამიტომ მრევლი ძირითადად პირველი მაისის 2008 წლის 23 ნოემბერს ნაკურთხ, გახსნილ წმინდა გიორგის სახელობის ქვით ნაგებ ბაზილიკურ ტაძარში დადის. იქ შემორჩენილია ძველი ეკლესიის ქვებჩატანებული ბეტონის ფუნდამენტის ნაშთები, რომლებიც ფართობში უფრო დიდი ზომისაა ვიდრე დღევანდელი ტაძარი; აქვეა ქვის სვეტი ჯვარი და ქვისსავე ფრაგმენტებიც, აქ მიწა ამაღლებული არ არის. პირველი მაისის (მას ეკლესიურად საჭილაოს სახელით მოიხსენიებენ) ტაძარში მოძღვარია დეკანოზი ეგნატე მიქაძე, ტყვირელი, რომელიც ჩვენს სოფელშიც ასრულებს შესაბამის რელიგიურ წესებს. იქ მგალობლები არიან რუსუდან შუბითიძე, შაქრო (ზაქარია) ტყვაცირია (ტყვირელები) და მაია გეგეჭკორი (პირველმაისელი), ზოგჯერ სხვებიც გალობენ; მედავითნეებია გელა ვერულაშვილი (ქვიშანჭალიდან) და მაია ვაშაკიძე (პირველი მაისიდან), სტიქაროსანი კი ლევან ტალიკაძეა (კუტაიწერიდან).  ადრე სტიქაროსანი მამაოს შვილი ვლადიმერ (ლადო) მიქაძე იყო,  რომელიც მცირე ხნის წინ თბილისის სასულიერო აკადემიაში წავიდა სასწავლებლად. ასევე თხმელარელი არსენ ახობაძეც იყო სტიქაროსანი ამ ტაძარში, ის ახლა მარნის ჯვართამაღლების ეკლესიაშია მედავითნედ. პირველი მაისის (უფრო სწორად საჭილაოს) ეკლესიაში, ტაძარში, სალოცავში სანთლებს, ხატებს, წიგნებსა და სხვა საეკლესიო ნივთებს ხშირად პირველმაისელი ბადრი ხონელიძე ყიდის.
ჩვენს მოსაზღვრე სოფელ ქვიშანჭალაში იქაური გელა ვერულაშვილის ხელმძღვანელობით აშენებულია პირველი მაისის ეკლესიის მსგავსი ბაზილიკური ტაძარი, რომელიც  ასევე წმინდა გიორგის სახელობისაა და ჯერ გახსნილი არ არის. ამ ადგილას ადრე იყო იმავე სახელობის ხის ეკლესია, რომელიც კომუნისტებმა დაარღვიეს. მამა ეგნატე ამავდროულად ტყვირის მაცხოვრის ეკლესიის მოძღვარიცაა, ის ასევე ადრე მარნის ჯვართამაღლების სახელობის ახლად აშენებულ ტაძარშიც მსახურობდა, მოძღვარი იყო. სსრკ - ის დაშლისა და მისგან საქართველოს გამოყოფის შემდეგ ბევრი ადამიანი დადის ეკლესიებში, ანთებენ სანთლებს, ესწრებიან წირვა - ლოცვას, ღამისთევას, მარხულობენ, ატარებენ ჯვრებს, ქრისტიანულად ცხოვრობენ, მათ არავინ უშლის აღმსარებლობასა და საკუთარი შეხედულებების გამოთქმას. ზოგიერთი ადამიანი დღესაც ათეისტია. 1977 წლის  25 დეკემბრიდან, როდესაც მოხდა დღევანდელი პატრიარქის აღსაყრდება მცხეთის სვატიცხოველის საპატრიარქო ტაძარში, დღემდე ქვეყნის, საქართველოს ავტოკეფალური, დამოუკიდებელი, მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირია სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ერისკაცობაში ღუდუშაურ - შიოლაშვილი, რომელიც დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში. მანამდე კათოლიკოს - პატრიარქი დავით V, დევდარიანი, ყოფილი ურბნელი მიტროპოლიტი იყო. ჭყონდიდის (რომლის შემადგენლობაშიც არის აბაშისა და მარტვილის რაიონები)  ეპარქიის მთავარეპისკოპოსია მეუფე პეტრე (ცაავა), მანამდე კი ამ ეპარქიას მეუფე გიორგი (შალამბერიძე) ხელმძღვანელობდა.
ხალხი სათანადოდ აღნიშნავს საეკლესიო დღესასაწაულებს. ბზობა დღეს ადამიანებს ეკლესიიდან ახლადნაკურთხი ბზის ტოტები მოაქვთ შინ, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ინახავენ, ასევე ბზას საფლავებზეც ასობენ; ამ დღეებში, სააღდგომოდ წმენდენ საფლავებს. ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი საეკლესიო დღესასწაულის - აღდგომისათვის აქაც განსაკუთრებულად ემზადებიან. ენდროსა და მანანას საღებავით წითლად ღებავენ კვერცხებს, რომლებთაც შემდეგ დღეებში ერთმანეთს უჭახუნებენ; აცხობენ პასქას, ნამცხვარს და მრავალგვარ საჭმელებს. ქრისტეს აღდგომისა და მეორე დღეს გადიან მიცვალებულთა საფლავებზე, სადაც მიაქვთ პურ - მარილი, ღვინო, გადააგორებენ წითელ კვერცხს. ამ დღეებში ხშირად დადიან ეკლესიაში, ბევრი მარხულობს და ეზიარება კიდეც.  აღდგომა დღეს ხალხი ერთმანეთს „ქრისტე აღსდგას“ ეუბნება, პასუხად კი ეუბნებიან „ჭეშმარიტად“, ჩამოივლიან სახლებში და დალოცავენ მათ. შობისათვის, 7 იანვარს ტრადიციაა გოჭის დაკვლა, სხვა საკვების მომზადებასთან ერთად აცხობენ ღვეზლებს. 6 იანვარს, ღამით ბავშვები სოფელში კარდაკარ ჩამოივლიან ალილოზე შესაბამისი სიმღერა - საგალობლებით. ბოლო  ხანს  მარიამობის დამდეგ საღამოს,  27 აგვისტოს ღამით, ქუჩაში ჭიაკოკონას - მანქანების საბურავების ცეცხლს ანთებენ და იკრიბებიან. ბარბარობას, 17 დეკემბერს გავრცელებული ტრადიციის მიხედვით სხვის ეზოში კარგი ფეხითა და გულით უნდა ჩავიდნენ ადამიანები, ამიტომ მაშინ ბევრი თავს არიდებს სხვის სახლში ჩასვლას, ამ დღეს როგორც იქნები თითქოს მთელ წელს ისეთივე მდგომარეობა გექნებაო.  დილით სახლში და ეზოში მოაბნევენ სიმინდს, ღერღილს, კანფეტებს, სუროს მარცვლებს, ხურდა ფულს. ასევე იქცევიან ძველით ახალი წლის მეორე დღესაც, 15 იანვარს, ფერხობა დღეს. ასევე აღინიშნება სხვა რელიგიური დღესასწაულებიც. გასული საუკუნის მიწურულს გაუწყინარშიც შემოვიდა ე. წ. „იეღოველთა“, იეჰოვას მოწმეების სექტა, ისინი მოსახლეობაში დადიოდნენ (დროგამოშვებით ახლაც დადიან) და ქადაგებდნენ, ხალხს ურიგებდნენ თავიანთ ლიტერატურას, წიგნებს, ბროშურებს, ჟურნალებს, ბუკლეტებს (მაგალითად „საგუშაგო კოშკი“), მათ რიგებში რამოდენიმე აქაური ოჯახიც გაწევრიანდა და სხვების დარწმუნებასაც ცდილობენ.
გაუწყინარში გავრცელებულია შემდეგი გვარები: სურგულაძე, თურქია, არველაძე, ჯანჯღავა, ჯანაშია, ხაჟომია და სხვები. არის უფრო ნაკლებრიცხოვანი გვარებიც, ხოლო ბერიძის გვარის წარმომადგენელი ოჯახი სოფელში მხოლოდ ერთია (ისინი აქ მთიანი აჭარიდან ჩამოესახლნენ 80 - იანი წლების ბოლოს) მიუხედავად იმისა, რომ ეს გვარი საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანია. ასევე ერთი ოჯახია ქოქაძე, არევაზოვი, ბოჭორიშვილი (ის ახალი მოსახლეა), კარანაძე, ნაჭყებია და სხვები, ჩვენთან ყველაზე მეტი სურგულაძეების გვარია, დაახლოებით 16 ოჯახი, რომლებიც მთავარ ქუჩაზე ცენტრამდე სახლობენ. აქ და ჩვენს მოსაზღვრე სოფლებში მეგრული დიალექტი თითქმის არავინ არ იცის, აქაურ სასაუბრო ენას თავისებური კილო და აქცენტი გააჩნია, სიტყვებსა და წინადადებებს ლაპარაკის დროს რაიმე მკვეთრად შესამჩნევი მახვილი, გაძლიერება და გაგრძელება არ ახასიათებთ. ხშირად სიტყვებში ასო „ა“ - სა და „ო“ - ს ნაცვლად ვამბობთ ასო „ე“ - ს, მაგალითად წავიდა - წევიდა, გაიტანე - გეიტანე, მომეწონა - მემეწონა, მოემზადა - მეემზადა და  ა. შ. (ასე შემდეგ).  არის სხვა სახის დამახინჯებებიც. სოფელ გაუწყინარში ყველა ადამიანი ქართველია, თუმცა ადრე რამოდენიმე სხვა ეროვნების (რუსი, უზბეკი) წარმომადგენელიც ცხოვრობდა.
ამჟამად სოფელს პირველი მაისის სამედიცინო ამბულატორია (პუნქტი) ემსახურება მარნელი ექიმის მარიამ (მარო) ჩოხელის ხელმძღვანელობით. ის ხშირად ავადმყოფებთან სახლში დადის და პუნქტშიც ღებულობს მათ, სადაც ექთანია ციური კვარაცხელია, ბავშვების ექთანი ლალი ნიკურაძე და სტომატოლოგი ნარგიზა გალდავა. საკმაოდ გავრცელებული ინფექციური ავადმყოფობაა გრიპი, სურდო და მისგან გამოწვეული ანთება.  საჭიროების დროს ხალხი უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებს აბაშიდან. ის ადრე, საბჭოთა წყობილების დროს ასევე უფასო იყო, დამოუკიდებლობის საწყის წლებში კი ფასიანი გახდა; ის ერთხანს გაუქმებული იყო და მერე კვლავ აღადგინეს.  დაახლოებით 2004 წლიდან სასწრაფო ისევ უფასოდ გვემსახურება „უაზ“ - ის მარკის ავტომობილით, რომელსაც სპეციფიკური სიგნალი (სირენა) და ზემოთ ლურჯი ფერის მოციმციმე ნათურა აქვს. გაუწყინარში მოსახლეობას უცრიან სხვადასხვა დაავადების საწინაამდეგო ვაქცინებით, ზოგჯერ ისინი ადგილზე გვემსახურებიან; ასევე რამოდენიმეჯერ აუცრეს შინაურ ცხოველებს და ფრინველებს ცოფის, ჭირისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებებით. ჩვენთან შინაური ცხოველების (ძროხა, ღორი) ავადმყოფობის დროს ოლეგი რატიანი და ზურაბი თურქია მოგვყავს დასახმარებლად, რომლებიც ადრე მეცხოველეობის ფერმებში მუშაობდნენ და საამისოდ სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვთ შეძენილი. დროდადრო ქუჩაში პატრული გამოჩნდება თავისი „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანით, უბანს ემსახურება ინსპექტორ - გამომძიებელი, ლეიტენანტი სოსო სიგუა.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიდუხჭირისა სახელმწიფო გარკვეულწილად ზრუნავს სოფელზე და საერთოდ მთელ ქვეყანაზე. ახლა უკვე დროულად გაიცემა პენსიები, ხელფასები, უმწეოების, გაჭირვებულების, სოციალურად დაუცველების, იგივე ხელმოკლეების, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის (30 ლარი ოჯახის უფროსს + 25 ლარი სხვა წევრებს) და ლტოლვილების დახმარებები, ისინი რამოდენიმეჯერ გაიზარდა. შესაძლებელია სოციალური და ხელფასის თანხების რამოდენიმე თვით წინასწარ გამოტანაც პროცენტიანი სესხის სახით. 2004  წლიდან გაუქმდა კერძო, პრივატიზებული მიწების გადასახადი და ჩამოიწერა ძველი დავალიანებები, საურავები. სოფლის გლეხობას რამოდენიმეჯერ უფასოდ დაურიგეს თხევადი საწვავი (დიზელი),  სასუქი, ფქვილი, ასევე მასწავლებლებს, პენსიონრებსა და ხელმოკლე ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადის 50 ლარიანი ვაუჩერი. ზოგჯერ დაარიგეს ჰუმანიტარული დახმარების ამანათები, რომლებშიც საკვები პროდუქტები იყო ჩაწყობილი (ბრინჯი, ლობიო, რძის ფხვნილი, ზეთი, ღვინო და სხვა). ზოგიერთი  კატეგორიის მოქალაქეს (პედაგოგებს, პენსიონერებს, სამხედროებს, პოლიციელებს, რკინიგზაში დასაქმებულებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს და იმათაც, ვინც ახლახანს შემოღებულ იაფი დაზღვევის პროგრამაში არიან ჩართულნი) აქვს უფასო და იაფი სამედიცინო დაზღვევა, რომლითაც ისინი მნიშვნელოვანი შეღავათებით სარგებლობენ სამედიცინო მომსახურების სფეროში. სახელმწიფო სამსახურები, მაღალი თანამდებობისა და შეძლებული პირები (მაგალითად თენგიზ კალანდაძე) რამოდენიმეჯერ დაეხმარნენ სოფლის ორგანიზაციებს, ხელმოკლე და ავადმყოფ ადამიანებს. ზოგჯერ როდესაც ვინმეს განსაკუთრებით გაუჭირდება (მძიმე ავადმყოფი, პატიმარი, სახლდამწვარი) ხალხი ფულს შეაგროვებს, აკრეფს და მას აძლევს. დაახლოებით 2006 წელს ყველა მოსახლეს დაურიგეს 5 მ3 (მეტრ - კუბი, კუბამეტრი) შეშის უფასოდ მისაღები ვაუჩერები. სრულიად გაუნაღდეს სამოქალაქო ომის დროს დაზარალებულ ოჯახებს გამოყოფილი თანხები, ასევე აღწერეს სტიქიის, ძლიერი ქარის დროს  დაზარალებულთა სახლები. ამჟამად მრავალ მოსახლეს აქვს გამოტანილი ბანკებიდან და ლომბარდებიდან (რომლებიც ქალაქში მრავლადაა) თანხა პროცენტიანი სესხის სახით, ასევე სხვადასხვა საქონელი განვადებით. დღესაც თამაშდება სხვადასხვა ლატარეა და ლოტო, წინათ „სპრინტსაც“ თამაშობდნენ. გაუწყინარში ზოგმა ადამიანმა ამ გათამაშების შედეგად თანხა მოიგო, ხოლო უფრო ადრე, კომუნისტებისსობას ვასო გოთოშიამ როგორც ამას თვითონ ამბობს ლატარეაში ავტომანქანა მოიგო.
2009 წელს სოფლების დასახმარებლად გამოიყო თანხები (მათგან გაუწყინარს შეხვდა დაახლოებით 15000 ლარი), რომლის ნაწილითაც ჩვენთან სკოლის წინა გზაგამტართან და გაღმა ქუჩის საძოვარზე ექსკავატორით არხები ამოიღეს და გაწმინდეს, დანარჩენი თანხით კი 2010 წლის მაისში („პრარაბი“ პირველმაისელი ბადრი გიგინეიშვილი იყო) ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ სოფლის ცენტრი, ყოფილი კოლმეურნეობის 0,7 ჰექტარი ფართობის მქონე ეზო გაიწმინდა, მაღაზიისა და საწყობების ნარჩენი ბეტონების ნამსხვრევების ნაწილი ექსკავატორით იქვე ამოთხრილ ორმოში ჩამარხეს, დანარჩენები (უფრო დიდი ზომის) გარეთ გაზიდეს და გზების კიდეებში დააწყვეს. ეს ტერიტორია შემოიღობა 2,5 მმ დიამეტრისა და 4 სმ უჯრედების მქონე უჟანგავი („ნერჟავეიკა“)  მავთულბადით, რომელსაც ქვემოთ ბეტონი აქვს ჩასხმული „სეტკის“ დასამაგრებელი მილებიანად, მას ზემოთ „უგოლნიკი“ აქვს გაყოლებული და ეს ღობე 230 მ სიგრძისაა, რომელსაც ქვიშანჭალის გზის მხარეს დაუყენდა მთავარი შესასვლელი ჭიშკარი პატარა კარიანად. ასევე ამ ეზოს წინიდან და უკნიდან აქვს გათვალისწინებული პატარა ჩასასვლელ - გამოსასვლელი კარების დაყენებაც, რომლისთვისაც 2 ადგილია დატოვებული. წინა მხარეს არხიც ამოიღეს და გაწმინდეს, ეს ყოველივე ღია ფერად შეიღება. ამ სამუშაოების გამო ჯვრის ირგვლივ არსებული შემოღობვა და ქვემოთ დაფენილი აგურების ფენა და მასთან მისასვლელი ბილიკი მოშალეს.  ნოემბრის თვეში ჯვარს განათება გაუკეთეს ბათუმელი რამაზ  დიასამიძის მიერ ნაჩუქარი ელნათურებიანი მნათი პლასტიკური ზოლით, რომლის ჩამრთველ - გამომრთველი („ვიკლუჩატელი“) მოსაცდელის შენობაშია. ასევე ჭადრის ხეზე დაჰკიდეს ვახტანგი (ვახტო) თურქიას მიერ ნაჩუქარი გარე განათების ნათურა და ამგვარად მოეწყო განათება, მისი „ვიკლუჩატელიც“ ბირჟის შენობაშია. ამ ნათურის ქვემოთ დაიდგა ლითონის მაგიდა, რომელსაც ბეტონის ზედაპირი აქვს და ეს ადგილებიც შემოიღობა.
როგორც ვთქვით ამ ეზოში სკოლისაკენ სამ მწკრივად დარგეს აბაშის რაიონის სოფელ ნოსირიდან ჩამოტანილი ფეიხოიას, ხოლო ღობის ჩაყოლებაზე კი წიწვოვანების ნერგები, ასევე გადაღმა დარგეს ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაქვიდან ჩამოტანილი ევკალიპტის ნერგებიც, რომლებთაც გარედან ეკლები შემოაკრეს პირუტყვისაგან დასაცავად. აქ, ყოფილი კოლმეურნეობის კანტორის, საწყობებისა და ტექნიკის (ეს ადგილები ასევე ყოფილი მაღაზიის უკანა მხარეა) ეზოში ეკლესიის მშენებლობაა დაგეგმილი, მისთვის საჭირო მასალად ძველი კანტორის ქვის კედლებს დაშლიან და მას გამოიყენებენ, ასევე ამავე საქმიანობისათვის ძველი საწყობის ნანგრევების საძირკველიდან ქვები ამოიღეს და იქვე ეზოში დააწყვეს. თანხის ნაწილი მოსახლეობამაც გაიღო, გარდა ამისა შეშის ვაუჩერები შეკრიბეს და მისი საშუალებით 2010 წლის შემოდგომაზე ქვიშანჭალის გზის გასწვრივ, ძროხების საძოვრის ქარსაფრის ბოლო ნაწილი, თხმელის ხეები გაუწყინარელმა ახალგაზრდა ბიჭებმა და კაცებმა „დრუჟბებით“ მოჭრეს, ნაჯახებითა და წალდებით გაკაფეს (უფრო მცირე, ტყის დასაწყისის  ნაწილი სახელმწიფომ მოჭრა და წაიღო), იუზა კალანდაძის, მამუკა თოდუასა და სხვა ტრაქტორებით (სატვირთო „ლაფეტებიანით“) გამოზიდეს და დაიწყეს შეშად გაყიდვა, 1 საჟენი ანუ 1 „ლაფეტი“, დაახლოებით 10 კუბამეტრი შეშა  250 ლარად, ღუმელის ზომაზე დახერხილი („საფეჩედ“ დაჭრილი) კი 300 ლარად. ხეების ნაწილი ახლადშემოღობილ მომავალი ტაძრის ეზოში დაყარეს. ეს თანხები ტაძრის მშენებლობისათვისაა განკუთვნილი. ასევე  წელს თხმელარში გიგა გოთოშიას 4 ჰექტარ ფართობში და კირკალაში, იონა თოდუას 1,2 ჰექტარ მიწაზე დათესეს  სიმინდი. ის ზაფხულში ბიჭებმა გათოხნეს, იუზა კალანდაძის ტრაქტორით (ის გიგა გოთოშიასია) „დაამაშინეს“ ანუ გააკულტივაციეს, სასუქი მოაყარეს (ეს სიმინდი გაზაფხულზე მანვე დათესა).  შემოდგომაზე   თხმელარის ყანები ქუჩეჩიანად „ჩამოქვიჩეს“ და სევასტი, სეგული თოდუას ეზოში ჩამოზიდეს, იქ ის მოსახლეობამ „დაარჩია“ და მისსავე სასიმინდეში ჩაყარა დაახლოებით 300 გოდორის რაოდენობით. კირკალის ყანა კი არსენა სურგულაძის ეზოში ჩამოიტანეს ტაროიანად მოჭრილი და აქაც მოსახლეობამ მოტეხა და იმავე სასიმინდეში ჩაყარა. შემდგომში მას დაფშვნიან, გაყიდიან და ამ თანხასაც ეკლესიის აშენებას მოახმარენ. არის სხვა სამომავლო პროექტებიც, მაგალითად სასაფლაოსა და სტადიონის შემოღობვა, სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ქუჩების განათების მოწყობა, გაზიფიცირება (ამ მხრივ უკვე შედგა პროექტი, სპეციალისტებმა წელს ზაფხულში სოფლის ქუჩები ჩამოიარეს და ჩაიხაზეს, ხოლო გაზგამანაწილებელის „აგერესის“ აგება შესაძლოა ზემოთ ნახსენები გაზსადენის ქვიშანჭალის გზასთან გადაკვეთის მახლობლად მოხდეს), სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობების კაპიტალურად გარემონტება, სათანადო ახალი ინვენტარით აღჭურვა და სხვა.
გაუწყინარი ტერიტორიულად პირველი მაისის შემადგენლობაშია, ის საშუალო ზომის სოფელია და უფრო დიდია ვიდრე ქვიშანჭალა, მაგრამ პირველ მაისთან და მით უმეტეს მარანთან შედარებით ის უფრო პატარაა. აქაურ მაცხოვრებლებს დაბადებისა და პირადობის მოწმობებში და ზოგიერთ სხვა საბუთებში საცხოვრებელ ადგილად პირველი მაისი უწერიათ, თუმცა ჩვენს სოფელს ოფიციალური სტატუსი აქვს, რასაც ადასტურებს სკოლის, საბავშვო ბაღის, ბიბლიოთეკის, ყოფილი კოლმეურნეობისა და აგროფირმის ბეჭდებზე, ბლანკებზე და ზოგიერთი სხვა სახის ოფიციალურ საბუთებში სიტყვა „გაუწყინარის“ არსებობა. ადრე ჩვენს სკოლაში პირველი მაისის ბოლო (გრიგოლიების და გაუწყინარის დასაწყისის პირდაპირი) ქუჩების ბავშვებიც დადიოდნენ, მიუხედავად იმისა რომ მათთვის პირველი მაისის საშუალო სკოლა უფრო ახლოს იყო; გარდა ამისა გაუწყინარის კოლმეურნეობაშიც ნაწილობრივ იქაური მუშები მსახურობდნენ, ასევე იმავე ქუჩების ამომრჩევლებიც  ჩვენს საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას.  ქალაქ აბაშის მახლობლად არის სოფელი ძველი აბაშა (იქაური წარმოშობისა იყო დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე კონტსანტინე გამსახურდია) და ასევე არის მდინარე აბაშა, რომელიც სათავეს მარტვილის რაიონიდან იღებს და მდინარე ტეხურს ერთვის.  სოფლები ზემო და ქვემო აბაშა (მათ ადრე აბაშა ერქვათ) სამტრედიის რაიონშიც არსებობს, ასევე როგორც ვთქვით დრანდაში არის სააბაშო. აბაშის რაიონის გარდა სოფელი პირველი მაისი არის ხობის რაიონშიც სოფელ ბელიწყუს შემადგენლობაში. პირველი მაისის სახელობის ქუჩა კი სამტრედიაშიც იყო, რომელსაც ახლა 26 მაისის ქუჩა ჰქვია. გარდა ამისა სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოს ადრე პირველი მაისის სახელობის კოლმეურნეობა ჰქონდა, ხოლო სოფელი სამტრედია ტყიბულის რაიონშიცაა სოფელ საწირეს შემადგენლობაში, იმავე რაიონშია სოფელი ორპირიც. მამა ეგნატე და სხვა სასულიერო პირები პირველი მაისის თემს საჭილაოდ იხსენიებს. დამოუკიდებლობის შემდეგ სხვა მრავალთან ერთად ცვლილებები განიცადა სიმბოლიკებმაც, შეიცვალა სახელმწიფო დროშა (საბჭოთა საქართველოს ხუთქიმიან ვარსკვლავ, ნამგალ და ურო გამოსახული წითელი დროშა შეიცვალა და ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ქვეყანას სამფეროვანი შინდისფერი დროშა ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ კი ხუთჯვრიანი დროშა შემოიღეს), გერბი (გამსახურდიამ გერბად შემოიღო შვიდქიმიან ვარსკვლავში ჩახატული, ცხენზე ამხედრებული თეთრი გიორგი, სააკაშვილმა კი ასევე თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, რომელიც მახვილით ურჩხულს კლავს, მის გარდა გერბზე კიდევ არის სხვა ნახატები და წარწერები, ასევე არსებობს მსგავსი პატარა გერბიც), ჰიმნი (გამსახურდიამ გრ. აბაშელის ტექსტისა და ო. თაქთაქიშვილის მუსიკის მქონე საბჭოთა საქართველოს ჰიმნის „იდიდე მარად ჩემო სამშობლოვ...“ მაგივრად შემოიღო ჰიმნი „დიდება“, რომლის ტექსტი და მუსიკა კოტე ფოცხიშვილმა დაწერა; სააკაშვილმა კი სახელმწიფო ჰიმნად ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის საფუძველზე დავით მაღრაძის ტექსტდაწერილი და იოსებ კეჭაყმაძის მიერ დამუშავებული ჰიმნი „თავისუფლება“ დააწესა (გამსახურდიას დროს სახელმწიფო ატრიბუტიკა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროინდელი იყო)), ბეჭდები, ბლანკები, ოფიციალური საბუთები (მრავალი მათგანიდან ამოიღეს მამის სახელი, ახლა თითქმის არ იწერება მაგალითად კაცისთვის დავითის ძე, ქალისთვის გიორგის ასული და სხვა; ადრე და ნაწილობრივ ახლაც ადამიანისთვის მამის სახელით მიმართვა ზრდილობიან ფორმად ითვლებოდა, მხოლოდ რუსულად, მაგალითად „დავითიჩ“ ან „გიორგოვნა“, ასევე მთავრობამ გააუქმა ეროვნების აღმნიშვნელი გრაფაც). დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის (რაიონის) გამგეობის რწმუნებული პირველი მაისის თემში ნესტორი (ვალერი) ძიძიგურია 2007 წლიდან, ხოლო აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირველი მაისის თემის N 11 საარჩევნო უბნიდან სხვა სოფლებთან ერთად გაუწყინარის ამომრჩევლებმაც ხმათა უმრავლესობით შალვა (გია) ჯღარკავა აირჩიეს 2006 წელს; აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იური იობაიაა 2006  წლის 2 ნოემბრიდან, აბაშის რაიონის გამგებელია გურამ გუნავა 2008 წლის 24 ივნისიდან, პრეზიდენტის რწმუნებული (გუბერნატორი) სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში 2005 წლიდან ზაზა გოროზიაა დანიშნული (ის დაიბადა 1975 წლის 11 თებერვალს მარტვილის რაიონში), ასევე აბაშის N 63 საარჩევნო ოლქიდან ჩვენი რაიონის დეპუტატი საქართველოს პარლამენტში 2008 წლიდან რომანოზ ბჟალავაა არჩეული. საქართველოს დედაქალაქია ქალაქი თბილისი, 2004 წლის 5 იანვრიდან ქვეყნის პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი (ის დაიბადა 1967 წლის 21 დეკემბერს), პრემიერ - მინისტრი ნიკა გილაური, პარლამენტის თავმჯდომარე კი დავით ბაქრაძეა; საპარლამენტო უმრავლესობაში  მმართველი პარტია - ნაციონალური მოძრაობაა მოსული.
გაუწყინარი 1989 წლის თებერვალში და 2001 წლის 9 – 10 იანვარს მთვარის სრული, ხოლო 1991 წლის 11 აგვისტოს მზის ნაწილობრივი, 90 % - იანი დაბნელების მოწმე გახდა; ასევე 2009 წლის 31 დეკემბრის და 2010 წლის 1 იანვრის საზღვარზე, ზუსტად ახალი წლის დადგომის დროს მოხდა მთვარის მცირე დაბნელება. მზისა და მთვარის დაბნელებებს, მათ შორი სრულსაც  სხვა დროსაც ჰქონდათ ადგილი. ერთხელ ცის დასავლეთ მხარეს ღამით რამოდენიმე კვირის განმავლობაში შეინიშნებოდა მკრთალად  მნათი  კომეტა, მას მოგრძო კუდი ჰქონდა, შემდეგ ის თანდათან გადავიდა და გაუჩინარდა. ანალოგიურ ასტრონომიულ მოვლენებს ადრეც დაკვირვებია მოსახლეობა. დილა - საღამოს მოწმენდილ ცაზე, შესაბამისად აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს ხშირად ჩანს პლანეტა ვენერა, რომელიც წითელი ვარსკვლავივით კაშკაშებს, ღამით კი მზის სისტემის უდიდესი პლანეტა ცისფერი იუპიტერი ბრწყინავს დიდი წერტილივით, ის უმთავრესად ცის სამხრეთ მხარეს ამშვენებს, რომელსაც თუ ტელესკოპით ან ძლიერი დურბინდით (ბინოკლით, ჭოგრიტით) შევხედავთ, დავინახავთ მის ირგვლივ 4 თანამგზავრს, ისინი ნელა მოძრაობენ მის ირგვლივ. ასეთივე ხელსაწყოთი დაკვირვებისას მთვარეზე რელიეფს შევამჩნევთ, ხოლო მუქი მინის გამოყენებით მზეზე ხშირად ლაქებიც დაიმზირება. ღამით თუ უღრუბლო ცას შეუიარაღებელი თვალით დავაკვირდებით, ჩვენი გალაქტიკის მკრთალად მნათ ზოლსაც შევამჩნევთ. ვარსკვლავებიანი და მთვარიანი წყნარი და მშვიდი ღამეები სოფელში ძალიან მიმზიდველია.
გაუწყინარში სხვადასხვა დროს იგრძნობოდა მიწისძვრები, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენს და მეზობელ ქვეყნებს (სომხეთში სპიტაკის ოლქს, ჩვენთან საჩხერესა და რაჭაში მომხდარი მიწისძვრები და სხვებიც).  თუმცა ამ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე აქ დიდი არ ყოფილა და მას რაიმე ზიანი არ გამოუწვევია.
ჩვენს მშობლიურ სოფელ გაუწყინარში კერძო, ძირითადად მოზარდი ორსართულიანი, ხის, აგურის,  ბერკეტისა და შერეული მასალის ოდა სახლებია გავრცელებული, მის პირველ სართულს „პადვალს“ უწოდებენ, მთელი შენობის სასარგებლო საცხოვრებელი ფართი 150 – 400 კვადრატული მეტრია. ასევე მათ უკან დგას მიწისპირა, ერთსართულიანი, უფრო პატარა ზომის საცხოვრებელი სახლები, მათ სოფელში ქუხნას უწოდებენ, რომელთა სასარგებლო  საცხოვრებელი ფართობი 25 – 80 მ2 - ია. ამავე დროს გვხვდება მაღალ საყრდენ საძირკველზე („ბოკნებზე“, „ბალავერზე“) მდგარი ერთსართულიანი სახლები, რომელთაც ბელეტაჟს უწოდებენ და ასევე აქ არის ფინური საცხოვრებელი სახლებიც, მათ რამდენადმე განსხვავებული გადახურვა აქვთ. მაღალ სახლებზე კიბეებია მიდგმული, მათ შიგნიდან მოწყობილი აქვთ შემოსასვლელი (ზოგჯერ შემინული შუშაბანდით), მისაღები,  საძინებელი („სპალნა“), დიდი ცენტრალური („ზალა“), ყოველდღიურად მოსახმარი და სხვა დანიშნულების ოთახები; ასევე აივანი („პლოშადი“), „ბალკონი“ და წინკარი. ცოტა ხნის წინათ რამოდენიმე მოსახლემ (ნუკრი სურგულაძემ, ანზორი გოთოშიამ) ააშენა შუაში დერეფნიანი საცხოვრებელი შენობებიც. სახლებს აქვთ ჭერი („პატალოკი“), იატაკი („პოლი“), კედლები, „გარბილები“,  „სტრაფილები“,  სარტყლები,  „ომუზები“,  „ვაციები“, „პლანკები“, „რეიკები“, ფიცრები, ასევე კარები და შემინული ფანჯრები („აკოშკები სტეკლოებით“), „ზანავესკებზე“ და შტორებზე დაკიდებული ფარდებით,  ელექტროჭაღები („ლუსტრები“, ზოგჯერ მარტო ნათურები, იგივე „ლამპოჩკები)  და სხვა.  საცხოვრებლებში ფართოდ გამოიყენება ხალიჩა (ნოხი), ლაქი, საღებავი („კრასკა“),  შპალერი.  ახლახანს დაიწყო გავრცელება მეტალოპლასტმასის კარ - ფანჯრებმა და სხვადასხვანაირი პლასტიკატის ასაკრავებმა ჭერზე, კედლებსა და იატაკზე (გიფსოკარდონი, მეტლახი).  ოთახებში დგას სათანადო ხის ავეჯი („ვეში“):  კარადა („შკაფი“), სკივრი, ტახტი, დივანი,  კამოდი,  „ტუმბოჩკა“,  „სტენკა“, „ტრილიაჟი“, თარო, ტანსაცმლის საკიდი („ვიშოლკა“), საწოლები (ლოგინები, „კრაოტები“ ქვეშსაგებლითა და თეთრეულით), მაგიდა („სტოლი“),  სკამები,  „ჯირკოები“, სავარძლები („კრესლოები“) და სხვა. იქვე აქვთ ჭურჭელი: თეფშები („საინები“), ჭიქები („სტაქნები“), ფინჯნები („კურუშკები“), დოქები, ვაზები, დანა - ჩანგლები, კოვზები,  ქილები („ბანკები“) და ასე შემდეგ. მოსახლეობას ყოველთვის აქვთ საოჯახო ელექტროხელსაწყოებიც,  ესენია:  მაცივარი, სარეცხი და საკერავი მანქანა, ელექტროქურა („პლეტა“), ელექტრომადუღარა, ტელევიზორი, რადიო, უთო, ფარანი და სხვა მოწყობილობა. ასევე აქვთ ბალონის გაზქურა, პირველადი სამედიცინო დახმარების პრეპარატები და საშუალებები: საინექციო შპრიცი,  ნემსი (ადრე მხოლოდ გამოსახარში მინის შპრიცები იყო, ახლა ისინი აღარ გამოიყენება და მხოლოდ ერთჯერადი შპრიცებია), თერმომეტრი, წნევის საზომი აპარატი,  „ბინტი“,  „გრელკა“, ზოგს გლუკომეტრიც აქვს და სხვა. მოსახლეებს ასევე შინ აქვთ წმინდა ხატები, ჯვრები, სანთლები, კანდელები, ნაკურთხი წყალი, წმინდა ზეთი, ასევე ბიბლია, ახალი აღთქმა და ფსალმუნები, ლოცვანი, წმინდანთა ცხოვრება და სხვა რელიგიური ლიტერატურა და სიწმინდეები; ზოგიერთს მათი კუთხეც აქვს მოწყობილი. გაუწყინარში ადამიანები სახლების გასათბობად, ასევე საკვების მოსამზადებლად და  წყლის გასაცხელებლად,  გაზქურასთან (გაზთან) ერთად შეშის ღუმელს („ფეჩს“) იყენებენ, რომელსაც ხშირად „დუხონკა“ აქვს.  თბილ ამინდში აგურისაგან ნაშენებ ბუხარს ანთებენ. სახლები ძირითადად შიფერითაა დახურული, თუმცა გვხვდება ძველებური კრამიტის სახურავებიც, ასევე ზოგჯერ ახლადშემოღებულ თუნუქის („ცინკის ჟეშტის“) გადახურვასაც შევხვდებით, ერთ მოსახლეს (ნუკრი, ნიკოლოზ სურგულაძეს) პლასტიკატის სახურავი აქვს. სახურავების კიდეებში ირგვლივ შემოყოლებულია ნაწვიმარი წყლის ღარები („ჟოლოპები“). რეზო (კუჭუ) და თამაზი სურგულაძეებს საზიარო ოდა სახლი აქვთ.  სოფელში სახლების აშენების ოსტატები იყვნენ და არიან ვანო სურგულაძე, ჟორჟი თურქია, კოლია ჯანაშია, ოთარი ჯანჯღავა, მურიკო ფირცხალავა, ჯომბარი ბაახია და სხვები.
საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებში ხშირად არის თაგვი, ვირთხა, რომელსაც ხაფანგებით, საწამლავებით, ასევე კატებითა და ძაღლებით სპობენ. თბილ სეზონში გავრცელებულია კოღო - ბუზები, რწყილები, ბზიკები (ფუტკარი ჩვენთან იშვიათად ჰყავთ), ტარაკანები, ჭიანჭველები და სხვა მწერები, რომლებთაც ანადგურებენ,  წამლავენ და კარ - ფანჯრებზე წვრილად ნაქსოვ ფარდებს ჩამოაფარებენ. ხშირად ხის ნაკეთობებს (ავეჯი, კარ - ფანჯრები, კედლები, იატაკი, ჭერი) კრილი აზიანებს, ხოლო ჩვენთან არსებული სინესტის გამო (განსაკუთრებით პირველ სართულზე) ზოგჯერ საგნებს ობი მოედება (ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ოთახების ხშირად განიავება) და სწრაფად ლპებიან, ასევე გაძლიერებულად იჟანგება რკინის ნაკეთობები, ყოველივე ესენი უსიამოვნო სუნსა და ანტისანიტარიას ქმნის.
ეზოები, რომელთა უმეტესობას წინ რკინის მესერი („ზაბორი“) აქვს დიდი, ფიგურებიანი, ავტომობილის ჩასასვლელი რკინის ჭიშკრითა და იქვე გვერდით ადამიანის ჩასასვლელი პატარა კარით, საკმაოდ დიდია და მათ მეტწილად მართკუთხა ფორმა აქვთ. მათი ფართობი საშუალოდ 0,25 – 1 ჰექტარია. ძველად ეზოები უმეტესად ტრიფოლიატებით, ეკლებით, ხის ჩხირებით ჰქონდათ შემოკავებული, ჭიშკრებს კი ბჟოლის ხისგან აკეთებდნენ. დღეს ეზოს საზღვრების შემოღობვის (გორის)  სხვა,  გვერდითა და უკანა  მონაკვეთები უმეტესად მავთულბადის ან ხის ჩხირებისაა („რეშოთქებისაა“). მთავარი ქუჩის არამკვიდრ მაცხოვრებელს მაურა ბალავაძეს ეზოს წინ „სეტკასთან“ ერთად დაფნებისა და ეკლების ცოცხალი ღობე აქვს გაყოლებული, უფრო დაბალი ხარისხის ეკლების ღობე აქვს ჯემალი მგელაძეს და წისქვილის ქუჩაზე არამუდმივად მცხოვრებ ქეთევან ალანიას; ხოლო დაფნების ღობე სკოლის უკანა გზის პირას მცხოვრებ ვალერი ჯალაღონიასაც აქვს წინ, ასევე ეზოს წინა შემოღობვა ზოგჯერ „სეტკისა“ და „რეშოთქებისა“ აქვთ. ყველა ეზოს აქვს ორივე გვერდითა მეზობელთან გადასასვლელი პატარა კარი. ოჯახებს ეზოებში მოწყობილი აქვთ სასმელი წყლის ჭა, რომელიც ქვებით ან ბეტონის გვიმებითაა ამოშენებული, მას მიწის ზემოთ ასევე ბეტონის, იშვიათად ძველებური თიხის გვამი ადგას და იქედან წყალს წოწინარით ან „როლიკზე“ გადადებული ვედროიანი თოკით იღებენ. გავრცელებულია ჭაბურღილებიც, წყალს ლითონის მაღალ საყრდენებზე დადებულ ავზში (ბაკში, „ბაშნიაში“) ასხამენ ელექტროტუმბოების საშუალებით და შემდეგ წყალგაყვანილობით ის საჭირო ადგილას მიეწოდება. გაუწყინარში მოსახლე ხალხს ეზოებში ასევე აქვთ დადგმული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ბოსელი (ბოგა, საღორე), ფრინველების საქათმე, აბანო, ტუალეტი, სხვა დამხმარე შენობა - ნაგებობები და საგნები. ბევრს აქვს საზეინკლო იარაღები: ჩაქუჩი („მალატოკი“), ურო („კვალტა“), ლურსმნები, ქლიბი, ქანჩის გასაღებები („კლუჩები“), სახრახნისი („ატვერკა“), შალაშინი, ბურღი, ბრტყელტუჩა („პლოსკო“),  მარწუხი („გაზი“),  ძალაყინი („ლომი“)  და  სხვა. ასევე აქვთ მიწისა და ხის დასამუშავებელი იარაღები: ბარი, ნიჩაბი („ლაფათქა“), ფიწალი, ნაჯახი (რუსული და ქართული ნაჯახები, წალდი), ხერხი (პატარა და დიდი ბირდაბირი),  წერაქვი („კირკა“)  და  ა. შ.  ხალხს ეზოებში შემოღობილი აქვთ ბოსტანი, სადაც თესავენ პომიდორს, კიტრს (მათ ხშირად შაბიამნისა და კირის ნარევის წყალხსნარით და სხვა ქიმიკატებით წამლავენ),  პილპილს, მრავალგვარ მწვანილს - ქინძი, ნიახური, ოხრახუში  („პეტრუშკა“),  ხახვი,  ნიორი,  მხალი და სხვა მრავალი.  ჩვენს პირობებში ხარობს შემდეგი ნაყოფიერი ხეები: ვაშლი, მსხალი, ატამი, ტყემალი, ალუჩა, ლეღვი, ბუშმალა (ბაშმალა),  წაბლი,  ბალი,  ალუბალი  („ქვიშნა“),  კაკალი (ნიგოზი), ბროწეული, თუთა (ბჟოლა), კომში (ბია),  ხურმა, კარალიოკი, კოწახური, თხილი (ნემსა, მრგვალი, ზუგდიდის, შველისყურა, წვრილი თხილები)  და  სხვა. ასევე  არის უნაყოფო, სამასალე და საშეშე ხეებიც: ჭადარი, კოპიტი  (იფანი), ლიფანი, ალვის ხე,  „ლესტვენიცა“,  ტირიფი,  აკაცია (ეკლის ხე),  ვერხვი, ცაცხვი, დაფნა, პალმა და სხვები.  ხეებზე და სახურავებზე ზოგჯერ მოდებულია ხავსები და სუროები. სოფლად ხარობს მრავალგვარი ყვავილი: ია, ენძელა, ნარგიზი (ნარცისი), იასამანი, ვარდი, პიონი, გეორგინა, თეთრბურთულებიანი, აგავა, დრაცანა, გვირილა...  ასევე სახლებშიც აქვთ ნაირ - ნაირი ქოთნის ყვავილები,  კერძოდ:  ბალბა,  დედინაცვალის ენა,  კაქტუსი,  ალოე,  ვარსკვლავა, საახალწლო და ა. შ. ზოგიერთ მაცხოვრებელს პოლიეთილენის (ცელოფნის) სათბურიც აქვს ყვავილებითა და ბოსტნეულით. გარდა ამისა გაუწყინარელ ხალხს ჰყავს სასარგებლო შინაური ცხოველები, ძირითადად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ძროხა 2 – 7 სული (მეორე ქუჩაში იშვიათად წვრილფეხა თხაც მოიძებნება), ასევე ცხენი, ღორი 1 – 4   სული,  ძაღლი,  კატა  (სოსო  თურქიას ადრე მაიმუნი ჰყავდა) და ათეულობით ფრთა ფრინველი - ქათამი, ინდაური,  იხვი  (კვატა),  ბატი,  ჯემალი თოდუას ერთხელ ფარშევანგიც ჰყავდა.  ბევრ მოსახლეს უკანა (იშვიათად წინა და გვერდითა მხარეს) და თითქმის ყველა ოჯახს გადაღმა საკუთარი (ნაქირავებიც) ყანები აქვთ დაახლოებით 0,5 – 1,2 ჰექტარის ფარგლებში. სოფელში ოჯახები ქალაქის ოჯახებისა და ბინებისაგან განსხვავებით დანომრილი არ არის, მხოლოდ ბადრი სურგულაძის ჭიშკარს აწერია ფიგურებით „ 1 9 მ ი შ ა 6 0 წ  სურგულაძე“,  ბადრი სურგულაძის აწ გარდაცვლილი მამის სახელი, გვარი და ჭიშკრის დაყენების თარიღი, რომელიც მანვე დააწერა.
გაუწყინარში ზოგჯერ ადგილი აქვს რაიმე მიზეზის გამო მაცხოვრებლების გადასახლებას სოფლის შიგნით და ასევე მის გარეთაც. ზოგიერთი ოჯახი კი სოფელში ჩამოვიდა და ახალ მოსახლედ, კომლად (სოფლის მაცხოვრებლად) დაფუძნდა. ამ მოვლენას ყველაზე მეტად ადგილი ჰქონდა 90 - იანი წლების დასაწყისში, როდესაც გაუწყინარში მთიანი აჭარიდან ოჯახები ჩამოასახლეს  (მსგავსად სხვა სოფლებისა)  იქ მომხდარი სტიქიური უბედურების (მეწყერი, ზვავი, ღვარცოფი) გამო,  ესენია შოთა, ახმეტი, შახი, ნუგზარი, ელგუჯა ფუტკარაძეები,  ნუგზარი ბერიძე და სხვები, მოგვიანებით მათი ნაწილი ისევ დაუბრუნდა თავის რეგიონს. ასევე ამავე პერიოდში, როდესაც ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად მძიმე სოციალურ - ეკონომიკური პირობები შეიქმნა და ქალაქებში წარმოებები გაჩერდა, იმ დროს სოფლად ჩამოვიდა ქალაქის ზოგიერთი მაცხოვრებელი. დროდადრო სხვაგვარადაც იცვლება დემოგრაფიული მდგომარეობა.
გაუწყინარში საერო დღესასწაულებსაც აღნიშნავენ, რომელთაგან გამორჩეულია ახალი წელი. მსოფლიოში ახალი წლის წინამორბედი დღესასწაულის ისტორია 25 საუკუნეს ითვლის. მეცნიერთა აზრით პირველად ძველმა შუმერებმა (მესოპოტამიაში) დაიწყეს ახალი წლის აღნიშვნა, რაც შემდეგ თავისებური ფორმებით მთელს მსოფლიოში გავრცელდა. პირველად ჩვენი წელთაღრიცხვის 153 წელს, რომის სენატმა ახალი წლის დაწყების თარიღად 1 იანვარი გამოაცხადა მათი წარმართული ღვთაების იანუსის სახელის მიხედვით, ქართველები ამ თვეს აპნისს უწოდებდნენ; დღეს მსოფლიოში უმთავრესად ამ დღეს იწყება ახალი წელი.  ჩვენს  სამშობლოში, საქართველოში ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები შორეულ წარსულში ჩაისახა. ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით საქართველოში IV საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს აღნიშნავდნენ, VII საუკუნეში აგვისტო სექტემბრით შეიცვალა, IX საუკუნეში კი ამ დღეს მარტში აღნიშნავდნენ. რაც შეეხება იანვარს, ახალ წელს ამ თვეში XIV საუკუნიდან ზეიმობენ, რასაც ადასტურებს იმდროინდელ მატიანეში მოცემული წეს - ჩვეულებების აღწერილობა, რომელიც საკმაოდ ჰგავს დღევანდელს. ახალი წლისათვის  სახლებში აწყობენ ნაძვის ხეს - „იოლკას“, რაც ჩვენთან XVIII საუკუნის ბოლოდან დაიწყეს, ასევე ზოგჯერ ჩიჩილაკსაც. ნაძვს მორთავენ ლამაზი სათამაშოებით, გილიანდებით, ბრჭყვიალა წვიმებით, მოციმციმე ფერადი პატარა ელნათურებით, ბამბებით და სხვა ელემენტებით; მას ძველით ახალი წლის (14 იანვრის) შემდეგ დღეებში დაშლიან. პირველი ნაძვის ხე ელზასში, თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე, ქალაქ სელესტაში დადგეს 1521  წელს, პირველი ნაძვის ხის სათამაშო შუშის ბურთი XVI საუკუნის დასასრულს საქსონიაში გამოჩნდა, ხოლო პირველი ელექტრონული გირლიანდა 1895  წელს აინთო ამერიკაში, თეთრი სახლის წინ მდგარ საახალწლო ნაძვის ხეზე. 1927  წელს ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია საბჭოთა კავშირში ანტირელიგიურ კამპანიას შეეწირა, ნაძვის ხე „რელიგიურ გადმონაშთად“ შეირაცხა და ის აკრძალეს. მაგრამ ამ შეზღუდვამ  მხოლოდ 6 წელი გაძლო. უკვე იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ბრძანებით 1934 წელს ხალხს დაუბრუნეს საყვარელი დღესასწაული, თუმცა მაშინდელ იდეოლოგიურ მარწუხებს ის მაინც ვერ გადაურჩა: იქ სადაც ადრე ღმერთებისთვის განკუთვნილი მზის სიმბოლო იყო მოთავსებული, ნაძვის ხის ზემოთ, კენწეროში, ახლა უკვე საბჭოთა სიმბოლო,  წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი დაამაგრეს,  შუშის ბურთის ადგილას კი მუყაოს ტრაქტორები და კომბაინები დაჰკიდეს, ხოლო თოვლის ბაბუას მდიდრული ბეწვის მაგივრად ხალათი ჩააცვეს.
ხალხი საახალწლოდ აკეთებს  ნამცხვრებს, გოზინაყებს, სხვა ტკბილეულსა და მრავალგვარ საჭმელს. ახალი წლის დადგომის დროს, ღამის 12 საათზე თოფებს, ფეიერვერკებს, ასაფეთქებელ „ხლაპუშკებს“ (ფეიერვერკები, მაშხალები და „ხლაპუშკები“ რამოდენიმე წლის წინ არ იყო) სროლავენ; ამ წლის ბოლოს პირველად გადაიფრინა მაღლა ჰაერში ქვემოთ ცეცხლშენთებულმა საჰაერო ბურთმა (ძველად პარაშუტი თუ ჰაერბურთი ჩამოვარდა სოფელში). ხალხი ერთიმეორეს სტუმრობს და ულოცავენ დამდეგ ახალ წელს, უსურვებენ მრავალს დაესწრონ. ამ დღეებში ტელევიზია და რადიო საზეიმო გადაცემებს უშვებენ, მაგრამ ვინაიდან 1 იანვარი შობის მარხვაშია, ადამიანთა ნაწილი თავს არიდებს მის განსაკუთრებულად აღნიშვნას. ზოგიერთი 14 იანვარს ძველით ახალ წელს აღნიშნავს, როდესაც უკვე ხსნილია. ახალი სტილი XX  საუკუნის 20 - იან წლებში შემოიღეს,  2000  წლის დასრულებითა და 2001 წლის დადგომით დასრულდა XX საუკუნე და დადგა XXI საუკუნე, ამავდროულად დამთავრდა II ათასწლეული და დაიწყო III ათასწლეული, ერთ საუკუნეში 3155760000 წამია. სოფელში შედარებით ნაკლები მასშტაბებით ზეიმობენ სხვა დღესასწაულებსაც. ზოგჯერ იხდიან დაბადების დღეს, აკეთებენ საზეიმო წვეულებებს ბავშვის შეძენის, ნათლობის თუ სხვა მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე სამტრედიასა და ხონის ტელევიზიების საშუალებით ულოცავენ ერთმანეთს მნიშვნელოვან თარიღებს. საბჭოთა კავშირის არსებობის დროს  აღნიშნავდნენ შესაბამის თარიღებსაც:  8 მარტი - ქალთა დღე (ამ დღეს, 3 მარტსა (დედის დღეს) და 9 მაისს ნაკლები პომპეზურობით ახლაც აღნიშნავენ), 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე, 9 მაისი - ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე, 7 ნოემბერი - სოციალისტური რევოლუციის დღე და სხვა. ზეიმის დროს ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს (ძღვენს) და ზოგჯერ თანხასაც.
ყველაზე ხალხმრავალი და ღირსშესანიშნავი კი მაინც ქორწილია. ის შეიძლება იყოს მოყვანითი, წაყვანითი და დაბრუნებითი. გვხვდება როგორც შეთანხმებით მოყვანისა და გათხოვების, ასევე მოტაცებისა და გაპარვის შემთხვევებიც. ამ დღისათვის წინასწარ ხანგრძლივად ემზადებიან. სპეციალურად ამისათვის გაგზავნილი, დამპატიჟებელი კაცი სიტყვით დაპატიებს (ადრე ის ლამაზად გაფორმებულ მოსაწვევ ბარათებს ურიგებდა) მეზობლებსა და ახლობელ - ნათესავებს, რომლებიც ამ დროს ოჯახს გარკვეული თანხითა (რამოდენიმე ათეული ლარი, მას ქორწილის დღეს ცალკე ოთახში ორი ადამიანი, დამწერები ღებულობს და რვეულში წერენ) და პროდუქტით (ყველი, ქათამი, ინდაური, კვერცხი, გოჭი), ასევე ფიზიკური შრომითაც ეხმარებიან. დანიშნავენ თავკაცსა და თავქალს, რომლებთაც  ქორწილის საქმეების გაძღოლა და ხელმძღვანელობა ევალებათ. ამ დღისათვის ეზოში დადგამენ გრძელ,  წყალგაუმტარი ქსოვილისაგან დამზადებული „ბრეზენტის სეფას“, რომელიც ლითონის საყრდენებს - „დუგებს“ეყრდნობა. მას მეზობელი სოფლებიდან ქირაობენ და ტრაქტორით მოაქვთ რამოდენიმე დღით ჭურჭელთან ერთად. სეფა სხვა სოფლებში აქვს მურიკო ახობაძეს, კახა დუნდუას, დათიკო სტურუას, ოთარ ვასაძეს და სხვებს. ამ სეფაში გაჰყავთ ელექტროდენი განათებისა და მუსიკებისათვის. იქ გაშლიან გრძელ, „სტოლსაფრებგადაფარებულ“ მაგიდებს ქაღალდებგადაკრული „სკამეიკებით“,  დააწყობენ უმეტესად „პოვარის“ მიერ და მისივე ხელმძღვანელობით მომზადებულ მრავალგვარ საჭმელებს, ესენია: პური, ხაჭაპური, მჭადი, ღომი, აჩმა, პიცა, ხორცი, მწვადები, წვნიანი ხორცი („სალიანკა“, ოსტრი, ბაჟე), თევზი, იკრა, ღვინო, სხვადასხვაგვარი ლიმონათი, კოკა - კოლა, ფანტა, მინერალური წყალი (ბორჯომი, ნაბეღლავი, საირმე), წვენი, მწნილი (მჟავე), მხალი (ფხალი), მწვანილები, ვინეგრეტი, ფელამუში, ჩურჩხელა და სხვა. ასევე ქორწილის სუფრის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია მრავალნაირი ნამცხვარი: ზღაპარი, ნაპოლეონი, იდეალი, რულეტი, ბაქლამა, ქადა და ა. შ. მათ გარდა სუფრას ამშვენებს   სხვა ტკბილეულიც, კანფეტები, შეკოლადები, ასევე ხილი: ვაშლი, მსხალი, ატამი, თხილი და სხვები. სუფრას ხალხის დაჯდომის შემდეგ სისტემატურად ამარაგებენ სასმელ (ღვინოს მერიქიფე ბიჭები ასხამენ) - საჭმელებით. პურ - მარილს თავისი დასალევით ხშირად ბირჟაზე და მეზობლებთანაც აგზავნიან.
საქორწილო მაგიდების დასავლეთ მხარის ბოლოში, ამაღლებულ ადგილზე (ბოგაზე, პრეზიდიუმში)  ნეფე - დედოფალი  ჯდება. მათ წინ პატარა სუფრას  შლიან სადედოფლო ტორტითა და სხვა სახის პურ - მარილით, ხოლო გვერდით ჰყავთ მეჯვარეები (შაფირები); იქვეა ელექტრომუსიკის მოწყობილობაც თავისი მუსიკოსებით, დამკვრელებ - მომღერლებით, მათ წინა მხარეს   საცეკვაო  ადგილია დატოვებული.  სეფას, სახლსა და სიძე - პატარძლის მანქანას ფერადი ლენტებით, ქაღალდებით, ყვავილებითა და მწვანე ტოტებით მორთავენ. სახლსა და ეზოს წინასწარ ალაგებენ და თუ საჭიროა არემონტებენ კიდეც.
სიძეს შავი ფერის შარვალ - კოსტიუმი აცვია თეთრი „საროჩკითა“ და ჰალსტუხით („გალსტუკით“),  ახლახანს ზოგმა სიძემ ქორწილის დღეს ქართული ჩოხა ჩაიცვა. დედოფალს კი ფართო, გრძელი, თეთრი სადედოფლო კაბა აქვს  ჩაცმული, მას სალონში მაკიაჟს უკეთებენ,  სიძის ოჯახი და  სხვა  ახლობლები შეაბნევენ ძვირფასეულობას - ოქროს, ვერცხლის, ბრილიანტის ბეჭდებს, სამაჯურებს, მძივებს („ძეწკვებს,  ცეფებს“),  საყურეებს.  ახლადდაქორწინებულებს თითზე საქორწინო ოქროს მრგვალი („კალიცო“) ბეჭდები უკეთიათ. ხელის მოწერისა (ამ დროს ზოგჯერ ცოლი ქმარის გვარზე გადადის, ამ ტექსტში ზოგჯერ ქალი ქმრის გვარით წერია) და ეკლესიაში ჯვრისწერის (რაც საბჭოთა პერიოდში არ ხდებოდა) შემდეგ მათ მაყრიონთან ერთად ავტომობილების კოლონით სიგნალებით მოიყვანებენ  სადაც ქორწილა, რომელთაც ჯერ სახლში სათანადოდ მოწყობილ „ზალაში“ აიყვანებენ და უკანა მხარეს დააყენებენ. მათ სახლში შესვლამდე კარებთან იატაკზე დაუდებენ გადმოპირქვავებულ თეფშს („საინს“), რომელსაც ისინი ფეხით გატეხავენ და სიძის დედა (დედამთილი) პირში კანფეტს ჩაუდებს. უკვე ცოლ - ქმარს გვერდით აქაც მეჯვარეები უდგათ, სიძეს - ბიჭი, დოდოფალს კი გოგო, რომლებიც შემდეგ მათ შვილს მოუნათლავენ. აქ სიძე - დედოფლის წინ ერთი მაგიდაა პურ - მარილით, ნამცხვრებით, ტკბილეულით, ხილით, შამპანურით, ღვინითა და რაც მთავარია დიდი  სადედოფლო ტორტით; მას ხალხი მარჯვნიდან შემოუვლის და წყვილს ხელის ჩამორთმევითა და გადაკოცნით მიულოცავს გაბედნიერებას, ზოგიერთი სამკაულსაც აჩუქებს. შემდეგ ნეფესა და დედოფალს სეფაში მოცეკვავის ცეკვის თანხლებით შეიყვანებენ, სადაც ხალხი მცირე ხნის დამჯდარია და მათთვის განკუთვნილ ადგილას დასვამენ  შაფირებთან ერთად.  უკვე დანიშნული ჰყავთ თამადა და მისი მოადგილეები, თამადა სუფრის თავში, მუსიკოსებთან ახლოს ზის და ის უძღვება ამ საზეიმო ცერემონიალს ვრცელი სადღეგრძელოების მიკროფონში წარმოთქმითა და ღვინის დალევით. დღეს თამადა ხშირად არის მალხაზი თურქია, ადრე ზაზა თურქიაც თამადობდა. პირველად დალევენ მშვიდობის სადღეგრძელოს, ადიდებენ უფალს და სწორედ ამის შემდეგ შემოიყვანებენ სიძე - დედოფალს, რომელსაც ხალხი ფეხზე ადგომით შეხვდება, მალე  თამადა  წარმოთქვამს  მთავარ - მათ  სადღეგრძელოს. შემდეგ მას მოჰყვება სხვა მრავალი  სადღეგრძელო, იმართება ქეიფი და დროს ტარება, უკრავს მრავალგვარი (ქართული და უცხოური) მუსიკა, მღერიან და ცეკვავენ. ქორწილები უმეტესად შაბათ საღამოს ეწყობა, ის ხშირად მთელი ღამე და მეორე დღესაც გრძელდება. ყოველივე ამას ვიდეოკამერითა და ფოტოაპარატებით იღებენ, რათა მათ შემდეგ უყურონ,  შეინახონ  და მომავალ თაობებსაც გადასცენ ამ სამახსოვრო დღის ჩანაწერი ვიდეო და ფოტოსურათები. ბოლო წლებში ქორწილის გადახდას მარხვაში ერიდებიან.
ქორწილის შემდეგ მაგიდებს აალაგებენ, ჭურჭელს დარეცხავენ, ყუთებშიჩაწყობილად დაითვლიან, დანაკლისს აუნაზღაურებენ პატრონს.  სეფას თავისი მაგიდებ - სკამებიანად აალაგებენ, დაშლიან და კვლავ „ლაფეტიანი“ ტრაქტორით ან სატვირთო ავტომანქანით წაუღებენ თავის პატრონს. ძველად, ავტომობილების შემოსვლამდე სიძე - პატარძალი ცხენებშებმული ეტლიანი ფაეტონით მოჰყავდათ, ასევე მაშინ არ იყო სეფა და სხდომა ოთახებში ეწყობოდა. ვინაიდან არც ელექტროდენი იყო შემოსული, მუსიკებს ორღანით, დოლით („ბარაბანით“), გარმონით (აკორდეონით), ჩონგურით, სალამურითა და სხვა არაელექტროსაკრავი ინსტრუმენტებით უკრავდნენ;  გასანათებლად ლამპებსა და ჩირაღდნებს ანთებდნენ. ძველად ქორწილები, გასვენებები და სხვა სახის წვეულებები უფრო მცირე მასშტაბებისა იყო ვიდრე დღესაა ისინი.
გაუწყინარში ქუჩების უმეტესობა მოასფალტებულია, თუმცა ის უკვე დაზიანებულია, მათზე მრავლადაა ღრმულები („იამკები“), ბზარები და უსწორმასწორობანი. გზების კიდეებში, მოსახლეობის უკანა (ზოგჯერ წინა) ეზოებში თხრილები, ღელეები, არხებია გაყვანილი, რათა წვიმისა და თოვლის - ნადნობი წყალი დაიწრიტოს და საცხოვრებელი კარ - მიდამო არ დაიტბოროს, ასევე სხვადასხვა ზომის არხებითაა დაქსელილი ყანები და საძოვრები. ადრე ქუჩების კიდეებში ზოგიერთ ადგილას დაყენებული იყო საგზაო ნიშნები (მაგ: ნიკა გოგიშვილის ეზოს წინ, იქ ახლოს მყოფი სკოლის არსებობის გამო დაყენებული იყო სამკუთხა გამაფრთხილებელი ნიშანი „ბავშვების გადასარბენი“) და დიდი ლოზუნგისებური წარწერები („ტრაფარეტები“, მაგალითად ტარიელი სურგულაძის  ეზოს წინ, მეორე ქუჩაში და სხვა), რომლებიც შემდეგ მოშალეს.
სოფელში წინათ ფოსტალიონები ჟურნალ - გაზეთებსა (მათ ოჯახები იწერდნენ) და წერილებს დაატარებდნენ, რომლებსაც ჭიშკარში ჩამოდობდნენ ან იქვე მყოფ საფოსტო ყუთში ჩააგდებდნენ, ესენი იყვნენ: ანტონ ლიფარეიშვილი, თინა გრიგოლია, შალვა, ლეონიდე და ქეთევან გოთოშიები, იუზა შათირიშვილი, ომარ (ხუზურა) ქოქაძე, ნათელა სამსეიშვილი, ლეილა სურგულაძე, ჟუჟუნა და ჟორა შუბლაძეები, ადრე იყვნენ სხვა ფოსტალიონებიც. მაშინ ყველაზე გავრცელებული გაზეთები იყო: „კომუნისტი“, „სოფლის ცხოვრება“,  „განახლებული აბაშა“,  „ლელო“,  ასევე  გამოიწერებოდა და იყიდებოდა „ლიტერატურული საქართველო“,  „მნათობი“,  „პარტიული სიტყვა“, იუმორისტული ჟურნალები: „ნიანგი“,  „ნიანგის ბიბლიოთეკა“ და  სხვა.  წინათ  ადამიანები ერთმანეთს კონვერტში ჩადებულ წერილებს, დეპეშებს („ტელეგრამებს“), ამა თუ იმ თარიღთან დაკავშირებით ლამაზ მისალოც და მოსაწვევ ბარათებს უგზავნიდნენ; ასევ იგზავნებოდა და მოდიოდა ამანათები (ე. წ. „პასილიკები“)  და ბანდეროლები, რომლებშიც რაიმე პროდუქტი თუ საგანი იდო.
მრავალი ათწლეულის წინ ხალხს ჰქონდათ პატეფონები და გრამაფონები. მათ ჯერ სახელურით მომართავდნენ, რის შედეგადაც მათი სპეციალური დისკოსებური პლასტმასის ფირფიტა, ფირი („პლასტინკა“)  დახვეული ზამბარის საშუალებით ერთხანს ბრუნავდა და მის სპირალისებურად დახვეულ, წვრილად დაკვალულ ზედაპირზე დადებული ნემსის წვერი ხმას წარმოქმნიდა, რომელიც ლითონის ყუთსა და მილში ძლიერდებოდა. ელექტროტექნიკის განვითარებასთან ერთად შემოვიდა ელექტრო - რადიო - ფირსაკრავებიც. გაუწყინარში 1951  წელს გამოიყვანეს ხაზის რადიო, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა და 80 - იანი წლების ბოლოს ის ისევ, ხელახლა გამოიყვანეს. მისი ხაზები (2 ხაზი)  ელექტროგადამცემ ბოძებზე დენის ხაზების ქვემოთ იყო იზოლატორებზე დამაგრებული, იმ რადიოს ხაზი ქვიშანჭალაშიც მიდიოდა მისთვის გზის მარჯვენა მხარეს დასობილი ხის ბოძების საშუალებით. ამ რადიოს ხაზს არ უმუშავია და ის შემდეგ დახსნეს, ქვიშანჭალის გზაზე დასობილი „სტოლბები“ კი ამოთხარეს და წაიღეს. ჩვენს სოფელში პირველად „ცისფერი ეკრანი“ გოგი თოდუას სახლში აინთო, რაც დენის გამოყვანის შემდეგ მოხდა. იმ ტელევიზორს დიდი ინტერესით უყურებდა მრავალი ადამიანი. ძველი ტელევიზორები იყო: „აელიტა“, „ვიტიაზი“, „რეკორდი“, „ჰორიზონტი“, „მინსკი“, „ჩაიკა“, „სლაუტიჩი“ და სხვები. პირველი ტელევიზორები და თვით გადაცემები  შავ - თეთრი იყო, შემდეგ კი ფერადი გადაცემები და ტელევიზორები გამოჩნდნენ. იმ ძველი ტელევიზორების შესარემონტებლად ტუქსი არველაძე მოჰყავდათ. ამჟამად თითქმის ყველა ოჯახს უცხოური ფერადი და შავ - თეთრი პულტიანი ტელევიზორები აქვს (მაგალითად „კორფუჯი“და უფრო უკეთესებიც). მოგვიანებით გავრცელდა მაგნიტოფონი და „პრისტავკა“. დღეს კი ზოგიერთ ოჯახს თანამედროვე ციფრული ტექნიკაც - „DVD“, ციფრული კამერა და ფოტოაპარატი, ასევე ინტერნეტჩართული კომპიუტერიც (ზურიკო გოთოშია, თენგიზ ლოლუა, სლავა კეკელიძე,  კოსტა, კოტე ბოხუა, ბაჩუკი კოპალეიშვილი) აქვს.
ადრე სოფელში ხაზის, კაბელის ტელეფონიც იყო, რომლითაც მრავალი მოსახლე, ასევე კანტორა, სკოლა და მაღაზია სარგებლობდა. იმდროინდელი ტელეფონის ნომრები 5 ციფრისაგან შედგებოდა, რომელთაგან პირველი ციფრი 9 იყო. სატელეფონო კაბელების ნაწილი ქუჩის კიდეში ბოძებზე („სტოლბებზე“) იყო დაკიდებული, ნაწილი კი მიწისქვეშ იყო  გაყვანილი (მიწისქვეშა კაბელი ახლაც არის უმოქმედოდ ქვიშანჭალის გზის კიდეში დამარხული, ის ქვიშანჭალში მიემართება), მოწყობილი იყო მისი კარადაც („შკაფიც“), ხოლო „ატს“ როგორც ვახსენეთ ერთხანს, ბოლოს მაშინდელ ძველ კანტორაში იყო განთავსებული. შემდეგ, 90 - იან წლებში ისიც მოიშალა, ატს, კაბელები და ბოძები განადგურდა და წაიღეს. ამჟამად თითქმის ყველა მოსახლეს მობილური (მაგთის, ბალის, ბანის (ბანის მომსახურება - „ბრენდი“ ახლახანს ჩაირთო), ასევე ჯეოსელის, ლაი - ლაისა (ისინი 1997 წლიდან მოქმედებენ) და ახლადშემოსული ბილაინის ნომრებით) და უსადენო (მაგთი ფიქსი, სილქნეტი (ყოფილი ტელეკომი)) ტელეფონები აქვს შესაბამისი თანამედროვე სერვისებით - sms, mms, ინტერნეტი, ვიდეოზარი და სხვა.
ამ ადგილებში ტელევიზია დაახლოებით 10 არხს უჩვენებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი (თბილისის I და II არხები), ის 1956 წლის 30 დეკემბრიდან მაუწყებლობს, რუსთავი 2, იმედი, აჭარა, საქართველო, ხონი, სენაკი - ეგრისი; ხოლო თუ სატელიტურ ანტენას გამოვიყენებთ, რაც ზოგიერთ მოსახლეს (ნიკა გოგიშვილს, იონა თოდუას, გიგა შალამბერიძეს, კობა (ჩალის ღერა) რურუას, ომარი ხაჟომიას, ზვიადი ჯანაშიას, კოტე ბოხუას, ჯამბული ჯიჯელავას და სხვებს) აქვს, უამრავი ქართული და უცხოური არხის დაჭერაა შესაძლებელი;  საბჭოთა წყობილების დროს მხოლოდ ორი, თბილისისა და მოსკოვის ტელევიზიები მაუწყებლობდნენ, შემდეგ კი, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რამდენიმე წელში აღნიშნული კერძო ტელევიზიებიც გაიხსენ. ასევე სხვადასხვა სიხშირეზე  გადასცემს საეთერო რადიოც: თბილისის I არხი, ფორტუნა, ფორტუნა პლიუსი, პირველი რადიო, იმედი, საპატრიარქოს რადიო „ივერია“, არ დაიდარდო, ქალაქი, მრავალი უცხოური რადიოარხი.  წინათ ტელევიზიით გადაიცემოდა საინფორმაციო გადაცემები: ალიონი, ნაშუადღევს, მოამბე,  შემდეგ მაცნე,  ქვიშის საათი,  მოსკოვიდან კი „ვრმია“;  დღეს ძირითადად ქრონიკა (იმედი), კურიერი (რუსთავი 2) და მოამბე (I არხი) გვატყობინებს ახალ ინფორმაციებს. ასევე ადრე საბავშვო ტელეგადაცემები იყო ცისკარა, ზღაპრის გუდა, ძილისპირული, ცეროდენას ეკრანი, ტელეღიპუცები, ამჟამად კი ბასტი - ბუბუ, მხიარული ოჯახი, მულტფილმები და სხვა. გარდა ამისა წინათ მრავალგვარი ფილმები, იუმორისტული, გასართობი, შემეცნებით - საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, კულტურული, ისტორიული და სხვა სახის პროგრამები არსებობდა და რამდენადმე სახეშეცვლილი ფორმით დღესაც არსებობს. კომუნისტების დროს ტელესერიალები, განსხვავებული აზრი (მაშინ ოპოზიცია საერთოდ არ არსებობდა), რელიგიური გადაცემები,  რეკლამა და ანონსები ტელევიზიითა და პრესით არ ვრცელდებოდა, მასმედია მთავრობის პროპაგანდა - აგიტაციას ეწეოდა, დღეს კი უამრავი სარეკლამო რგოლებია, რადგან მათი საშუალებით ტელევიზიები და პრესა მოგებას ნახულობს. ტელე - რადიო გადაცემების ნაწილი 24 საათიან რეჟიმში მაუწყებლობს. ყოველივე აღნიშნულმა უდიდესი როლი შეასრულა საზოგადოების განვითარების საქმეში, თუმცა ამ დროს მათმა ნაწილმა უარყოფითი გავლენაც მოახდინა ადამიანებზე.
გაუწყინარში მთავარ ქუჩაზე 1962  წელს დანიშნეს „ბრიზენტით“ გადახურული, ე. წ. ტენტიანი ავტობუსი სამტრედია - გაუწყინარის რეისის. ის სულ ადრე ჩვენთან არ შემოდიოდა და მთავარი ქუჩის, გაუწყინარის დასაწყისში ბრუნდებოდა; შემდეგ მან რეისი ჩვენი სოფლის ცენტრამდე გამოაგრძელა,  ბოლოს მისი მარშრუტი ქვიშანჭალასა და ბახვაჭალამდე, მეორე ქუჩის მოსახლეობის ბოლომდე, მოსაბრუნებელთან ჩავიდა (სადაც დღევანდელი მარშრუტკა ბრუნდება). მოგვიანებით მის ნაცვლად ცალკარიანი, ე. წ. „კაროპკა“ ავტობუსი მოძრაობდა, 80 - იან წლებში კი ისიც „პაზ“ - ის მარკის ყვითელი ორკარიანი ავტობუსით შეცვალეს. 2009 წლიდან აქ მიკროავტობუსი, „მარშრუტკა“ მოძრაობს. ის წელიწადის დროისა და კვირის დღეების მიხედვით დღეში 5 – 7 რეისს აკეთებს სამტრედია - გაუწყინარს შორის, დღეში სამჯერ ჩადის ქვიშანჭალაში, ხოლო ორშაბათ დღეს ის არ მუშაობს. პირველად ავტობუსის მძღოლები („შოფრები“) იყვნენ კოწია და უჩა კოპალეიშვილები, შემდეგ მიტუშა შენგელია, რობერტი და ვასილ სტურუები, სერგო კობრავა, ავთანდილ თავაძე და სხვები.  შემდეგ მასზე სერგო მიქაძე და მუხრან კოხრეიძე (ის ჩვენი თანასოფლელი იყო, გაღმა ქუჩიდან) მუშაობდნენ მორიგეობით, მოგვიანებით კი კახა ბოხუა მართავდა მას. მძღოლებს ზოგჯერ ჰყავდათ თანაშემწეები, რომლებიც მგზავრებისაგან თანხას იღებდნენ (მაგ: ვიტალი მეფარიშვილი).  დაახლოებით 2005  წლიდან დღემდე მძღოლი ძირითადად მურმანი და მისი შვილი მალხაზი ჩაჩუებია (სამტრედიის რაიონის სოფელ გომიდან), ავტობუსი კარგა ხანია გაუქმდა და ისინი ახლა თეთრი მარშრუტკით გვემსახურებიან მგზავრებისა და მცირე ტვირთის წასაღებად, მათ და მეორე ქუჩის რეისის მარშრუტკასაც ხშირად ამა თუ იმ საყიდლის სამტრედიიდან მოტანასაც აბარებს ხალხი, რასაც ისინი დაუზარებლად ასრულებენ და ადამიანები მათი მადლიერნი არიან. კომუნისტების დროს  ავტობუსით სამტრედიამდე მგზავრობა 20 კაპიკი ღირდა, დღეს კი - 1 ლარია.  წინა საუკუნის 90 - იან წლებამდე ჩვენი ავტობუსი პირველ მაისში კაცს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა.
მეორე ქუჩაზე მოგვიანებით დანიშნეს ისეთივე ყვითელი ორკარიანი ავტობუსი, როგორიც წეღან ვახსენეთ, მისი მძღოლი ერთხანს მამული დარცმელიძე იყო;  უფრო გვიან იქ ისეთივე ცალკარიანი ავტობუსი მოძრაობდა, რომელსაც ავთო ტალიკაძე, მერე ავთო ხურცილავა მართავდა. ადრე იყვნენ სხვა მძღოლებიც, მაგალითად:  გიგლა ხურცილავა, სოსო თურქია. ამჟამად გაუწყინარის მეორე ქუჩაზე მთავარი ქუჩის მსგავსად მარშრუტკა მოძრაობს, რომლის მძღოლები 2005 წლიდან ერთმანეთის მონაცვლეობით ვაჟა ქანთარია, დათო კომახიძე და ვასო მუქერიაა, ასევე მოსახლეობის ნაწილი პირველი მაისის მარშრუტკითაც სარგებლობს. ადრე სოფელში დილა - საღამოს კიდევ მოძრაობდა გაუწყინარ - ცხაკაიის (დღევანდელი სენაკის) რეისის ავტობუსი და სამტრედიის მაშინდელი ხის დამამუშავებელი  კომბინატის (ხდკ - ს) ავტობუსი, რომელიც იქ დასაქმებულ  ჩვენი და მახლობელი სოფლების მუშა - მოსამსახურეებს დაატარებდა. ამჟამად ადამიანები ზოგჯერ ტაქსითაც სარგებლობენ, შესაძლებელია მისი ტელეფონით გამოძახება.
ავტომობილების (ავტომანქანების, მანქანების, „მაშინების“) შემოსვლამდე („ზიმი“, „ფაქიზო მოსკვიჩი“,  „ვილისი, კოლხოზნიკი“, „ვოლგა - 21“, „პაბედა“ - ესენი პირველი ავტომობილები იყვნენ), რაც 50 - იან წლებში მოხდა, ადამიანები ძირითადად საჭაპანო ტრანსპორტით (ჯერ ხარებშებმული ურმებით,  შემდეგ ცხენიანი ორთვალებითაც, ცხენ - კაჭკებით) სარგებლობდნენ; ახლა სოფლის მოსახლეობის ნაწილს ყოფილი საბჭოური წარმოების („ჟიგული“,  „ვოლგა“,  „ნივა“, „მოსკვიჩი“,  „ზაპოროჟეცი“,  მძიმე, სატვირთო ავტომობილები („გრუზავიკი“,  „კამაზი“)), ასევე უკეთესი ხარისხის უცხოური ავტომანქანები  („ფირმა“, იმპორტული, ესენია: „ბმვ“, „მერსედესი“, „ოპელი“, მარშრუტკა  და სხვა)  ჰყავს,  ესენია:  შოთა კაპანაძე, იური,  კარლო (ვაჟა),  ზურაბ,  რეზო და გიგა გოთოშიები, საჩინო, ნუკრი, მერაბი (მენო),  გიორგი (გოგიტა) სურგულაძეები, იმედო (ბუთურა), მიხეილ (მიშიკო) და ალბერტი თურქიები, ნუგზარი ბერიძე, რობერტი (დემური) ჯანჯღავა, ნიკოლოზ (ნიკა) გოგიშვილი, სევასტი და მამუკა თოდუები, გიგა შალამბერიძე, თენგიზი და ლევანი (ბიჭუნა) ლოლუები, ჯამბული სტურუა, ავთო ჯანჯღავა, ედვარდი (ელვარდი)  ჭიქაშუა, როლანდ ქიშმარეიშვილი,  დათო ჯანაშია,  გოგა შუბლაძე,  მერაბი კარანაძე,  გიგა და  გია  ხაჟომიები, ჯამბული და თედო ფირცხალავები, აკაკი (ქოთია) რატიანი, შალვა (ტუტუ) კეკელიძე, ელგუჯა ფუტკარაძე, ალიკო (ალექსანდრე) და მერაბ კოხრეიძეები, ომარი ჯიჯელავა, ბაჩუკი კოპალეიშვილი. ასევე ორ და სამბორბლიანი მოტოციკლეტი თუ  მოტორელი ჰყავთ იური და შოთა (ჭაბუკი) გოთოშიებს,  საჩინო და რომანი სურგულაძეებს, რომან ნაჭყეპიას,  კახა ხაჟომიას, გოგილო კოხრეიძეს და სხვებს. ამასთანავე  ჩვენთან  საკმაოდ გავრცელებულია ველოსიპედებიც („უკრაინა“, „დესნა“, ახლადშემოსული სიჩქარეებიანი უცხოეთიდან შემოტანილი ველოსიპედი; ადრე იყიდებოდა საბავშვო  „შკოლნიკი“, „არმიოლოკი“,  „სალიუტი“ და  სამბორბლიანი ველოსიპედები), რომლებიც XX საუკუნის 30 - იან წლებში შემოვიდა ხმარებაში; იყენებენ ცხენის საჭაპანო ტრანსპორტს და გამწევ ძალასაც.
1966  წლამდე მარან - აბაშის საავტომობილო მაგისტრალი, ტრასა თხმელარის მაღაზიასთან გადიოდა, მანქანები მარნის ლიანდაგებზე გადასასვლელიდან, „პერიეზიდან“ თხმელარისაკენ მოდიოდნენ, გაივლიდნენ ამ ტერიტორიას და მდინარე  ნოღელის ხიდიდან მიდიოდნენ აბაშისაკენ. გზის ამ მონაკვეთზე მოტოციკლით ავარიის გამო 1964  წლის 7 იანვარს, შობა დღეს 26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ედუარდ გოთოშია, ვაჟა გოთოშიას ძმა. მოგვიანებით, 1987 წლის 14 სექტემბერს, გაუწყინარის მახლობლად, პირველი მაისისა და ქვიშანჭალის შემაერთებელ ძველ, დაზიანებულ  გზაზე მოტორელის გადაბრუნების გამო გარდაიცვალა ალექსანდრე (ალო, თარალე) სურგულაძე, მამუკა  და ნანა  სურგულაძეების  ძმა,  ხოლო მისი მძღოლი გიზო ხაბეიშვილიც (რომანი ხაბეიშვილის ძმა) იმავე საღამოს ტრაგიკულად დაიღუპა. მსგავსი თუ განსხვავებული სხვა ტრაგედიები სოფელში  სამწუხაროდ სხვა დროსაც მომხდარა.
ჩვენთან ელექტროენერგია 1966 წლის ივნისში ჩაირთო, რასაც ძალიან დიდი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ცხოვრების შემდეგი წინსვლისა და განვითარების საქმეში. გაუწყინარი წინათ დენით სამტრედიის ბამბის სართავთან არსებული ქვესადგურიდან მარაგდებოდა, შემდეგ დაფნარის ქვესადგურზე გადაგვიყვანეს, გადაგვრთეს, ამის მერე ტყვირის ქვესადგურზე შეაერთეს ჩვენი დენის მთავარძაბვის  ხაზები, სადაც უფრო მაღალი ძაბვა სენაკიდან მოდის. 90 - იანი წლების შუა პერიოდიდან კი ისევ სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარიდან, იქ არსებული ქვესადგურიდან ვმარაგდებით ელდენით. ამისათვის მდინარე რიონის ზემოთ, პირველი მაისისა და ქვიშანჭალის დამაკავშირებელ ძველ გზაზე, ორპირში (ეს ადგილები ძველად დასახლებული იყო, რომლებიც შემდეგ მანანა გრიგოლიას გარდა (ის იქ ახლაც მარტო, მეზობლების გარეშე ცხოვრობს) მდინარის გაღმა გადაესახლნენ იქ ახლადაშენებულ სააგურეში სამუშაოდ) გადმოიყვანეს ახალი ხაზები, მოაწყვეს პატარა „ბუტკა“ დენის ჩამრთველ - გამთიშველითა და მცველებით (თუმცა ის ახლა არ მუშაობს და სადენები პირდაპირაა შეერთებული). აქედან მეზობელ სოფლებთან ერთად გაუწყინარიც დღემდე ღებულობს ელექტროდენს. იმ პერიოდში რეკონსტრუქცია გაუკეთეს სოფლის შიგა ხაზებსც, აბაშასთან დამაკავშირებელი ხაზები გადახსნეს. მაღალი (მთავარი) ძაბვის სამმავთულიანი ხაზები (მათ შიგნით ფოლადის მავთულიც აქვთ სიმტკიცის მიზნით და მასში 10000 ვოლტი ძაბვის დენი გადის) ყანების, მოსახლეთა ეზოების, სტადიონის, ქუჩების გავლით მიემართება დამადაბლებლ ტრანსფორმატორებში, საიდანაც 220 ვოლტი ძაბვის დენი მოსახლეობას მიეწოდება ბეტონისა და ხის ელექტროგადამცემ ბოძებზე იზოლატორებით დაკიდებული ორ, სამ და ოთხმავთულიანი არაიზოლირებული ალუმინის სადენების საშუალებით. მთავარი ქუჩის მოსახლეობა ვახტო თურქიასა და დათო ბოჭორიშვილის ოჯახების ჩათვლით, ასევე სკოლის უკანა ქუჩა, სულ 37 ოჯახი ელექტროენერგიას იღებს გაუწყინარის სკოლის ეზოში არსებული N 114 ტრანსფორმატორიდან. ის ადრე რამოდენიმეჯერ დაზიანდა და ხალხმა საკუთარი ხარჯებით გაარემონტა, ვინაიდან ის სახელმწიფოს ბალანსზე არა  ის. ყველა ტრანსფორმატორს აქვს საჰაერო გამთიშველი, აქ კი ეს ყოფილი კოლმეურნეობის ეზოშია მოწყობილი ბეტონის ბოძზე. გაუწყინარის ახალი სკოლის აშენებამდე და მის ეზოში ტრანსფორმატორის დადგმამდე, რაც სკოლის მაშინდელი ცენტრალური გათბობის საქვაბეს მოტორების მუშაობისთვის იყო საჭირო, ეს ოჯახები დენს იაგო თოდუას წინ, დაღმართში არსებული N 119 ტრანსფორმატორიდან იღებდნენ, შემდეგ კი ისინი სკოლის ტრანსფორმატორზე გადმოიყვენეს. მთავარი ქუჩის მოსახლეობა, აღნიშნულ მოსახლეებამდე  დენით მარაგდება პირველი მაისის N 115 ტრანსფორმატორიდან. ასევე მეორე ქუჩას გენედი შუბლაძის სახლის ჩათვლით დენით ამარაგებს მთავარი ქუჩის დასასრულის  მეორე, გაღმა ქუჩასთან შეერთების მახლობლად, დაღმართში, იაგო თოდუას სახლის წინ მდგარი ახლახანს ნახსენები N 119 ტრანსფორმატორი; ამ მოსახლეების იქეთ, გაუწყინარის მეორე ქუჩის დასაწყისისკენ ანუ კუტაიწერისკენ მცხოვრებ ოჯახებს N 121 ტრანსფორმატორი აწვდის დენს, რომელიც კუტაიწერში დგას. ასევე წისქვილის N 120, აქ უკვე საკუთარი ტრანსფორმატორი (ის წისქვილის მეპატრონე ნუნუ წულუკიძემ შეიძინა) წისქვილის ქუჩასა და მეორე ქუჩის რამოდენიმე მოსახლესაც უზრუნველყოფს ელექტროდენით, ამ მეტად საჭირო და აუცილებელი პროდუქციით, რომლის გარეშეც დღეს წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის ყოფა - ცხოვრება.
სკოლის ეზოში მდგარი ტრანსფორმატორი დახურულ შენობაშია, სოფლის სხვა ტრანსფორმატორები კი ღია ცის ქვეშ ბეტონის მოკლე ბოძებზეა დაყენებულნი. ადრე დენის გადასახადს კრეფდნენ სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი პიროვნებები - ინკასატორები, ელექტროენერგიის მოხმარების  საზომ  მრიცხველებსაც („სოჩიკებსაც“) ისინი აღწერდნენ, კერძოდ სხვადასხვა დროს ესენი იყვნენ: ციცო კოხრეიძე, ჟუჟუნა დუნდუა, ვახტანგი ნინუა, თეზია ხონელიძე, ჯამბული კომახიძე და სხვები. სოფელში წინათ ზოგან მოწყობილი იყო ეზოებისა და გარე განათებაც, რომლებიც შემდეგ მოიშალა. ადრე არსებული ენერგოკრიზისი მნიშვნელოვნად გამოასწორა მთელი საქართველოს მასშტაბით ტრანსფორმატორებთან კომუნალური (კოლექტიური, საერთო) მრიცხველების დაყენებამ. N 114 ტრანსფორმატორთან ეს თანამედროვე კომუნალური, იმპულსური  მრიცხველი 2005 წლის 15 აპრილს დააყენეს აბაშიდან გამოგზავნილმა სპეციალისტებმა. მალე მოსახლეობამ ძველი,  საბჭოთა გამოშვების მბრუნავდისკოიანი, არაზუსტად მომუშავე „სოჩიკები“ საკუთარი ხარჯებით სამტრედიისა და აბაშის ლაბორატორიებში შეამოწმა, გაასწორებინა და თვითნაკეთი ყუთებით ეზოს გარეთ, ელექტროგადამცემ ბოძებზე გამოიტანა და დაამაგრა. გააუქმეს ინკასატორები და აბონენტები დღეს თავად ზრუნავენ დენის გადასახადის დროულად აკრეფასა და ჩაბარებაზე, რასაც ზოგჯერ კონფლიქტური სიტუაციებიც მოსდევს თან, ვინაიდან მოსახლეების მრიცხველების ჩვენებათა ჯამი ნაკლებია  კომუნალური მრიცხველების ჩვენებისა, რის გამოც ხალხს კიდევ დამატებითი  რაოდენობის თანხის გადახდა უწევს. მალე აბონენტებმა არაოფიციალურ ინკასატორად ისევ გაღმა ქუჩელი ჯამბული კომახიძე დანიშნეს, რომელსაც გარკვეულ გასამრჯელოს მოხმარებული დენის ფულთან ერთად თვითონ უხდიან, უმატებენ.  მას ხალხისგან აკრეფილი თანხა კერძო ენერგოკომპანიის (ს ს „ენერგო - პრო ჯორჯია“) აბაშის ფილიალში მიაქვს და იქედან ქვითრები მოაქვს, რომელსაც აბონენტებს ურიგებს. თუმცა ამ მხრივ ხშირია ხარვეზები და მოსახლეობის უკმაყოფილება. ელექტროგადამცემი სისტემა მოძველებული და ამორტიზებულია, რაც გარკვეულ სირთულეებს, შეფერხებებსა და საშიშროებებს ქმნის, მათ მეტწილად თვითონ მოსახლეობა არემონტებს საკუთარი ძალებით. ავდარის, განსაკუთრებით კი ძლიერი ქარისა და წვიმის დროს დენი ხშირად ავარიულად ითიშება, არის სხვა პრობლემებიც.  ინდივიდუალურად მხოლოდ სკოლისა და რამოდენიმე მოსახლის (ნუკრი სურგულაძის, ნიკოლოზ გოგიშვილის, ზვიად ჯანაშიას და სხვების) მიერ დახარჯული დენი აღირიცხება მათი იმპულსური, მოციმციმე  ნათურიანი მრიცხველებით, რომლებთაც  შინ  წისქვილი ან რაიმე სახის ელექტროდენის მსხვილი  მოხმარების მოწყობილობა აქვთ.
გაუწყინარელები პურს უმეტესად ადგილზე ყიდულობენ, რომელსაც სამბორბლიანი მოტორელით გია გეგეშიძე და ასევე  „მარშრუტკა“ (რაფი, ამ სახის ავტომანქანა ადრე იშვიათი იყო) დაატარებს ყოველ დილით, მას ასევე ზოგიერთი აქაური მაცხოვრებელიც ყიდის, მაგალითად გაღმა ქუჩელები ვერა შუბლაძე, გულთაზი (ბუთუ) თურქია, მეორე ქუჩაზე პურს მსუბუქი ავტომანქანითაც ჩამოატარებენ. დიდი ხნის წინ ხალხი ხორბალს ფართობში თესავდა და იწევდა, პურის მარცვლებს ნამჯისაგან,  ბზისაგან გამოაცალკევებდნენ და წისქვილში დაფქვავდნენ, პურს თონეში (თონე გოჭის შესაწვავად დღეს ავთო ჯანჯღავას აქვს) და კეცზე აცხობდნენ. გაუწყინარში მცხოვრები ადამიანები დღეს სურსათის, საჭირო საგნებისა და მედიკამენტების ნაწილს პირველი მაისის კერძო მაღაზიებში (ვიტალი კომახიძისა და ბადრი ხონელიძის),  „ბუტკებში“ (ერთი „ბუტკა“ ნაირა გიგინეიშვილისაა, იქვე მეორე - მურმან შათირიშვილისა და პაატა ნიკურაძის საერთო ჯიხურია, თუმცა ის ახლა არ მუშაობს) და ოჯახში გახსნილ აფთიაქში (რომელიც ციური კვარაცხელი- რურუასია) იძენენ, ხშირად ნისიადაც. ხალხი საყიდლებსა და გასაყიდებზე უმეტესად სამტრედიაში, ზოგჯერ აბაშაშიც მიდის. როგორც მთავარი ქუჩის აღწერისას ვთქვით, სოფელში რამოდენიმე ოჯახს (მაგალითად მამუკა სურგულაძეს, ნიკოლოზ გოგიშვილს, ჟორა და რუბენ ჯანაშიებს, ადრე ვახტო თურქიას, ნუგზარ ფუტკარაძესა და გაღმა ქუჩაში გუგული ქუნთელიასაც) ჰქონდათ წინა ღობესთან ჩადგმული პატარა ჯიხურები, „ბუტკები“, სადაც ისინი სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობდნენ და მცირე მოგებასაც ნახულობდნენ. გარდა ამისა ახლა ზოგიერთი პიროვნება სხვადასხვა სახის ნაწარმს, ეგრეთ წოდებულ (ე. წ.) „ტავარს“ დიდი „სუმკებით“ ჩამოატარებს და ყიდის მოსახლეობაში. გაუწყინარში დროდადრო ავტომობილებით ამა თუ იმ სახის საკვები პროდუქტი (ვაშლი, კარტოფილი, კომბოსტო, ხახვი, მანდარინი და ა. შ.) მოაქვთ გასაყიდად და ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ძირითადად სიმინდზე გადასაცვლელად. ასევე ზოგი ამა თუ იმ სახის ნაწარმით ვაჭრობს. აქ კვირაში ერთხელ ქვიშანჭალელი გია (კორილო) ვერულაშვილი ცხენითა და „კაჭკით“ ,  მარნელი დათო ძიძიგური კი მოტორელით  ტომრებში („მეშოკებში“) ჩაყრილ ქატოსა და პურის ფქვილს ჩამოატარებს გასაყიდად. ასევე მარნელი ზაური და მედიკო არველაძეები მოტორელით ჩამოივლიან და რამოდენიმე ოჯახიდან ყველს ყიდულობენ. დიდი ხნის წინათ სოფელში ებრაელი  ურიები დადიოდნენ, რომლებიც სხვადასხვა წვრილმანით ვაჭრობდნენ, ასევე იშვიათად მათხოვარი და მკითხავიც გამოჩნდება ხოლმე.
2007 – 2008  წლებში  როგორც  სხვაგან,  აქაც ღორების ავადმყოფობა (აფრიკული ცხელება და სხვა)  გაჩნდა, რომელმაც თითქმის ყველა ღორი იმსხვერპლა და ზიანი მიაყენა ისედაც უმეტესად ნაკლებად შეძლებულ სოფლის მოსახლეობას; ადრე იყო ქათმის ჭირის შემთხვევებიც. 2008 – 2009 წლებში ძალიან გავრცელდა მავნებელი - ამერიკული თეთრი პეპელა, მისი მატლები აბლაბუდათი მოედო მრავალ ხეს და მათი მწვანე ნაწილი, ფოთლები გაანადგურა. მათ საწინააღმდეგოდ ქუჩებში სპეციალური მანქანით სამჯერ ჩამოიარეს და საწამლავის აეროზოლი მოასხურეს, ამ მავნებელს ადგილობრივი მოსახლეობაც ებრძოდა საკუთარი ძალებით, მექანიკური და თერმული საშუალებებით; ყოველივე ამან შედეგი გამოიღო.
გადის დრო, დღე დღეს მისდევს, წელი კი - წელს, მნიშვნელოვანწილად იცვლება ადამიანთა ყოფა - ცხოვრება, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში. ადრე არ იყო მრავალი ის ნივთი, საგანი, ხელსაწყო და ტრანსპორტი, ქარხანა, საწარმო - ორგანიზაციები  რომელთა გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის ცხოვრება და საქმიანობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ ძველ დროში არ იყო ძრავიანი ტრანსპორტი და ჭირდა შორ მანძილზე გადაადგილება, ხალხი ხარებ და კამეჩებშებმული ურმებითა და ცხენიანი ორთვალებით („კაჭკებით“, ოთხბორბლიანი კაჭკა - „დროგი“ აქ არავის ჰყავს) სარგებლობდა; მათ ორ დიდ, რკინის სალტეებიან ბორბალს, თვალს კარგად რომ ებრუნა და ხახუნის ძალა შემცირებულიყო, ღერძზე საპონს წაუსვამდნენ, ვინაიდან მაშინ ზეთი, სოლიდოლი („ტაოტი“) და სხვა საპოხი საშუალებები არ იშოვებოდა, რეზინის საბურავები გვიან შემოვიდა ავტომანქანების გავრცელებასთან ერთად. ბავშვები თვითნაკეთი პრიმიტიული „სამაკაჭკებით“ დაგორავდნენ და თამაშობდნენ. იმ პერიოდში სავარაუდოდ იარსებებდა მარხილი და სათრიელი, რომელშიც ასევე ცალ ან წყვილ პირუტყვს შეაბამდნენ და ამგვარად მიიწევდნენ ჩვენი წინაპრები წინ სოფლის ტალახიან ორღობეშიც და ცხოვრების სირთულეებით აღსავსე გზაზეც. ხალხი შორს სამგზავროდ მატარებელს იყენებდა, თუმცა 1871 წლამდე, როდესაც გაიყვანეს ფოთი - ყვირილას რკინიგზა, არც მატარებელი იყო. მომდევნო წელს ფოთი - თბილისის სარკინიგზო მაგისტრალიც ამოქმედდა, სადაც მაშინ თბომავლები („პარაოზები“) დაატარებდნენ ვაგონებს. წინა საუკუნის დაახლოებით 60 - იან წლებამდე ახალგაზრდები საღამო ხანს სოფელში ფეხითა და ველოსიპედებით (ველოებით) დადიოდნენ ჯარიანობაზე, რომელიც  გვიან  ღამემდე გრძელდებოდა, იქ ზოგჯერ ბიჭი და გოგო ერთმანეთს გაიცნობდნენ და შემდეგ ქორწინდებოდნენ. ძველ დროში არ იყო ტრაქტორები (ყანებს ხარებით, კამეჩებითა და მოგვიანებით ცხენებით ხნავდნენ და ამუშავებდნენ, ჰქონდათ მათი ხის და რკინის გუთანი და სხვა საშუალებები). რა თქმა უნდა არც ელექტროენერგია, საათი (დროს სამტრედიის დეპოსა და ძაფსაღები ფაბრიკის საყვირების ხმის, ასევე ქუჩაში დამძახებელი ადამიანის ხმის გაგონებითა და ცაზე მზის მდებარეობით საზღვრავდნენ), ტელევიზორი, რადიო, სარეცხი და საკერავი მანქანები (დენის უთოს მაგივრად ნახშირის უთო ჰქონდათ), გაზქურა, ნავთქურა, ქვანახშირი, თხევადი და აირადი საწვავი, ასევე ფოტოაპარატი (რომელიც ჩვენთან  XX საუკუნის დასაწყისში შემოვიდა), ტელეფონი, ჟურნალ - გაზეთები, ავტოკალამი („პასტა“) ჰქოდათ ძველ ხალხს,  ნაკლებად იცოდნენ წერა - კითხვაც.  ასევე მაშინ არ იყო კონსერვები, კომპოტები, ნამცხვრები, ტორტები, მრავალგვარი საკვები და სხვა მრავალი რამ. გავრცელებული იყო ხის სუფრები, რომლებზეც გადასაფარებელი („სტოლსაფარი“) არ ეფარათ და ზოგიერთ საკვებს, მაგალითად ღომს თეფშების გარეშე პირდაპირ მის გადაწმენდილ ფიცარზე არიგებდნენ. ქვამარილს ქვის „საცეხველაში“ დააფხვიერებდნენ, დანაყავდნენ და საკვებისათვის იყენებდნენ. წინათ არ იშოვებოდა მინა, შპალერი, ლაქ - საღებავები, პლასტმასა,პოლიეთილენი, ცელოფანი, მრავალი სახის ჭურჭელი; გავრცელებული იყო (და დღესაც გავრცელებულია) თიხის დოქი, კოკა, სურა, ხელადა, კეცი, კელამუდი, ზოგიერთი სახის ჭურჭელი და სხვა ნაკეთობანი. მაშინ არ არსებობდა სარეცხი ფხვნილიც, საპონს სახლში ამზადებდნენ ღორის ქონისა და ნაცრის ნარევის ქვაბში მოხარშვით; ასევე გამოიყენებოდა თავსაბანი მიწა. ჭირდა ფეხსაცმელების შოვნაც, ადამიანებს ფეხზე ეცვათ წუღები, ქალამნები (მას ზოგჯერ ძროხის ტყავისგან კერავდნენ), ტილოს „ტუფლები“, ხის ძირიანი ქოშები. ტანზე დღევანდელისაგან რამდენადმე განსხვავებულად ემოსათ, კერავდნენ ჩოხას და სხვა ტანსაცმელს. ხალხი ცხვრის მატყლს საჩეჩელის ნემსებზე ჩეჩავდა, შემდეგ თითისტარით (ჩერიათი) ძაფს დართავდნენ და ქსოვდნენ, გავრცელებული იყო ხელით, ჩხირებით ქსოვა. მაშინ არც სიგარეტები, პაპიროსები იყიდებოდა და მათ ნაცვლად ჰქონდათ მცენარე თამბაქოს ნარგავები, რომელთა ფოთლებს კრეფდნენ, ძაფებზე აცვავდნენ და ახმობდნენ, შემდეგ კი მათ დააქუცმაცებდნენ და ქაღალდში შეახვევდნენ ან ყალიონში ჩაყრიდნენ და ისე ეწეოდნენ. გავრცელებული იყო ჩიბუხებიც, რომლებშიც სიგარეტს ამაგრებდენ მოწევის დროს. 80 - იან წლებამდე იშვიათი იყო სანთებელა („ზაჟიკალკა“), ძალიან ადრე როდესაც ასანთიც („სპიჩკა“) არ იყო, ხალხი ცეცხლს ე. წ. კვეს - აბედით, კაჟის ქვისა და აბედის სოკოთი ანთებდა, რომელსაც ხანგრძლივად ინახავდნენ ჩაუქრობლად. სულ ადრე საცხოვრებელ სახლებს ალბათ ზეთიანი და ქონიანი სუსტად მბჟუტავი კვარებით (ჩირაღდნებითაც) ანათებდნენ, შემდეგ კი ნავთიც გავრცელდა და ჭრაქებსა და ლამპებზე გადავიდნენ. მოგვიანებით შემოვიდა ასანთი, ერთხანს გამოდიოდა დიდი ზომის „სპიჩკის“ კოლოფები მრავალრიცხოვანი ღერებით.
ძველად არც ცემენტი იწარმოებოდა და სახლები (ხშირად ქოხები, ქოხმახები) უმთავრესად ხისაგან შენდებოდა მხოლოდ ერთსართულიანები. ვინაიდან ღუმელიც არ იცოდნენ რა იყო, შენობაში ტალახით ამოყვანილ აგურის ბუხრებსა (რომელშიც ქვაბის დასაკიდებელი კავი, ნაჭა იყო ჩამოკიდებული)  და  ასევე პირდაპირ შუაცეცხლს ანთებდნენ.  სახლებს სულ ადრე მცენარე ისლით ხურავდნენ, მათ ხშირად „თავანი“ არ ჰქონდათ, მოგვიანებით კრამიტი და შემდეგ შიფერიც შემოვიდა.
მაშინ არ იყო მრავალინ წამალი, სამედიცინო ხელსაწყო, პარფიუმერია, ჩვილ ბავშვთა საკვები („ჰუმანა“, „ჰერკულესი“, „მალიში“, „მალიუტკა“ და სხვა)  და  მათი მოვლის საშუალებები („პამპერსი“, „კენგურუ“,  საწოვარა „სოსკა“ და ა. შ.), საავადმყოფოები და სამშობიაროები (რომლებიც ესოდენ საჭიროა დღეს),  ამის გამო ქალები წინა საუკუნის შუა პერიოდამდე სახლში მშობიარობდნენ შესაბამისი გამოცდილი პიროვნების - ბებიაქალის დახმარებით, ისინი იყვნენ: ოლია ქუნთელია (კუტაიწრელი) და მარგალიტა ჩიტია (პირველმაისელი).  გავრცელებული იყო ექიმბაშები, მცენარეული და სოფლის წამლები, კისერზე წურბელის მიჯენა, შელოცვები (ნაუჟმურის, შენახვდომის, ნათვალევის, შეშინებულის, გველის ნაკბენის); იცოდნენ თავისებური მოვლის წესი „ბატონებიან“ ბავშვებზე, მათთვის განსაკუთრებული პატივისცემა, სუფრის გაწყობა, ასევე ყავის ნალექზე და კარტზე მარჩიელობა,  „სარკის დადგმა“,  „თეფშის დატრიალება მიცვალებულის სულის გამოსაძახებლად“ და სხვა. მაშინდელ მკურნალობის მეთოდებსა და ჩამოთვლილ რიტუალებს დღესაც აკეთებენ ხოლმე.  90 - იან წლებში საკავშირო ტელევიზიით (მოსკოვის არხი) გამოდიოდა კაშპიროვსკი და მისი თქმით სამკურნალო სეანსებს ატარებდა, რომელმაც გარკვეული პოპულარობა მოიპოვა. შემდეგ რამდენიმე ქართველი ექსტრასენსიც ატარებდა ანალოგიურ სეანსებს; ასევე გამოვიდა „დამუხტული გაზეთებიც“, რომლებსაც ვითომ სამკურნალო თვისებები ჰქონდათ, ყოველივე ამათ რეალურად შესაძლოა მხოლოდ პლაცებოს ეფექტი ჰქონოდათ.
ადრე წონის საზომ ერთეულად იყენებდნენ ფუთს (1 ფუთი 16 კილოგრამია, მას დღესაც ვიყენებთ ჩვენ დაფშვნილი სიმინდის და სოიოს გამოსაწონად),  ბათმანს (8 კილოგრამი), კოლექტივის  დროს კი ცენტნერს  (100 კილოგრამი);  ასევე  სულ  ადრე მიწას ქცევობით ზომავდნენ (1 ქცევა მიწა დღევანდელი 0,4 ჰექტარი იყო).
გავიდა საკმაო დრო და თანდათან შემოვიდა მრავალი სიახლე. ამასთანავე ცვლილებები განიცადა ადამიანთა წეს - ჩვეულებებმა, ტრადიციებმა, ჩაცმულობამ, მოდამ (გასაკუთრებით გოგონებსა და ქალებში, მათ დაიწყეს შარვლების ჩაცმა, რაც 90 - იან წლებადე არ ხდებოდა და მანამდე ისინი მხოლოდ კაბებს ატარებდნენ, კაცებმა კი შორტებ ჩაიცვეს), მეტყველების სტილმა და სხვა, ამ მხრივ ადგილი ჰქონდა უარყოფით ტენდენციებსაც. დამკვიდრდა ახალი გამოთქმები და ტერმინები, მათ შორის მიუღებელიც და ბარბარიზმებიც;  გაჩნდა ახალი ტელე - რადიო  გადაცემები, ჟურნალ - გაზეთებმაც იცვალეს იერი, ჩამოყალიბდა თანამედროვე ყოფა - ცხოვრება, აშკარად შეინიშნება ევროპული  სტილისადმი მიბაძვა.  ყოველივე ამან როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა იქონია ადამიანზე.
სოფელ გაუწყინარში უმთავრესად გამრჯე და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, რომლებმაც ჭირში და ლხინში ერთმანეთის გვერდით დგომა იციან, თუმცა როგორც ყველგან, აქაც არის საპირისპირო შემთხვევებიც: ადამიანთა უარყოფითი თვისებები, სხვადასხვა მიზეზთა გამო კამათი, უსიამოვნება, ჩხუბი, ლანძღვა - გინება (კაცების მიერ),  წყევლა - კრულვა (ქალების მიერ) ოჯახებს შორის და თვით  შიგნითაც, ქურდობა, მიუღებელი საქციელი, სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, დათრობა (მამაკაცებში) და სხვა. არის სხვაგვარი პრობლემებიც, რომლებთან გამკლავებაც იყო და არის გაუწყინარელთა ზრუნვის საგანი.
დღეს გაუწყინარის ყველაზე მცირეწლოვანი მაცხოვრებელი ლანა სურგულაძე და გაბრიელ ბოჭორიშვილია - 3 თვის, დაიბადნენ  2009  წლის დეკემბერში, უხუცესები კი - კატუშა ღირდალაძე და ნინა გოგეიშვილი, რომლებიც ახლა 94 წლის არიან, ისინი დაიბადნენ 1916 წელს. ზოგიერთ ადამიანს მეტსახელიც (ფსევდონიმი, „კლიჩკა“) აქვს, ისინი ამ ტექსტში ხშირად ფრჩხილებშია ჩასმული ნამდვილი სახელის შემდეგ ან მის გვერდით წერია სასვენი ნიშნის მძიმის (, - ის) შემდეგ.
ჩვენი სოფელი რამოდენიმეჯერ იყო მაღალი რანგის სტუმრების მასპინძელი მათ თანმხლებ პირებთან ერთად. როგორც ვთქვით ძველ სკოლაში პირველი ქართულის გაკვეთილი ჩაატარა ცნობილმა მოღვაწემ გრიგოლ აბაშიძემ. აქ  70 - იან წლებში ჩამოვიდა საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე, 80 - იან წლებში კი სსრკ - ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი კოსიგინი, მან დაათვალიერა სოფელი და ფერმა. ერთხელ ედუარდ შევარდნაძემაც ჩამოიარა აქ ავტომანქანით, რომელიც ქვიშანჭალაში მიდიოდა. არეულობისა და სამოქალაქო  დაპირისპირების პერიოდში, 90 - იანი წლების შუა ხანებში გაუწყინარში თავს აფარებდა დღევანდელი კონსერვატიული პარტიის  ლიდერი ზვიად ძიძიგური. 2003  წელს კი საპარლამენტო არჩევნების წინ მაშინდელ ახალ (დღეისათვის უკვე არარსებულ) კანტორის დარბაზში მოსახლეობას, ამომრჩევლებს შეხვდა შემდეგში (დღევანდელი) საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი; უფრო ადრე ამავე კლუბში კონცერტში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ქართლოს კასრაძემ და სხვა პიროვნებებმა, კიდევ უფრო ადრე, გაუწყინარში  ექიმ გრიგოლ (გრიშა) ჩარგეიშვილის დაკრძალვაზე, რომელიც დღევანდელი სევასტი თოდუას სოფლის ცენტრში ნაყიდ ეზოში ცხოვრობდა, მის ოჯახში ჩამოვიდა მათი ნათესავი, საყოველთაოდ ცნობილი ქართველი კინოვარსკვლავი ლეილა აბაშიძე. ჩვენს მეზობელ სოფელ ქვიშანჭალაში იღებდნენ ქართული კინოფილმის „ნერგების“ ერთ - ერთ ეპიზოდს, მისი რეჟისორი რეზო ჩხეიძე (ის ერთმა ჩვენმა სოფლელმა გადაარჩინა წყალში ხიფათს, როდესაც მის ნავში წყალი შევიდა), მსახიობები რამაზ ჩხიკვაძე, მიხეილ მესხი და გადამღები ჯგუფი გაუწყინარში გავლით იყვნენ. დაახლოებით 2005 წელს ასევე ქვიშანჭალაში სტუმრობის დროს გაუწყინარის გზა გაიარა მაშინდელმა ენერგეტიკის (დღევანდელმა პრემიერმა) მინისტრმა ნიკა გილაურმა. უფრო გვიან, საპარლამენტო არჩევნების წინ გაუწყინარელებთან სკოლის ეზოში შეხვედრა მოაწყო პოლიტიკური პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიამ, ზვიად გამსახურდიას უფროსმა შვილმა, რომელიც მაშინ აბაშის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს. ასევე ადრე მოსახლეობას სხვადასხვა დროს სკოლაში შეხვდა თენგიზ კალანდაძე, სოსო ჭანტურია (აბაშის მაშინდელი გამგებელი) თანმხლებ პირებთან ერთად. გაუწყინარში ახლახანს იყვნენ უცხოელი, ჩინელი ვაჭრები და ფეხბურთელი შავკანიანი ზანგები. ასევე თავის მხრივ ჩვენი სოფლელებიც ყოფილან საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში საპატიო სტუმრის სახით და მონაწილეობა მიუღიათ ამა თუ იმ პროცესებში.
სოფელში ლამაზი გაზაფხული იცის. როდესაც ბუნება იღვიძებს პირველად ენძელები აყვავილდებიან, მერე თხილები გაიფოთლებიან მწვანედ და ტყემლის ტოტები დაიხუნძლებიან თეთრი ყვავილებით, შემდეგ ატამიც მოიხხამს ლამზ ვარდისფერ ყვავილებს, ამოიწვერება მწვანე ბალახი, ირგვლივ ყველაფერი გაიფურჩქნება და გალამაზდება ამ დროს, ყვავილების სურნელი ათრობს მაშინ აქაურობას; მოფრინდებიან ჭიკჭიკა მერცხლები  და მხიარულად აჟღურტულდებიან ჩიტები, ღამით ისმის ზოგიერთი ფრინველის, ჭრიჭინების და ბაყაყების ხმები. ამ დროსვე, აპრილიდანვე  იწყება  ადამიანების აქტიური ზრუნვა საგაზაფხულო სამუშაოებისათვის. ჩვენთან ნიადაგი ნოყიერია, მაგრამ მას დიდი შრომა - ჯაფა და მოვლა - პატრონობა სჭირდება, რაც დღეს საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული. ასევე მნიშვნელოვანია სათანადო კლიმატური პირობების (მზე, ცვარი, სითბო, დროგამოშვებით წვიმაც) არსებობა. მიწა როდესაც გაშრება, მას გუთნიანი ტრაქტორით ხნავენ, ზოგჯერ წინა წლის ჩაჩაბებს მოჭრიან - „მოჩორგავენ“), უფრო გავრცელებულია „ბელარუსის“ მარკის ტრაქტორები; შემდეგ ფარცხავენ ან დისკავენ, ცდილობენ კარგად დააფხვიერონ, სათესით თესავენ სიმინდს, ძირითადად გავრცელებულია თეთრი და აბაშის ყვითელი ჯიშის სიმინდები, ასევე აჯამეთი, ჰიბრიდული, ამერიკული, წვრილმარცვლიანი და სხვა. ყანებში ასევე ხშირად ურევენ სოიოს (მუხუდოს, მას იშვიათად ცალკეც თესავენ), ლობიოს, გოგრას (ხოკორა და ჩვენებური კვახი), ცოცხს. ყველა შემთხვევაში ტრაქტორისტს აძლევენ გარკვეულ თანხას და უსხამენ  საწვავს, 1 ჰექტარზე დაახლოებით 30 ლარი ფული და 30 ლიტრა სალიარკა. გაუწყინარში ტრაქტორები თავისი მისაბმელი „ლაფეტით“, გუთნით, ფარცხით, დისკით, სათესითა თუ კულტივატორით („სამაშინოთი“) ჰყავთ:  გიგა გოთოშიას (მასზე ავთო ჯანჯღავა მუშაობს), დემური ჯანჯღავას, შაქრო (ბაცია) ქუთათელაძეს, ვიტალი რურუას, მამუკა თოდუს, რუბენი ჯანაშიას, ბაჩუკი კოპალეიშვილს და კიდევ რამდენიმე ადგილობრივ მკვიდრს. ასევე აქაური მოსახლეობა მიწების დასამუშავებლად და მოწეული მოსავლის სახლში გადმოსატანად ხშირად სარგებლობს სხვა სოფლების ტრაქტორებითაც, ქვიშანჭალაში ტრაქტორები ჰყავთ: ტარიელ და ჯუმბერ  შალვაძეებს, იუზა კალანდაძეს (ისიც გიგა გთოშიასია), ზაზა ლომსაძეს, იური ფუტკარაძეს; ხოლო პირველ მაისში - გიალო გეგეშიძეს, ბეჟან გრიგოლიას, ოთარ (ოთია) და რაულ ცომაიებს, ავთო (დალაშო) ჩიტიას და სხვებს. ის ოჯახები, რომლებთაც უჭირთ, ვერ ახერხებენ მიწის დამუშავებასა და მოსავლის მოყვანას, მიწას  სხვას მიაქირავებენ (გასცემენ) გარკვეული რაოდენობის მოსავლისა (სიმინდი, ჩალა) თუ თანხის სანაცვლოდ. ბოლო წლებში გავრცელდა ასევე საზამთროსა და ნესვის ბაღები, რომელთა მოვლა - პატრონობა და რეალიზაცია მნიშვნელოვნად განსხვავებულია ტრადიციული მესიმინდეობისაგან. მებაღეები  მწიფე  ნესვსა და  საზამთროს ზაფხულში კრეფენ და ყიდიან ფულადი შემოსავლების მიღების მიზნით. ბევრ ოჯახს პატარა ნაკვეთი უკანა ეზოშიც აქვს. გაზაფხულზე ასევე ბარავენ და თესავენ ბოსტანს, რომელსაც ნაკელით ანოყიერებენ. გვიან გაზაფხულზე, როდესაც ყანებში სიმინდი უკვე ამოდის, საბალახოს კარებს აღებენ და ძროხებს შიგ მიდენიან, ზემოთ ნახსენებ ქვიშანჭალის გზაზე მოწყობილ ღორების გადასასვლელი გისოსებიანი წინაღობის გვერდით კარებს დაკიდებენ და დახურავენ.
ზაფხულში ყანები უკვე ამოსულია. ივნისის თვეში მას აკულტივაციებენ, „ამაშინებენ“ ტრაქტორით ან ცხენით, რადგან სარეველები არ მოედოს ყანას;  გავრცელებულია წალამი, ბურჩხია, ამბროსია, ყვითელყვავილებიანი (ეს ორი სახეობა ჩვენთან მოგვიანებით მოედო, რასაც უცხოეთიდან შემოტანილ ხორბლის თესლსა და ქატოს აბრალებენ),  ჯიჯილაყი, ბირკალი, ველური ლობიო, ზღვის ბალახი, ძაღლყურძენისებრთა ოჯახის წარმომადგენლები და სხვა მრავალი სახის სარეველა ბალახი.  ყანების, არხებისა და  ყანისპირა გზების  კიდეებზე,  საყანეებზე და დაუმუშავებელ მიწებზე  თხმელები, კვატაციები, ანწლი, ნარ - ეკალი და სარეველები უხვად მოედო, ზოგიერთი მათგანით ცხოველები იკვებებიან. შემდეგ ხალხი ყანებს თოხნის, მარგლავს, გამოხშირავს, შეაქვს აზოტიანი სასუქი, იცავს ღორებისა და ძროხებისაგან, რომლებიც ზოგჯერ მაინც ახერხებენ ყანებში შეღწევას.  ეს ყოველივე კარგი მოსავლის საწინდარია.  წელს ასევე გამოიყენეს სარეველა ბალახების მოწამვლაც, რასაც ძირითადად გიგა გოთოშიას მიერ დამზადებული საწამლავი აპარატი ასრულებს, რომელიც მისივე ტრაქტორზეა მიბმული, რომელსაც ქვიშანჭალელი იუზა კალანდაძე მართავს. ღამით  სოფელში  ციცინათელები დაფრინავენ.  ზაფხულის მიწურულს თხილი მწიფდება, მას ძირს მორეკავენ და აკრეფენ (ახიკავენ),  რომელსაც შემდეგ დაარჩევენ, გაახმობენ და ნაწილს გაყიდიან. ჩვენთან  ზაფხული  ზომიერად ცხელი იცის, ზოგჯერ გვალვებია და ჰაერის ტემპერატურა + 38, + 39 გრადუსს აღწევს.  ხშირად ცა მრავალი დღის განმავლობაში ღრუბლებითაა  დაფარული გაწვიმების გარეშე, ზოგჯერ წვიმებიც გახანგრძლივდება, რაც ამცირებს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას. ცხელ დღეებში მოსახლეობაც შესაბამისად იქცევა, შუადღით ერიდებიან აქტიურ სამუშაოებს, ისვენებენ ჩრდილში, საბანაოდ დადიან მდინარე ცხენისწყალზე, რიონზე და ზოგჯერ სხვა მდინარეებზეც, ასევე იშვიათად შავ ზღვაზეც. ზოგიერთი მდინარეზე ანკესებს აგებს და თევზს იჭერს, გავრცელებულია ზუთხი, კობრი, ღლავი, ტარანი და სხვა. სოფლის მცხოვრებთაგან ზოგი დასასვენებლად წასვლასაც ახერხებს საქართველოს კურორტებზე, კომუნისტების დროს კურორტებზე, ექსკურსიებზე  და სამოგზაუროდ უფრო შორს, რუსეთში და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში, ზოგჯერ საზღვარგარეთის სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებშიც კი დადიოდნენ. ბავშვების  ნაწილი  საზაფხულო არდადეგების დროს სოფელში ჩამოდის ახლობელ - ნათესავებთან. ამ დროს მოტორელით და ველოსიპედით ნაყინს („მაროჟნს“) დაატარებენ.
ზაფხულის მიწურულს კრეფენ ყურძენს, ვაზი აქ დიდად გავრცელებული არ არის და ის მხოლოდ  ეზოებში აქვთ ხეებზე და ტალავერებზე გაშვებული, გვხვდება შემდეგი ჯიშები: ადესა, თეთრი ადესა, ფრანგულა (კაჭიჭი), ალადასტური, იზაბელა, კამური და სხვა. მათი მოკრეფისა და დაწურვის (საჭყენტში გჭყენტვის) შემდეგ ჭაჭას ძირითადად ლითონის კასრებში („ბოჭკებში“) აყენებენ, რომელსაც წყალსა და შაქარს უმატებენ.  ქვევრი (ჭური) აქ იშვიათობაა, ის ძველად უფრო მეტი  ჰქონდათ, საიდანაც ღვინის ამოსაღებად იყენებდნენ განსაკუთრებული ჯიშის გოგრის - „კვატულა კვახისაგან“  დამზადებულ ხრიკიას, რომელსაც შიგთავსი ამოცლილი ჰქონდა და მას გრძელი ჯოხის ბოლოზე ამაგრებდნენ. ადრე ხის კასრები და საწნახელებიც ჰქონდათ, რომელშიც ჩაყრილ  ყურძნის  მტევნებს ფეხით „ჭყინტავდნენ“. ღვინის დაყენებიდან  რამოდენიმე დღეში იღებენ მაჭარს (ტკბილს),  მისგან ამზადებენ ფელამუშს, ჩურჩხელას, იგივე ჯანჯუხას, ზოგჯერ მასში სიმინდის ტაროსაც ამოავლებენ და ახმობენ.   ღვინის გადაღების შემდეგ დარჩენილი ჭაჭით, ასევე ტყემლით,  მსხლითა და  სხვა ხილით  ხდიან არაყს, ოტკას. ხილს ლითონის „ბოჭკებში“ ჩაყრიან, მას დაუმატებენ შაქრიან წყალს გამოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდის მიზნით, ჰერმეტულად მოუკრავენ თავს და რამოდენიმე კვირას დააყოვნებენ. შემდეგ მასში არსებულ მასას ალუმინის ან სპილენძის გამოსახდელ ქვაბში  ჩაყრიან, თავზე მჭიდროდ დაახურავენ ზარხუფს, რომელსაც წყლით გაგრილების სისტემა („როფე“) აქვს მორგებული, ქვაბს ცეცხლს შეუნთებენ და ცოტა ხნის შემდეგ არაყის წვრილი ნაკადი იწყებს გამოსვლას, დენას, რაც რამდენიმე საათს გრძელდება. არაყსა და ღვინოს ზოგჯერ სოფელშიც ყიდიან. წყნარ, უქარო ღამეს გარემო ცვარით (ნამით) იფარება, ჩნდება ბურუსი, ნისლი, რომელიც დღისით იფანტება. ზაფხულში მზე ჰორიზონტის ზემოთ ამოსულ მდგომარეობაში 15 საათის განმავლობაში იმყოფება, ხოლო დღის სრული ხანგრძლივობა 18 საათია. ადრე გაზაფხულზე საათების ჩვენებას, ისრებს 1 საათით წინ გადასწევდნენ, გვიან შემოდგომით კი - ისევ უკან (ზაფხულისა და ზამთრის დროები);  რამოდენიმე წელია ეს წესი გაუქმდა,  ახლა მხოლოდ სასწავლო და სამუშაო დრო იცვლება სეზონურად 1 ან ნახევარი საათით.
შემოდგომით, ოქტომბრის თვეში, როდესაც მოსავლის აღების დრო ანუ როგორც მას სოფელში უწოდებენ - სტველი მოაღწევს, ყველანი ყანებშია განფენილი, რათა დროულად დააბინაონ, დაამარაგონ მთელი წლის ნაშრომ - ნაჯაფი და სარჩო - საბადებელი, წლის მოსავალი. როდესაც სიმინდი „ჩაბაზდება“ და შემდეგ ჩახმება, ტაროიან ჩალას ნამგალით მოჭრიან და  ჩაჩაბაზე გროვებად  მიაწყობენ ანუ როგორც იტყვიან აჩენგელებენ, რომელსაც თავს მოუკრავენ; ზოგჯერ მოჭრილი  სიმინდის ყანა მაშინვე მიაქვთ შინ ტრაქტორითა და საჭაპანო ტრანსპორტით, ამ დროს მას ყანაში დაჩენგელება არ უნდა და ეს ხერხი უფრო სწრაფია.  სიმინდის ტაროებს ხანდახან ფეხადაც მოტეხავენ ან ტაროებს „ქურჩანიანად ჩამოქვიჩავენ“. ხშირად მომხმარედ (ე. წ. ნადი) მეზობლებს იყენებენ, რომლებთაც პურ - მარილით გაუმასპინძლდებიან  და  შემდეგ მათ თავადაც ეხმარებიან. შემოდგომით ხალხი ერთმანეთს ხვავსა და ბარაქას უსურვებენ როდესაც მოსავალს დაინახავენ.  ეზოში ჩამოტანილ  სიმინდის ტაროებს ტეხავენ და გოდრებით სასიმინდეში, ბეღელში ჩაყრიან,  ჩალას კი ჯერ კარგად აშრობენ, შემდეგ მავთულებითა („სინებით“) და „შპახათის“ ძაფებით, ხანდახან  წალამითაც  კონავენ  და მრგვალად  ზვინავენ სწორად დასობილი მაღალი სარის ირგვლივ, მას თავს გაუკეთებენ და მოუკრავენ ზვინის შიგნით წყალმა რომ არ ჩავიდეს. ზოგჯერ ცელით თიბავენ  ბალახს, რომელსაც ახმობენ  და  ასევე  მასაც ზვინავენ.  ჩალას, თივას, ნაყიდ თივის „ტუკებს“,  ქატოს, სიმინდს, ღერღილს, დაბალი ხარისხის პურის ფქვილს, მუხუდოს და სხვას ზამთარში  პირუტყვის,  ძროხის,  ღორის, ცხენის   გამოსაკვებად  იყენებენ.  ცდილობენ საშემოდგომო სამუშაოები მშრალად მოასწრონ,  რათა წვიმამ არ დაალპოს მოსავალი. კოლექტივის არსებობის დროს  სიმინდს ყანებში ჯგუფურად,  კოლექტიურად  ტეხავდნენ და რამდენიმე დღით კონებისაგან  მოწყობილ დიდ კალოებში ინახავდნენ, ჩალასაც იქვე ზვინავდნენ. როდესაც ტრაქტორი მოიცლიდა და მას კოლმეურნეობის თავმჯდომარე ნებას დართავდა, მასზე მიბმულ „ლაფეტს“ დატვირთავდნენ და მოსავალი საწყობის ეზოში მიჰქონდათ,  თუმცა მის დიდ ნაწილს იქვე  იტოვებდნენ, ყოველივე ამის შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი. ზოგიერთ ოჯახს ეზოში აქვს ჩალის შესანახი გადახურული ნაგებობა („ნავესი“), რომელშიც შენახულ ჩალას დაზვინვა და ზოგჯერ მოკონვაც არ სჭირდება. სტველის ბოლოს სოიოც ხმება და მასაც ნამგლებით, ასევე ნაჯახებით მოჭრიან, შინ წაიღებენ, დაზვინავენ, გახმობენ, შემდეგ ზვინს დაშლიან, ქუჩაში ასფალტზე გაფენენ ან სპეციალურად მოწყობილ „სეტკაზე“ დაყრიან,  სარებს დაარტყამენ და დაფშვნიან, ნამჯას კვლავ დაზვინავენ, მარცვლებს (კეკლებს) კი შეინახავენ ზამთრისთვის. მაგრამ სოფლელ გლეხებს ზოგჯერ ამინდი არ უწყობთ ხელს, ისინი დიდი ინტერესით უყურებენ ტელევიზორში ამინდის პროგნოზის გამოცხადებას სინოპტიკოსების მიერ (კურიერი, ქრონიკა, მოამბე).  წვიმა ატალახებს ყანებსა და მის გზებს, დგება წყლის გუბეები, მცირდება მოსავლის რაოდენობა და ხარისხი. უამინდობის დროს სოფელში საშინაოდ „კალოშებსა და ვალინკებს“ იცვამენ ფეხზე. ჩვენთან ორი მიმართულების ქარია გაბატონებული: აღმოსავლეთის ქარი ანუ ზენა ხშირად უფრო ძლიერი და ხანგრძლივია, რომელიც რამდენიმე დღეს ქრის; დასავლეთის ქარი ანუ ქვენა, რომელიც უმთავრესად  საღამო  ხანს  დაუბერავს და  გარემოს აგრილებს, რასაც ზოგჯერ ავდარი მოჰყვება. ორივე ქარი ართულებს საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოებს, აზიანებს მოსავლის ნაწილს, ჰგლეჯს ხეებს, ჩამოყრის ხეხილს, სახურავებს გადახდის  სახლებს  და წყვეტს ელექტროსადენებს, მაგრამ მშრომელი კაცის მარჯვენა მათზე ძლიერია და ყველაფერს ისევ თავიდან აღადგენს. სეტყვა (კოხი) აქ თითქმის არ იცის,  ჭექა - ქუხილი  (ელვა და გვინვა) კი საკმაოდ ხშირია, ზოგჯერ მეხი დაეცემა მაღალ ხეებსა და საგნებს. „ნასტვლევს“, როდესაც მოსავალი უკვე აღებულია, ქვიშანჭალისაკენ მიმავალ გზაზე იმ  ნახსენებ  გისოსებთან  კარებს გააღებენ ან  საერთოდ ჩამოხსნიან  და  შეინახავენ, პირუტყვი კი  თავისუფლად მოძრაობს ამ ადგილებში, როგორც იტყვიან ძროხები გაიშვება.  ისინი მიდიან  ფართობებში, ძოვენ  ბალახსა და ყანების აღების შედეგად დარჩენილ ნარჩენებს,  რაც დადებითად მოქმედებს მათ წველადობაზე  და  სიმსუქნეზე; საღამოს მათ მეტწილად პატრონები ეძებენ და მოდენიან სახლში. ამ ფართობებში გაუწყინარის მთავარი ქუჩის მოსახლეთა ძროხები  და ღორები  ქვიშანჭალის გზის  მარცხნივ,  გრიგოლიების უკანა მხარესა და ნარამოში,  ხოლო  ამავე გზის  მარჯვნივ  კირკალაში მიდიან  საძოვად;  ასევე პირუტყვის ნაწილი გოშახში  და ცხილარშიც ძოვს, გოშახის დასაწყისში არსებული კარიც იღება ამ დროს; მეორე ქუჩა ბახვაჭალაში მიდენის საქონლებსა და ღორებს. სოფელში თავის დროზე ამზადებენ ხურმისა და სხვა ხილის ჩირებს, კომპოტებს, მურაბებს, პომიდორისა და ტყემლის წვენებს, მწნილებს (მჟავეებს),  კონსერვებსა და სხვა სახის ზამთრის მარაგ საკვებს, ნობათს. ცივ ღამეებში მიწაზე და საგნებზე ჩნდება რთვილი, რის გამოც დილით გარემო გადათეთრებულია.
ბოლოს ზამთარიც მოდის, რომელიც ჩვენი სოფლის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე (დაბლობი, ზღვასთან სიახლოვე, ტენიანი ჰაერი)  მცირედ  თოვლიანი იცის (წყლიანი თოვლი, თოვლჭყაპი)  და ისიც მალე დნება. როგორც აქ იტყვიან ხოლმე თოვლი მხოლოდ სახლის სახურავებზე, ხეებზე და მიწაზე დაამჩნევს და მეტი არა, თუმცა ბავშვები გუნდაობას, თოვლის ბაბუის გაკეთებას და სრიალს მაინც ახერხებენ. აქ მარხილები, „სანკები“, ციგები, ციგურები, „ლიჟები“,  თხილამურები არა აქვთ.  დიდთოვლობის შემთხვევები ძალიან იშვიათია, მაგალითად დაახლოებით 1982  წელს ჩვენთან 1 მეტრამდე სიმაღლის თოვლი მოვიდა, იმ დროს მაშინდელი ფერმების სახურავების კიდეებიდან  მსხვილი  ყინულის  ლოლუები იყვნენ   ჩამოშვებულები,  გზებს კი თოვლის სქელი საფარველისაგან ექსკავატორის წინა დანით  წმენდნენ, ხრილავდნენ სახლის სახურავებსაც. მსგავსი მეტეოროლოგიური შემთხვევა იშვიათად ადრეც ახსოვთ სოფლის უხუცესებს. ჰაერის ტემპერატურა ზამთარში იშვიათადაა დაბალი, ის უმეტესად 0 გრადუსის ზემოთაა,  ძლიერი  ყინვები  თითქმის არ იცის, ტემპერატურა -10 (მინუს ათი) გრადუსის ქვემოთ იშვიათად   ჩამოდის;  რამოდენიმე  წლის  წინ  -12  (მინუს თორმეტი) გრადუსი სიცივე დაფიქსირდა, უფრო  ადრე კი  -14  (მინუს თოთხმეტი) გრადუსი ყინვაც იყო, რაც მეტად იშვიათია.  თუმცა  თოვლი და ყინვა დადებითად მოქმედებს შემდგომ მოსავალზე, წმენდს ჰაერს, სპობს ბაცილებსა და მავნებლებს. ზამთარში ხეებს ფოთლები გასცვივა და ბალახიც ხმება, მაგრამ  მარადმწვანე მცენარეები და ბალახის ნაწილი მაინც მწვანეა. ხალხი ამ დროს სათბობად და საკვების მოსამზადებლად  შეშის  ღუმელებს იყენებს,  თბილ  სეზონზე კი ღუმელს ოთახიდან გარეთ გაიტანენ, იღებენ და ბუხარს ანთებენ, ასევე იყენებენ ნავთქურას („კერასინკას“) და ბალონის გაზქურას.  ადრე ქვანახშირიც  უხვად  მოდიოდა და იაფიც ღირდა, განსაკუთრებით ხარისხიანი იყო ანტრაციტი,  უფრო ნაკლები ხარისხისა  -  ჟირი,  მურა  ნახშირი  და სხვა,  ჰქონდათ მისი დასაწვავი „ფეჩები“.   შემდეგ  მისი  შემოტანა  საერთოდ  შეწყდა.  მოგვიანებით  ქუჩებში  დააწყვეს  გაზსადენის მილები,  რომლითაც  სოფელში  გაზი  უნდა  შემოსულიყო, მაგრამ  შემდეგ  ქვეყანაც  აირია (90 - იანი წლები) და ეს პროექტი ჩაიშალა, „ტრუბების“ ნაწილი აალაგეს და გაყიდეს, ნაწილი კი მოსახლეობამ მიითვისა. ზამთარში მზე ჰორიზონტს ზემოთ მხოლოდ 8 საათის განმავლობაში იმყოფება, დღის სრული ხანგრძლივობა 11 საათი და 30 წუთია. ამ პერიოდში და უფრო გვიანაც საფშვენი მანქანით ან ხელით დაფშვნიან სასიმინდეში ჩაყრილ სიმინდის ტაროებს, სიმინდს დაბერტყავენ და ჰერმეტულად  შეინახავენ, ნაკორტალებს კი ცეცხლის დასანთებად იყენებენ. ადამიანები ზამთარშივე მოიხმარენ შენახული საკვების მარაგის ნაწილს.
სოფლიდან შორს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გადაჭიმულია სამტრედიისა და ჩოხატაურის  რაიონების კუთვნილი ლამაზი  მთები,  რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ აქაურ ჰავაზე. ისინი მეტწილად  დაფარულია  მარადმწვანე ტყეებით, მათზე  მოჩანს  მოსახლეობა და მათი ეზო - ნაკვეთები, ელექტროდენის ანძები, გზები, ტრანსპორტის მოძრაობა, ღამით ანთებული ნათურები და სხვა. ამ მთების  მწვერვალები  გვიან  ზაფხულამდე  დაფარულია თოვლით.  თუ  სათანადო  მდებარეობას დავიკავებთ, დავინახავთ მეზობელი სამტრედიის რაიონის ასფალტის ქარხნის მილს მასში ამომავალი კვამლით, აღმოსავლეთით კი მდინარე რიონის სარკინიგზო  ხიდს  მასზე  გამავალი  მატარებლით,  რომლის მოძრაობისა და სიგნალის ხმა ხშირად ისმის  გაუწყინარში;  ამავე  ადგილებში  შევამჩნევთ მაღალ სატელეფონო ანძასაც. ჩრდილოეთ მხარეს კი მარადიული თოვლით დაფარული კავკასიონის მაღალი ქედი მოჩანს,  რომლებიც  ხშირად ღრუბლებშია გახვეული, მათზე გამოვარჩევთ ორ ლამაზ, პირამიდისებურ მწვერვალს. ყოველდღიურად ცაზე ძალიან მაღლა გადაიფრენენ საერთაშორისო შორეული რეისების რეაქტიული  თვითმფრინავები, რომლებიც  უკან  ცარცივით  თეთრ  კვალს ტოვებენ;  აგრეთვე უფრო დაბალ სიმაღლეზე ხშირად გადაიფრენენ  სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, რომლებიც დამახასიათებელ ხმას გამოსცემენ.
სოფელ გაუწყინარში ყოველ დღეს ასე მეორდება: დილა რომ გათენდება მძინარე ადამიანები გაიღვიძებენ და ლოგინებიდან ადგებიან დილის 6 – 9 საათამდე, დაალაგებენ საწოლებს, ქალები მოწველიან ძროხებს, რძეს დაკვეთავენ და ყველს ამოიყვანენ; პირუტყვს გადადენიან გადაღმა და ჩადენიან საბალახოში. ღორს საჭმელს დაუსხამენ და მას ქუჩაში გადადენიან, შინაურ ფრინველებს სიმინდს დაუყრიან. გამოწმენდენ ბოგას, გამოხვეტავენ და დაალაგებენ სახლსაც, ისაუზმებენ, თუ სამსახური აქვთ გამოეწყობიან და წავლენ იქ. ასევე თუ ბავშვებია ოჯახში მათ  სკოლასა თუ საბავშვო ბაღში უშვებენ, რომლებიც დღის მეორე ნახევარში შინ ბრუნდებიან. დღისით ადამიანები ეწევიან სხვადასხვა საოჯახო სამუშაოებს მოთხოვნების, წელიწადის დროისა და ამინდის შესაბამისად. ასევე გადადიან მოზობლად ან ბირჟაზე და საუბრობენ, ხშირად სხვასაც ეხმარებიან. შუადღით გარკვეული დროის განმავლობაში დაისვენებენ და ისადილებენ. როდესაც მოსაღამოვდება ხალხი საძოვრიდან (ან ფართობებიდან, თუ საქონელი გაშვებულია) ძროხებს მოდენის, დააბამს ბოსელში, მოწველის, რძეს დაკვეთავს და ყველს ამოიყვენენ. დააპურებენ პირუტყვსა და ფრინველებს, დაამარაგებენ საღამოს საქმეებს, უყურებენ ტელევიზორს, ივახშმებენ. გვინ ღამით 10 – 12 საათზე დაწვებიან საწოლებში და დაიძინებენ.
ასეთია აბაშის რაიონის სოფელ გაუწყინარის ქუჩების, ტერიტორიების, მათი სახელწოდებებისა და განლაგების, ასევე  მნიშვნელოვანი ობიექტებისა და მათი დანიშნულების, მოსახლეობის და  მათი ყოფა - ცხოვრების  საკმაო  სიზუსტით აღწერა (თუმცა გამორიცხული არ არის მცირე უზუსტობების არსებობა) როგორც ისტორიულად, ასევე თანამედროვეობაში.   




გაუწყინარის თანამედროვე მოსახლეობა    42)] ვასო გოთოშია
მთავარი ქუჩის მოსახლეობა                                         43)  არსენ სურგულაძე
1.   კოტე ქუნთელია                                              44.]  გია თურქია
2)]  საჩინო გეგეჭკორი                                           45.   ბესარიონ (ბესო) თურქია
3.   ვაჟა კაპანაძე                                                    46)]  ნინო სურგულაძე
4)]  ჯუსტან ნიკურაძე                                            47)   ბადრი სურგულაძე
5.]  ნოგელი გოთოშია                                            48.   კატუშა ღირდალაძე
6.]  მიხეილ შათირიშვილი                                    49)   დავით ბოჭორიშვილი
7.]  იზო სურგულაძე                                             50.   ვახტანგ (ვახტო) თურქია
8.   რეზო (კუჭუ) სურგულაძე                                51)   ვიტალი სურგულაძე
 9)]  იუზა გოთოშია                                              52.   იაგო თურქია
10)] ნელი ვაჩეიშვილი                                          53)   ტარიელ სურგულაძე
11.  რაული გოთოშია                                             54)]  რეზო (კუჭუ) სურგულაძე
12.]  იური გოთოშია                                              55)   თამაზი სურგულაძე
13)  ჭაბუკი გოთოშია                                             56.]    ზურაბ (ზურიკო) სურგულაძე
14.]  გია სტურუა                                                  57)   რომანი სურგულაძე
15.]} გულიკო სურგულაძე                                     58)]} შაქრო ფუტკარაძე
16.  ომარი (ხუზურა) ქოქაძე                                 59.]}  სევასტი (სეგული) თოდუა
17)  მამუკა სურგულაძე                                                  *  )   ქვიშანჭალის გზა
18)  გულიკო სურგულაძე                                                60.   რობერტი (დემური) ჯანჯღავა
19)  ნაზიკო ხაბეიშვილი                                                 61.]} ომანი ჯანჯღავა
20.  როლანდ (ხუნტული) ქუნთელია                             *  )    ყოფილი კოლმეურნეობის ეზო
21.  საჩინო სურგულაძე                                                  62.] პაატა ჯანჯღავა
22.  პარმენ (ტანელი) სურგულაძე                        63.   ოთარ ჯანჯღავა
23)]  პაატა გოთოშია                                              64.   ნიკოლოზ (ნიკა) გოგიშვილი
24)  თამაზი გოთოშია                                            *  .   სკოლის წინა გზაგამტარი
25.  თემური სურგულაძე                                                *  )   სკოლა
26)  კარლო (ვაჟა) გოთოშია                                   65.  იონა თოდუა
27.]  მაური ბალავაძე                                             66.]  ირინა (ზაზუნა) თოდუა
28)]  მაყვალა თურქია                                            67.   გიორგი (გიგა) შალამბერიძე
*  )    ბილიკი                                                                    68.]  მანუჩარ ბერიძე
29)]  მაყვალა ქუნთელია                                                 *  )   სასაფლაო
30)]  ნაზი ფრანგიშვილი                                                 69.  გულთაში რატიანი
31.  ვლადიმერ (ლადო) თურქია                                     70.  ოლეგი რატიანი
32.]  შოთა თურქია                                                          71.  რეზო (კუკური) ქორიძე
33.  რომან ხაბეიშვილი                                         *  )   სტადიონი
34)  ნიკოლოზ (ნუკრი) სურგულაძე                      72.]} ირმა თოდუა
* .  ყოფილი ახალი კანტორა                                  *  .   საბავშვო ბაღი
35)  ლიანა აშვეთია                                                         *  .    ბაღის გვერდითა გზაგამტარი
36.  ზურაბ (ზურიკო) გოთოშია                                      *  )   მარცხენა გზაგამტარი
37)]  გია გოთოშია        
38.  დავით არევაზოვი                               ქვიშანჭალის ქუჩის მოსახლეობა
39)  რეზო გოთოშია                                               * . სკოლის უკანა ქუჩა
40)  ნუგზარი ბერიძე                                             1)  მურთაზი სურგულაძე
41.  ბორის თურქია                                                         2)  გია ქუთათელაძე
3)]} მარინა (რუსიკო) სურგულაძე             მთავარი ქუჩის დასრულების შემდეგ
4)]} გია ქუთათელაძე                                 მარჯვენა გზაგამტარის მოსახლეობა
5)]} ვაჟა ქანთარია
                                                                               1)  ჯემალი მგელაძე
სკოლის უკანა ქუჩის მოსახლეობა                                 2)]} ვოვა შუბლაძე
                                                                               * )  წისქვილის ქუჩა
1)  ანზორი გოთოშია                                             3)]  ნოდარ თოდუა
2)] კოლია დარჯანია                                              4)]  რეზო თოდუა
3)  თენგიზ ლოლუა                                               5.]  ირმა თოდუა
4)  ლევან (ბიჭუნა) ლოლუა                                  6)  იაგო თოდუა
5)  ჯამბული სტურუა                                            * ). მეორე ქუჩა
6)]  გელა ტყებუჩავა
7)] რუსიკო ძიძიგური                                    მეორე ქუჩის მოსახლეობა
8)  შაქრო ქუთათელაძე
9)  ემზარი მეგრელიძე                                          1)]} სოსო (მაწაკი) ჯღარკავა
*  .  მარცხენა გზაგამტარი                                               2)  ზოია ჯანაშია
10)] ნაზი მელია                                                    3)]  გურამ ჟღარკავა
11)] გია ასათიანი                                                   4.]  ნანი თოფურია
12.  ვოვა შუბლაძე                                                          5)]  თამარ ფირცხალავა
13.] ვალერი ჯალაღონია                                                 6.   გუგული ქუნთელია
14.  ავთანდილ (ავთო) ჯანჯღავა                          7)   მაია ჭახნაგია
15)  ბადრი თურქია                                                         8.   რამაზ კომახიძე
16.]} ალიკო რურუა                                                         9)   ვახტანგ (გული) ჯანაშია
17.  ავხანჯალ რურუა                                            * )   ბილიკი
18)  გოჩა ჯანჯღავა                                                         10.  მალონი კომახიძე
19)  თეიმურაზ ჭიქაშუა                                                  11)  ოთარ ჯღარკავა
20.  სოსო თურქია                                                            12.   სოსო ქიშმარეიშვილი
21.  ბინო (ვიტალი) რურუა                                   13)  ჟორა ორაგველიძე
22)  ჯამბული ჯანჯღავა                                                 14.  როლანდ ქიშმარეიშვილი
23)  სულეიმან (სულიკო) შალამბერიძე                          15)  ვიტალი გოგიშვილი
24.  ქეთევან (ციცინარი) ჭიქაშუა                                   16.  ვერა შუბლაძე
25)  რეზო შალამბერიძე                                                  17)  თალიკო არველაძე
*    გრუნტიანი გზა                                                          18)  ვიტალი ჟიშკარიანი
                                                                               19)] იზა პიტავა
წისქვილის ქუჩის მოსახლეობა                                               20.  მერაბ კარანაძე
                                                                               21)] გენადი შუბლაძე
1.  ნელი კუტალაძე                                                         22.  ნაზი ხაჟომია
2.]  გიგა შალამბერიძე                                           23.  გიგა ხაჟომია
3.]  ქეთევან ალანია                                                         24.  დავით (დათო) ჯანაშია
4)]  ლეო ფხაკაძე                                                    25.  მიმოზა შუბლაძე
5)]  ნარგიზა სტურუა                                             26)  შოთა გოგიშვილი
6)]  ცეზარი ხაჟომია                                              27.  სოსო შუბლაძე
7)]  მანანა ძნელაძე                                                         28)  ანგელინა ხაჟომია
8)  ეთერი თურქია                                                           29.]  მზია შუბლაძე
* ) . გრუნტიანი გზა                                                       30)  ლეფთერი ჟიშკარიანი
31.  გიორგი (გოგა) შუბლაძე                                 72.  კოლია ჯანაშია
32.  მამუკა შუბლაძე                                              73)]} გიორგი კოხრეიძე
33)  ლილი შანიძე                                                           74)   ზალიკო ხაჟომია
34.  გია ხაჟომია                                                     * )   გრუნტიანი გზის შეერთება
35)  რომანი ცერცვაძე                                            75.]  რობიზონ ფირცხალავა
36.  თამაზი ხაჟომია                                              76.   ბეჟან ხვინგია
37)  ნუნუ წულუკიძე                                             77]} გრიშა (გოჩა) გოგეიშვილი
38.  ომარი ხაჟომია                                                          78)   ნიკიტა (მიტო) ხაჟომია
39.  საშა ჯანელიძე                                                          79.   მურთაზ გოგეიშვილი
40.  ზვიად ჯანაშია                                                         80.]  ნაომი ფირცხალავა
* .    ბილიკი                                                                     81.   შოთა ფირცხალავა
41.  მალხაზი ხაჟომია                                            82.   ვალიკო ფირცხალავა
* )   სკოლის წინა გზაგამტარი                                        83)]} ხვიჩა გოგეიშვილი
42.  ვაჟა შუბლაძე                                                            84)   მალხაზი თურქია
43.  ლონდა ჯანაშია                                              85)   ჟორა კოხრეიძე
44)  მიხეილ (მიშიკო) თურქია                                        86.   მერაბ კოხრეიძე
45.  მამუკა თოდუა                                                          87)   დავით (დათო) კოხრეიძე
46.  მურმან ფირცხალავა                                                88.   ზაური კოხრეიძე
47.  სლავა კეკელიძე                                              89.]  დევისი კოხრეიძე
48.  რობრტი რატიანი                                            90)   მირიან (კონა) კოხრეიძე
49.  ვაგნერ ჩარგეიშვილი                                                91.]  ნუკრი გოგიშვილი
50.  ჟორა ჯანაშია                                                  92.]} ვალერი კოხრეიძე
51.  ჯიმშერ ბაახია                                                          93)]  როლეზი გოგიშვილი
52.  ჯომბარ ბაახია                                                          94.   გურამ მეგრელიძე
* )    ბაღის გვერდითა გზაგამტარი                       95.   თამარ ჭანტურია
53.  გივი რატიანი                                                           96)   რამაზ ლიფარეიშვილი
54.  ბორის (ბორია) ბარათელი                                        97)   ომარ ლიფარეიშვილი
55.  რუბენი ჯანაშია                                              98)]} შოთა ფირცხალავა
56)  მაგული რატიანი                                            99.]  გოდერძი ლიფარეიშვილი
* )   თავისუფალი ადგილი                                    100.  ჟუჟუნა ლიფარეიშვილი
57.  რომანი ნაჭყებია                                             101.  დემურ ფირცხალავა
58.  დიმიტრი (დიმა) კალანდია                                     102.  ომარ ჯეჯელავა
59.  ენგელს (ნუგზარ) ბოხუა                                 103)  ერმილე (თენგიზ) გოგიშვილი
60.  კოსტა (კოტე) ბოხუა                                                 104.] ნაზი გოგიშვილი
61.  გია ჯანაშია                                                     105. რეზო ფირცხალავა
62.]} ზურაბ ჯანაშია                                              106. ბაჩუკი კოპალეიშვილი
63.  ელგუჯა ფუტკარაძე                                                  * .   ბილიკი
64)  ალბერტი თურქია                                           107. ვაჟა არველაძე
65.  სოსო (კახა) გახოკიძე                                               108.] ალექსანდრე (ტუქსი) არველაძე
66.  ზურაბ (ზურიკო) თურქია                          * . ) ბახვაჭალის ფართობები
67)  აბელი კოხრეიძე
68.  მამული არველაძე
69)  გულთაზი თურქია
70.  ივანე (ბანო) არველაძე
71.  რუბენი ჯანაშია

პირობითი აღნიშვნები:

.    ქუჩის მარჯვენა მხარეს მუდმივად მცხოვრები ოჯახი

)    ქუჩის მარცხენა მხარეს მუდმივად მცხოვრები ოჯახი

.]   ქუჩის მარჯვენა მხარეს არამუდმივად მცხოვრები ოჯახი

)]   ქუჩის მარცხენა მხარეს არამუდმივად მცხოვრები ოჯახი

}    ამ ეზოში საცხოვრებელი სახლი არ დგას

*   გზა, ბილიკი


სოფელ გაუწყინარში სულ 210 მოსახლეა, დაახლოებით 430 ადამიანით;

მარჯვნივ და მარცხნივ ნაგულისხმევია როდესაც პირველი მაისის მხრიდან მოვდივართ;

ამ სიაში მოცემულია ოჯახის მხოლოდ ერთი მამაკაცი წევრი.




მ ი ნ ა წ ე რ ი

ყველაზე მეტად მოძღვართან არ შეიძლება ტყუილის თქმა ან რაიმეს დამალვა აღსარების დროს და ისტორიკოსთან, როდესაც ის თავისი ნაშრომისათვის დახმარებას გთხოვს, ცნობებს ღებულობს თქვენგან. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ  მოძღვარი თქვენს ნაამბობს არავის ეუბნება, ისტორიკოსი კი მთელს ქვეყნიერებას ამცნობს მას.  მოძღვარიც, ისტორიკოსიც და საერთოდ ყველა ადამიანი მხოლოდ სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს!

არ დავივიწყოთ წარსული, მისი გათვალისწინებით დავგეგმოთ მომავალი!!!

სოფელო, ჩემო სოფელო,
ლამაზო ჩემო მხარეო,
შრომით და შენი სიუხვით
სამშობლო გაახარეო!..


ავტორი დიდ მადლობას მოახსენებს მამა ეგნატეს ამ ნაშრომის კურთხევისათვის,

                 ასევე:  გაუწყინარის  სკოლას;
                   გაუწყინარის  ბიბლიოთეკას;
                   გაუწყინარის  საბავშვო  ბაღს;
                   პირველი  მაისის  საკრებულოს;
                   სამტრედიის  ავტოსადგურს;
                   აბაშისა  და  ზუგდიდის  რაიონების  არქივებს;
                   გამოყენებული  ლიტერატურის  ავტორებს;
   სხვა  ორგანიზაცია - დაწესებულებებს;
            ყოფილ  და  მოქმედ  სხვადასხვა თანამდებობის  პირებს;

                   გაუწყინარისა და სხვა ადგილების მაცხოვრებლებს, 40 - ზე მეტ პიროვნებას ინფორმაციის მოწოდებისათვის, საჭირო ცნობების მოპოვებაში აქტიური მონაწილეობისა და სხვა სახის დახმარებისათვის.

4 комментария:

  1. თქვენ ხართ ფინანსურ კრიზისში, ეძებთ ფულს, რომ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გადაიხადოთ გადასახადები ?, PayLATER სესხს მიეკუთვნება ყველა სახის სესხი დაბალ საპროცენტო განაკვეთზე 2% -ით, გთხოვთ მიმართოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: ( paylaterloan@zoho.com ) ან WhatsApp ( +19292227518 )

    ОтветитьУдалить
  2. სანავადო რა ადგილას იყო ხომ არ იცით?

    ОтветитьУдалить
  3. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ОтветитьУдалить