საბავშვო ბაღი


ს ა ბ ა ვ შ ვ ო   ბ ა ღ ი

   გაუწყინარის მთავარი ქუჩის დასასრულს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება - გაუწყინარის საბავშვო ბაღია. იქ ახლა 16 ბავშვი  დადის.  წინათ აღსაზრდელების რაოდენობა მეტი იყო და იქ ერთხანს 2 ჯგუფი ჰქონდათ გახსნილი. სულ პირველად საბავშვო ბაღი ჩვენს თანასოფლელ რაჟდენ ჩარგეიშვილის (დღევანდელი სევასტი თოდუას, ასევე ადრე სხვათა სახლშიც) საცხოვრებელ სახლში იყო განთავსებული. იმ დროს მისი გამგე თამარ მასკულია იყო სამიქაოდან. მოგვიანებით ეს ბაღი ანზორი გოთოშიას სახლის გვერდით, მისი ბაბუის ძმის გიორგი გოთოშიას სახლში გადაიტანეს; შემდეგ ჯემალ მგელაძის სახლში. ბოლოს კი 1982 წელს, პირველი მაისის ძველი სკოლის მასალის ნაწილით აქ ააგეს 1 მეტრი სიმაღლის ბურჯებზე (ბერკეტის ბოკნებზე) მდგარი ხის შენობა, რომელსაც წინა მხარეს აგურები ამოუშენეს და ეს საბავშვო ბაღი საბოლოოდ იქ გადაიტანეს. მანამდე აქ გერანისა და ბაზელიკის ნერგების გამოსაყვანი სათბურები იყო, რომელსაც გია ჯანაშიას ბაბუა, უშანგი ჯანაშია ხელმძღვანელობდა.
ამ ბაღში მუშაობს აღმზრდელ - მასწავლებელი მარგალიტა (ნანა) ესაკია, მუსიკის მასწავლებელი ნესტანი ვაშაკიძე (ის ბავშვებს პიანინოთი ასწავლის სიმღერებსა და ცეკვებს), მომვლელი და დამლაგებელი ეკა ჯანჯღავა, მზარეული ნინო თურქია. ამ ბაღის გამგე 1977 წლის 1 ოქტომბრიდან თამარ ნაფეტვარიძე იყო (მარნელი, ის აქ გადმოვიდა პირველი მაისის საბავშვო ბაღიდან), 1979  წლიდან დღემდე მისი გამგე მარინა თოდუაა. ბაღის მავთულბადით შემოღობილი (ის ძირში ბეტონჩასხმულია) ეზო გამწვანებულია, სადაც არის ნაძვის, ტყემლის, თხმელისა და სხვა ხეები, დარგულია ყვავილები. აქვე მოწყობილია საბავშვო სათამაშოები. შენობა ცივ ამინდში შეშის ღუმელით თბება. ბავშვები სწავლობენ ლექსებს, სიმღერებს, ცეკვებს, ატარებენ კონცერტებს, აკეთებენ ხელსაქმეს, თამაშობენ და ერთობიან. ისინი დაჰყავთ ექსკურსიაზე, ცირკში, შესაფერის საბავშვო ღონისძიებებზე. პატარები აქ იძენენ საზოგადოებაში ქცევის წესებს, ღებულობენ სათანადო ცოდნას, რაც მათ შემდეგ უადვილებთ სკოლის გარემოსთან შეგუებას. ამ საბავშვო ბაღს დიდმნიშვნელოვანი როლი უკავია ჩვენი სოფლის მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.


ბ ა ღ ი ს   ა ღ ს ა ზ რ დ ე ლ ე ბ ი


საბავშვო ბაღი ფოტოს მარცხენა ნაწილში

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა

2013 წელს სოფლის დახმარების ფარგლებში გამოყოფილი მორიგი თანხის ნაწილით სექტემბერში საბავშვო ბაღის წინა, გვერდითა (გზის მხარეს) და ნაწილობრივ უკანა მხარე შემოიღობა, რაც ზვიად და დათო ჯანაშიებმა განახორციელეს. ეს ღობეც ისეთივეა, როგორიც მაგალითად მისივე წინ მდებარე სტადიონის ღობე.  



ბაღის აღსაზრდელები, 2015 წელი










     სექტემბერში გაუწყინარის საბავშვო ბაღის ძველი ღობე მოხსნეს და იქ ახალი ღობის შემოვლება დაიწყეს; ეს ღობეც ისეთივეა, როგორიც მშენებარე ტაძრის, სასაფლაოსა და სტადიონის ღობეებია: ჩაბეტონებულძირიან ლითონის მილებზე გაჭიმულია მავთულბადე, რომელსაც ზემოდან „უგოლნიკი“ აქვს გაყოლებული და ისინი თეთრადაა შეღებილი. ამ სამუშაოებსაც ზვიადი და დათო ჯანაშიები ასრულებენ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებით. მათ მოგვიანებით დაასრულეს ეს სამუშაოები, რის შედეგადაც ბაღის ეზოს წინა, გვერდითა და ნაწილობრივ უკანა მხარე შემოიღობა.  

ს ა ბ ა ვ შ ვ ო   ბ ა ღ ი

2013 წლის სექტემბერი.


    წლევანდელ გაზაფხულზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან კვლავ გამოიყო სოფლებისათვის თანხები. გაუწყინარის ცენტრში 27 მარტს შეიკრიბა მოსახლეობა, მოვიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (ნესტორ ძიძიგური, გელა ვერულაშვილი) და ასევე აბაშიდანაც დაესწრნენ ამ კრებას. გადაწყდა რომ ამ თანხით, რაც დაახლოებით 16000 ლარია, რომელსაც კიდევ დაემატება ჩვენი თემის სხვა სოფლებისა და აგრეთვე რაიონიდან დამატებული თანხები, გაუწყინარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. მოსახლეობამ ხელი მოაწერა შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც უდაოდ დიდმნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი სოფლის ცხოვრებაში...

27 მარტი, 2015 წელი


    2015 წლის 1 აგვისტოს გაუწყინარის საბავშვო ბაღის დაშლა დაიწყეს, მუშები ძირითადად აბაშიდან არიან, თუმცა ადგილობრივებიც ეხმარებიან. 16 აგვისტოს, კვირას ჩაასხეს მომავალი ბაღის ფუნდამენტი, 19 აგვისტოს, ოთხშაბათს კი მასზე დაიწყეს ბერკეტის საყრდენი ბოკონების ამოშენება. 



დაშლილი ბაღი







ახალი ბაღი შენდება



ამ ადგილას ასეთი სახის კაპიტალური საბავშვო ბაღის შენობა აშენდება.


წინა  ხედი
გვერდითა ხედი



მეორე გვერდის ხედი




უკანა ხედი


      ასევე პირველ მაისშიც დაშალეს ძველი საბავშვო ბაღის შენობა და მის ადგილზე  უფრო დიდ, ორსართულიანი საბავშვო ბაღს აშენებენ. წელსვე გამოცვალეს და თავიდან დახურეს პირველი მაისის თემის საკრებულოს შენობა, ასევე გაარემონტეს პირველი მაისის საჯარო სკოლაც.

    სექტემბრის დასაწყისში უკვე ამოყვანილია გაუწყინარის საბავშვო ბაღის კედლების ნაწილი, ეზოში დადგეს გადახურული სათავსო სამშენებლო მასალებისათვის, იქვეა კანალიზაციის ჭაც, სამუშაოები გრძელდება...




     მშენებლობა დამთავრდა და შენობა გადახურვისათვის მომზადდა...














     საბავშვო აღი წითელი ფერით შეღებილი თუნუქით გადახურეს...






      შენობის ირგვლივ და ეზოში, ჭიშკრიდან კიბემდე ქვაფენილი დააგეს, ბაღი გარედან და შიგნიდან შელესეს, შეღებეს, იატაკი დააგეს, ჭერი ააკრეს, კეთილმოაწყვეს... ასევე მოგვიანებით  (2016 წლის თებერვალში) საბავშვო ბაღის ეზოც მოაწესრიგეს, დარგეს დრაცანა, პალმა, აგავა და სხვა დეკორატიული მცენარეები, რომლებიც თეთრი აგურებით ლამაზად შემოღობეს; შეღებეს ეზოში მდგარი ბავშვების სათამაშოები და ჭიშკარი, აალაგეს სამშენებლო მასალის ნარჩენები.

     დღეს, 2016 წლის 21 მარტს, ორშაბათს, გაუწყინარის ისტორიაში ფრიად დიდმნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დონეზეა მოწყობილი. დღის პირველ ნახევარში აქ შეიკრიბა სოფლის მოსახლეობის ნაწილი, ბავშვები და მშობლები, ბაღის თანამშრომლები. ზუგდიდიდან და აბაშიდან მოვიდნენ საპატიო სტუმრები: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, აბაშის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე, რწმუნებული პირველი მაისის თემში ნესტორ ძიძიგური, ჩვენი თემის დეპუტატი აბაშის საკრებულოში გია ჯღარკავა და სხვები, რომლებიც დაესწრნენ ბაღის გახსნის ცერემონიალს.






   
 







     აგრეთვე პირველ მაისშიც გაიხსნა ახალი, ორსართულიანი საბავშვო ბაღი, იქ გამგე მაია ბუბუტეიშვილია. ამავე დღეს ტყვირში და სეფიეთშიც გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღები.
პირველი მაისის ორსართულიანი ახალი საბავშვო ბაღი
       საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა 14 მაისს მონაწილეობა მიიღეს გაუწყინარის ტაძრის გახსნის შემდგომ გამართულ საზეიმო ღონისძიებაში, იხილეთ ვიდეო:  საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ღონისძიება


      გაუწყინარის საბავშვო ბაღის ბავშვებმა აღმზრდელების ხელმძღვანელობით მრავალ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა, აი მათი ნაწილიც:


საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ღონისძიება  (I ნაწილი)

საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ღონისძიება  (II ნაწილი)

საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ღონისძიება ამავე ბაღში (I ნაწილი)

საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ღონისძიება ამავე ბაღში (II ნაწილი)


Комментариев нет:

Отправить комментарий