სეზონური საქმიანობები


      დღევანდელ გაუწყინარში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია და მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდის.  ერთ დროს გამართულად მომუშავე საწარმოო ობიექტებისა და კოლმეურნეობის გაჩანაგებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დატოვა, ნაწილი კი სოფლიდან ქალაქებსა და უცხოეთში - ევროპის ქვეყნებში, უმთავრესად თურქეთსა და საბერძნეთში წავიდა და იქ იშოვა სარჩო - საბადებლის წყარო იქაური ბავშვების ძიძად და მოხუცებულთა მომვლელად მუშაობის გზით. ეს ემიგრანტები საქართველოში თავიანთ ოჯახებსა და ახლობლებს თანხას უგზავნიან საბანკო გადმორიცხვის გზით  და  „პასილიკასაც“ აწვდიან. ადგილზე დარჩენილთა ნაწილი თვითდასაქმებულია ძირითადად  საკუთარ ნაკვეთებში და საოჯახო მცირე მესაქონლეობასა თუ მეფრინველეობაში, სადაც აწარმოებენ ყველს, რძეს, კვერცხს, ხორცს, ასევე სიმინდს, სოიოს, ლობიოს, საზამთროს, ნესვს, პილპილსა და სხვა პროდუქტებს, რომლებსაც ყიდიან ადგილზე ან სამტრედიის, აბაშისა თუ სხვა ბაზრებზე, აღებული თანხით ყიდულობენ ოჯახისათვის საჭირო პროდუქტებს, ნივთებს თუ სხვა აუცილებლობებს. ზოგ მოსახლეს მიწა დაუმუშავებელი რჩება (მიწა „ცდება“), რომლებზეც თხმელები და კვანტაციები მოედო. მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილი ახერხებს სამსახურის შოვნას.


გ ა ზ ა ფ ხ უ ლ დ ა

სოფელში ლამაზი გაზაფხული იცის. როდესაც ბუნება იღვიძებს პირველად ენძელები აყვავილდებიან, მერე თხილები გაიფოთლებიან მწვანედ და ტყემლის ტოტები დაიხუნძლებიან თეთრი ყვავილებით, შემდეგ ატამიც მოიხხამს ლამზ ვარდისფერ ყვავილებს, ამოიწვერება მწვანე ბალახი, ირგვლივ ყველაფერი გაიფურჩქნება და გალამაზდება ამ დროს, ყვავილების სურნელი ათრობს მაშინ აქაურობას; მოფრინდებიან ჭიკჭიკა მერცხლები  და მხიარულად აჟღურტულდებიან ჩიტები, ღამით ისმის ზოგიერთი ფრინველის, ჭრიჭინების და ბაყაყების ხმები. ამ დროსვე, აპრილიდანვე  იწყება  ადამიანების აქტიური ზრუნვა საგაზაფხულო სამუშაოებისათვის. ჩვენთან ნიადაგი ნოყიერია, მაგრამ მას დიდი შრომა - ჯაფა და მოვლა - პატრონობა სჭირდება, რაც დღეს საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული. ასევე მნიშვნელოვანია სათანადო კლიმატური პირობების (მზე, ცვარი, სითბო, დროგამოშვებით წვიმაც) არსებობა. მიწა როდესაც გაშრება, მას გუთნიანი ტრაქტორით ხნავენ, ზოგჯერ წინა წლის ჩაჩაბებს მოჭრიან - „მოჩორგავენ“), უფრო გავრცელებულია „ბელარუსის“ მარკის ტრაქტორები; შემდეგ ფარცხავენ ან დისკავენ, ცდილობენ კარგად დააფხვიერონ, სათესით თესავენ სიმინდს, ძირითადად გავრცელებულია თეთრი და აბაშის ყვითელი ჯიშის სიმინდები, ასევე აჯამეთი, ჰიბრიდული, ამერიკული, წვრილმარცვლიანი და სხვა. ყანებში ასევე ხშირად ურევენ სოიოს (მუხუდოს, მას იშვიათად ცალკეც თესავენ), ლობიოს, გოგრას (ხოკორა და ჩვენებური კვახი), ცოცხს. ყველა შემთხვევაში ტრაქტორისტს აძლევენ გარკვეულ თანხას და უსხამენ  საწვავს, 1 ჰექტარზე დაახლოებით 30 ლარი ფული და 30 ლიტრა სალიარკა. გაუწყინარში ტრაქტორები თავისი მისაბმელი „ლაფეტით“, გუთნით, ფარცხით, დისკით, სათესითა თუ კულტივატორით („სამაშინოთი“) ჰყავთ:  გიგა გოთოშიას (მასზე ავთო ჯანჯღავა მუშაობს), დემური ჯანჯღავას, შაქრო (ბაცია) ქუთათელაძეს, ვიტალი რურუას, მამუკა თოდუს, რუბენი ჯანაშიას, ბაჩუკი კოპალეიშვილს და კიდევ რამდენიმე ადგილობრივ მკვიდრს. ასევე აქაური მოსახლეობა მიწების დასამუშავებლად და მოწეული მოსავლის სახლში გადმოსატანად ხშირად სარგებლობს სხვა სოფლების ტრაქტორებითაც, ქვიშანჭალაში ტრაქტორები ჰყავთ: ტარიელ და ჯუმბერ  შალვაძეებს, იუზა კალანდაძეს (ისიც გიგა გთოშიასია), ზაზა ლომსაძეს, იური ფუტკარაძეს; ხოლო პირველ მაისში - გიალო გეგეშიძეს, ბეჟან გრიგოლიას, ოთარ (ოთია) და რაულ ცომაიებს, ავთო (დალაშო) ჩიტიას და სხვებს. ის ოჯახები, რომლებთაც უჭირთ, ვერ ახერხებენ მიწის დამუშავებასა და მოსავლის მოყვანას, მიწას  სხვას მიაქირავებენ (გასცემენ) გარკვეული რაოდენობის მოსავლისა (სიმინდი, ჩალა) თუ თანხის სანაცვლოდ. ბოლო წლებში გავრცელდა ასევე საზამთროსა და ნესვის ბაღები, რომელთა მოვლა - პატრონობა და რეალიზაცია მნიშვნელოვნად განსხვავებულია ტრადიციული მესიმინდეობისაგან. მებაღეები  მწიფე  ნესვსა და  საზამთროს ზაფხულში კრეფენ და ყიდიან ფულადი შემოსავლების მიღების მიზნით. ბევრ ოჯახს პატარა ნაკვეთი უკანა ეზოშიც აქვს. გაზაფხულზე ასევე ბარავენ და თესავენ ბოსტანს, რომელსაც ნაკელით ანოყიერებენ. გვიან გაზაფხულზე, როდესაც ყანებში სიმინდი უკვე ამოდის, საბალახოს კარებს აღებენ და ძროხებს შიგ მიდენიან, ზემოთ ნახსენებ ქვიშანჭალის გზაზე მოწყობილ ღორების გადასასვლელი გისოსებიანი წინაღობის გვერდით კარებს დაკიდებენ და დახურავენ.


ყ ა ნ ი ს   კ უ ლ ტ ი ვ ა ც ი ა
თ ო ხ ნ ა

ს ი მ ი ნ დ ი ს   ყ ა ნ ა

ზაფხულში ყანები უკვე ამოსულია. ივნისის თვეში მას აკულტივაციებენ, „ამაშინებენ“ ტრაქტორით ან ცხენით, რადგან სარეველები არ მოედოს ყანას;  გავრცელებულია წალამი, ბურჩხია, ამბროსია, ყვითელყვავილებიანი (ეს ორი სახეობა ჩვენთან მოგვიანებით მოედო, რასაც უცხოეთიდან შემოტანილ ხორბლის თესლსა და ქატოს აბრალებენ),  ჯიჯილაყი, ბირკალი, ველური ლობიო, ზღვის ბალახი, ძაღლყურძენისებრთა ოჯახის წარმომადგენლები და სხვა მრავალი სახის სარეველა ბალახი.  ყანების, არხებისა და  ყანისპირა გზების  კიდეებზე,  საყანეებზე და დაუმუშავებელ მიწებზე  თხმელები, კვანტაციები, ანწლი, ნარ - ეკალი და სარეველები უხვად მოედო, ზოგიერთი მათგანით ცხოველები იკვებებიან. შემდეგ ხალხი ყანებს თოხნის, მარგლავს, გამოხშირავს, შეაქვს აზოტიანი სასუქი, იცავს ღორებისა და ძროხებისაგან, რომლებიც ზოგჯერ მაინც ახერხებენ ყანებში შეღწევას.  ეს ყოველივე კარგი მოსავლის საწინდარია.  წელს ასევე გამოიყენეს სარეველა ბალახების მოწამვლაც, რასაც ძირითადად გიგა გოთოშიას მიერ დამზადებული საწამლავი აპარატი ასრულებს, რომელიც მისივე ტრაქტორზეა მიბმული, რომელსაც ქვიშანჭალელი იუზა კალანდაძე მართავს. ღამით  სოფელში  ციცინათელები დაფრინავენ.  ზაფხულის მიწურულს თხილი მწიფდება, მას ძირს მორეკავენ და აკრეფენ (ახიკავენ),  რომელსაც შემდეგ დაარჩევენ, გაახმობენ და ნაწილს გაყიდიან. ჩვენთან  ზაფხული  ზომიერად ცხელი იცის, ზოგჯერ გვალვებია და ჰაერის ტემპერატურა + 38, + 39 გრადუსს აღწევს.  ხშირად ცა მრავალი დღის განმავლობაში ღრუბლებითაა  დაფარული გაწვიმების გარეშე, ზოგჯერ წვიმებიც გახანგრძლივდება, რაც ამცირებს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას. ცხელ დღეებში მოსახლეობაც შესაბამისად იქცევა, შუადღით ერიდებიან აქტიურ სამუშაოებს, ისვენებენ ჩრდილში, საბანაოდ დადიან მდინარე ცხენისწყალზე, რიონზე და ზოგჯერ სხვა მდინარეებზეც, ასევე იშვიათად შავ ზღვაზეც. ზოგიერთი მდინარეზე ანკესებს აგებს და თევზს იჭერს, გავრცელებულია ზუთხი, კობრი, ღლავი, ტარანი და სხვა. სოფლის მცხოვრებთაგან ზოგი დასასვენებლად წასვლასაც ახერხებს საქართველოს კურორტებზე, კომუნისტების დროს კურორტებზე, ექსკურსიებზე  და სამოგზაუროდ უფრო შორს, რუსეთში და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში, ზოგჯერ საზღვარგარეთის სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებშიც კი დადიოდნენ. ბავშვების  ნაწილი  საზაფხულო არდადეგების დროს სოფელში ჩამოდის ახლობელ - ნათესავებთან. ამ დროს მოტორელით და ველოსიპედით ნაყინს („მაროჟნს“) დაატარებენ.
ზაფხულის მიწურულს კრეფენ ყურძენს, ვაზი აქ დიდად გავრცელებული არ არის და ის მხოლოდ  ეზოებში აქვთ ხეებზე და ტალავერებზე გაშვებული, გვხვდება შემდეგი ჯიშები: ადესა, თეთრი ადესა, ფრანგულა (კაჭიჭი), ალადასტური, იზაბელა, კამური და სხვა. მათი მოკრეფისა და დაწურვის (საჭყენტში გჭყენტვის) შემდეგ ჭაჭას ძირითადად ლითონის კასრებში („ბოჭკებში“) აყენებენ, რომელსაც წყალსა და შაქარს უმატებენ.  ქვევრი (ჭური) აქ იშვიათობაა, ის ძველად უფრო მეტი  ჰქონდათ, საიდანაც ღვინის ამოსაღებად იყენებდნენ განსაკუთრებული ჯიშის გოგრის - „კვატულა კვახისაგან“  დამზადებულ ხრიკიას, რომელსაც შიგთავსი ამოცლილი ჰქონდა და მას გრძელი ჯოხის ბოლოზე ამაგრებდნენ. ადრე ხის კასრები და საწნახელებიც ჰქონდათ, რომელშიც ჩაყრილ  ყურძნის  მტევნებს ფეხით „ჭყინტავდნენ“. ღვინის დაყენებიდან  რამოდენიმე დღეში იღებენ მაჭარს (ტკბილს),  მისგან ამზადებენ ფელამუშს, ჩურჩხელას, იგივე ჯანჯუხას, ზოგჯერ მასში სიმინდის ტაროსაც ამოავლებენ და ახმობენ.   ღვინის გადაღების შემდეგ დარჩენილი ჭაჭით, ასევე ტყემლით,  მსხლითა და  სხვა ხილით  ხდიან არაყს, ოტკას. ხილს ლითონის „ბოჭკებში“ ჩაყრიან, მას დაუმატებენ შაქრიან წყალს გამოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდის მიზნით, ჰერმეტულად მოუკრავენ თავს და რამოდენიმე კვირას დააყოვნებენ. შემდეგ მასში არსებულ მასას ალუმინის ან სპილენძის გამოსახდელ ქვაბში  ჩაყრიან, თავზე მჭიდროდ დაახურავენ ზარხუფს, რომელსაც წყლით გაგრილების სისტემა („როფე“) აქვს მორგებული, ქვაბს ცეცხლს შეუნთებენ და ცოტა ხნის შემდეგ არაყის წვრილი ნაკადი იწყებს გამოსვლას, დენას, რაც რამდენიმე საათს გრძელდება. არაყსა და ღვინოს ზოგჯერ სოფელშიც ყიდიან. წყნარ, უქარო ღამეს გარემო ცვარით (ნამით) იფარება, ჩნდება ბურუსი, ნისლი, რომელიც დღისით იფანტება. ზაფხულში მზე ჰორიზონტის ზემოთ ამოსულ მდგომარეობაში 15 საათის განმავლობაში იმყოფება, ხოლო დღის სრული ხანგრძლივობა 18 საათია. ადრე გაზაფხულზე საათების ჩვენებას, ისრებს 1 საათით წინ გადასწევდნენ, გვიან შემოდგომით კი - ისევ უკან (ზაფხულისა და ზამთრის დროები);  რამოდენიმე წელია ეს წესი გაუქმდა,  ახლა მხოლოდ სასწავლო და სამუშაო დრო იცვლება სეზონურად 1 ან ნახევარი საათით.

მ ო ს ა ვ ლ ი ს   გ ა დ მ ო ტ ა ნ ა
ყ ა ნ ი ს   მ ო ჭ რ ა




შ ე მ ო დ გ ო მ ა

      შემოდგომით, ოქტომბრის თვეში, როდესაც მოსავლის აღების დრო ანუ როგორც მას სოფელში უწოდებენ - სტველი მოაღწევს, ყველანი ყანებშია განფენილი, რათა დროულად დააბინაონ, დაამარაგონ მთელი წლის ნაშრომ - ნაჯაფი და სარჩო - საბადებელი, წლის მოსავალი. როდესაც სიმინდი „ჩაბაზდება“ და შემდეგ ჩახმება, ტაროიან ჩალას ნამგალით მოჭრიან და  ჩაჩაბაზე გროვებად  მიაწყობენ ანუ როგორც იტყვიან აჩენგელებენ, რომელსაც თავს მოუკრავენ; ზოგჯერ მოჭრილი  სიმინდის ყანა მაშინვე მიაქვთ შინ ტრაქტორითა და საჭაპანო ტრანსპორტით, ამ დროს მას ყანაში დაჩენგელება არ უნდა და ეს ხერხი უფრო სწრაფია.  სიმინდის ტაროებს ხანდახან ფეხადაც მოტეხავენ ან ტაროებს „ქურჩანიანად ჩამოქვიჩავენ“. ხშირად მომხმარედ (ე. წ. ნადი) მეზობლებს იყენებენ, რომლებთაც პურ - მარილით გაუმასპინძლდებიან  და  შემდეგ მათ თავადაც ეხმარებიან. შემოდგომით ხალხი ერთმანეთს ხვავსა და ბარაქას უსურვებენ როდესაც მოსავალს დაინახავენ.  ეზოში ჩამოტანილ  სიმინდის ტაროებს ტეხავენ და გოდრებით სასიმინდეში, ბეღელში ჩაყრიან,  ჩალას კი ჯერ კარგად აშრობენ, შემდეგ მავთულებითა („სინებით“) და „შპახათის“ ძაფებით, ხანდახან  წალამითაც  კონავენ  და მრგვალად  ზვინავენ სწორად დასობილი მაღალი სარის ირგვლივ, მას თავს გაუკეთებენ და მოუკრავენ ზვინის შიგნით წყალმა რომ არ ჩავიდეს. ზოგჯერ ცელით თიბავენ  ბალახს, რომელსაც ახმობენ  და  ასევე  მასაც ზვინავენ.  ჩალას, თივას, ნაყიდ თივის „ტუკებს“,  ქატოს, სიმინდს, ღერღილს, დაბალი ხარისხის პურის ფქვილს, მუხუდოს და სხვას ზამთარში  პირუტყვის,  ძროხის,  ღორის, ცხენის გამოსაკვებად  იყენებენ.  ცდილობენ საშემოდგომო სამუშაოები მშრალად მოასწრონ,  რათა წვიმამ არ დაალპოს მოსავალი. კოლექტივის არსებობის დროს  სიმინდს ყანებში ჯგუფურად,  კოლექტიურად  ტეხავდნენ და რამდენიმე დღით კონებისაგან  მოწყობილ დიდ კალოებში ინახავდნენ, ჩალასაც იქვე ზვინავდნენ. როდესაც ტრაქტორი მოიცლიდა და მას კოლმეურნეობის თავმჯდომარე ნებას დართავდა, მასზე მიბმულ „ლაფეტს“ დატვირთავდნენ და მოსავალი საწყობის ეზოში მიჰქონდათ, თუმცა მის დიდ ნაწილს იქვე იტოვებდნენ, ყოველივე ამის შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი. ზოგიერთ ოჯახს ეზოში აქვს ჩალის შესანახი გადახურული ნაგებობა („ნავესი“), რომელშიც შენახულ ჩალას დაზვინვა და ზოგჯერ მოკონვაც არ სჭირდება. სტველის ბოლოს სოიოც ხმება და მასაც ნამგლებით, ასევე ნაჯახებით მოჭრიან, შინ წაიღებენ, დაზვინავენ, გახმობენ, შემდეგ ზვინს დაშლიან, ქუჩაში ასფალტზე გაფენენ ან სპეციალურად მოწყობილ „სეტკაზე“ დაყრიან,  სარებს დაარტყამენ და დაფშვნიან, ნამჯას კვლავ დაზვინავენ, მარცვლებს (კეკლებს) კი შეინახავენ ზამთრისთვის. მაგრამ სოფლელ გლეხებს ზოგჯერ ამინდი არ უწყობთ ხელს, ისინი დიდი ინტერესით უყურებენ ტელევიზორში ამინდის პროგნოზის გამოცხადებას სინოპტიკოსების მიერ (კურიერი, ქრონიკა, მოამბე).  წვიმა ატალახებს ყანებსა და მის გზებს, დგება წყლის გუბეები, მცირდება მოსავლის რაოდენობა და ხარისხი. უამინდობის დროს სოფელში საშინაოდ „კალოშებსა და ვალინკებს“ იცვამენ ფეხზე. ჩვენთან ორი მიმართულების ქარია გაბატონებული: აღმოსავლეთის ქარი ანუ ზენა ხშირად უფრო ძლიერი და ხანგრძლივია, რომელიც რამდენიმე დღეს ქრის; დასავლეთის ქარი ანუ ქვენა, რომელიც უმთავრესად  საღამო  ხანს  დაუბერავს და  გარემოს აგრილებს, რასაც ზოგჯერ ავდარი მოჰყვება. ორივე ქარი ართულებს საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოებს, აზიანებს მოსავლის ნაწილს, ჰგლეჯს ხეებს, ჩამოყრის ხეხილს, სახურავებს გადახდის  სახლებს  და წყვეტს ელექტროსადენებს, მაგრამ მშრომელი კაცის მარჯვენა მათზე ძლიერია და ყველაფერს ისევ თავიდან აღადგენს. სეტყვა (კოხი) აქ თითქმის არ იცის,  ჭექა - ქუხილი  (ელვა და გვინვა) კი საკმაოდ ხშირია, ზოგჯერ მეხი დაეცემა მაღალ ხეებსა და საგნებს. „ნასტვლევს“, როდესაც მოსავალი უკვე აღებულია, ქვიშანჭალისაკენ მიმავალ გზაზე იმ  ნახსენებ  გისოსებთან  კარებს გააღებენ ან  საერთოდ ჩამოხსნიან  და  შეინახავენ, პირუტყვი კი  თავისუფლად მოძრაობს ამ ადგილებში, როგორც იტყვიან ძროხები გაიშვება.  ისინი მიდიან  ფართობებში, ძოვენ  ბალახსა და ყანების აღების შედეგად დარჩენილ ნარჩენებს,  რაც დადებითად მოქმედებს მათ წველადობაზე  და  სიმსუქნეზე; საღამოს მათ მეტწილად პატრონები ეძებენ და მოდენიან სახლში. ამ ფართობებში გაუწყინარის მთავარი ქუჩის მოსახლეთა ძროხები  და ღორები  ქვიშანჭალის გზის  მარცხნივ,  გრიგოლიების უკანა მხარესა და ნარამოში,  ხოლო  ამავე გზის  მარჯვნივ  კირკალაში მიდიან  საძოვად;  ასევე პირუტყვის ნაწილი გოშახში  და ცხილარშიც ძოვს, გოშახის დასაწყისში არსებული კარიც იღება ამ დროს; მეორე ქუჩა ბახვაჭალაში მიდენის საქონლებსა და ღორებს. სოფელში თავის დროზე ამზადებენ ხურმისა და სხვა ხილის ჩირებს, კომპოტებს, მურაბებს, პომიდორისა და ტყემლის წვენებს, მწნილებს (მჟავეებს),  კონსერვებსა და სხვა სახის ზამთრის მარაგ საკვებს, ნობათს. ცივ ღამეებში მიწაზე და საგნებზე ჩნდება რთვილი, რის გამოც დილით გარემო გადათეთრებულია.


ზ ა მ თ ა რ ი

ბოლოს ზამთარიც მოდის, რომელიც ჩვენი სოფლის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე (დაბლობი, ზღვასთან სიახლოვე, ტენიანი ჰაერი)  მცირედ  თოვლიანი იცის (წყლიანი თოვლი, თოვლჭყაპი)  და ისიც მალე დნება. როგორც აქ იტყვიან ხოლმე თოვლი მხოლოდ სახლის სახურავებზე, ხეებზე და მიწაზე დაამჩნევს და მეტი არა, თუმცა ბავშვები გუნდაობას, თოვლის ბაბუის გაკეთებას და სრიალს მაინც ახერხებენ. აქ მარხილები, „სანკები“, ციგები, ციგურები, „ლიჟები“,  თხილამურები არა აქვთ.  დიდთოვლობის შემთხვევები ძალიან იშვიათია, მაგალითად დაახლოებით 1982  წელს ჩვენთან 1 მეტრამდე სიმაღლის თოვლი მოვიდა, იმ დროს მაშინდელი ფერმების სახურავების კიდეებიდან  მსხვილი  ყინულის  ლოლუები იყვნენ   ჩამოშვებულები,  გზებს კი თოვლის სქელი საფარველისაგან ექსკავატორის წინა დანით  წმენდნენ, ხრილავდნენ სახლის სახურავებსაც. მსგავსი მეტეოროლოგიური შემთხვევა იშვიათად ადრეც ახსოვთ სოფლის უხუცესებს. ჰაერის ტემპერატურა ზამთარში იშვიათადაა დაბალი, ის უმეტესად 0 გრადუსის ზემოთაა,  ძლიერი  ყინვები  თითქმის არ იცის, ტემპერატურა -10 (მინუს ათი) გრადუსის ქვემოთ იშვიათად   ჩამოდის;  რამოდენიმე  წლის  წინ  -12  (მინუს თორმეტი) გრადუსი სიცივე დაფიქსირდა, უფრო  ადრე კი  -14  (მინუს თოთხმეტი) გრადუსი ყინვაც იყო, რაც მეტად იშვიათია.  თუმცა  თოვლი და ყინვა დადებითად მოქმედებს შემდგომ მოსავალზე, წმენდს ჰაერს, სპობს ბაცილებსა და მავნებლებს. ზამთარში ხეებს ფოთლები გასცვივა და ბალახიც ხმება, მაგრამ  მარადმწვანე მცენარეები და ბალახის ნაწილი მაინც მწვანეა. ხალხი ამ დროს სათბობად და საკვების მოსამზადებლად  შეშის  ღუმელებს იყენებს,  თბილ  სეზონზე კი ღუმელს ოთახიდან გარეთ გაიტანენ, იღებენ და ბუხარს ანთებენ, ასევე იყენებენ ნავთქურას („კერასინკას“) და ბალონის გაზქურას.  ადრე ქვანახშირიც  უხვად  მოდიოდა და იაფიც ღირდა, განსაკუთრებით ხარისხიანი იყო ანტრაციტი,  უფრო ნაკლები ხარისხისა  -  ჟირი,  მურა  ნახშირი  და სხვა,  ჰქონდათ მისი დასაწვავი „ფეჩები“.   შემდეგ  მისი  შემოტანა  საერთოდ  შეწყდა.  მოგვიანებით  ქუჩებში  დააწყვეს  გაზსადენის მილები,  რომლითაც  სოფელში  გაზი  უნდა  შემოსულიყო, მაგრამ  შემდეგ  ქვეყანაც  აირია (90 - იანი წლები) და ეს პროექტი ჩაიშალა, „ტრუბების“ ნაწილი აალაგეს და გაყიდეს, ნაწილი კი მოსახლეობამ მიითვისა. ზამთარში მზე ჰორიზონტს ზემოთ მხოლოდ 8 საათის განმავლობაში იმყოფება, დღის სრული ხანგრძლივობა 11 საათი და 30 წუთია. ამ პერიოდში და უფრო გვიანაც საფშვენი მანქანით ან ხელით დაფშვნიან სასიმინდეში ჩაყრილ სიმინდის ტაროებს, სიმინდს დაბერტყავენ და ჰერმეტულად  შეინახავენ, ნაკორტალებს კი ცეცხლის დასანთებად იყენებენ. ადამიანები ზამთარშივე მოიხმარენ შენახული საკვების მარაგის ნაწილს.



გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა


2013 წლის გაზაფხულზე საქართველოს ახალმა მთავრობამ (ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება) მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სოფლებში უფასო ხვნა - თესვის პროგრამის განხორციელება, საამისოდ გაუწყინარშიც დაარიგეს მიწის ვაუჩერები (დაახლოებით 500 ლარიანი 1 ჰექტარზე), რომლებიც ხალხმა აპრილის თვეში აქ მოსული ტრაქტორების (ტ - 150  და ფირმა ტრაქტორები) ხელმძღვანელებს  თედო ჩიტიასა და კოტე არველაძეს გადასცა, ამის შედეგად მათ მიწები უფასოდ და  უსალიარკოდ  დაუხნეს, დაუფარცხეს ან დაუდისკეს. მეორე სახის ვაუჩერით კი ხალხმა სასუქი და სასოფლო - სამეურნეო ინვენტარი შეიძინა  სამტრედიაში;  ყოველივე აღნიშნულით მოსახლეობამ საკმაო თანხები დაზოგა და კმაყოფილიც დარჩა. ასეთივე დახმარება სოფლის მეურნეობისადმი მომდევნო წლებშიც განხორციელდა. 

1 комментарий:

  1. თქვენ ხართ ფინანსურ კრიზისში, ეძებთ ფულს, რომ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გადაიხადოთ გადასახადები ?, PayLATER სესხს მიეკუთვნება ყველა სახის სესხი დაბალ საპროცენტო განაკვეთზე 2% -ით, გთხოვთ მიმართოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: ( paylaterloan@zoho.com ) ან WhatsApp ( +19292227518 )

    ОтветитьУдалить