სტადიონი

ს ო ფ ლ ი ს   ს ტ ა დ ი ო ნ ი


        გაუწყინარის მთავარი ქუჩის დასასრულს სოფლის სტადიონია, რომელიც მავთულბადით, ეკლებიანი მავთულებით და ჯოხებითაა შემოღობილი. აქ ადრე ევკალიპტისა და ხეხილის ნარგავები იყო. დღეს კი როდესაც შესაფერისი სეზონი და ამინდია, აქ ახალგაზრდების სიმრავლეა, მომავალი თაობა ვარჯიშობს, ეწევა ცხოვრების ჯანსაღ წესს. ამ სტადიონზე ზოგჯერ იმართება შეჯიბრებები როგორც შიგა, ასევე სხვა სოფლების გუნდებს შორის. ყოველივე ეს ხელს უწყობს ჯანსაღი და ნიჭიერი სპორტული თაობის აღზრდას, რომელთაგან გამორჩეულია ფეხბურთელი სევასტი (სეგული) თოდუა. ამ სტადიონზე 2003 წელს გაიმართა შეჯიბრება ფეხბურთში გაუწყინარის ასკოვან ადამიანებს შორის, რომელიც გიგა გოთოშიამ ვიდეოკამერით გადაიღო და ეს კასეტა შენახულია სოფელში, მისი ჩანაწერი შეგიძლიათ აქ იხილოთ.
სტადიონის გვერდით, სადაც ახლა 2 დიდი ჭადარი და პატარა ალვის ხეებია (სტადიონზე ასევე მტირალა ტირიფიცაა), ადრე წისქვილი და სახერხი იყო. ისინი დენის გამოყვანამდე ჯერ მაზუთზე, შემდეგ დიზელის საწვავზე - „სალიარკაზე“ მუშაობდნენ (სულ ძველად სოფლის განაპირას, რიონზე ერთ ადგილას წყლის წისქვილი ჰქონიათ აგებული, შემდეგ ამ ადგილს ნადოლაბარს ეძახდნენ), ადრე ამ წისქვილის (ჭადრებთან მდებარე) მბრუნავმა მექანიზმმა შეიწირა ბავშვი, ტარიელ სურგულაძის ძმა ავთანდილ სურგულაძე. ამ ობიექტებში მუშაობდნენ დავით ფირცხალავა, შამილ გოგიშვილი, გიორგი სურგულაძე, ეფრემ თოდუა (მას წისქვილში ცალი ხელი დაუზიანდა და ის მოჰკვეთეს), ივანე (ვანო) წულუკიძე. გასული საუკუნის 80 - იან წლებში ეს ობიექტები სხვაგან გადაიტანეს. აქვე იყო სამჭედლო, სადურგლო სახელოსნო, სადაც მავთულბადეებსა და სხვა საჭირო საგნებს ამზადებდნენ. იქ მუშაობდნენ ალფეზ თოდუა (მამუკა თოდუას პაპა), სიმონ ჩიტია და სხვები. ძველად ასევე აქ იყო მცენარე რამის გადამამუშავებელი საამქრო, რომლითაც შემდეგ ქსოვილებს ამზადებდნენ და მას ვასილ ჩაჩავა ხელმძღვანელობდა. იქ დაზგამ ლენა გოგიშვილს ცალი ხელი მოჰგლიჯა;  ბოლოს ეს ობიექტები გააუქმეს, ხოლო წელს აქ დარგეს ჩაქვიდან ჩამოტანილი რამოდენიმე ძირი ევკალიპტის ნერგი.


სტადიონი ფოტოს ცენტრალურ ნაწილში


გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა


ს ტ ა დ ი ო ნ ი ს    შ ე მ ო ღ ო ბ ვ ა

     2012 წლის ზაფხულში გაუწყინარის სტადიონს ძველი, დაბალი ხარისხის ღობე მოხსნეს, ვალერი სურგულაძემ თავისი ექსკავატორით დარჩენილი „სეტკების“ ნაწილი ამოთხარა და ისინი რომელიც ვარგისი იყო შეინახეს. სტადიონის გვერდით მთავარი ქუჩისა  და მარცხენა გზაგამტარის მხარეს ამავე ექსკავატორით ამოიღეს არხი, რომელიც ემზარი მეგრელიძის წინ არსებული ბოგირის გაწმენდის შემდეგ მას შეუერთეს. ეს სამუშაოები განხორციელდა  სოფლის დახმარების პროგრამით ამ წელს გამოყოფილი მორიგი თანხით და უშუალოდ ღობის შემოვლებაზე მეორე ქუჩელები ზვიადი და დათო ჯანაშიები მუშაობდნენ. მათ აქ ისეთივე ღობე გაავლეს, როგორიც ყოფილი კოლმეურნეობის (მომავალი) ტაძრის და სასაფლაოს ეზოს ღობეა: უჟანგავი მავთულბადე გაჭიმულია დაბეტონებულძირიან მილებზე, რომლებსაც ზემოთა თავზე „უგოლნიკები“ აქვს გაყოლებული.  ამ სტადიონს მთავარი ქუჩის  მხარეს ღობეზე 2 გადასასვლელი აქვს საფეხურებიანი კიბით, ასეთივე გადასასვლელები აქვს მის ღობეს სკოლის უკანა ქუჩის მხარესაც; ემზარი მეგრელიძის ეზოს პირდაპირ სტადიონს დიდი ჩასასვლელ - გამოსასვლელი ჭიშკარიც დაუყენეს და ახალი ნამუშევარი თეთრად შეღებეს. ამ სტადიონთან მდგარი დიდი ჭადრების ქვემოთ ბეტონის ზედაპირიანი რკინის მაგიდა დადგეს.



Комментариев нет:

Отправить комментарий