გაზსადენი



ქვიშანჭალის გზის ქვემოთ (მართობული მიმართულებით) და მიმდებარე ყანებში, ვალერი სურგულაძისა და გია ქუთათელაძის სამოსახლო ნაკვეთებს შორის და მის გასწვრივ, ქვიშანჭალა - გაუწყინარის საზღვრის ბოგირამდე 300 მეტრის დაშორებით, მიწაში გაყვანილია მსხვილი, 500 მმ. დიამეტრის მქონე მაგისტრალური გაზსადენის იზოლირებული მილი („ტრუბა“), რომლებიც ერთმანეთთან  შეადუღეს, ჩააწყვეს ღრმად ამოთხრილ არხებში, ზემოდან ზოგან ბეტონის მასიური ფილები დაადეს და მიწა დააყარეს. ეს გაზსადენი შესაბამისი ტექნიკის საშუალებით 1982 წელს გაიყვანეს. ის სამტრედიის რაიონიდან მდინარე ცხენისწყალის ზემოთ, ბეტონის საყრდენების საშუალებით პირველ მაისში, სოფლის ბოლოს გადმოდის, შემდეგ მიწაში დამარხულ მდგომარეობაში შემოდის გაუწყინარში,  გაივლის ყანებს, ამ ადგილს, ქარსაფარს, კვლავ ნაკვეთებს და გადადის მეზობელ სოფლებში, საიდანაც კვლავ აგრძელებს გზას. ამ გაზსადენით მიეწოდება გაზი აბაშას, სხვა რაიონებს, სოფლებსა და ქალაქებს.
გოშახის ფართობებში, ე. წ.  18 ჰექტრიანის ბოლოს,  ჟორა ორაგველიძისა და ავთო ჯანჯღავას ყანების საზღვრის („საგორაოს“) პირდაპირ ღელეში ჩანს იქ გამავალი ამავე გაზსადენის შავიზოლაციანი მსხვილი მილი („ტრუბა“).
90 - იან წლებში  სოფლის ქუჩებში  დააწყვეს  და ნაწილობრივ შეადუღეს გაზსადენის  მილები, რომლითაც  სოფელში  აბაშიდან ბუნებრივი გაზი  უნდა  შემოსულიყო, მაგრამ  შემდეგ  ქვეყანაც აირია  და ეს პროექტი ჩაიშალა,  „ტრუბების“ ნაწილი აალაგეს და გაყიდეს, ნაწილი კი მოსახლეობამ მიითვისა.
 რამდენადაც ცნობილია ისევ იგეგმება გაუწყინარის გაზიფიცირება, სოფელში ბუნებრივი გაზის შემოყვანა, ამ მხრივ უკვე შედგა პროექტი. სპეციალისტებმა წელს (2010 წელს) ზაფხულში სოფლის ქუჩები ჩამოიარეს და ჩაიხაზეს, ხოლო გაზგამანაწილებელის „აგერესის“ აგება შესაძლოა ზემოთ ნახსენები გაზსადენის ქვიშანჭალის გზასთან გადაკვეთის მახლობლად მოხდეს.



გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა


გ ა ზ ს ა დ ე ნ ი ს   მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ა

2012 წლის ზაფხულში გაუწყინარში დაიწყეს გაზსადენის მშენებლობა. 700 მილიმეტრი დიამეტრისა და 11 – 13 მეტრი სიგრძის ლითონის შავიზოლაციაშემოვლებული ფოლადის მილები სპეციალური სატვირთო ავტომანქანებით მოაქვთ, ამწეებით ცლიან და  მიწაზე ან სილიან ტომრებზე ალაგებენ სიგრძეში. ეს გაზსადენი გაჰყავთ ქვიშანჭალის გზის ქვემოთ გაყვანილი ძველი გაზსადენის ახლოს, მარცხენა მხარეს. აქ წინასწარ გაასუფთავეს ადგილები, გაიყვანეს ფართო (30 მ. სიგანის) მიწის გზა ტექნიკის შეუფერხებლად მოძრაობისათვის;  დიდი ექსკავატორებით ამოთხარეს ღრმა, 3 – 4 მეტრი სიღრმის არხები,  მილების ბოლოები ერთმანეთს შეადუღეს. აქ ჰყავთ მრავალი სხვადასხვა სახის  ტექნიკა: „ცეფებიანი“ ტრაქტორები, ტრაილერები, მარშრუტკები მუშებისათვის, ამწეკრანი, შესადუღებელი აპარატები, მსუბუქი ავტომანქანები და სხვა. აქვე მორიგეობს დაცვა. შედუღებული მილები უკვე არხებში ჩააწყვეს, მას ზემოდან დიდი ზომის ხრეშით სავსე ტომრები დაადვეს  და ბულდოზერებით მიწა გადააყარეს; 


გ ა ზ ს ა დ ე ნ ი   დ ა ფ ა რ ვ ა მ დ ე

 მილების ჰერმეტულობა მასში კომპრესორით ჰაერის ჩაბერვის გზით შეამოწმეს. ბოლოს კი ეს ადგილები მოასწორეს. ეს მაგისტრალური გაზსადენი აზერბაიჯანიდან  მოდის და გაუწყინარის ფართობების გავლით ფოთისაკენ მიემართება, როგორც ამბობენ მისი საშუალებით საქართველოს სოფლებისა და ქალაქების სრული გაზიფიცირებაა დაგეგმილი. სამუშაოებს ძირითადად აზერბაიჯანელები ასრულებენ, რომლებიც კომპანია „სოკარში“ მუშაობენ, თუმცა აქ რამოდენიმე ქართველიც მუშაობს, მაგალითად  ჩვენივე სოფლელი გია ქუთათელაძე და დიმიტრი (დიტო) თურქია, მათ  ძირითადად  გაზსადენის გასვლის ადგილებში ხეების მოჭრა და გზის გაწმენდა ევალებათ. იმ კერძო ყანების პატრონებს, რომელზედაც ამ მაგისტრალმა გაიარა, ფულადი კომპენსაცია გადასცეს. ამ გაზსადენის გაუწყინარის საბალახოსთან გადაკვეთის ადგილას ძროხები გამოვიდნენ და მოსახლეობის ყანები გადაჭამეს.  ამის გამო ადგილობრივებმა ამ ადგილებში ღობე და კარები დააყენეს, ხოლო დაზარებულ ყანის მეპატრონეებს თანხა გადასცეს.


ბ ა ვ შ ვ ე ბ ი

გაზსადენის მიერ ქვიშანჭალის გზის გადაკვეთის მახლობლად, მარცხენა მხარეს დადგეს ტრანსფორმატორი, რომელიც შემოღობეს ლურჯად  შეღებილი გისოსებით. იქვე  ბოძზე მოაწყვეს მისი გამთიშველიც;   ქვიშანჭალის გზის გასწვრივ,  ყანების კიდეებში ზაური ზაქრაძის საეზოვემდე დაასვეს ბეტონის ბოძები, რომლებზედაც გაჭიმეს ერთი არაიზოლირებული მავთული, მისი ბოლოები ორივე ადგილას მიწაშია  ჩასობილი და  ის  იქვე  მის  პარალელურად  გამავალი მთავარი ძაბვის  ხაზების  მეხამრიდის  ფუნქციას  ასრულებს,  ხოლო ეს ტრანფორმატორი დენზე შეერთების შემდეგ  მილსადენს დაჟანგვისაგან დაიცავს. მის მახლობლად  ასევე დააყენეს გაზის მრავალი ონკანი,  ისინი სხვადასხვა  ზომისანი  არინ,  იქვეა  დადგმული ბევრი სხვა აპარატურაც, ასევე მაღალი მეხამრიდის ანძა.  ეს ადგილებიც შემოღობეს ლურჯად შეღებილი გისოსებით, რომელთა თავზე ეკლიანი მავთულხლართებია  შემოვლებული და კარი  დაბოქლომებულია. მის ახლოს, გარეთ  არის ჩირაღდნის მილი.
 აქედან სავარაუდოდ სოფლებში ბუნებრივ გაზის მილებს შეიყვანენ და გაზს მოგვაწვდიან. ამ გაზსადენის ქვიშანჭალის და გოშახის გზასთან გადაკვეთის ადგილას და სხვა გზებთან გადაკვეთის ადგილებშიც დაასვეს ქვის ფილა ქართული და ინგლისური წარწერებით: „ფრთხილად მაღალი წნევის გაზსადენი“,  ასევე ამ მილების გზაზე რამოდენიმე ადგილას დასობილია ლითონის ყვითლად და წითლად შეღებილი 1,5 მ სიმაღლის მილები თავზე დამაგრებული კოლოფით.
2013 წელს ქვიშანჭალიდან მდინარე რიონის ფსკერი გაბურღეს სპეციალური მძლავრი ტექნიკით, მასში გაზსადენის მილი გაიყვანეს, რომელიც სამტრედიის რაიონიდან ქვიშანჭალაში გადმოდის. შემდეგ ამ მილს შეუერთებენ გაუწყინარში გამავალ მილს. ახლა, 2013 წელია და ეს გაზსადენი სხვა რაიონებში ისევ შენდება, არც ჩვენთანაა მისი მშენებლობა და მოწყობილობების დამონტაჟება ბოლომდე დასრულებული.
ამა წლის სექტემბერში მშენებლებმა გაზსადენის მილი, რომელიც რიონის ქვემოდან გამოდის, შეუერთეს „ჯიმასულის“ ფართობში შეწყვეტილ მილს. 8 ოქტომბერს ზემოთ ნახსენებ ტრანსფორმატორთან დენის მრიცხველი („სოჩიკი“) დააყენეს და ეს ობიექტი იქვე გადამავალ მთავარი ძაბვის ხაზებზე ჩართეს, რაც ბათუმიდან „პიკაპით“ მოსულმა სპეციალისტებმა საღამოხანს გააკეთეს. მალე გაზსადენის მშენებლობა ჩვენს ტერიტორიაზე საბოლოოდ დაასრულეს და მიწაც მოასწორეს.


     ივლისის თვეში ქვიშანჭალაში გაიყვანეს ბუნებრივი გაზის პლასტმასის მილები, ისინი შესაბამისი ტექნიკის საშუალებით გზის კიდეებში დამარხეს, რომელსაც მოსახლეობის წინ შემდეგში ეზოებში ჩასაყვანი შლანგებიც აქვს გაკეთებული. ამ გაზსადენის თავი გაუწყინარის ბოლოს, ქვიშანჭალის საზღვართან (აქვე, დიდ არხზე გადებული ბოგირის ახლოს მოაწყვეს ჭა გაზის ონკანით) იუზა კალანდაძის ყანის გვერდით მიიყვანეს, სადაც შემოღობეს და იქ 2 აგვისტოს სატვირთო ავტომანქანითა და ავტოამწით გაზის გამანაწილებელი დადგეს, რომელიც თავის მხრივ მახლობლად არსებულ მაგისტრალურ, ძველად გაყვანილ მილსადენთან შეაერთებენ და ამგვარად დასრულდება ქვიშანჭალის გაზიფიცირება.


გაზის   წნევის   დამადაბლებელი


დიდ   არხზე   გადამავალი მილი

2014 წელი, აგვისტო


   ამავე დროს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ქუთაისის თანამშრომლებმა, ძველად გაყვანილი მსხვილდიამეტრიანი მაგისტრალური გაზსადენიდან (სადაც გაზის მილზე ონკანი დაამონტაჟეს და მავთულბადით შემოღობეს) ახალი, მიწისქვეშა  მილით გაზი მიიყვანეს მოშორებით მდგარ წნევის დამადაბლებელ სადგურამდე, საიდანაც გაზი ამ ეტაპზე სოფელ ქვიშანჭალას უნდა მიეწოდოს, ხოლო შემდეგ გაუწყინარს, პირველ მაისს, თხმელარსა და მარანს.

ონკანი გაზსადენზე
   2015 წლის 12 მაისს ჩვენს სოფელში გაზიფიცირების პროცესი დაიწყო. ამისათვის აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოიყვანეს ექსკავატორები, სხვა ტექნიკა  და ისინი სოფლის ქუჩებში მილების ჩასაწყობი არხების გაყვანას შეუდგნენ (სამუშაოებს შპს „გელა“ ასრულებს). მათ პირველმაისელი და ქვიშანჭალელი რამოდენიმე პიროვნებაც ეხმარებათ. არხებში პლასტმასის ყვითელი ფერის მსხვილ, 16 სანტიმეტრის დიამეტრისა და 1 სანტიმეტრის სისიქის, ერთმანეთზე ელექტროგამაცხელებლით გადაბმულ მილებს აწყობენ, ზემოდან ჯერ ქვიშას აყრიან, ლენტას აფენენ და მიწით ავსებენ. ჩიხებსა და მოკლე ქუჩებში კი უფრო წვრილი მილები გაჰყავთ. ასევე გზის ორივე მხარეს, ეზოებთან ამოჰყავთ პლასტმასის ყვითელი წვრილი მილები, ისინი იმ მსხვილ მილებზეა შედუღებული, მათზე შემდგომ გაზის წნევის მარეგულირებლები უნდა დაყენდეს და ეზოებში ჩასაყვანად გამზადდეს. გაზსადენი ქუჩის ცალ მხარეზე გადის, მის მეორე მხარეს მცხოვრები მოსახლის ეზომდე მილის მისაყვანად გზები სიგანეზე გადათხარეს და წვრილი მილი ასე მიიყვანეს იქამდე, ამ სამუშაოებმა გარკვეულწილად დააზიანა სოფლის გზები. ხშირად ორი მოსახლის გამყოფ ღობესთან ერთი მილია ამოყვანილი. აღნიშნული გაზსადენი სათავეს აიღებს ქვიშანჭალის გზის გადამკვეთ მსხვილდიამეტრიან ძველ მაგისტრალზე მიერთებული წნევის დამადაბლებელი სადგურიდან, რომელიც იქვე მოშორებითაა და მასზე შარშან ქვიშანჭალაში გაყვანილი გაზსადენი მიაერთეს. ასევე პირველ მაისში, თხმელარში და მარანში სხვა ბრიგადების მიერ მიმდინარეობს ანალოგიური გაზსადენის გაყვანის სამუშაოებიც.
     ივლისის ბოლოს გაზსადენის ქუჩებში გაყვანა თითქმის უკვე დასრულდა, მხოლოდ მომავალი ავტობანის ადგილას დარჩა გასაყვანი და იქ ახლა მუშაობენ. ნაყარი მიწა გაიტანეს, ნაწილი ტაძრის ეზოში ჩაზიდეს, ნაწილი კი მოსახლეობამ შეიძინა, გზის კიდეები მოასწორეს. მოსახლეთა ეზოების წინ ამოყვანილ პლასტმასის წვრილ შლანგებზე დააყენეს გაზის წნევის მარეგულირებლების დასაყენებელი წითლადშეღებილი რკინის მილები, რომლებსაც ძირი ჩაუბეტონეს. ასევე სოფლის ცენტრში და გაზსადენის სათავესთან მოაწყვეს ბეტონის სპეციალური ჭები გაზის გადასაკეტი ონკანით.
     აგვისტოში ეზოების წინ მდგარ მილებზე დააყენეს თეთრი პლასტმასის ყუთები, რომლებშიც გაზის წნევის დამადაბლებლები, მარეგულირებლები და ონკანები დაამონტაჟეს. 20 აგვისტოს მთლიანად დაასრულეს გაზსადენის ქუჩებში გაყვანა და ყველა არხი მიწით შეავსეს. მომდევნო დღეებში მილებში კომპრესორით ჰაერი ჩატუმბეს და მათი ჰერმეტულობა შეამოწმეს, სადაც ხარვეზი იყო ხელახლა ამოთხარეს მიწა და მილები გაარემონტეს. საბოლოოდ კი გაზსადენის ზემოთ ხრეში დაყარეს, მოასწორეს და დაზიანებული ასფალტის ადგილას ახალი დააგეს. ყოველივე ეს უდაოდ დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა გაუწყინარისა და მახლობელი სოფლების ისტორიაში.










ზაფხულში საბოლოოდ მოაწესრიგეს სოფლის გაზსადენის ქსელი, 12 აგვისტოს კი მასში ბუნებრივი აირი გაუშვეს. მოსახლეობა აბაშაში არსებულ სოკარის სერვის ცენტრში მიდის და განცხადება შეაქვთ. ოჯახებში გაზის შეყვანა 400 ლარი ჯდება, შესაძლებელია 16 თვიანი უპროცენტო განვადების გაკეთებაც.

13 აგვისტო, 2016 წელი


      აგვისტოს ბოლოს ჩვენს სოფელში ცისფერი გაზი აინთო, პირველად ის რაული გოთოშიამ შეიყვანა სახლში, ახლა კი სხვებსაც შეაქვთ განაცხადები ამავე საქმისათვის... მოსახლეობის ეზოს წინ მდგარ გაზის მარეგულირებელ ყუთებთნ ახლოს მრიცხველებს დგამენ, ხოლო ეზოებში არხებს იღებენ და შიგ პლასტმასის მილებს მარხავენ, რომლის ბოლოსაც სახლში გაზქურაზე აერთებენ. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია მეორე წერტილის დამონტაჟებაც.
  ამრიგად გაუწყინარის ისტორიაში პირველად მოხდა სოფლის გაზიფიცირება, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე.

აგვისტო, 2016 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий