ტაძარი


2009  წელს სახელმწიფოს მიერ  სოფლების დასახმარებლად პირველად გამოიყო თანხები (მათგან გაუწყინარს შეხვდა დაახლოებით 15000 ლარი), რომლის ნაწილითაც ჩვენთან სკოლის წინა გზაგამტართან და გაღმა ქუჩის საძოვარზე ექსკავატორით არხები ამოიღეს და გაწმინდეს, დანარჩენი თანხით კი 2010 წლის მაისში ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ სოფლის ცენტრი, ყოფილი კოლმეურნეობის 0,7 ჰექტარი ფართობის მქონე ეზო გაიწმინდა, მაღაზიისა და საწყობების ნარჩენი ბეტონების ნამსხვრევების ნაწილი ექსკავატორით იქვე ამოთხრილ ორმოში ჩამარხეს, დანარჩენები (უფრო დიდი ზომის) გარეთ გაზიდეს და გზების კიდეებში დააწყვეს („პრარაბი“ პირველმაისელი ბადრი გიგინეიშვილი იყო). ეს ტერიტორია შემოიღობა 2,5 მმ დიამეტრისა და 4 სმ უჯრედების მქონე უჟანგავი („ნერჟავეიკა“)  მავთულბადით, რომელსაც ქვემოთ ბეტონი აქვს ჩასხმული „სეტკის“ დასამაგრებელი მილებიანად, მას ზემოთ „უგოლნიკი“ აქვს გაყოლებული და ეს ღობე 230 მ სიგრძისაა, რომელსაც ქვიშანჭალის გზის მხარეს დაუყენდა მთავარი შესასვლელი ჭიშკარი პატარა კარიანად. ასევე ამ ეზოს წინიდან და უკნიდან აქვს გათვალისწინებული პატარა ჩასასვლელ - გამოსასვლელი კარების დაყენებაც, რომლისთვისაც  2 ადგილია დატოვებული. წინა მხარეს არხიც ამოიღეს და გაწმინდეს,  ახალი ღობე  ღია ფერად შეიღება. ამ სამუშაოების გამო ჯვრის ირგვლივ არსებული შემოღობვა და ქვემოთ დაფენილი აგურების ფენა და მასთან მისასვლელი ბილიკი მოშალეს.  ნოემბრის თვეში ჯვარს განათება გაუკეთეს ბათუმელი რამაზ  დიასამიძის მიერ ნაჩუქარი ელნათურებიანი მნათი პლასტიკური ზოლით, რომლის ჩამრთველ - გამომრთველი („ვიკლუჩატელი“) მოსაცდელის შენობაშია. ასევე ჭადრის ხეზე დაჰკიდეს ვახტანგი (ვახტო) თურქიას მიერ ნაჩუქარი გარე განათების ნათურა და ამგვარად მოეწყო განათება, მისი „ვიკლუჩატელიც“ ბირჟის შენობაშია. ამ ნათურის ქვემოთ დაიდგა ლითონის მაგიდა, რომელსაც ბეტონის ზედაპირი აქვს და ეს ადგილებიც შემოიღობა.
ამ  ეზოში სკოლისაკენ სამ მწკრივად დარგეს აბაშის რაიონის სოფელ ნოსირიდან ჩამოტანილი ფეიხოიას, ხოლო ღობის ჩაყოლებაზე კი წიწვოვანების ნერგები, ასევე გადაღმა დარგეს ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაქვიდან ჩამოტანილი ევკალიპტის ნერგებიც, რომლებთაც გარედან ეკლები შემოაკრეს პირუტყვისაგან დასაცავად. აქ, ყოფილი კოლმეურნეობის კანტორის, საწყობებისა და ტექნიკის (ეს ადგილები ასევე ყოფილი მაღაზიის უკანა მხარეა) ეზოში ეკლესიის მშენებლობაა დაგეგმილი, მისთვის საჭირო მასალად ძველი კანტორის ქვის კედლებს დაშლიან და მას გამოიყენებენ, ასევე ამავე საქმიანობისათვის ძველი საწყობის ნანგრევების საძირკველიდან ქვები ამოიღეს და იქვე ეზოში დააწყვეს. თანხის ნაწილი მოსახლეობამაც გაიღო, გარდა ამისა შეშის ვაუჩერები შეკრიბეს და მისი საშუალებით 2010 წლის შემოდგომაზე ქვიშანჭალის გზის გასწვრივ, ძროხების საძოვრის ქარსაფრის ბოლო ნაწილი, თხმელის ხეები გაუწყინარელმა ახალგაზრდა ბიჭებმა და კაცებმა „დრუჟბებით“ მოჭრეს, ნაჯახებითა და წალდებით გაკაფეს (უფრო მცირე, ტყის დასაწყისის  ნაწილი სახელმწიფომ მოჭრა და წაიღო), იუზა კალანდაძის, მამუკა თოდუასა და სხვა ტრაქტორებით (ტვირთის დასადები ძარიანებით ანუ „ლაფეტებიანით“) გამოზიდეს და დაიწყეს შეშად გაყიდვა, 1 საჟენი ანუ 1 „ლაფეტი“, დაახლოებით 10 კუბამეტრი შეშა  250 ლარად, ღუმელის ზომაზე დახერხილი („საფეჩედ“ დაჭრილი) კი 300 ლარად. ხეების ნაწილი ახლადშემოღობილ მომავალი ტაძრის ეზოში დაყარეს; ეს თანხებიც ტაძრის მშენებლობისათვისაა განკუთვნილი. ასევე  წელს თხმელარში გიგა გოთოშიას 4 ჰექტარ ფართობში და კირკალაში, იონა თოდუას 1,2 ჰექტარ მიწაზე დათესეს  სიმინდი. ის ზაფხულში ბიჭებმა გათოხნეს, იუზა კალანდაძის ტრაქტორით (ის გიგა გოთოშიასია) „დაამაშინეს“ ანუ გააკულტივაციეს, სასუქი მოაყარეს (ეს სიმინდი გაზაფხულზე მანვე დათესა).  შემოდგომაზე   თხმელარის ყანები ქუჩეჩიანად „ჩამოქვიჩეს“ და სევასტი, სეგული თოდუას ეზოში ჩამოზიდეს, იქ ის მოსახლეობამ „დაარჩია“ და მისსავე სასიმინდეში ჩაყარა დაახლოებით 300 გოდორის რაოდენობით. კირკალის ყანა კი არსენა სურგულაძის ეზოში ჩამოიტანეს ტაროიანად მოჭრილი და აქაც მოსახლეობამ მოტეხა და იმავე სასიმინდეში ჩაყარა. შემდგომში მას დაფშვნიან, გაყიდიან და ამ თანხასაც ეკლესიის აშენებას მოახმარენ. აქტიურად მიმდინარეობს ტაძრის ასაშენებლად მოსამზადებელი სხვა სამუშაოებიც.



გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა

2011 წლის 8 მაისს, კვირას  სოფელ ქვიშანჭალაში გაიხსნა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ის იქაური გელა ვერულაშვილის აქტიური ხელმძღვანელობით აშენდა. ეს ტაძარი მეუფე პეტრემ აკურთხა, მაშინ იქ  უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. კურთხევის რიტუალი ვიდეოკამერითა და ფოტოაპარატებით გადაიღეს. ამ ეკლესიაში ხუთშაბათობით მამა ეგნატე აღავლენს წირვა - ლოცვას. თვით გელა ვერულაშვილი სტიქაროსანია ქვიშანჭალის და პირველი მაისის (ანუ როგორც მას ეკლესიურად უწოდებენ საჭილაოს) ეკლესიებში; ის ახლახანს პირველი მაისის თემის რწმუნებულის, ნესტორ ძიძიგურის თანაშემწედ დანიშნეს სოფლის მეურნეობის დარგში.
ყოფილი კოლმეურნეობის ძველი კანტორის შემორჩენილი კედლები ტრაქტორით დაანგრიეს, შემდეგ მისი ქვები და აგურები ბიჭებმა თანდათან დაშალეს და იქვე ეზოში რამოდენიმე ადგილას დაალაგეს.
2013  წლის მარტში გაუწყინარის ცენტრში მოვიდა მეუფე პეტრე და მამა ეგნატე, მეუფემ  ნება დაგვრთო ტაძრის მშენებლობის დაწყებისა, ამ საქმისთვის კურთხევა მოგვცა. მომდევნო დღეებში ახალგაზრდებმა მთლიანად აალაგეს ყოფილი კანტორის ქვები და აგურები. ბირჟასთან დააყენეს სასაფლაოს წინა ეზოში მდგარი შესაწირი ყუთი, რომელიც შეღებეს.
2013  წლის  25 მარტს,  ყოფილი კოლმეურნეობის ახლადშემოღობილ  ეზოში უკანა მხარეს, სადაც ადრე საყარაულო იდგა, ანზორი გოთოშიას ეზოს პირდაპირ, ტირიფის ხესთან გაუწყინარელმა ახალგაზრდებმა დადგეს თხმელის ხეების მსხვილი სარებით კარკასშეკრული და თუნუქის ტალღოვანი ფურცლებით („პროფნასტილებით“, „ფლომასტერებით“)  გადახურული და უკნიდან ჩამოხურული მოზრდილი, განიერი ნაგებობა.  მოგვიანებით იქ დადგეს მაგიდები და სკამები, ასევე საკვების შესანახად  მაცივარი, თარო  და დაკიდეს ნათურა.  შემდეგ ამ ეზოში დადგეს რკინის „კონტეინერი“, რომელშიც ხელსაწყო - იარაღებს ინახავენ;  მის თავზე ლურჯი ფერის პლასტმასის ავზია შემოდებული. მეორე რკინის ავზი  ამ  ეზოში აგურებზე დევს, რომელშიც წყალი შლანგიდან ისხმება ელექტროტუმბოს საშუალებით გიგა გოთოშიას სახლიდან.
2013  წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ გოგიშვილის ეზოს წინ, ელექტრობოძზე დაყენებული მისივე სამფაზიანი დენის მრიცხველიდან (რომელსაც ის წისქვილისათვის იყენებდა) კაბელით გამოიყვანეს ელექტროდენი; ეზოში დააყენეს მისი ჩამრთველ - გამომრთველი „რუბინიკი“, იქვე არსებულ ბოძზე დაამონტაჟეს პროჟექტორი, რომელსაც ღამით ანთებენ, ხოლო გადახურულ ნაგებობაში არსებული მაცივარი და ნათურა ამ დენზე შეაერთეს.
ამავე პერიოდში მომავალი ტაძრის ადგილას სპეციალისტების დახმარებით დაასვეს ხის პალოები, მასზე მიაჭედეს „პლანკები“ და მათ შორის ძაფები გაჭიმეს; აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულება კი კომპასით გაასწორეს. შემდეგ რამოდენიმეჯერ მოიტანეს დიდი სატვირთო ავტომანქანით, ტრაილერით კასპიდან ცემენტი  ტომრებით,  რომელიც ბიჭებმა ანზორი გოთოშიას  მშენებარე ორსართულიანი სახლის ქვემოთა სართულზე („პადვალში“) დაალაგეს.
    2013 წლის  28  მარტს  გაიჭრა ტაძრის ფუნდამენტი და ამით ეკლესიის მშენებლობა ფაქტობრივად დაიწყო. მომავალი ტაძრის საძირკველის არხები ვალერი სურგულაძემ ამოიღო თავისი ექსკავატორით, რომელსაც სხვებიც მეთვალყურეობდნენ და ეხმარებოდნენ.


ფ უ ნ დ ა მ ე ნ ტ ი ს   გ ა ჭ რ ა


ს ა ფ უ ძ ვ ლ ი ს    ჩ ა ყ რ ა

მეორე  დღეს  29  მარტს ამოღებული საძირკვლის ადგილის აღმოსავლეთ მხარეს ხის ჯვარი აღმართეს;  30  მარტს კი  ფუნდამენტის ამოთხრილ არხებში ამ ექსკავატორითა და იუზა კალანდაძის ტრაქტორით მოზიდეს და ჩაალაგეს დიდი ზომის ბეტონის ფილები, ნამსხვრევები, რომლებიც ადრე აქ არსებული კოლექტივის კანტორის, საწყობის („ნავესის“) და მაღაზიის შენობების დანგრევის შედეგად დარჩა და მათი ნაწილი ქუჩაში წაიღეს. შემდეგ აქ მოიტანეს გაუწყინარის სასაფლაოზე წინათ მდგარი ტაძრის ქვები ამავე ადგილიდან, მაგრამ იქ დალაგებული ერთად შეკრული ქვები არ წამოუღიათ. ასეთივე ნაეკლესიარი ქვები გადმოიტანეს სოფლის ზოგიერთი მოსახლეების ეზოებიდანაც.
ტაძრის მშენებლობისათვის სასაფლაოს წინა მხარეს მდგარი 2 ცაცხვის ხე მოჭრეს, იონა თოდუამ და სხვებმაც გაიღეს ამ საქმისათვის საჭირო სამასალე ხეები, რომლებიც  მოჭრისა  და გაკაფვა - დაჭრის  შემდეგ ტრაქტორის ძარაზე,  „ლაფეტებზე“ დატვირთეს  და ზალიკო ხაჟომიასა  და სხვა სახერხში  წაიღეს.  იქ ეს ხეები  ფიცრებად, „რეიკებად“ და „პლანკებად“დახერხეს, შემდეგ  მზა მასალა მშენებლობის ადგილას მოიტანეს.
ამ ეზოს ხვიჩა ჯანჯღავას ეზოს  წინ და ასევე ანზორი გოთოშიას ეზოს წინ (გადახურულთან ახლოს) გაუკეთეს პატარა ჩასასვლელი კარები.  მალე გაჭრილი ფუნდამენტის ერთ მხარეს ამ ფიცრებით გააკეთეს  ყალიბი - „აპალოპკა“.
2013  წლის  31 მარტს ამ ადგილას მოვიდნენ მამა ეგნატე მგალობლებთან  და სტიქაროსანთან ერთად. მაშინ  მამაომ  მობილური ტელეფონით დაურეკა იმ დროს თბილისში მყოფ მეუფეს, რომელმაც უთხრა რომ თვითონ ჩამოვიდოდა და აკურთხებდა ტაძრის ფუნდამენტს.  რამოდენიმე დღეში სოფლის ახალგაზრდებმა იუზა  კალანდაძის ტრაქტორით მარნიდან მოიტანეს 4 „ლაფეტი“ დიდი  რიყის ქვები, აქ პერიოდულად ეზიდებიან სატვირთო ავტომობილები სილას და ხრეშს, შებენს, რომლებსაც ყრიან ეზოში და ეს ყველაფერი შემდეგ მშენებლობისათვის იქნება საჭირო ცემენტის ხსნარის - „რასტორის“ მოსაზელად.
ქრისტეს აქეთ, ახალი წელთაღრიცხვის III ათასწლეული, XXI საუკუნე,  2013 წელი,  6 აპრილი, შაბათი დღე, ამ დღის დილა გაუწყინარში ნისლიანი გათენდა. დილით ადრე ჩვენი სოფლის ცენტრში, სადაც ადრე ყოფილი კოლმეურნეობის კანტორა, საწყობები და მაღაზია იყო, რომლებიც შემდეგ გაუქმდა, დაინგრა და ეს ადგილები შემოიღობა, გასუფთავდა და აქ ტაძრის მშენებლობა დაიგეგმა, მოვიდნენ ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი მეუფე პეტრე (ცაავა), ჩვენი მოძღვარი დეკანოზი მამა ეგნატე (მიქაძე), სტიქაროსნები გელა ვერულაშვილი, არსენ ახობაძე, მგალობლები და ასევე აბაშის საკრებულოს რწმუნებული პირველი მაისის თემში ნესტორ (ვალერი) ძიძიგური, აბაშის საკრებულოს დეპუტატი პირველი მაისის თემიდან შალვა (გია) ჯღარკავა და სხვა საპატიო სტუმები;  აქ თავი შეიყარა უამრავმა ხალხმა, რომელთა შორის ყველაზე ხნიერი იყო 79 ბორისი თურქია, მოსულები იყვნენ სხვა სოფლებიდანაც. მეუფეს კარნახით გელა ვერულაშვილმა ჯვარზე დააწერა შემდეგი წარწერა: „ნებითა და ჯერჩინებითა უწმინდესისა და უნეტარესისა სრულიად საქართველოს პატრიარქისა ილია II  შეიქმნა ჯვარი ესე, რომელიც წმინდა ჰყოფს სოფელსა ამას გაუწყინარი“.  მას მეორე მხარესაც აქვს წარწერა „6 აპრილი 2013 წელი“... რომელიც ნაწილობრივ წაშლილია. მეუფემ აკურთხა მომავალი ტაძრის ფუნდამენტი საქართველოს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის - თამარ მეფის სახელზე, ეს ტაძარი რომ აშენდება ის თამარ მეფის სახელობისა იქნება. მეუფემ და მამაომ საფუძვლის ბეტონის ფილაზე სიმბოლურად  დადვეს რამოდენიმე ქვა და დააბეტონეს. აღავლინეს შესაბამისი ლოცვები, იგალობეს, ხალხმა სანთლები აანთო. ადამიანებმა მეუფის ლოცვა - კურთხევით ქვებზე თავიანთი და ახლობლების სახელები ფლომასტერით  დააწერეს და ტაძრის ფუნდამენტში ჩააყოლეს. იქვე აღმართულ ხის ჯვართან პატარა გადაფარებული მაგიდა იდგა, რომელზეც საეკლესიო ნივთები იყო დაბრძანებული. კურთხევის შემდეგ მეუფემ იქ  შეკრებილ ხალხს სიტყვით მოგვმართა, ხატები გვაჩუქა და შემდეგ ძირითადად  სასულიერო პირები პაატა ჯანჯღავას ოჯახში მიიპატიჟეს იქ  გაშლილ სუფრასთან, სადაც თამადობა მეუფემ გასწია. ამის შემდეგ ისინი თავიანთი ავტომანქანებით წავიდნენ. მოსახლეობის ნაწილი თანდათან დაიშალა და წავიდა, კაცებისა და ახალგაზრდა ბიჭების დიდი  ნაწილი ადგილზე დარჩა და საქმეს  შეუდგნენ. ტაძრის საფუძველის კურთხევის რიტუალის ვიდეო და სურათები ციფრული ფოტოაპარატებითა და ტელეფონებით გადაიღეს.


                                            ფუნდამენტის კურთხევა, II- ნაწილი;
                                              ფუნდამენტის კურთხევა, III - ნაწილი.


მ ე უ ფ ე   პ ე ტ რ ე
ტ ა ძ რ ი ს     ფ უ ნ დ ა მ ე ნ ტ ი ს     კ უ რ თ ხ ე ვ ა


მ ა მ ა    ე გ ნ ა ტ ე


ხალხი ფუნდამენტში წარწერებიან ქვებს აყოლებს



ფ უ ნ დ ა მ ე ნ ტ ი ს    ჩ ა ს ხ მ ა



    იმ დღეს ყველამ დიდი სამუშაო გავწიეთ. ვალერი სურგულაძემ თავისი ექსკავატორით „ბაიოკში“ 14 - ჯერ მოზილა ცემენტის, შებენისა და წყლის ნარევი - „რასტორი“.  ის იქვე ახლოს დაყრილ ხრეშს იუზა კალანდაძეს უტვირთავდა თავისი ტრაქტორის „ლაფეტზე“, რომელსაც ის მიჰქონდა  და მოსაზელ „ბაიოკში“   ჩაყრიდა. ანზორ გოთოშიას სახლიდან სატვირთო ავტომანქანით გადმოჰქონდათ ცემენტიანი ტომრები და მასაც იმავე „ბაიოკში“ ჩაყრიდნენ; შემდეგ კი მას ექსკავატორის ციცხვით (კომშით) აურევდნენ, ელექტროტუმბოთი წყალს დაასხამდნენ იქვე აგურებზე შემოდებული  წყლის  რეზერვუარიდან (ბაკიდან) და კარგად მოზილავდნენ. შემდეგ ამ „რასტორიან ბაიოკს“ ექსკავატორი ამოაყირავებდა და მასში მყოფი მასა ბალავერის არხებში ჩაისხმებოდა. გარდა ამისა მიწაზე დაფენილ ლითონის ფურცლებზე ხალხმა ხელითაც მოზილა საკმაო რაოდენობის „რასტორი“ და საძირკველში ჩაასხა, ისინი ამისთვის საჭირო ხრეშს, სილას, ცემენტს ხელის ურიკებით („კაჭკებით“) ეზიდებოდნენ და მათ ნიჩბებით („ლაფათქებით“) ზილავდნენ. მაშინ მთელ დღეს იმუშავეს, ნისლი გაიფანტა და მზიანი ამინდი გამოვიდა, მაგრამ ფუნდამენტის ჭრილის ბოლომდე შევსება მაინც ვერ მოხერხდა. შუადღით და საღამოს პაატა ჯანჯღავას სახლში გაკეთებული საჭმელები გაგვიწყვეს ქალებმა აქვე გადახურულში, რომლისთვისაც წინასწარ აკრიფეს თანხა. თამადა მურთაზი  სურგულაძე იყო.  ბოლოს  დაღამდა და ყველანი შინ წავიდა.



გ ა უ წ ყ ი ნ ა რ ი ს   ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ე ბ ი

       8 აპრილს, ორშაბათ დღეს კიდევ მოზილეს 2 „ბაიოკი რასტორი“, ჩაასხეს და დაამთავრეს საფუძველის შევსება.
13 აპრილს  უკვე  ბეტონი  გამაგრებული იყო  და  ხალხი ისევ  შეიკრიბა, ახლა აქ ფიცრებისაგან  შეჭედილი ყალიბის („აპალოპკის“) შეკვრას შეუდგნენ უკვე მიწის ზემოთა სისწორეზე. მეორე დღეს კვლავ გააგრძელეს ეს სამუშაო, ხოლო  22  აპრილს ამ „აპალოპკაში“ ხელით მოზელილი ცემენტის ხსნარი ჩაასხეს. საღამოს იქვე გადახურულში დასხდნენ და ივახშმეს. რამოდენიმე დღეში, როდესაც ცემენტი გამაგრდა, მას ფიცრები მოხსნეს, ხოლო 25 აპრილს ამ გამაგრებულ ბეტონს ზემოდან დააფარეს  შავი  ფერის  სქელი პლასტიკური ტოლი, რათა შენობამ სინესტე არ აიღოს, ზემოდან კვლავ ერთი ახალი ყალიბი მოაწყვეს, რომელშიც ჩადეს რკინის „არმატურებითა და კატანკებით“ შეკრული კარკასი. იქვე იყო ტაძრის სვეტებისთვის გათვალისწინებული  ზემოთ  ამოშვერილი კარკასიც.  27 აპრილს ამ  ზედა, ბოლო ყალიბშიც ჩაასხეს ხელით მოზელილი „რასტორი“, რომელის გამაგრების შემდეგ მას ფიცრები მოხსნეს.


ს ა ფ უ ძ ვ ე ლ ი ს    ჩ ა ს ხ მ ა

2013  წლის 12  მაისს  მშენებარე ტაძრის ბეტონჩანასხამ  საძირკვლებს შორის პირამდე ჩაყარეს სილა;  ამავე  წლის 14  მაისს, თამარობა დღეს ტაძრის კედლების მშენებლობა დაიწყეს. მშენებლები თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარიდან არიან, ესენია: რაინდი (დემური) მუმლაძე, ფირუზ მუმლაძე, ვანო მუმლაძე, გოგი ბრეგაძე და სოსო ბრეგაძე, ისინი ზურაბ (ზურიკო) სურგულაძის სახლში დააბინავეს. 18 მაისს დაფშვნეს სევასტი თოდუას სასიმინდეში ჩაყრილი საერთო, ტაძრის მშენებლობისათვის გათვალისწინებული სიმინდი გიგა გოთოშიას ახლადგაკეთებული დიდი საფშვენით. ტაძრის ეზოში მშენებელმა ოსტატებმა მოიტანეს ქვის სათლელი ელექტრომექანიზმი.  ყოფილი კანტორის მუქი და  ზოგჯერ წითელი ფერის ტუფის ქვებს ჯერ ჩაქუჩით ბრტყლად  ჩამოხეთქავენ, შემდეგ ოთხ მხარეს გათლიან რომ ქვები გარეთა კედელში ერთმანეთს კარგად დაედოს, ქვებს გარეთა მხარეს არ თლიან,  მხოლოდ სწორ მხარეს შეურჩევენ. კედლების კუთხეებში აგურები ამოაშენეს. ძირითადი ხელოსნების დასახმარებლად  მორიგეობა დააწესეს:  სოფლის ფიზიკურად შემძლე მამაკაცები და ახალგაზრდა ბიჭები 4 – 5 ერთად მორიგეობით მოდიან და მთელი დღის განმავლობაში მშენებლებს ეხმარებიან; ასევე დაგვეხმარა თხმელარის, კუტაიწერის, პირველი მაისისა და ქვიშანჭალის ბიჭებიც. ეკლესიის კედელი შიგნიდან აგურისაგან ამოაშენეს, გარედან ამოშენებულ ქვებსა და შიგნიდან ამოშენებულ აგურებს შორის დარჩენილ  სივრცეს  მომხმარეები ცემენტის ხსნარით  („რასტორით“)  ავსებენ ქვის  ნამსხვრევებთან ერთად, რომელსაც აქამდე ვედროებით ეზიდებიან; ცემენტის, შებენისა  და წყლის ნარევს დიდ „მიქსერში“ ზილავენ,  მას დენით აბრუნებენ, ის მეუფემ გვათხოვა და მან სამუშაო მნიშვნელოვნად გაადვილა. როდესაც მშენებარე კედლების სიმაღლემ მოიმატა, აქ ტრაილერით მოიტანეს რკინის ხარაჩოები, ისინი ააწყვეს, მათზე ფიცრები გადეს და მშენებლობა გააგრძელეს. ხარაჩოებზე „როლიკიც“  მოაწყვეს და მასზე  გადადებული თოკით ააქვთ ცმენტხსნარიანი მძიმე ვედროები ზემოთ.  სოფლის 2 – 2 ოჯახი მორიგეობით მუშებისთვის საჭმელს ამზადებს და აქ მოაქვს, რომელსაც შუადღითა და საღამოს მიირთმევენ. იონა თოდუა მათ და მომხმარეების სიას წერს და ორგანიზებას უკეთებს ამ საქმეებს. ამ ეკლესიას ორი შესასველი ექნება: დასავლეთიდან და სამხრეთიდან.  კედლების ამოყვანა სწრაფად ხდება, ზოგჯერ  წვიმამ  შეგვიშალა ხელი და ვერ ვიმუშავეთ, შუადღის სიცხის დროსაც ასევე მცირე ხანს ისვენებენ. ეზოში ჩასასვლელ ჭიშკართან გააკრეს თამარ მეფისა და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვები. ამ და სხვა ადგილებიდან ოდნავ ჩანს მაღალ მთაზე აშენებული ტაძარი, რომელსაც ღამით განათებას ჩაურთავენ.
2013 წლის ივლისში, აქ, გაუწყინარის მშენებარე ტაძრის ეზოში მდგარ გადმოხურულ ნაგებობაში ქვზე კვეთის ოსტატმა ოთარ გოგიშვილმა დიდი ზომის გათლილ ქვაზე თამარ მეფის ხატი დახატა და ხელით  ამოკვეთა, რომელსაც ირგვლივ ლამაზი ჩუქურთმები და ორნამენტები აქვს შემოვლებული. შემდეგ ის ქვა ტაძრის დასავლეთის კარიბჭის თავზე დაამაგრეს. მასიური ქვისგანვე გამოჭრეს ჯვარი, რომელსაც ბოლოს ტაძრის გუმბათზე დააბრძანებენ. ასევე აგვისტოს თვეში ოთარ გოგიშვილმა დაიწყო ღვთისმშობლის ხატის ქვაზე ამოკვეთაც, მას ხელში ჩვილი იესო ქრისტე უჭირავს, რომელსაც ამ ეკლესიის სამხრეთის კარის ზემოთ დააბრძანებენ, ქვაზე კვეთის საქმეში ძირითად ხელოსანს ხშირად სხვებიც ეხმარებიან.


კ ე დ ლ ე ბ ი ს   ა შ ე ნ ე ბ ა


მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ა    წ ი ნ    მ ი დ ი ს
    
   ქვაზე ამოკვეთილი ხატი ,,ღვთისმშობელი ყრმით“ უკვე მზადაა და ის ტაძრის სამხრეთის შესასვლელი კარის ზემოთ დააბრძანეს.
    24 აგვისტოს გაუწყინარის ცენტრში მდგარ ჭადრის ხეზე დაამაგრეს პროჟექტორი, რომელიც ტაძრისკენაა მიმართული და მას ღამით ანათებს.
სექტემბრის თვეში, როდესაც კედლების ამოყვანა უკვე დამთავრდა, ტაძრის საკურთხევლის კედლების თავზე მოაწყვეს ფიცრებისგან შეჭედილი ნახევარსფეროსებური ყალიბი, რომელზეც 17 სექტემბერს მოზელილი ცემენტი დაასხეს; მოგვიანებით ასევე დაასხეს ტაძრის სახურავის დანარჩენი ადგილებიც. თედო ჩიტიამ სხვათა დახმარებით ეკლესიის კედლების ზემოთ აგურების ფენა („პოიასი“) შემოავლო, მან ეს სამუშაო ორშაბათს, სვეტიცხოვლობა დღეს დაიწყო და რამოდენიმე დღეში დაამთავრა. ეს ტაძარი ორნავიანი ბაზილიკის ტიპის შენობაა, მთავარი, დასავლეთის და სამხრეთის შემოსასვლელებით, მისი სიგრძე 11 მეტრამდეა, სიგანე - 8 მეტრი, ხოლო სრული სიმაღლე  10 მ იქნება.
    ნოემბრის ბოლოს მშენებარე ტაძრის ეზოში ხის დახერხილი მასალა შემოზიდეს, რომელიც მოგვიანებით ტაძრის შიგნით დააწყვეს და ის გადახურვისათვისაა საჭირო. ამ ტაძარის დახურვას იმ მრგვალი, წითელი კრამიტით ფიქრობდნენ, რომელიც ეზოში მოიტანეს და მიწაზე დაალაგეს, მაგრამ შემდგომ ის არ გამოყენებულა და სხვა ახალი კრამიტი მოიტანეს, რასაც ქვემოთ ვნახავთ.
    4 დეკემბერს ტაძრის ეზოში ჭაბურღილთან მოაწყვეს ფიცრების ყალიბი და შიგ ცემენტის ხსნარი ჩაასხეს, ადრე ამ ჭაბურღილის მილი კომპრესორით გაწმინდეს. გადახურულს ლითონის ტალღოვანი ფურცლები მოხსნეს.
    20 დეკემბერს ტაძრის სახურავის გადახურვისათვის მომზადება დაიწყეს, შემდეგ დღეებში მასზე მოაწყვეს ხის ,,რეიკები სხვა საჭირო საყრდენები, 25 - ში საკურთხეველს დაახურეს ფიცრების ნახევარსფეროსებური ფორმის შიდა სახურავი, მეორე დღეს კი დასავლეთის მხარიდან შემოსასვლელიც დახურეს ასევე ფიცრებით, საბოლოოდ ტაძრის შუა ნაწილის სახურავიც შემოჭედეს ასეთივე მასალით, ყველანი სპეციალური შავი საღებავით შეღებეს და შემდეგ ზემოდან 3 - 4 იანვარს ,,ტოლი“ გადააკრეს წყლისაგან დაცვის მიზნით. ამ სამუშაოებს ასრულებენ გომელი ბეგი ხუნდაძე, გაუწყინარელები ჯამბული ფირცხალავა, დათო და ზვიად ჯანაშიები, რომლებთაც ცხადია ახალგაზრდებიც ეხმარებიან. 27 დეკემბრის ღამით ბათუმიდან დიდი სატვირთო ავტომანქანით მოიტანეს გემით შემოსული ბერძნული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეზოში დავალაგეთ.


მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ა    ს რ უ ლ დ ე ბ ა

   
მშენებარე ტაძრის ეზოსთან დააწყვეს ეკლის ხეების მორებირომლებისგანაც სარები დაამზადესისინი პირველი მაისის საძოვრის შემოსაღობადაა გამიზნულირომლისგანაც შემოსული თანხა ტაძრის მშენებლობას მოხმარდება.

   გაუწყინარის მშენებარე ტაძრის ეზოს სკოლის მხარის შემოღობვა დაიწყო, რომელსაც ,,სოფლის დახმარების პროგრამის" ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებით შეძენილი მასალებით უშუალოდ ასრულებენ ჩვენივე სოფლელები ზვიად და დავით ჯანაშიები.

ა ხ ლ ა დ   გ ა ვ ლ ე ბ უ ლ ი   ღ ო ბ ე
   ეს ღობეც ისეთივე იქნება, როგორიც სხვა გვერდების შემოღობვაა - მავთულბადე გაჭიმულია ჩაბეტონებულძირიან ლითონის მილებზე, რომლებთაც თავზე ,,უგოლნიკი“ აქვთ გაყოლებული. მას სკოლის მხარეს ერთი გადასასვლელი ჭიშკარი უყენდება.
     სეთივე ღობე გაივლება სასაფლაოს სკოლის მხარესაც.


2013 წლის აგვისტო.
          
დადგა 2014 წელი. გასული წელი დიდმნიშვნელოვანი იყო ჩვენი მშობლიური სოფლის - გაუწყინარის ცხოვრებაში, ამ წელს დაიწყო ტაძრის მშენებლობა, რასაც უაღრესად დიდი სულიერი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. 
    2014 წლის 5 იანვარს ტაძრის ეზოში ლითონის თხელი, დიდი ფურცლები (,,ჟეშტები“) დაჭრეს, დაზგით ფიგურები ამოუყვანეს და ტაძრის სახურავის კიდეებში შემოავლეს, დააჭედეს. 6 იანვარსაც გააგრძელეს ფიგურებიანი ლითონის ფურცლების გაკვრა, ამ დღესვე ტაძრის სახურავზე პირველი კრამიტი დაიდო - სამხრეთი მხარის სახურავზე 3 მწკრივად დაადვეს, ფიცრებზე დაჭედებულ ლურსმნებზე მავთულებით გამოიკრეს და დააჭედეს კრამიტების ფენა. ამ სამუშაოებისათვის ტაძრის სახურავის კიდეში ფიცრებით დასადგომი მოაწყვეს. ვინაიდან მეორე დღეს შობა იყო, აქ არ უმუშავიათ, ხურვა შემდეგ დღეებში გაგრძელდა. 11 იანვარს სამხრეთი მხარის შუა ნაწილისა და ნავის სახურავის დახურვა დასრულდა, დასადგომები მოხსნეს და ჩრდილოეთის მხარეს გადაიტანეს. აგრეთვე ქვის ჯვარზე ჩუქურთმები ამოტვიფრეს, რომელსაც შემდეგ ტაძრის დასავლეთის, მთავარი შემოსასვლელის მხრიდან სახურავზე დააბრძანებენ.
        







   


კ ე დ ლ ე ბ ი ს    ა შ ე ნ ე ბ ა    ს რ უ ლ დ ე ბ ა 
       
     

ს ა ხ უ რ ა ვ ი ს    ყ ა ლ ი ბ ი

      
     დღეს ტაძრის სამხრეთი მხარის შუა ნაწილისა და ნავის სახურავების დახურვა დამთავრდა, იქ მოწყობილი ადამიანების დასადგომი ხარაჩოების ფიცრები მოხსნეს და ჩრდილოეთ მხარეს გადაიტანეს.


ტ ა ძ რ ი ს    გ ა დ ა ხ უ რ ვ ა

2014 წლის 11 იანვარი.


     დღეს დახურეს ტაძრის ჩრდილოეთი, გზის მხარის ზედა სახურავი,


ამ დროს, როგორც ყოველთვე სოფელში პენსიების დამრიგებელი ავტომანქანა - „ლიბერთი ექსპრესი“ მოვიდა.



პ ე ნ ს ი ო ნ ე რ ე ბ ი


პ ე ნ ს ი ი ს   ა ღ ე ბ ა


2014 წლის 16 იანვარი.

     17 იანვარს ტაძრის ეზოში მანქანით მოაბრძანეს ქვის ამოჩუქურთმებული ჯვარი, ამავე დღესვე ჯვრის ქვემოთა ნაწილი ბურღით გახვრიტეს, რათა ის შემდეგ ტაძრის სახურავზე არსებულ ღეროზე მჭიდროდ დამაგრდეს, ასევე ამ დღეს დაიხურა ტაძრის ჩრდილოეთი, გზის მხარის ნავის სახურავიც. 18 იანვარს კი ეს ჯვარი მამა ეგნატემ აკურთხა, დაიწყო საკურთხევლის გადახურვაც.
    
2014 წლის 18 იანვარი.


    დღეს დაამთავრეს საკურთხევლის სახურავის დახურვაც, ამით ტაძრის გადახურვის სამუშაოები ძირითადად დასრულდა.

2014 წლის 21 იანვარი.


     დღეს შუადღით ტაძრის ეზოში მოიყვანეს ავტოამწე, რომლის საშუალებითაც ტაძრის შუა ნაწილის დასავლეთის ბოლოში დააბრძანეს ჯვარი. მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც გარკვეული სამუშაო გასწიეს. გაუწყინარის ცხოვრებაში მომხდარი ეს ისტორიული მოვლენა ციფრული ფოტოაპარატით გადაიღეს ვიდეოსა და სურათების სახით, რომელთა ნახვაც ამ ბმულებზე შეგიძლიათ:  

































                                                                                                            2014 წლის 22 იანვარი


      იანვრის მიწურულს ტაძრის გარეთა სამუშაოები საბოლოოდ დასრულდა და მას ხარაჩოები მოხსნეს, ასევე დაალაგეს და მოაწესრიგეს  შიგნითაც. ამ ტაძრის სიმაღლე გარედან სულ ბოლომდე 10 მეტრია, შიგნიდან, იატაკიდან გუმბათიდან ჭერამდე 8,6 მეტრი; ხოლო შიგა ზომები: სიგრძე 11 მეტრი,  სიგანე კი 8 მეტრია.

     დღეს სოფელში გაიწყო სუფრა, რომელიც დაკავშირებულია ტაძრის გადახურვასთან. ამ წვეულებისათვის მოსახლეობამ იზრუნა ფინანსურად და პროდუქტებით, თამადა მამა ეგნატე იყო, ასევე აქ მობრძანდნენ სხვა სასულიერო და საერო პირებიც, ვინაიდან მეუფე პეტრე ამ დროს უცხოეთში იმყოფებოდა, ის ამ სუფრაზე ვერ მობრძანდა.

ეკლესიის გადახურვასთან დაკავშირებული სუფრა




ტაძრის საბოლოო სახე

   გაუწყინარის ტაძრის ეზოში არსებული გადახურული ნაგებობა დაშალეს და მოგვიანებით მისივე მსგავსი მახლობლად დადგეს, იქვე გარემონტებულ არტეზიული ჭიდან ცივ წყალს აქაჩავებენ ელექტროტუმბოს საშუალებით, რომელსაც სასმელად და ნარგავების მოსარწყავად იყენებენ.

     შენობის შიგნითა მხარე გაასუფთავეს და მოაწესრიგეს, იქ დადგეს სანთლების ასანთები ქვიშიანი დასადგამი, ხატების დასადები, დააბრძანეს ხატებიც. 16 აპრილს კი აქ მოიტანეს სამტრედიაში დამზადებული ლითონის 2 კარი და ტაძრის ორივე შემოსასვლელში დაჰკიდეს.

    დღეს, ოთხშაბათს, თამარობა დღეს, გაუწყინარის წმინდა თამარ მეფის სახელობის ახლადაშენებულ ტაძარში, რომელიც ჯერ ნაკურთხი არ არის, პირველი წირვა ჩატარდა; აქ მოვიდნენ მამა ეგნატე, მგალობლები, სტიქაროსნები და ხალხი. ასევე სკოლიდან გადმოვიდნენ ბავშვები და მასწავლებლები, ციფრული ფოტოაპარატით გადაიღეს ფოტოსურათები და ვიდეო, რომელიც შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ:


პირველი წირვა

მამა ეგნატე

თამარობა დღეს
   
    ივლისის თვეში გაუწყინარის ახლადაშენებული ტაძრის ეზოში სატვირთო ავტომანქანით რამოდენიმეჯერ შემოზიდეს კირი, თეთრი ქვიშა და ცემენტი, თერჯოლიდან მოიყვანეს მუშები: მამა-შვილი ვახტანგ და მანუჩარ აბულაძეები, ონიდან კი დავით ლებანიძე და უჩა რეხვიაშვილი, რომლებმაც შენობის შიგნით ხარაჩოები მოაწყვეს და ტაძრის შიგნითა კედლებისა და გუმბათის გალესვა-გათეთრება დაიწყეს. ისინი ზურაბ სურგულაძის სახლში დააბინავეს და მათთვის ყოველდღე მოსახლეობას ჩააქვს სადილი მორიგეობით, რასაც მურთაზი სურგულაძე და იაგო თოდუა ხელმძღვანელობს. ასევე ჩასვეს ტაძრის ფანჯრების ჩარჩოები მინებით, რომელიც გოგი ჯანაშიამ დაამზადა...

ვახტანგ  აბულაძე  და  უჩა  რეხვიაშვილი
დავით ლებანიძე და მანუჩარ აბულაძე




                                    


2014 წელი, აგვისტო


      დღეს გაუწყინარის ახლადაშენებულ თამარ მეფის სახელობის ტაძარში მეორე წირვა ჩატარდა, ის მამა ეგნატემ აღავლინა, რომელსაც თან ახლდნენ გელა ვერულაშვილი და მგალობლები სენაკიდან. წირვას მოსახლეობაც დაესწრო...

გაუწყინარის  ტაძარში

გაუწყინარის  ტაძარში






2014 წელი, 4 აგვისტო

   დღეს გაუწყინარის ქუჩები აკურთხა მამა ეგნატემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად, რაც მარიამობის მარხვაში ტრადიციად ჩამოყალიბდა; ბოლოს ისინი ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ ხალხთან ერთად და ამისათვის  გაწყობილ მაგიდასთან დასხდნენ, ისაუბრეს, დაგვლოცეს და წავიდნენ.


ტაძრის  ეზოში
ტაძრის  ეზოში










2014 წელი, 22 აგვისტო



       
ტაძრის  შელესვა დასრულდა, ზურაბ სურგულაძის სახლში მცირე სუფრა გააწყვეს, რომელსაც    მურთაზი   სურგულაძე   თამადობდა.   ოსტატები   წავიდნენ.   ტაძრის ექსტერიერი ლამაზ თეთრ ფერად გაილესა.


2014 წელი, 24 აგვისტო



    გაუწყინარის ტაძარში თებერვლის დასაწყისში ხრეში დაყარეს და საკურთხევლის ადგილი შემაღლებულად აგურებით ამოაშენეს. 13 თებერვალს კი შენობის იატაკზე მთლიანად ბეტონი დაასხეს.


2015 წელი, თებერვალი



     გაუწყინარის ტაძარში 2015 წლის მარტის ბოლოს და აპრილის პირველ ნახევარში დააგეს ქვის თეთრი ფილების იატაკი, რომელსაც ირგვლივ შემოვლებული აქვს მწვანე ფერის ქვის ფილები. ამ საქმეს ძირითადად აკეთებენ ხელოსნები: გენადი და ვასო ანაკიძეები (მარნიდან) და ზვიადი გეთია (პირველი მაისიდან). მათ ხშირად ადგილობრივებიც ეხმარებიან და პურ-მარილითაც უმასპინძლდებიან. 



   10 მაისს გაუწყინარის ტაძარში დაიწყეს კანკელის აგება, ამ სამუშაოს აღმოსავლეთ საქართველოდან მოწვეული ხელოსნები ახორციელებენ. კანკელის კედელი ქვისაა და მდიდრულად შემკულია ჩუქურთმებით, მასზე ასევე ამოტვიფრულია ჯვარცმისა და აღდგომის ხატები. მათ რამოდენიმე დღეში დაასრულეს ტაძრის კანკელის მოწყობა.

კანკელი
კანკელი















 გაუწყინარის ტაძარში დასრულდა შარშან დაწყებული  კანკელის აგება, დააბრძანეს ხატები.


                                             





     აპრილ-მაისის თვეებში თამარ  მეფის სახელობის ტაძრის ირგვლივ დაიყარა და მოსწორდა ხრეში, რომელზეც დააგეს გრანიტის ქვის ფილები, მათ შორის ადგილები ცემენტის ხსნარით ამოლესეს და ბოლოს ელექტროაგრეგატით გადააპრიალეს. ტაძარში დადგეს საჭირო ავეჯი, საეკლესიო ნივთები, დააბრძანეს ხატები. აგრეთვე ამოაშენეს, კრამიტით გადახურეს, მეტალოპლასტმასის კარ - ფანჯარა ჩასვეს, მეტლახის იატაკი დააგეს, შელესეს, შეღებეს და წინა ხედზე ქვის ფილები გააკრეს მოსაცდელის შენობაზე, მასში შემდეგ სანთლები, ხატები და სხვა რელიგიური ნივთები გაიყიდება. ეზოში არსებულ ჭაბურღილთან ქვებით ამოაშენეს წყაროს მაგვარი მცირე აუზი, რომელშიც კოკა დაუტანეს. მოაწყვეს ზარების დასაკიდი ძელები, რომლებზეც ორი ზარია დაჰკიდეს. გვერდითა ჩასასვლელიდან ტაძრამდე კი ძველი ეკლესიის ქვის ფილები დააგეს. წინა ეზოში დადგეს ოთხი სკამი, მოაწყვეს განათება, ტაძრის ფუნდამენტთანც დააყენეს განათების ნათურები, დარგეს ნარგავებ.
    

    აღვნიშნავ რომ, ტაძრის მშენებლობის ორგანიზატორებმა, აგრეთვე აქტიური მონაწილეებისა და დამხმარეების ნაწილმა, ქრისტიანული თავმდაბლობის გამო არ ისურვეს საჯაროდ გამოქვეყნება, რის შედეგადაც ამ საიტზე მათი ვინაობა არ არის მოხსენებული.


ა ვ ტ ო რ ი 

2015 წელი, მაისი


ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად!

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად!

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად!

1 მაისი, 2016 წელი, აღდგომა

     გაუწყინარის თამარ მეფის სახელობის ტაძარი 2016 წლის 14 მაისს, თამარობა დღეს ეკურთხება და გაიხსნება!


    2016 წლის 14 მაისს, თამარობა დღეს გაუწყინარში თამარ მეფის სახელობის ტაძარი ეკურთხა, აქ დილით მობრძანდნენ მეუფე პეტრე, მამა ეგნატე, სხვა მამაოები, სტიქაროსნები, სასულიერო პირები. მეუფე პეტრემ შეასრულა ტაძრის კურთხევის რიტუალი, აღავლინა წირვა-ლოცვა, შემდეგ ქადაგებით მიმართა მრევლს. დადგინდა რომ, აქ ხუთშაბათობით აღევლინება წირვა-ლოცვები, მოძღვარი კი დეკანოზი მამა ეგნატე იქნება. დასასრულს ტაძრის წინ მცირე ღონისძიება მოეწყო: მოსულმა და ადგილობრივმა მონაწილეებმა წარმოთქვეს სიტყვა, ლექსები, შეასრულეს სიმღერები. ყოველივე ამას იღებდნენ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ და სხვა ვიდეოგადამღებები. ტელევიზიას ინტერვიუ მისცა რამოდენიმე პიროვნებამ. ამავე დღეს ტაძრის ჭიშკარსგადაღმა და სანთლების გასაყიდ ჯიხურთან დააგეს ასფალტი, ასევე გზებზე შეავსეს ორმოები. სკოლის დარბაზში გაიშალა სუფრა, სადაც მოსახლეობამ იზეიმა ეს ღირსშესანიშნავი დღე, რომელსაც მალხაზი თურქია თამადობდა. სასულიერო პირები კი ანზორი გოთოშიას სახლში მიიწვიეს.
   მრავალი ათეული, დაახლოებით 80 წლიანი იძულებითი შეჩერების შემდეგ, ჩვენს სოფელში ისევ დაირეკა ეკლესიის ზარები, რაც ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავს გაუწყინარის ისტორიაში. წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა, მისი მშენებლობა სამ წელიწადსა და ორ თვეს (III/2013-V/2016 წწ.) გაგრძელდა, მისი მადლი შეგვეწიოს ყველას, ამინ!



თამარ მეფის სახელობის ტაძარი



 

 

 








   




  

    

  
 
  



 

















     12 ივლისს, პეტრე-პავლობას გაუწყინარის თამარ მეფის სახელობის ტაძარში პირველად მოინათლნენ ადამიანები, ესენი იყვნენ ჩვენი სოფლელი ბავშვები გიორგი ბერიძე, ელენე (ნათლობის სახელი თამარი)  ბერიძე და ასევე ხობიდან ბექა და გიორგი ბუკიები და იაკობ ალანია.

პირველი ნათლობა გაუწყინარის ტაძარში


12 ივლისი, 2016 წელი


Комментариев нет:

Отправить комментарий