ჯვარი


მთავარ ქუჩაზე აღმართული ჯვარი


მ თ ა ვ ა რ ი   ქ უ ჩ ი ს   ჯ ვ ა რ ი

გაუწყინარის  ყოფილი მაღაზიის ადგილას ამჟამად ლითონის ჯვარია, წმინდა ნინოს ჯვარი. ის აღიმართა მოსახლეობის შემოწირულობებითა და თანადგომით 2006 წლის 21 აპრილს, წითელ პარასკევს, რომელიც მოგვიანებით, 2007 წლის 18 ნოემბერს აკურთხა მამა ეგნატემ. ეს ჯვარი დამზადებულია 90 მმ. დიამეტრისა და 6 მ. სიმაღლის ლითონის მილისაგან, რომლის ვერტიკალურად მდგარი მონაკვეთი ბადრი თურქიასაგან შევიძინეთ, ხოლო გვერდები კი პირველმაისელმა გია გრიგოლიამ გვაჩუქა პირველი მაისის მშენებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ქვებთან ერთად, რომლებითაც ჯვრის ფუნდამენტია აგებული. ამ ჯვრის მილები სამტრედიაში ტარიელ  სურგულაძემ მიგვატანინა თავისი ცხენითა და „კაჭკით“, რომელიც ვალერი სურგულაძემ  „დასვარკა“,  დაამზადა თეიმურაზ (თამაზი) ახობაძის საამქროში, ცეხში, სადაც ის მუშაობდა. ჯვარი შემკობილია ფიგურებითა და სამი პატარა ჯვრით, ის გაუწყინარში რომანი სურგულაძის მოტოციკლის მისაბმელი თვითნაკეთი „პრიცეპით“ მოაბრძანეს, რომელიც იმედო თურქიას ავტომანქანაზე  იყო მიბმული და იმ დღესვე  აღმართეს, წინასწარ გამზადებულ 1 მეტრი სიმაღლის ფუნდამენტში (რომელიც  თეიმურაზ ჭიქაშუამ ააგო სხვათა დახმარებით) ჩასვეს და ჩააბეტონეს. ის შემდეგ დღეებში ოქროსფერ - ყვითლად შეღებეს, აგურების ფენა (რომელთა ირგვლივ გარედან ნაეკლესიარი ქვების ნამსხვრევებია შემოწყობილი) და ჩასასვლელი ქვის ბილიკი დააგეს გაუწყინარის ყოფილი ეკლესიისა და სხვა ქვებით, ასევე მავთულბადით შემოღობეს, რომელიც ფიგურებითაა შემკობილი; ხოლო მის 9 ცალ სამაგრ არმატურის თავებზე ასევე ფიგურებია დამაგრებული  (ეს აგურებიანი ფენა და ქვის ბილიკი  თავის  შემოღობვიანად  2010 წელს მოშალეს ამ ადგილას ღობის გატარების გამო). აქვე არის ჯვარგამოსახული და ფიგურებამოკვეთილი, ანთებული სანთელისა და ვაზის მტევნის გამოსახულებიანი ქვა ასომთავრული წარწერით: „უფალო შეგვიწყალენ“.  აქ, მიწაში, ფუნდამენტში (მას უკან აღმართვის თარიღი აწერია, ზემოთ კი სანთლების ასანთები ადგილი აქვს) და ჯვარში მოთავსებულია შემდეგი სიწმინდეები: წმინდა სამების, მეტეხის, სიონის, სვეტიცხოველის, სამთავროს, ბაგრატის, გელათის, პირველი მაისის (ყოფილი საჭილაოს) მშენებარე და გაუწყინარის ყოფილი ეკლესია - მონასტრების ქვა, მიწა და წყალი; აგრეთვე მამა გაბრიელის საფლავის მიწა და იქვე მადლგარდმოსული სასწაულმოქმედი საკურნებელი წმინდა ზეთი, მაცხოვრის საფლავიდან (იერუსალიმიდან) ყვავილი, ზეთი და საკმეველი; ამავე უფლის საფლავზე სასწაულებრივად გარდმოსულ ცეცხლზე თავმომწვარი, წმინდა მამა გერასიმეს ლავრაში ჩამოქნილი  წმინდა სანთელი, ისინი თბილისიდან, მცხეთიდან და სხვა ადგილებიდან ჩამოიტანეს; ასევე ოქრო და ვერცხლი.  2010 წლის ნოემბრის თვეში ამ ჯვარს განათება გაუკეთეს ბათუმელი რამაზ დიასამიძის მიერ ნაჩუქარი მნათი ელნათურებიანი პლასტიკური ზოლით, რომლის „ვიკლუჩატელი“ მოსაცდელის,  ბირჟის შენობაშია.  ასევე აქ მდგარ ჭადრის ხეზე დაჰკიდეს ვახტო თურქიას მიერ ნაჩუქარი გარე განათების ნათურაც, მისი ჩამრთველ - გამომრთველიც იმავე შენობაშია სადაც ჯვარისა.  ამ ნათურის ქვემოთ დაიდგა ლითონის მაგიდა, რომელსაც ბეტონის ზედაპირი აქვს და ეს ადგილებიც შემოიღობა. კომუნისტების ეპოქაში ცხადია ჯვრების აღმართვაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა.



მეორე ქუჩაზე აღმართული ჯვარი


მ ე ო რ ე   ქ უ ჩ ი ს   ჯ ვ ა რ ი

გარდა ამ ჯვარისა, ჩვენს სოფელში მეორე (გაღმა) ქუჩაზეც არის აღმართული ორი ჯვარი. ერთი მათგანი მდებარეობს მერაბ კარანაძის ეზოს წინ, რომელიც  2006 წელს აღმართეს,  თეთრად შეღებეს და ირგვლივ მავთულბადით შემოღობეს.  ეს არის ლითონის მილის ჯვარი, ის იმავე წლის 6 მაისს, გიორგობა დღეს აკურთხა მამა ეგნატემ.


მეორე ქუჩაზე აღმართული  სხვა ჯვარი


გ ა ღ მ ა   ქ უ ჩ ი ს   ჯ ვ ა რ ი

       მეორე ქუჩაზე კიდევ ერთი ჯვარი არის იქ, სადაც სკოლის წინა გზაგამტარი („შუკა“) მეორე ქუჩას უერთდება, რეისის ტრანსპორტის, სამარშრუტო მიკროავტობუსის გაჩერებასთან. აქ 2010 წლის 3 აპრილს, აღდგომის წინა დღეს აღმართეს ლითონის მილის ჯვარი. მას შემდეგ ბრტყელი ქვების ფუნდამენტი ამოუშენეს სანთლის ასანთები ადგილით, ასევე მავთულბადე შემოავლეს, თეთრად შეღებეს და ყვითელი ფერის მნათი ელექტროზოლით განათება მოუწყვეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий