სოფლის ცენტრი

ბ ი რ ჟ ა

სოფელ გაუწყინარის ცენტრი მდებარეობს იქ, სადაც მთავარ ქუჩას ქვიშანჭალისაკენ მიმავალი გზა გამოეყოფა, მისი დასაწყისიდან 1,1 კილომეტრ მონაკვეთზე. სოფლის ცენტრში მოსახლეობის მიერ აშენებულია ბერკეტის  მცირე ზომის წინიდან ნაწილობრივ ღია შენობა - ბირჟა, რომელიც წინიდან გალესილია. ის თუნუქით, ლითონის ტალღოვანი ფურცლებითაა გადახურული და წინა მხარეს შემოწყობილი აქვს ბეტონის ფილები (ე. წ. „ბორდიურები“), აქვეა მაგიდა და დასაჯდომი ადგილი. აქ სოფლის მაცხოვრებლები თავისუფალ დროს ხშირად იკრიბებიან, საუბრობენ პოლიტიკაზე, წარსულსა და აწყმოზე, სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე, ისვენებენ, თამაშობენ ძირითადად ბანქოს (კარტს, უმეტესად „ფურთს“ - თერთმეტობანას, ახალგაზრდები კი ასევე „ჯოკერსაც“,  იშვიათად დომინოსაც)  და ერთობიან. აქვეა ავტობუსის (უფრო სწორად „მარშრუტკის“) გაჩერება - „ასტანოვკა“.  ბირჟის შენობის ერთ მხარეს 1994  წელს მოსახლეობის მიერ დარგული ჭადარია, მეორე მხარეს კი - იაგო თურქიას მიერ 2004 წელს დარგული პატარა მუხა. ამ ჭადრის ძირთან ბეტონის ზოდი დევს, რომელზეც ხალხი ჯდება.


ხ ა ლ ხ ი   ბ ი რ ჟ ა ზ ე

2010  წელს ჭადრის ხეზე დაჰკიდეს ვახტანგი (ვახტო) თურქიას მიერ ნაჩუქარი გარე განათების ნათურა და ამგვარად მოეწყო განათება, მისი „ვიკლუჩატელი“ მახლობელი ჯვრის ჩამრთველ - გამომრთველთან ერთად მოსაცდელის, ბირჟის შენობაშია. ამ ნათურის ქვემოთ დაიდგა ლითონის მაგიდა, რომელსაც ბეტონის ზედაპირი აქვს და ეს ადგილებიც შემოიღობა მავთულბადით, რომელიც  თეთრად შეღებილ მილებზეა დამაგრებული.  ეს შემოღობვა გაკეთდა  სახელმწიფოს მიერ სოფლის დასახმარებლად გამოყოფილი თანხის ნაწილით, რომლითაც ყოფილი კოლმეურნეობის ეზო შემოიღობა ამავე წელს.

გ ა უ წ ყ ი ნ ა რ ი ს    ც ე ნ ტ რ ი ს    ნ ა წ ი ლ ი 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა
(მნიშვნელოვანი მოვლენები)

2011 წლის 28 სექტემბერს გაუწყინარში, ეზოების გარეთ, ქუჩის კიდეში არსებულ დენის ბოძებზე დააყენეს ახალი, იმპულსური, მოციმციმე  ნათურიანი ინდივიდუალური მრიცხველები, მანამდე რამოდენიმე კვირით ადრე ელექტროგადამცემ ბოძებზე გააბეს, გაჭიმეს შავიზოლაციანი კაბელები. ჩვენი სოფლის გამრიცხველიანებაზე მუშაობდნენ სააქციო საზოგადოების  „ენერგო - პრო  ჯორჯიას“ აბაშის ფილიალის თანამშრომლების 3 ბრიგადა, რომელთა შორის იყო ჩვენივე სოფლელებიც: ელგუჯა ფუტკარაძე, დიმიტრი კალანდია და ვახტანგი თურქიას აბაშელი შვილიშვილი ლევან  ჭანტურია. მათ ასევე კაბელები მოსახლეობას ჩაუყვანეს ეზოებში დენის ბოძამდე. მოგვიანებით დენის „სტოლბებზე“ იზოლატორებით გამბული შიშველი ალუმინის სადენები მოხსნეს და წაიღეს. ამის შემდეგ ინკასატორიც გამოიყო - ტყვირელი ხვიჩა ჭანტურია, რომელიც ჩვენ და მახლობელი სოფლების „სოჩიკებს“ ყოველი თვის ბოლოს აღწერდა, მონაცემებს აბაშაში წაიღებდა და რამოდენიმე დღეში იქედან მოტანილ დენის ქვითრებს, ჩეკებს მოსახლეობას ურიგებდა. მის შემდეგ ამ უბანზე განკარელი მამუკა ჭანტურია დანიშნეს. ბოლო დროს გაუწყინარის  N 114 და N 120 ტრანსფორმატორების მიერ დენით მომარაგებული მოსახლეობის მრიცხველებს ლაშა სურგულაძე აღრიცხავს, ჩეკებსაც ის არიგებს, მასვე აქვს ელექტროენერგიის გადასახადის კომპიუტერით გადახდა, რითაც მრავალი ადამიანი სარგებლობს, აბონენტების ნაწილი დახარჯული დენის ფულს პირველ მაისში, ვიტალი კომახიძის მაღაზიაში, სამტრედიაში და სხვაგანაც იხდის. ყოველივე ამან გამოასწორა ამ სფეროში მანამდე არსებული პრობლემები და მოსახლეობაც კმაყოფილი დარჩა.
2011 წლიდან სოფლის ცენტრში ყოველი თვის მეორე ნახევარში მოდის „ლიბერთი ექსპრესის“ მანქანა (რაფი, „მარშრუტკა“), მასში დამონტაჟებულია ინტერნეტჩართული კომპიუტერები (უფრო სწორად „ნოუთბუქები“), რომლებთანაც ოპერატორები სხედან და ისინი პენსიებს, დახმარებებს, ხელფასებს და სესხებს არიგებენ, აქვე შეიძლება დენისა და ტელეფონის თანხის ჩარიცხვა, რითაც ბევრი ადამიანი სარგებლობს.
2102  წლის 26 მაისს და შემდეგაც გაუწყინარში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, ცხადია ვისაც ამისი სურვილი ჰქონდათ, სპეციალურმა  ბრიგადამ „გლობალ ტივის“  სატელიტური ანტენები - თეფშები და რესივერები უფასოდ დაუდგეს, რასაც  მრავალმილიარდელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ამ თანამგზავრული ანტენით 7 ქართული და უამრავი აზიური უცხო არხის დაჭერაა შესაძლებელი.
2012 წლის 30 სექტემბრის ღამით და 1 ოქტომბრის გამთენიისას, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ,  სოფლის ცენტრში კახა (დურუ) ჯანჯღავას სახლიდან იონა თოდუს სახლამდე,  ქუჩაში 5 ცალი ლითონის მილის ბოძი დაასვეს,  რომელზედაც გარე განათების ნათურები დაამაგრეს და ისინი დენზე შეაერთეს ავტორელეთი, რომელიც ამ ნათურებს თავისით, ავტომატურად აანთებს საღამოთი და ჩააქრობს დილით, თუმცა ის რელე მოიშალა და ახლა, 2013 წელს ამ ნათურებს გაუწყინარელები ხელით ჩართავენ და გამორთავენ. 11 ოქტომბერს ამ განათებას კახა ჯანჯღავას სახლის წინა ბოძზე ელექტრომრიცხველი დაუყენს.
საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ახლა პრემიერ - მინისტრია. ამ ძალამ პარლამენტში უმრავლესობა დააკომპლექტა; ნაციონალური მოძრაობა კი უმცირესობაში აღმოჩნდა.

იხილეთ: მნიშვნელოვანი მოვლენების გაგრძელება

Комментариев нет:

Отправить комментарий